ვრცელი პროსპექტი. ხეები შიშველი. ხეებზე ბეღურები უამრავი. მათი ერთობლივი ჟივჟივი ქმნის ჟრიალს. ეს ჟრიალი მოქალაქეებს არ აძლევს სიცილის საშუალებას. მათ შორის ყველაზე მხიარულებიც კი იღიმებიან მხლოდ. პროსპექტის შუაგულში დგას გრძელი მილიციელი. ხელი რომ გიშვიროს, ბეღურას მიწვდება ხეზე. მილიციელი ყურს არ უგდებს პროსპექტის ჟრიალს, მაგრამ მას ესმის ეს ჟრიალი. იგი ფართო თვალებით ემსახურება მოძრაობის წესების დაცვას. უეცრად ჟრიალი გაიბზარა. გაიბზარა წივილით. მილიციელმა და მოქალაქეებმა აიხედეს მაღლა. ყორანი მოაქროლებდა შეპყრობილ ბეღურას. თავხედობა ამაზე შორს ვეღარ წავიდოდა; ყორანს მოეტაცნა ბეღურა შუა პროსპექტზე მილიციელის თვალწინ და ისიც მთავრობის სასახლესთან. მაგრამ რა უნდა ექნა მილიციელს? მისი უფლებები მხოლოდ მიწაზე ვრცელდება. კანონებში ფრინველების შესახებ არაფერი წერია. მილიციელმა სინანულის ღიმილი გაააყოლა საცოდავ ბეღურას. სხვა რა შეეძლო მილიციელს? მაგრამ მე წარმოვიდგინე: გრძელმა მილიციელმა ასწია ხელი. ასწია ხელი კანონის სახელით. მისი ხელი ელვის სისწრაფით გაიზარდა და დაედევნა ყორანს. ზედ მთავრობის სასახლესთან შეიპყრო იგი. მილიციელმა ბეღურა გაანთავისუფლა და მკაცრად დაარიგა, რომ ამის შემდეგ პროსპექტზე მიმავალი მოქალაქეებისათვის აღარ ჩამოესკინტლა თავზე, ხოლო დამნაშავე ყორანი „ჩორნი ვორონში“ მოათავსა და მილიციაში გაისტუმრა.
პროსპექტზე ჟრიალებდა. მოქალაქენი მიდი-მოდიოდნენ პროსპექტზე და კმაყოფილი ღიმილიით შესცქეროდნენ მილიციელს.
1958