(ქუჯეგას ნაამბობი)
ფშავში მოიდა ამბავი:
რუსისა მოდის ჯარია.
რუსთა ხელმწიფეს ერეკლემ
გადასცა თავის ხმალია, -
აღარ სცნა მეფობის ღირსად
ბაგრატიონთა გვარია.
რამდენიც ფშავით ჩავიდა,
ყველას შესჩივის ცრემლადა:
- „ჩემი ხალხი და ქვეყანა
მყვანდა მეორე ღმერთადა,
მაგრამა თავი ქართველებს
ვერ მოვუყარე ერთადა.
არც ერთხელ მშვიდის ძალითა
ვერ დავიძინე ღამითა.
ორი ერთს პირზე დამდგარი
ჩვენში ვერ ვნახე თვალითა.
მარტო მე რას გავხდებოდი -
ერეკლე - თავის ხმალითა!..“
ეს ხმა ყაენთან მისულა,
გამწარებულა თათარი,
სახონთქროს თურმე ხონთქარმა
დააწყებინა დგანდგარი.
შაყრა ჩვენს დასრბეველად
დიდი და მცირე, რაც არი,
და დაღისტანიც ყალხს შედგა,
როგორც სარჩოლად აფთარი...
ჩვენც არ გვიამა, რო გითხრა,
განაძრახები მეფისა, -
ყველას თავზარი დაგვეცა
ახალი რბევა-ყვლეფისა.
მალევ კაცები გავგზავნეთ
ფშავ-ხევსურეთის მხარესა.
ვამზადებთ ტყვია წამალსა,
ფიქრსა ვფიქრობდით მწარესა.
მძიმე ლაშქარი მოიდა,
ლაშარის გორი აივსო,
ჩვენს გულს ნანებით საკირე,
ვხედავთ, რომ დაქრა, დაივსო.
ასტყდა ქადაგი, ჩვეულებრ,
ხატსა ჰკითხავდა რჩევასა,
მაგრამ უყურებ განგებას,
უყურე უფლის ნებასა!..
ჩვენ ჩვენი ლაშარის ჯვარი, -
(რას ვიფიქრებდით ამასა) –
საომრად გამზადებულთა
პირს გაგვავლევდა ჩალასა.
გვეტყოდა: „ჩემო გშავლებო,
მე გამიგონეთ მამასა,
ტყუილად თავზე გადიცვამთ
ტანჯვასა და ხათაბალასა.
დრომდის ყვავილი აქვს გასული
ჩემს ხმალს და იმის ძალასა.
გირჩევთ შინი-შინ წახვიდეთ,
გაჰყვეთ არაგვის ჭალასა.
რუსის დავლათი ორს ადლზე
დაბლა გაარღვევს მიწასა.
თითონ უფალი ჰლალაობს,
სხვას არ თხოულობს ძიძასა“.
ეს იყო... წელები დაგვწყდა
შვილ-შვილიშვილებს, ბიძასა.
ხმალი ჩავაგეთ ქარქასში,
თოფი შავკიდეთ კაჩხასა,
დღემდის გულს ვასმევთ ბალღამსა
და აღარც ვამბობთ არასა.
1901