იას, ბნელს ხევში მოსულსა
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
ეწადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ინაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა;
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალითა.
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიოდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
ამოიკვნესა ჩაგრულმა,
გულ-მოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერ-გახუნებულს იასა.
ია სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა-კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა,
იას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა:
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.
1895 წ.