ხარ ტურფა საკრავი, საზებიანო!
მიჯნურისა მკვლელო, ხაზებიანო,
ალვის ხევ გასულო, ვაზებიანო,
დაუშრელი ზღვა ხარ, მაზებიანო,
ოქროს თვალში ზიხარ, რაზებიანო!
ნადირში ნაქებო რაშო, ჯეირანო!
ვარსკვლავსავით ბრწყინავ ლალო, მარჯანო,
უსანთლოდ ანათებ, ბროლის შამდანო,
ხმალი ხელთ გიჭირავს, ერეკლე-ხანო!
ფეჰლის ფანჯის ოინბაზებიანო!
ანათებ ქვეყანას, მთვარე და მზე ხარ!..
ნეტავი არ დაღამდე, რა კაი დღე ხარ,
შტოები ასული, რა ტურფა ხე ხარ,
ტრიალი მინდორი, რა შავი ტყე ხარ,
შიგ ნადირი სავსე ბაზებიანო!..
გაზაფხულის ია ამოსული ხარ!
ასლი საყვარელი თაიგული ხარ...
ერთგული მოსამსახურე, ყული ხარ,
საიათნოვავ! რა ყარიბ ბულბული ხარ!
დილ-დილით ჭიკჭიკებ, ნაზებიანო!