1
დაუსრულებლად მოდიხარ ისე
და თუკი რამე შემოგხვდა გზაზე,
ანგრევ და მიგაქვს, ქვიშად ქცეული,
ვით საკუთრება შენი სხეულის,
გიჟის ფიქრივით თამამს და ძლიერს,
თან მიგაქვს ისიც... და გვიცვლი იერს
შენი სურვილის მორჩილ ნაპირებს.
და შებრძოლება თუ დავაპირეთ,
ჩვენც ქვიშად გვაქცევ...
2
ტყუილად ფიქრობთ,
ასე ცხოვრება მომწონდეს თითქოს.
ყელი სავსე მაქვს ხრეშით და შლამით,
წამი რა არის, არც ერთი წამით
არ ჩამიმუხლავს, რომ ჩემი ფსკერი,
კაცის სულივით ვრცელი და ჭრელი,
საბადო ცრემლის, ქვის და ყინულის,
ბუდე ცოდვილის და განწირულის,
მარადიული სახლი სიბნელის
და ოფელიას ბოლო სიმღერის
სტალაქტიდები არ დავინახო.
1967წ