Litclub.ge

შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.

ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

შენ ხატაური აბრეშუმი დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარიგად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.

ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვირგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.

შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…

დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.

…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.