"მევე მეტკინოს წლების შემდეგ
ამავ მიზეზით"
და ჩაიგუბე პეშვში წყალი,
გამოივლის ვინმე, შეასვი.
და ჩაიხსენი გულზე ზეცა,
გამოივლის ვინმე, ისუნთქებს.
და ჩაიტბორე მზერაში სითბო,
გამოივლის ვინმე, გათბება.
უპირველესად როდის გატკინე?...
არა, მე გეტყვი:
როცა ვიტირე სხვებისთვის თითქოს უმიზეზოდ,
თუმცა ხახაში მქონდა ნასკვივით ჩატენილი ჩემი მიზეზი,
რომ არ მინდოდა მოსვლა, მაგრამ ძალით მოვედი,
რომ არ მინდოდა ცურვა, მაგრამ ძალით ვიცურე,
რომ არ მინდოდა ყვინთვა, მაგრამ ძალით ჩავყვინთე,
მაგრამ როდესაც სითბო მომხვდა შენი ხელების
და ჩემით მივხვდი, ეს ხელები შენი რომ იყო და არა ექთნის,
იქ გაგიჩუმდი.
როდესაც მზერა მომხვდა ასე სათუთი
და იმ წამიდან უთქმელადვე რომ მაპატიე,
იქ შემიყვარდი.
მე დავთმე ჩემი წყალი, ჩემი ტანის გარშემო
და დავთმე ის, რომ მოკუნტული აღარ ვიქნები,
ამიერიდან გავიშლები უფრო ბეჭებში,
რომ ნამდვილია სამყაროს და ჩემი კავშირი,
დავთმე სიმრგვალე და სიცოცხლის გაშლილ სიბრტყეში
გადმოვიბარგე,
რომ, დღეის იქით, სულ ვიფიქრებ თვითგანწირვაზე,
რომ, დღეის იქით, უნდა სხვების სიცოცხლეს ვეყო,
რომ, დროდადრო უფრო მეტად მეტკინება სულის არეში,
რომ, დაძენძილი სეზონები, სისხლჩაქცევად გადამექცევა,
რომ, ვისაც უნდა, რომ გამარტყას, გამარტყამს კიდეც,
რომ, ვისაც ჩემი სუნთქვა სახვევივით დაუდია თავისვე გულზე,
იმ გულს მოურჩენს,
რომ გაქცევიდან დაბრუნებამდე ერთი ლექსია,
რომ ვინც ასეთად შემიყვარა, არ მოვუკვდები.
უპირველესად მე გატკინე ყველაზე ძლიერ...
როდესაც მზერა მომხვდა ასე სათუთი...
და იმ წამიდან უთქმელადვე რომ მაპატიე,
იქ შემიყვარდი.
და ჩავიგუბე პეშვში წყალი, შენ რომ შეგესვა...
და ჩავიხსენი გულზე ზეცა, შენ რომ გესუნთქა...
და ჩავიტბორე მზერაში სითბო, შენ რომ გამეთბე...
უპირველესად მე გატკინე, ჰოდა, ამიტომ
მევე მეტკინოს წლების შემდეგ ამავ მიზეზით.
ხომ მაპატიე ის პირველი ტკივილი, დედა,
სიკვდილამდე რასაც გატკენ, ისიც შემინდე.