მიწასა ზედა განწირული იწვა მიწიერი.
უფალნი ჭირის უკუნეთზე უმწარეს კვნესენ,
წამი ერთია, მოვალს ქრისტე და მოაწია.
განწირულ ცხედარს შეესიტყვა იესუ ისე:
„ადამის ძეო, აღიღეო ცხედარი თვისი,
ადამის ძეო, იარეო აწ სახედ შენდა,
ადამის ძეო, ადიდეო ადამის ძენი,
ადამის ძე, სიკვდიმდეო იესუს ენდე“
ადამის ძემა მყის აღიღო ცხედარი თვისი,
ადამის ძემა მყის იარა აწ სახედ თვისდა,
ადამის ძემა იგალობა სახელი ღვთისი,
ადამის ძე ლოცულობდა გალობით ღვთისდა.
წმინდაო ქრისტევ! შენ სხეულის იგრძენ დაფლეთა
და ე.ი. ხორცით ევნე, ხორცით ეწამე,
მაგრამ სულს თურმე უეცარი ძალუძს გაფრენა
და უეცრადვე გააფრინე მეცხრე ზეცამდე.
მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ - ჯვარზე ვნებული,
მაგრამ პირიქით, დამიმსხვრიეს სული ალალი,
თურმე არ ძალუძს, რომ გაფრინდეს ცაზე სხეული,
დამსხვრეულ სულის ვერ ვიპოვე ქვეყნად მალამო.
მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ - ჯვარზე ვნებული
ო! მეც ღმერთი ვარ - მიწიერთა და მიწიერი,
ჩემი ფიქრები - მეცხრე ზეცას დადევნებული,
ვერ აღწევენ და მიწაზევე დაიწივლებენ.
სხეულით ევნე, მე კი - სულით გადამსხვრეულით,
მოდი და სული გამიმრთელე, როგორც სხეული.
1950