Litclub.ge

მეფის ქორწილი

ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო;
მეფემ დედოფალს მიაწოდა მეფური თასი.
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი.
ტახტის გარშემო ქალწულების გრძნეული დასი
უმღერის მეფეს:- „მოგვილოცავს დღე სამაისო“,
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო.


ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი,
ვერცხლის სურებში სჩქებს ღვინო და სხვა სასმელები.
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები...
...და დაღალულან დედოფლის თეთრი ხელები,
დედოფლის სახე ფერმკრთალია,ვით ნისლში გედი.
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი. 

3
მოსწყინდა მეფეს წს ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მონები.
დილის სხივებმა გაიხარეს მტერდისფერ ცაზე...
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
ამშვენებს რიჟრაჟს დედოფალის თეთრი სინაზე,
და მეფე მიდის, როგორც ძველი ფარაონები.
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მონები.

4
სეფედარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია;
აღარ არიან მონები და ტახტის ქალები.
ფერმკრთალ დედოფალს მეფემ მოხსნა ფარჩის მანტია...
სეფედარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია,
მეფის თვალები ორი შავი ბრილიანტია,
ვნებით დედოფალს უღამდება ბნელი თვალები.
სეფედარბაზში მზის სხივები ცეცხლი ანთია,
აღარ არიან მონები და ტახტის ქალები.