ჭაბუკი ვინმე მასწავლებელი,
შთაგონებული შავი თვალები,
დაბინდებისას აღებს კარადას,
ფიქრში წასული, ფერნამკრთალევი.
ის ლენინის ტომს ჩუმად აფურცლავს,
თითქოს სურნელ ბაღს ესაუბრება:
― აი, გამხსნელი ხალხის ბედისა,
მან დაგვიმკვიდრა თავისუფლება!
გული დაჰქონდა მილიონებთან,
ვიტყვი: მზესავით იგი ჩვენია!
მაგრამ ლენინზე ერთი რამ სევდა,
ერთი რამ ხინჯი გულს ჩამრჩენია!
არასდროს თურმე საქართველოში
არა ყოფილა სტუმრად ლენინი!
გინდაც ერთი დღით,
გინდაც შემთხვევით,
უცბად გზაგავლით ჩამოფრენილი...
მას არ უნახავს ჩვენი ქვეყანა...
ჩვენი ბუნება... რიონი... მტკვარი...
გორში, სტალინთან არა ყოფილა,
ვით ძმა, სტუმარი და სანუკვარი!
თორემ სტალინი, ― ძმა საყვარელი,
თავის სამშობლოს მოატარებდა:
― ამ ბაღს შეხედე, იმ მთებს გახედე, ―
ეტყოდა ღია ბაღის კარებთან...
გაუღიმებდა სტალინს ლენინი:
― მე მრავალი მთა გადამილახავს
და უტურფესი საქარველოზე
მშვენიერება არსად მინახავს!
გაიხარებდა გულში სტალინი
არა ბაღებით, ზღვითა და მთითა,
არამედ შუბლი რომ გაიგრილა
ლენინმა ქართლის ნიავის ფრთითა...
ეჰეი, მართლაც რა საწყენია,
ჩვენში ლენინი თუ არ ყოფილა!
არცა გვყავს სოფლად კაცი დროული
მისი აქ ყოფნა აამბობინა.
არც ჩვენი პური გაუტეხია!
არც სიმღერები ჩვენი სმენია
ის ჩვენს ხეებს ქვეშ არ ჩამომჯდარა...
ჩვენთან არასდროს დაუსვენია!
― მერე ვინ გითხრა, ვინ დაგიჯერებს,
არ ყოფილაო ჩვენში ლენინი! ―
მოხუცი კახა ― სკოლის დარაჯი
ეტყვის პირწყობით ალ-ადენილი.
― მე შევესწარი! მე ვარ დამხდური!
მე მინახია... ჩვენში ყოფილა!
განა ის ყველას ქოხში არ იყო,
როცა ხალხს ბნელი დაამხობინა?
ის მეც მიცნობდა, მას გეფიცები,
ჩემი ცხოვრება ზეპირ იცოდა...
წითელ დროშიდან ძმური ღიმილით,
ხელი საშველად გამომიწოდა!
ოცნებობს ჩუმად მასწავლებელი:
― იქნებ იყო და მართლაც არ ვიცი...
ნეტავ შენ იყო, კახავ, მართალი...―
აფურცლავს წიგნს და ოცნებით იწვის...
თითქოს ლენინის სიტყვას კი არა,
ბაღს აყვავებულს ესაუბრება:
― აი, გამხსნელი ხალხის ბედისა,
მან დაგვიმკვიდრა თავისუფლება...