სხვადასხვაგვარი არის ფრინველი,სხვადასხვაგვარად უყვართ ყოველი,
ზოგს ურჩევნია ჩიტი ლამაზი,ზოდს მოჟღურტულე,ზოგს მგალობელი.
ჩემი რჩეული არ სტვენს საამოდ,ჭრელი ბუმბულიც გარს არ ავლია,
ისიც ჩემსავით არის უბრალო,ალაგ თთრია,ალაგ შავია.
მე ყანჩა მიყვარს,თუმცა არ გალობს,არც ფარავს ბეწვის უცხო ქათიბი,
უნგრეთის ტურფა დაბლობის მკვიდრი,ალფელდის მკვიდრი,ჩემებრ ღარიბი.
ერთად ვიზარდეთ,მიტომ თუ მიყვარს,ერთად შევედით სიჭაბუკეში,
მე რომ აკვანში ავტირდებოდი,ის დამძახოდა ციდან ნუგეშით.
ჩემს ბავშვობაში დინჯი ვიყავი,მიყვარდა მარტო გავლა ტრამალში,
როცა ტოლები ჯოგს მოდენიდნენ,არ ვერთობოდი მათთან თამაშით.
ლაქაშის ზვინებს სულგანაბული ვეფარებოდი და დაჟინებით
ვუცქერდი,როგორ ცდილობდნენ ფრენას ყანჩის ბარტყები პაწაწინები.
და ერთი ფიქრი,ფიქრი მუდმივი,არ მშორდებოდა არასდროს არსად:
რატომ ჩვენც ფრთები არ დაგვყოლია,რატომ ვერ ვფრინავთ ფრინველთა მსგავსად.
ფეხით დავივლით მთელ დედამიწას,რაა მიწაზე მანძილი ჩვენთვის?
მაგრამ რად მინდა გავლა მიწაზე,როდესაც სული სიმაღლეს ელტვის!
ცისკენ ვილტვოდი,მზის ბედი მშურდა,მე ვოცნებობდი მზეზე ბალღურად,
დედამიწას რომ დასცქერს მაღლიდან,ოქროს სხივების ქუდს რომ ახურავს.
დაისზე,როცა მზე წითლდებოდა,მეგონა სისხლის სდიოდა ღვარი,
მეგონა ყველას ეს ბედი ელის,ვინც სინათლეს ჰფენს,ვინც მაღლა არი.
ყველა ბავშვისთვის შემოდგომაა დრო საყვარელი და მიმზიდველი,
მას,როგორც დედას,მოჰქონდა ჩვენთვის ხილით და ყურძნით სავსე გიდელი.
მე შემოდგომა ჩემს მტრად მიმაჩნდა,ვჯავრობდი მისი მოსვლის მხილველი,
რადგან მას ჩემგან მიჰყავდა ყანჩა,უსაყვარლესი ჩემი ფრინველი.
ცაზე გავცქერდი მათ გუნდს მოწყენით,შორს მიფრინავდნენ,მიჰქროდნენ მაღლა,
მე ჩემს გაფრენილ ახალგაზრდობას ასე მოწყენით გავყურებ ახლა.
და ცარიელი ბუდე ყანჩების მწუხარე იყო,ვით ნასახლარი,
წინასწარ ვგრძნობდი,რომ ერთდროს ასე დაობლდებოდა ჩემი სახლ-კარიც.
როცა ზამთარი გათავდებოდა,თოვლის სამოსელს იხდიდა ველი,
ბუნება მწვანე კაბას იცვამდა,ზედ ყვავილები ეხატა ჟრელი.
მაშინ ჩემს სულშიც რაღაც ხდებოდა გაზაფხულივით გასაკვირველი,
თბილი ქვეყნიდან ჩვენთან მოფრენილს ვეგებებოდი ყანჩას პირველი.
გვინ,ბავშვი რომ ჟაბუკად ვიქეც და ცეცხლად მექცა მეც ნაპერწკალი,
ჩემს ქურანს თავზეხელაღებული მოვევლებოდი,როგორც მერცხალი,
და მივუშვებდი მერანს სადავეს,მივქროდით ორივ დაურიდალი,
მოგვსდევდა,მაგრამ ვერ გვეწეოდა გაწბილებული ველის გრიგალი.
თვალუწვდენელი ტრამალი მიყვარს,ოქროს ტრამალი თვალგასახარი,
აქ ვარ ნამდვილად თავისუფალი,აქ ჩემს ოცნებას არ აქვს საზღვარი.
აქ კედლებივით შავად აღმართულს შიშით არ შევცქერ მაღალ მთაგორებს
და ჩანჩქერების კლდეზე ჩხრიალი,ბორკილის ჩხრიალს არ მომაგონებს.
და არ არისო ველი ლამიზი მას ნუ მეტყვის ქვეყნად ნურავინ,
იგი ლამაზი ქალწულის მსგავსად,სახეს იფარავს პირსაბურავით.
იგი მეგობრებს ახარებს მხოლოდ,ულამაზესი სახის ჩვენებით,
ის მხოლოდ მათ წინ წარსდგება ხოლმე მზეთუნახავის უცხო მშვენებით.
მიყვარს ტრამალი,ხშირად დავქროდი ველად გაჭრილი კიდემდე კიდით,
მივარდნილ ველზეც ბევრჯერ ვყოფილვარ,კაცთა სიშორით რომ არის მშვიდი.
ჩამოვხტებოდი ცხენიდან ფიცხლად,ქვეშ გავიგებდი ბალახის ფარჩას,
ტბას გავხედავდი და იქვე ახლო აღმოვაჩენდი ჩემს ერთგულ ყანჩას.
ერთად ვიყავით უკაცურ ველზეც,გატაცებული ორივ ონნებით,
იგი ლურჯი ტბის სიღრმით ტკბებოდა,მე ჩამავალ მზის გასხივოსნებით.
ჩემს ბავშვობაშიც,სიჭაბუკეშიც სულ ჩემთან იყო ჩემი ფრინველი
და მიყვარს იგი,თუმც არ სტვენს ტკბილად,არც გარეგნობა აქვს მიმზიდველი!
ვით მოგონება ყრმობის ზმანების,მე მიყვარს ჩემთან შეზრდილი ყანჩა,
ის ერთადერთი სახსოვარია,რაც იმ ბედნიერ დღეთაგან დარჩა.
მე ახლაც ველა ყანჩის მოფრენას,შეგვრჩა ის ძველი ძმობა ურღვევი,
და თბილ ქვეყნისკენ როცა მიფრინავს,ახლაც ვაცილებ ლოცვა-კურთხევით !!!