Litclub.ge

განშორებამდე
დრომ გაიარა, ვით შავმა კატამ
ბნელ დერეფანში (უხმოდ და უცებ).
და ზამთრის სახე, მკაცრი და სადა,
მოშორდა ფანჯრებს.
მაგრამ ამ ფურცელს
მარადიული შეკრავს ყინული,
ხოლო ყინულზე აირეკლება
ჩვენგან ცხადში თუ სიზმრად ხილული,
რომ გახსენების მწარე ეკლებმა
გამოაფხიზლონ სულის თვალები -
გაოგნებულნი ერთფეროვნებით
და ხელოვნური მზის ბრწყინვალებით
და ნაქურდალი ცით და ცხოვრებით.

ბრწყინავს ლოლუა, ვით ზამთრის კბილი

ამონასუნთქი კაცის და მილის,
ახლახან დაკლულ მხეცივით თბილი,
ფართხალებს ქარში.

და აი, თითქოს ასი წლის მერე,
უკვე გადაღლილ ხმებსა და ფერებს
ვთხოვ, დამიბრუნონ ყველა უფლება,
რომ დავიწყების შავმა ღრუბლებმა
არ გადაგვთვალონ...
მომეცი ხელი,
ჩვეულებრივად სუსტი და ცხელი,
ჩვეულებრივად ცხელი და მკაცრი
მომეცი გული!
და სანამ გვაცლის
ღმერთი თუ ბედი, გვჯეროდეს ისევ,
რომ ჩვენს საფიქრალს ქვეყანა ისმენს,
ჩვენი თავები მკერდზე უწყვია
და ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია,
რომ გარდაიქმნას.
1969წ