Litclub.ge

ოდა სიკვდილისადმი
შენს წინაშე შიშს ყველა უნდა გადავეჩვიოთ.
ჩვენთან ერთად სადაც უნდა მიშრიალებდე,
ეთერის ჩრდილთა სფეროებით სად მიგვიყვან,
თუ არა ოდენ ნეტარების აღსავლის კართან?
ჯერ იყო შიში. იფეთქა სისხლმა
შეძრწუნებულმა, ჩვენი გულის პარკუჭებიდან,
უეცარი დარტყმის პასუხად.
მაგრამ მე უკვე დავფარფატებ,
დამატარებენ დასვენებულს,
ჩაკიდულ თავით, რომელსაც ჯერაც მიწაზე
სურს დაბრუნება. სატრფოს მკლავებში უნდა ჩავარდნა, მაგრამ იმ მკლავებს
შეუძლიათ მხოლოდ მოტანა, იქ სიყვარულის გულზე ოდენ უნდა ილოცონ,
რომლის არილი არის მზე და სხვა არაფერი.
ო, მაცნევ, მაცნევ! რაც დავიღალე,
მხოლოდ მას შემდეგ დავინახე შენი ნიშნები,
რომელთა კითხვას მისხალ-მისხალ,
თანდათან ვსწავლობ, -
მაგრამ, ძვირფასო,
ეს ნამდვილად მალე იქნება?
სიამოვნებით მინდა
დღესვე რომ განგადიდო,
ისევე, როგორც მეგობარი საღამოხანს
უკვე ოთახს რთავს საყვარლისათვის,
რომელსაც ელის.
ის, მომლოდინე, მართალია ყოყმანით, მაგრამ ბაღიდან მაინც
უკანასკნელ ვარდს და კოკორს ულამაზესს
მოეზიდება, რომლებიც უყვარს და ამიტომაც
დიდხანს უყურებს, სანამ ნანატრი მიჯნურისთვის
მოსაწყვეტად გაიმეტებდეს,
მოახლეები უკვე სადილს რომ უმზადებენ,
ხოლო მსახურნი გრილი მარნიდან
ისეთ ღვინოს ამოუტანენ,
მამა-პაპანი ქორწილისთვის რომ ინახავდნენ.
დიახ, აქატის ფიალიდან ღვინოს მხოლოდ შენ შეგასმევენ,
მაგრამ ფიალა შენ ხელიდან გაგივარდება.
ეს - იმიტომ, რომ, ანგელოზო, მხოლოდ შენს თვალში
ირეკლება წინასამყარო, რომელშიც ფრთები
ჩვენ გარეშე შენ ვერ შეგიყვანს,
იქ მხოლოდ ჩვენთან ერთად ძალგიძს იმყოფებოდე,
თვალდავსებულო, შენ იქიდან გამოგაძევეს
და თეთრ თვალებში აწ ჩრდილების ჯვარი წერია.
ჯვრის შუაგულში უღრმეს სიღრმიდან
ნაპერწკლები ცვივა ოქროსფრად.
ჩვენ ძარცვასა და გამოტყორცნას წინ აღვუდგებით და თავს ვუშველით,
როგორც - ბავშვობის ავ სიზმარში, რომელიც მხოლოდ
სიცხით გათანგულთ გვიბრუნდება, სადაც ჭაობში
სნეული შუქი კვლავ ჯიუტად აირეკლება და გულს გვიფლეთავს.
რაო, რაო, ნაზი ჩურჩულით ვითომ არ თქმულა,
ზემიწიერნი ღიმილით რომ საუბრობენ
კაცთა გეგმებზე?
არა, სულებო, მე ხომ კარგად მომეხსენება,
იქ ყველაფერი სხვაგვარადაა და არა ისე,
ჩვენ რომ გვგონია.
მაგრამ ის ვიცი, უღრმესია ერთი ადგილი,
თავად სიცოცხლეს გარდაქმნის გზით
რომ გადაადნობს ისევ სიცოცხლედ.
ეს საიდუმლო უსახელოა, წმინდათაწმინდა,
მას კურთხეული ბაგეც ვერ ახსნის,
თუმც იგი მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
თუკი მან, ღმერთმა, შექმნა სამყარო,
რომელიც, ვიცით, არის თვითონვე,
მას გაახარებს ყოვლადქცევა, სანამ ყოველი სახიფათო თამაშ-თამაშით
ყოველივეზე ჯერ არ გაცვლილა.
რადგან მკვლელობაც და სიყვარულიც მის სისხლს ხარბად დაეწაფება.
