I
ქარი ჰბერავს, ქარი ღმუის, ზუზუნებს;
ჩვენს ბუხარში ცეცხლი მკვახედ გუგუნებს,
დედა მწვადს სწვავს, “ნანა ვარდოს” დუდუნებს;
ბოლთის ცემით მამა ტკბილად ღუღუნებს;
ბუხრის ძირას ბებია ზის, წუწუნებს;
მის კალთაში კატა ნაზად კრუტუნებს.
II
მოკვდა მამა. ქარი ისევ ზუზუნებს;
ჩვენს ბუხარში წვიმა ჩამოჟუჟუნებს;
დედა ტირის, ბებო ძილში წმუკუნებს;
კატა კნავის, ძაღლსა შიან, წკმუტუნებს;
ჩვენი თამრო წიგნს არ სწავლობს, სლუკუნებს,
ბებია-კი ჯავრობს და უზმუკუნებს.