ვნახე ჭაბუკი უმწეოდ
მინდორში ეგდო, ჰკვდებოდა:
მტრის ხმალს გაეპო გულ-მკერდი,
წყეულს არ შეჰბრალებოდა.
გმირს წართმევოდა ძალ-ღონე,
ფარ-ხმალი ოხრად რჩებოდა,
სისხლი მოჰქუხდა ჩანჩქერად,
გარს მორევ-გუბედ დგებოდა.
ბუნება ჰგლოვდა ვაჟკაცსა,
ჯანღ-ნისლით იბურებოდა,
მზე შავს პირ-ბადეს იხვევდა,
ზეცა ცრემლებად დნებოდა...
თმა ასწეწოდა მშვენიერს,
ოფლი ცვარ-ცვარად სდიოდა,
ბაგე უთრთოდა, ლომ-გმირის
ენას ვეღარას სჩიოდა...
ხან შესწყვეტავდა კვნესასა,
ხან მწარედ აღშფოთდებოდა,
ხან მიჰბნედავდა თვალებსა,
ხან გიჟებრ იხედებოდა,
ვინ იცის, ვის ლანდს ჰხედავდა
ვისის ალერსის ჩვეული,
აქ უპატრონოდ მდებარე,
გულზე სისხლ-გადანთხეული...
ვის ნარნარ სიტყვებს ისმენდა;
ვინ ეჭდობოდა ყელით ყელს
და ტრფობით უედემებდა
ამ ჯოჯოხეთურს სარეცელს...
ცოცხალმა შურით დავხედე
მომაკვდავს, ჩემს წინ მდებარეს,
შევნატრე, ცრემლი შევურთე
სისხლს, მისგან გადმომჩქეფარეს...
მერე რა მშურდა საწყლისა,
მისი რა მენატრებოდა?
_ მე მკლავდა მოყვრის მახვილი,
ის კი _ მტრის ხმალით ჰკვდებოდა...