Litclub.ge

მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო
მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო! 
მე შენ ვერ გაგიძლებ, მიზეზიანო! 
დიბისა ლობდანო ბაზაზიანო, 
სირმა-აბრეშუმო ყაზაზიანო, 
თვალები, წარბები, ლამაზიანო, 
მე რა მაბადია, რა მაზიანო?! 
ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწება, 
ზოგი მეჯლისის ზმას ეხვეწება! 
ჩემი ენა გამოთქმას ეხვეწება, 
გული მას სტირის, მას ეხვეწება, 
დაეხსენ ჩემს ვარდსა კრაზანიანო! 
შენსა ქებას საწერელი ზღვა უნდა, 
შენს შემხედავს თავში რაღა ჭკვა უნდა! 
განა საყვარელი სხვადასხვა უნდა? 
სულ ქვეყანას შენი ნახვა მოუნდა, 
გამოდი ღრუბლიდამ, მზევ ნაზიანო! 
მოდი, დამიჯერე, ბაღდადის წერო, 
ინდოეთის თუთისაებრ იმღერო! 
რა იქნება ერთხელ მეც დამიჯერო, 
ფერჰადის ბებერო, შირინის მტერო, 
შე ავო მიჯნურო, შე ბრაზიანო!? 
ვაი თუ ერთი რიგი ნარდი გასწიო, 
მარდი მოჰკლა და ნამარდი გასწიო, 
ბულბული ატირო, ვარდი გასწიო, 
ნეტა რომელ ერთის დარდი გასწიო 
ბეჩავ საიათნოვავ, თავაზიანო!