Litclub.ge

წინაპრებს
”აქა დაბნელდა მზე, ასე რომე წერაი აღარ
ეგებოდა და კალატოზნი აღარ ხედვიდეს საქმესა.
თუე იყო ივლისი, დღე პარასკევი, ქორონიკონი რმ
(1460), თუ რაი მოხდების, ღმერთმან უწყის...”
XV საუკ. მინაწერი

მზე დაგემალათ, მზემ გიღალატათ,
მზემაც ინდომა ერთხელ შაბაში!..
არც დილა იყო, აღარც დაისი...
შიშით გეკროდათ ცოლი და ბავშვი,
ბნელმა გაგხადათ უხილავადა!
გაგიწყრათ ღმერთი ადონაისი!

შესწყვიტეთ შრომა, გარჯა და ლხინი,
სადაც ისმოდა ცხენის ჭიხვინი...
მისჩერებოდით ცაზედ ერთ წერტილს,
ვეღარა სწერდით, ან რას დასწერდით?
შიშით და ზარით გული დაიწვით...
და ჰკითხულობდით ზარდაცემული:
“თუ რა მოხდება, ეს ღმერთმა იცის...”

*
ისევ გაბრწყინდა ცანი ცათანი;
მზეს ვერ ჩაყლაპავს ლევიათანი!
და ისევ ისე ჭანდრების ჩრდილში
ხმები გმირული დააგუგუნეთ
და გააგრძელეთ კვლავ საუკუნე!

*
თქვენ აღარა ხართ, მშვიდობა თქვენდა!
გადაგეყარათ გულზე ნაცარი.
დაირღვა, რაც ი თქვენით აშენდა,
მიყუჩდა თქვენი ნაავკაცარი.
ბევრჯერ თქვენ მერეც
მზეს გველეშაპმა
ყელზე მოაგდო შავი ბაწარი,
მაგრამ რაც მოხდა, ერთი არ არი?
ღრმა საფლავებში ხომ გაასწარით!

*
მზე თქვენი წილი ჩამქრალი არი
და გულზე ცეცხლი მოჭიდებული...
მზე დღეს ჩვენია გააქვს ბრიალი,
ბრწყინავს სხივსავსე და დიდებული!
არ გვეშინია მზის ჩაქრობისა,
ჩვენ მზე არასდროს დაგვიბნელდება!
არა გვჩვევია ბუნების შიში,
წარკვეთილება, არც დაფეთება!
ვხედავ სამშობლოს გამზიანებულს,
ფრთას იფართოებს ჩვენი ოცნება;
ითხრება მონის მონური სული
და ფესვიანად გაიტყორცნება!
თქვენ საფლავებზე ვდგავართ ამაყად,
ერთპირ, ერთსიმხნით, ერთძლიერებით,
ჩვენს მზეს ვუყურებთ გაჩახჩახებულს,
მისი ნათელით ბედნიერები!