1
ერთხელ ბუდა ეულად სეირნობდა სამოთხის გუბურის ნაპირზე.
მთელი გუბურა მარგალიტივით თეთრი ლოტოსებით იყო მოფენილი, რომელთა ოქროს გულები ირგვლივ ენით გამოუთქმელ კეთილსურნელებას აფრქვევდა.
სამოთხეში მშვენიერი დილა თენდებოდა.
ბუდა ჩაფიქრებული შეჩერდადა უეცრად წყლის სარკეში, რომელიც ლოტოსის ფართო ფოთლებს შორის ციმციმებდა ყველაფერი დაინახა, რაც სიღმეში, ლოტოსის გუბურის ფსკერზე ხდებოდა.
სამოთხის ტბორი ჯოჯოხეთის ქვესკნელებამდე აღწევდა.
მის კრისტალურ წყლებს შორის მკაფიოდ მოჩანდა ნემსა მთა და მდინარე სანძუ.
იქ, ჯოჯოხეთის უფსკრულში, ბუზებივით ირეოდა უამრავი ცოდვილი, და ისე მოხდა, რომ ბუდამ თვალი ერთ მათგანს, სახელად კანდატას მიაპყრო.
კანდატა საზარელი ყაჩაღი იყო. მან მრავალი ავკაცობა ჩაიდინა: კლავდა, ძარცვავდა, ცეცხლს უკიდებდა, მაგრამ ერთი კეთილი საქმე მაინც ქონდა ჩადენილი.
ერთხელ უსიერ ტყეში დაეხეტებოდა და უცებ დაინახა: ბილიკზე პატარა ობობა გადარბის. კანდატას ის იყო, უნდა გაესრისა, რომ თავისთვის ჩაილაპარაკა: ,,არა, პატარა კია, მაგრამ მაინც სულიერია. ცოდვაა ასე უმიზეზოდ მისი მოკვლა''.
და შეიბრალა ობობა.
ჯოჯოხეთის ყურებისას ბუდას გაახსენდა,რომ ერთხელ ყაჩაღმა კანდატამ პატარა ობობას სიცოცხლე აჩუქა და მოუნდა,თუკი შესაძლო იყო, მხოლოდ ამ ერთი კეთილი საქმის საზღაურად დაეხსნა ცოდვილი ჯოჯოხეთის უფსკრულიდან. იქვე საბედნიეროდ, ბუდამ სამოთხის ობობა შენიშნა, რომელსაც მშვენიერი ვერცხლის ძაფი ლოტოსის ნეფრიტივით მწვანე ფოთოლზე ჩამოეკიდა.
ბუდამ ფრთხილად აიღო უწვრილესი აბლაბუდა და მისი ბოლო წყალში ჩაუშვა,მარგალიტივით თეთრ ლოტოსებს შორის აბლაბუდამ ქვევით იწყო ჩაშვება, სანამ ჯოჯოხეთის უშორეს სიღრმეებს არ მიაღწია.
2
იქ, ჯოჯოხეთის ფსკერზე, კანდატა სხვა ცოდვილებთან ერთად საშინლად იტანკებოდა სისხლის ტბაში, ხან ზევით ამოყვინთავდა ხან კი მორევში ჩაიძირებოდა.
ყველგან უკუნი სიბნელე გაბატონებულიყო. მხოლოდ იშვიათად განათდებოდა რაღაც ბუნდოვნად ამ წყვდიადში. ეს ნემსები ბზინავდა მქრქალად საზარელ ნემსა მთაზე. სიტყვა უძლურია აღწეროს ამ სანახაობის ყველა საშინელება. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე სუფევდა. ხანდახან თუ გაისმოდა ყრუ ოხვრა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ ჯოჯოხეთის უშორეს სიღრმეებში გადაჩეხილ ცოდვილ სულებს კვნესის ძალაც არ შერჩენოდათ.
აი, ამიტომ თვით უძლიერესი ყაჩაღი კანდატა, რომელიც სისხლის ტბაში იგუდებოდა, მხოლოდ უხმოდ იკლაკნებოდა სულთმბრძავი ბაყაყივით.
მაგრამ უეცრად კანდატამ თავი ასწია და სისხლის ტბაზე ჩამოწოლილ სიბნელეს მიაპყრო მზერა. ამ ბურუსში შორეული ციდან, პირდაპირ მისკენ ნელ-ნელა ეშვებოდა წვრილი სხივივით მბზინავი ვერცხლის აბლაბუდა, თითქოს შიშობდა, რომ სხვა ცოდვილებს არ შეემჩნიათ.
კანდატამ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა. ამ აბლაბუდას უნდა ჩაებღაუჭო სულ ზევით და ზევით აცოცდეს. მაშინ კი დააღწევს თავს ამ ჯოჯოხეთს.
ხოლო თუ გაუმართლებს, ვინ იცის, იქნებ სამოთხეშიც მოხვდეს. მაშინ კი აღარავინ წაასხამს ნემსა მთის მწვერვალზე, აღარც სისხლის ტბაში ჩააგდებენ.
