Litclub.ge

ჯაფირი
”აქა არს საფლავი ჯაფირისა, რომლის სიგრძე
ხუთი ადლია”.
ვახუშტი

ჯაფირი სახალხო გამირი, ცხოვრობდა XVII
საუკუნის პირველ ნახევარში, გადმოცემით გიგანტის
აგებულება ჰქონია. ჯაფირის საფლავს დღესაც
უჩვენებენ ატენის ზემოთ, რაზმითის ტყეში.
ავტორი

ამ დევკაცს ძუძუ ვინ მოაწოვა,
რომ სამარეც კი აქვს ახოვანი,
აურჩევია ნავსაყუდარად
ტყე უღრანი და ბალახოვანი.
ვით დიდი მუხა წამოქცეული
და ჩახერგილი, როგორც ნალეწი,
შეზელილია მშობელ მიწასთან,
მისი შრეებით გადანალესი.

სძინავს ბუმბერაზს ომში გადამდნარს,
ფიქრში ქართლს ითვლის თავის ხელთქმნილად,
და გრძნობს ბერმუხა, ―
ათასი მუხა
მის ხერხემალზე ამოხეთქილა...