Litclub.ge

* * * ოთახი მძიმე
ოთახი მძიმე, როგორც სული წასული მკვდრეთით.
ვიწრო სარკმლიდან მოელვარე ატმის ტოტები.
ბრძენთა მამათა გარინდებულ სახეთა გვერდით
დაკიდებული დიდებული ავტოპორტრეტი.

და დედაჩემი - თბილ ღუმელთან მიმჯდარი წყნარად.
ჩემთვის არჩევს და ჩალაგდება შავი კარტები,
მერე წუხილით შეირხევა თმები ჭაღარა
და მგლოვიარედ იტყვის: შვილო, რა გემართება.

ო, დედაჩემის თეთრი თმების სათნო ციმციმი,
ჩემში აღვიძებს პირველ თოვლით მელანქოლიას.
ოთახში თბილა და ქუჩებში დაძრწის სიცივე,
ოთახი მძმედ დაგმანულა, როგორც სქოლიო.

ძმა კი ქაღალდზე გულმოდგინედ ზომავს ნახაზებს,
ქაღალდი ელავს, როგორც შუბლი ჩამოღარული,
ძმა თ ოცნებობს, რომ ოდესმე სახლებს აღაგებს,
სადაც იქნება სითბოს გარდა ზღვა სიხარული.

ო, მე კი ვდუმვარ, ფიქრთა სიტყვა წარიღო სრულად,
ღამის ლანდები მოდიან და მელანდებიან,
ბრძენთა მამათა და საკუთარს შევყურებ სურათს,
მათნი დუმან და ჩემი ამბობს, ყველა ვკვდებითო.

საცაა მოთოვს და დარდები მოვლენ ასწილად
და მერე თოვლი, მომაკვდავი, მზისგან გალღვება
და მე დარდები დაშთენილი ნელა გამწირავს,
მეც გამალღობს და სული ჩემი ზამთარს გაყვება.

და ასე მძიმედ დასრულდება ჩუმი წვალება,
მოხდება მზეთა უამრავი გარდაცვალება.

1953