ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი:
აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.
1961წ