Litclub.ge

ყრუ სონეტი
მინდა მოგმართო ყრუ სონეტით, უხმო სონეტით...
(გოტიეს ლანდო, მაპატიე ეგ სითამამე!)
სნეულ საღამოს ვაცილებდი ღამის წყვდიადში,
როცა შენ გნახე, სანანებელ ბინდის ქალწულო.

შენი თვალების შეაჩერე ლურჯი ისრები.
გვიანი კოცნით ვეამბორე შენს რუხ ხელთათმანს.
და როცა გავჩნდით საქორწილოთ მორთულ კაფეში,
სარკის პირდაპირ ჩვენ დავსხედით დადუმებულნი.

ჩვენი ლანდები მიგვიწევდნენ საიქიოსკენ,
და ვერ ვბედავდით სიცოცხლისთვის გვეთქვა უარი,
რომ შეყვარებულთ დაგვეწერა ჯვარი სიკვდილზე.

შემდეგ დავშორდით სამუდამოდ. ვზივარ კაფეში.
კაფეს სარკიდან გამოვიხმე შენი აჩრდილი,
და მას მივმართე ყრუ სონეტით, უხმო სონეტით.

1916 წ.