დამეხსენი, ავკაცობა არ მინდა,
ქვეყანაზე გაფენობა არ მინდა,
ავი სიტყვის შენთან მბობა არ მინდა,
ერთგული ვარ, ორგულობა არ მინდა,
მე გლეხი ვარ, თავადობა არ მინდა!
მოდი, სისხლსა ნუ დამიღვრი თასითა,
ნასყიდი ვარ შენის ძვირის ფასითა!
გეახლები ერანელთა წესითა!
შემინახე ატლასითა, ხასითა,
შავი კაბა, შავი ქობა არ მინდა!
ჩემი სიტყვა შენი დასაჯერ იყოს,
შენი კალთა ჩემი დასაჭერ იყოს!
ჩემი თავი შენი მიწა-მტვერ იყოს,
შენი ბაღი ჩემი ბაღის გვერდთ იყოს,
შუაშია გადაღობა არ მინდა!
გადავიდა შენი დრო საიათნოვა!
რაღათ გინდა «ოხო-ხო» საიათნოვა?
ყველა მეუბნება: ჰო საიათნოვა!
საით მიხვალ, ჩემკენ მო, საიათნოვა,
შენი პურ-მარილის ძმობა არ მინდა!