Litclub.ge

სიყვარული და სიკვდილი (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი)
მე შენ გიმზერდი, როდესაც მტერი სულ ახლოს იყო,
მზად საბრძოლველად, ან დასაცემად კვლავ შენთან ერთად,
ერთი იმედით - მხოლოდ შენს გვერდით და მხოლოდ შენთვის,
თავისუფლების და სიყვარულის გადასარჩენად.

მე შენ გიმზერდი, როდესაც კლდეებს შორეულ ზღვებში,
ტალღების ქაფში ეხეთქებოდა ხომალდი ურჩად,
გევედრებოდი - არ დაგეკარგა შენ რწმენა ჩემი:
ჩემს მკერდს აკლდამად გთავაზობდი, მკლავებს კი ბურჯად.

მე შენ გიმზერდი მღვრიე, სევდიან, სნეულ თვალებში,
რას არ დავთმობდი, სულსაც მივცემდი, დავეცემოდი,
მივაბარებდი სხეულს მიწას, ცივს და ეკლიანს,
თუ შენ, ნაადრევ, საუკუნო ძილს მიეცემოდი.

იძვროდა მიწა, აზანზარებდა, არყევდა კედლებს,
და ქანაობდა, ვით ღვინით მთვრალი ჩემს ირგვლივ ბოლოს.
ვის დავეძებდი დაცლილ დარბაზში, აბა, შენს გარდა? 
შენი სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობდი მხოლოდ.