გულზე წუხილი გადამათოვე,
მიმატოვე და წახველ ერთთავად...
ო, გევედრები, ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ,
შენი ერთა ვარ.
ახლაც გამქრალან სადღაც დილები
და ღამეები გოლიათობენ...
შენ უძილობა გეადვილება,
მე კი მარტო ვარ, —
ნუ მიმატოვებ.
იგივ ვარსკვლავნი ზეცად ასულან,
მე მიცქერიან და შენ გნატრობენ...
თუნდაც დაგითვლი ვარსკვლავებს სრულად,
ოღონდაც დარჩი, —
ნუ მიმატოვებ.
გულზე წუხილი გადამათოვე,
მიმატოვე და წახველ ერთავად...
ო, გევედრები, ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ, —
შენი ერთა ვარ.