Litclub.ge

ლეჩხუმური შემოდგომის სურათები
რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,
დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, ―
ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,
რომ ხელში იგდოს თურაშაული.
ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,
მზეც ძველებურად არ იკბინება
და უელვარებთ სავსე ტაროებს
ნამით ნაფერი ოქროს კბილები.
მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის,
სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან
და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი
ორღობეებში ურმების ჭრიალს.
ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,
აღუღუნდება გიტარის სიმი...
დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს
და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.
მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან
ნარიყალა და მორები ფიჭვის,
ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,
ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.
ესმით ვენახში ანთებულ ატმებს
უზარმაზარი საწნახლის ქშენა,
ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს
და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა.
გათეთრებულა პატარა სხვენი,
ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,
და სარეკელას მადლიან ენით
წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს.

1939