მის სუნთქვის კანონს ლაღად ბაძავს ზღვა უსასრულო,
უფრო ნაზად კი - ხის ფოთლები მისი ყოფნის დიად მსვლელობას,
ხოლო პეპელა ფრთაშესხმული ისე ფარფატებს,
ჩვენ რომ ვფარფატებთ დასასრულში ჩასაკარგავად.
და მიგვითითებს საკმაოდ მკაცრად,
რომ მოკვდავნი გარდასახვის სამ საფეხურს სრულად გავივლით:
სიჩლუნგის ხანას, ჩაღრმავებას, ბოლოს აღდგომას.
ეს სიგიჟეა, რასაც ახლა მართლა გავბედავ
და თქვენ გეტყვით, ყოვლისმცოდნენო:
იმ ადამიანს, განგის წყალი რომ არ შეუსვამს
და ნილოსისგან არ ყოფილა გამოკვებილი,
ვერა ძალა ვერ გაურღვევს იმ ვიწრო მიჯნას
უზარმაზარ ჰორიზონტების, მის თვალის კაკალს
ცასაც კი მცირედ რომ მოაჩვენებს.
მაგრამ ღონივრად ზევით აფრენით
შენ ლურჯ შუშისებრ კედელს გაარღვევ,
ღია ცის მიღმა აღმოჩნდები და ჩვენც აგვიყვან
იქ, სადაც სხივთა ნაპირებიდან ნეტარებით გამოიჭვრიტავს
პირველი სხივი სულთა სადგომის.
იქ წამიყვანე! აღარ დაუშვა - დედამიწაზე
კვლავ დავიბადო ადამიანად!
არც ვაჟიშვილი მინდა ვიყო, აღარც ძმა,
აღარც - მეგობარი და აღარც – ოი, რომ იცოდეთ,
რა მართალი ვარ,
როცა სიყვარულს აღარ მოვითხოვ.
რა ტკივილითაც ჩვენ ვარგუნებთ ქალებს სიყვარულს,
იმ ტკივილითვე მას ვღებულობთ ცხოვრებისაგან.
სიყვარულით სავსე ხელებში, მკლავებს შორის,
მკერდებს შორის და ამ ქალთა სათუთ გულებზე.
ვნების გამო რომ არად ვაგდებთ
ჭკვიანურ აზრებს,
უბიწოებას, ღვთიურობას თავს რომ ვარიდებთ,
მაშინ რატომღა უნდა გვეგონოს, რომ ისინი
თავიანთი ხარბი ტუჩებით სიყვარულით, გულით გვკოცნიან?
და სადაც მათში ვიძირებით, იქ არ არის ოქროს უფსკრული,
თუნდაც იქ ჯვარი გამოსჩანდეს გამოსახული.
საით მისხლტება ახლა ფიქრები, ნუთუ მაცდუნებს
კვლავ მოგონება დედამიწისა? ნუთუ იქამდე
არ ვარ მისული, რომ ლოდინში გარინდებული და სანახევროდ
თვალდახუჭული ვიჯდე ჩანგრეულ ცივ კერიასთან,
სად ცეცხლი ალბათ ჩამქრალია უხსოვარ დროში?
რაკიღა თითით შემიძლია ცივ ნაცარში ლექსები ვწერო?
აი, ეს ლექსიც რუხ ნაცარში დამიწერია.
ო, მოდი, მოდი! რა დუნედაც უნდა გეძახდე,
ეჭვებით თავი მიმძიმდება
და თავს დაბლა ვხრი: ნუთუ, შენა ხარ,
პირველად რწმენით ანბანის წიგნში რომ შემოგხედეთ?
ნუთუ, ღმერთია ეს საშინელი, მკაცრი მოხუცი,
მისი წვერის დანახვაზე რომ გვაჟრიალებს?
მამაკაცების ტუჩ-პირს მომდგარ თეთრ და ხშირ წვერში,
თუ განგირისხდა, თეთრი კბილები
მხოლოდ მაშინ თუ გამოკრთება? არა, ღმერთი სხვანაირია:
არ არის მამა, არ უყვარს, არ სჯის
და შენც მისი ანგელოზი არა ხარ, არა:
არც დიდი ძალის გამოვლენისას,
არც დაცემისას და არც მერე, წამოდგომისას.
ვიცი, უხეშად როგორ გამჭიმავ,
შეუბრალებლად დამაშორებ დღის შუქს, ყვავილებს სამარადისოდ,
მწვანე მინდვრების ალიონის შუქით შემოსილს.
მე დამრჩენია მხოლოდ ტკივილი!
იგი თავზე მზეს ჩამომამხობს
და სამყაროსაც ზედ მიაყოლებს და მერე მათგან
ქაოსს, ჩრდილებს, უკუნეთს შექმნის.