მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
გარეთ გავიდნენ
ახალი ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა მზია:
-ქოლგის გახსნა რომ
არ შემიძლია? . . .
ჰა, თუ ბიჭი ხარ,
გახსენი, აბა!-
და ქოლგა გოგის
გადასცა სწრაფად.
“თუ ბიჭი ხარო“, -
მანამდე დინჯი,
მყისვე აენთო
პატარა ბიჭი.
ეჭვით დახედა
დახურულ ქოლგას,
წინ თითქოს დიდი
გამოცდა ჰქონდა.
სახეზე ჩრდილმა
გადუარა:
“გავხსნი თუ არა?!“-
უეცრად ბიჭი
რაინდად იქცა:
ისე ლამაზად
და ისე მკვირცხლად
გახსნა ის ქოლგა,
რომ მზიამ უცებ,
“ყოჩაღო!“ - თქვა და
აკოცა შუბლზე. . .
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
მიცუნცულებდნენ
ახალი ქოლგით.