შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა,
როგორ თავხედობს წყეული!
სწადიან შთანთქას, გააქროს
მზის სხივი გამოსრეული.
წინ ეღობება მნათობსა
ეგ უბადრუკი, წყეული!
მზემ კი დასჭრა და დაკაფა
მისი ბედკრული სხეული.
არ იშლის წესსა ღვთიურსა
ქვეყნის გათბობას ჩვეული.
ველებს, ჯურღმულებს ანათებს
მზის სხივი გადმონთხეული.
თავს უკრავს მადლობის ნიშნად
ვარდი, ნორჩს ყლორტზე რწეული.
მკვდრებს აღდგენს საფლავებიდან
ბულბულის ენა გრძნეული;
ქვესკნელში ეძებს საფარსა
ღრუბელი გამოქცეული.
1908 წ.