ამ იმედით ფრთაშესხმული კანდატა ორივე ხელით მაგრად ჩაეჭიდა ამ აბლაბუდას და მთელი ძალით დაიწყო ზევით აძრომა.
გამოცდილი ქურდობისათვის, თავისთავად, ეს ჩვეული საქმე იყო.
მაგრამ ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე კარგა დიდი მანძილია. მიცოცავდა ზევით კანდატა და ბოლოს მასაც კი, ასე ძლიერსა და ღონიერს, ძალ-ღონე გამოეცალა. შეუსვენებლად ვერა და ვერ მიაღწია ზეცამდე.
სხვა გზა არ იყო, უნდა დაესვენა. აი გაჩერდა კანდატა შუა გზაზე, კიდია აბლაბუდაზე, ისვემებს და უცბად ქვევით ჩაიხედა, თვალუწვდენელ უფსკრულში.
ამაოდ არ მიცოცავდა კანდატა ზევით ასე შეუპოვრად. სისხლის ტბა, სადაც ის სულ ახლახან საზარელ წამებას ითმენდა, უკუნეთ წყვდიადში თვალს მიეფარა, საშინელი ნემსა მთის მწვერვალი კი ბუნდოვნად ელვარებდა მის ფეხქვეშ, ჯოჯოხეთის უფსკრულის სიბნელეში. თუ კვლავ ასემარჯვედ განაგრძობს ცოცვას, მაშინ შესაძლოა მართლაც დააღწიოს თავი ჯოჯოხეთს.
ამის გაფიქრებისას კანდატამ სიხარულით შესძახა:
-გადავრჩი! გადავრჩი!
მაგრამ უეცრად შეამჩნია, რომ უამრავი სხვა ცოდვილი შემოხვედოა აბლაბუდას და ჭიანჭველების მწკრივით მის კვალდაკვალ მიცოცავენ სულ მაღლა და მაღლა.
ამ სანახაობით შეშინებული და გაოცებული კანდატა ერთხანს მხოლოდ თვალებს აბრიალებდა და სულელივით ფართოდ დაეღო პირი.
ამ ნაზ აბლაბუდას მისი შეკავებაც კი უჭირს, ამდენ ხალხს კი როგორ გაუძლებს!
აბლაბუდა თუ გაწყდა, კანდატა, რომელიც ასე მაღლა იყო ამძვრალი, ყირამალა გაფრინდება ჯოჯოხეთში, მაშინ კი მშვიდობით, გადარჩენის იმედო!
სანამ ამ ფიქრში იყო იყო გართული, ცოდვილები გუნდ-გუნდად მოძვრებოდნენ სისხლის ტბის ბნელი სიღრმეებიდან. გრძელ მწკრივებად დაყოფილი ასობით, ათასობით ცოდვილი აჩქარებით მიცოცავდა ზევით, წვრილი სხივით მოკაშკაშე აბლაბუდაზე. სასწრაფოდ უნდა იღონოს რაღაც, თორემ აბლაბუდა უსათუოდ გაწყდება და ის კვლავ უფსკრულში ამოყოფს თავს.
და კანდატამ მთელი ხმით დაიღრიალა:
-ეი თქვენ, ცოდვილნო! ეს ჩემი აბლაბუდაა! ვინ მოგცათ ამოძრომის უფლება? აბა, ახლავე ჩაძვერით, ჩაძვერით ქვევით!
მაგრამ იმავე წამს აი რა მოხდა:
კანდატას სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ აბლაბუდა, მანამდე მთელი და უვნებელი, ტკაცანით გასკდა ზუსტად იქ, სადაც კანდატა იყო ჩაბღაუჭებული:
მან ვაის დაძახებაც ვერ მოასწრო, ისე დატრიალდა ციბრუტივით,სტვენით გააპო ჰაერი და თავდაყირა გაფრინდა ქვევით, უკუნეთ წყვდიადში.
და მხოლოდ აბლაბუდის პატარა ნაგლეჯიღა ეკიდა და წვრილი სხივით ბზინავდა ჯოჯოხეთის უვარსკვლავო და უმთვარო ზეცაში.
3
ლოტოსის გუბურის ნაპირზე მდგარმა ბუდამ ყველაფერი დაინახა, რაც მოხდა ,თავიდან ბოლომდე, და როცა კანდატა ქვასავით ჩაიძირა სისხლის ტბაში, დაღვრემილმა ბუდამ კვლავ განაგრძო სეირნობა.
კანდატასთვის უცხო იყო სიბრალული, ის მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ ეხსნა საკუთარი თავი ჯოჯოხეთისგან, ამიტომაც მიეზღო სამაგიერო: კვლავ ჩავარდა ჯოჯოხეთის მორევში. რა სამარცხვინო და უბადრუკი იყო ეს სანახაობა ბუდას თვალში!
ლოტოსების მარგალიტივით თეთრი ყვავილები ნელა ირხეოდა ბუდას ფეხქვეშ.
და მის ყოველ ნაბიჯზე მათი ოქროს გულები ირგვლივ ენით გამოუთქმელ კეთილსურნელებას აფრქვევდა.
სამოთხეში შუადღე იქნა.