Litclub.ge

მე თქვენ გიყურებთ
მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან.
თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს
იდუმალს და აღტაცება პირზე ღიმილს გააჩენს ელვად.
მე გარს ვევლები ჩემი თვალებით შენი სხეულის ყოველ
ნაწილს
და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით:
შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი,
რომელზეც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა ქება.
დალალნი შენნი, დაბმულნი გრიგალნი, დალალნი შენნი —
ტევრნი უსიერნი, რომელშიც იხლართებიან ჩემი თითები და
კანკალებენ, როგორც ბალღები დაბნეულნი უსიერ ტყეში.
წარბები შენნი — ხიდნი შავნი, შავად გადასალტულნი,
რომლებიც ინგრევიან, ოდეს აბორგდება სისხლი შენი
რისხვით მოცული.
თვალები შენნი — ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი,
თალხით შემოსილნი, წვიმიან ამინდში სატირალს მავალნი.
ყურები შენნი, რომელთაც ესმით ყველგან და მარად და
ყოველისაგან: — მონა ვარ შენი.
ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით,
როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემა გაზაფხულზე
ყვავილი ატმის.
ბაგენნი შენნი, ბაგეთა უცხონი. ბაგენი შენნი
ღამის მომლოდინე ნატვრაა ჩემი.
ნიკაპი შენი-სიმორცხვე შენი.
კისერი შენი – ტალღა ატყორცნილი,
მკლავს რომ ენანება დაამსხვრიოს ბროლებად.
მკლავები შენი, რომელზედაც სულს ღაფავს კოცნა.
მკერდი შენი...
იღლია შენი — ჩიტის ბუდე დაცარიელებული,
რომელშიც ჩაფრინდებიან ჩემნი კოცნანი, როგორც ბარტყები.
თითები შენნი — შინაური მტრედები.
მუცელი შენი — ლოდი მარმარილოს, სიპი და გლუვი,
სხლტებიან ხელები.
ფეხები შენნი, ტანს რომ ატარებენ და რომელიც უნდა
ატარონ თავად,
მთლიანად შენ — შენ...