სკამს იჯდა ბაბურაული
გუდანს გუდანის ჯვარშია, -
გარეთ იყოფდენ ნადავლსა,
ჩოჩქოლი ისმის ჯარშია.
წილის ყრა არი, ცილობა
ათას ცხვარს, ორას ხარშია.
გმირს არ აჯავრებს ნადავლი,
შეკრული არის წარბშია,
სახელს ვერ გასცვლის დავლაზე,
მით არ ერევა ხალხშია,
არაფრად იმჩნევს ჭრილობას,
ნატყვიარი სჭირს მკლავშია.
წინ უზის ჩოქზე დასტური,
შავს ლუდს უმატებს თასშია.
“ვინაც მადლს სჩადის, სანთელი
მისი არ ჰქრება ცაშია.
გამრავლდეს შენფერეები
გუდანის ჯვარის ყმაშია!”
დასტური ბაბურაულის
ქების სიტყვების თქმაშია:
“უჯიშო-უხეირონი
გამოსადეგნი რაშია?!
კაი ბიჭობას იჩენენ
მარტოკა ლუდის სმაშია.
ულვაშებ-დაწკეპილები
წამოსხდებიან თავშია.
შენფერა, ბაბურაულო,
არავინა გვყავ მთაშია.
იცოცხლე, დიდხანს იცოცხლე!”
დასტურმაც კონჩხას ასწია.
წილის მყრელები შავარდნენ
ბაბურაულთან ხატშია
და უთხრეს: “თავისი წილი
წამო, წაიღე, ბერდია!”
ხელს იქნევს ბაბურაული,
მაღლა ასწია მკერდია:
- “თქვენ იყოს, სხვა არა მინდა,
ბიჭებო, ლუდის მეტია”.
- “რად არ? საკარგყმოც შენ გერგო,
ხარი თორმეტზე მეტია.
მომდურავ არვინა რჩება,
ყველას უღიმის ბედია”.
- “არ მინდა, გეტყვით, გაიგეთ,
იქმნას, რაც დამიყბედია:
მე არ ავიღებ არაფერს”.
კვლავ ეუბნება ბერდია:
“ასე მაქვს ხატთან პირობა,
კვლავც შეგვეწევა ღმერთია -
თქვენ იყოს, თქვენი, ჩემ წილი,
თხაც კი არ მინდა ერთია”.
უთხრა და თან გაიბრუნა
გვერდზე მორგვივით ქედია.
1905