როცა წვიმა აპრილისა
ტყეებს აზანზარებს,
როცა ცაზედ ცისარტყელამ
შვიდჯერ დაიკოკროს, ―
მაგონდება: თავს ვუშვერდით
პირქაფიან ღარებს,
და გვჯეროდა: სქელ ქოჩრებზე
დაგვდიოდა ოქრო...
ირმის ძუძუ შხაპუნებდა,
მინდვრებს ესეოდა,
ცისარტყელა ბრიალებდა,
ვით ხოხობის ყელი,
ჩვენ კი, ―
ოქროს ხუჭუჭები
სიზმრად გვეზრდებოდა...
ხუჭუჭები, ხუჭუჭები,
ოქროდ დასახვევი...
ახლა აღარ ერეკება
იაგუნდებს წვიმა,
არც ოქროთი იღებება
გაზაფხულზე თმები,
ჩვენი სოფლის ორღობიდან,
სადაც თოვს და ცივა,
დავიფანტეთ, დავიქსაქსეთ,
გასაყარი გზებით!
― სად ხართ, ჩემო ცანგალებო,
ცეროდენა ძმებო,
წვიმამ პირი მოიქაფა,
დუღს ღარები სავსე,
გამოვცვივდეთ თავშიშველა,
ისევ მივეგებოთ,
ოქროს შხეფში გავსრიალდეთ,
ოცნებათა ნავზე!
მაგრამ კმარა,
რაც ძველ წვიმამ
გულში იციმციმა...
დღეს ჩაქუჩის ნაპერწკალში
მოდის ოქროს წვიმა!