შენ გევედრები, ზენარო,
შენგან მოველი შველასა,
მომეც ძალი და შეძლება,
რომ ვანათებდე ბნელასა.
შავ-კუნჭულებში მიმალულთ
მგლებს, გველა-ძუებს, მელასა,
ქვე-მძრომებს თავ-ლაფიანებს
წამოვახტუნდე ყველასა —
და მივუსევდე მწევრებსა
ალმასის ბრჭყალებიანსა,
დაეწეოდნენ, ფატრავდნენ
ნადირსა მავნე-ჩხიანსა,
სეირს უცქერდნენ მნახველნი
გადაშლილ ველობიანსა,
და თან მდევარნი მისძახდნენ:
სიკვდილი ღალატიანსა!..