Litclub.ge

სააღდგომო ლიტანია
მცოდნე ხალხი ახლა გვასწავლის, რომ ზეთით ყველაფერი ზუსტად ისეთი არ უნდა დაიხატოს, როგორიც არის. ამისათვის ფერადი ფოტოგრაფია არსებობს. რომ გამრუდებული ხაზებით, სამკუთხედებისა და კვადრატების შეხამებებით საგნის აზრი უნდა გადმოიცეს თვითონ საგნის ნაცვლად.
მე კი ვერ წარმომიდგენია, რომელი ფერადი ფოტოგრაფია შეგვირჩევს აზრიანად საჭირო სახეებს და ერთ კადრში ჩაატევს პერედელკინოს საპატრიარქო ეკლესიის სააღდგომო ლიტანიას რევოლუციიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ. მხოლოდ ეს ერთი დღევანდელი სააღდგომო ლიტანია აგვიხსნიდა ბევრ რამეს, თუნდაც ყველაზე ძველი ხერხით, უსამკუთხედებოდაც რომ გამოსახულიყო.
ზარების რეკვამდე ნახევარი საათით ადრე უფლის ფერისცვალების საპატრიარქო ეკლესიის შემოგარენი ისე გამოიყურება, როგორც შორეული სიცოცხლით სავსე მუშათა დასახლების ხალისიანი ჯაგაჯუგით გატკეპნილი საცეკვაო მოედანი. ფერადი ხილაბანდებით თავწაკრული და სპორტულშარვლიანი (თუმცა, აქა-იქ კაბიანებიც არიან) მოყაყანე გოგოები სამ-სამად, ხუთ-ხუთად დაიარებიან, ხან ეკლესიაში შესვლას დააპირებენ, მაგრამ სტოვაში ტევა არ არის, ადგილები ადრიანი საღამოდან დედაბრებს დაუკავებიათ; გოგოები ერთს კი შეუღრენენ და ისევ გარეთ გამოდიან; ხან ეკლესიის ეზოს უვლიან გარს, ხმამაღლა, მოურიდებლად გასძახიან ერთმანეთს შორიდან და გარეთა კედლის ხატებთან და მღვდელმთავრებისა და დეკანოზების საფლავებთან აღვლენილ მწვანედ, ვარდისფრად და თეთრად მოელვარე ალებს ათვალიერებენ. ბიჭები კი - ჯანიანებიცა და დაგვალულებიც - ყველანი გამარჯვებულების გამომეტყველებით (ვისზე გაუმარჯვნიათ თავიანთ თხუთმეტ-ოც წელიწადში? _ ალბათ მხოლოდ შაიბები თუ გაუტანიათ კარში...), თითქმის ყველას კეპები, ქუდები ახურავს; ზოგიერთი უთავსაბუროც არის, თუმცა აქ კი არ მოუხდია, საერთოდ დადის ასე; ყოველი მეათე ნასვამია, ყოველი მეორე ეწევა, თანაც ძალიან საზიზღრად, ქვედა ტუჩზე მიდორბლილი სიგარეტით. და ჯერ კიდევ საკმეველამდე, საკმევლის ნაცვლად, ელექტრონის შუქზე თამბაქოს კვამლის ნაცრისფერი ბოლქვები ადიან ეკლესიის ეზოდან სააღდგომო ცისკენ რუხ უმოძრაო ღრუბლებში. ასფალტს აფურთხებენ, სასეიროდ ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავენ, ხმამაღლა უსტვენენ, შიგადაშიგ იგინებიან კიდეც, ზოგიერთი ტრანზისტორული მიმღებით საცეკვაო ჰანგებს აღრიალებს, სხვები თავიანთ გოგოებს ეხვევიან პირდაპირ გასასვლელში და ერთმანეთისათვის მათ წართმევას ლამობენ, თან მამლაყინწებივით ისე იფხორებიან, შეიძლება დანებითაც გაიწიონ ერთმანეთზე, მერე კი მართლმადიდებლებსაც შეუტიონ დანებით. ვინაიდან ეს ახალგაზრდები მართლმადიდებლებს ისე კი არ უყურებენ, როგორც უმცროსები უფროსებს, როგორც სტუმრები მასპინძლებს, არამედ როგორც მასპინძლები ბუზებს.
თუმცა საქმე დანებამდე მაინც არ მიდის _ სამი-ოთხი მილიციონერი ვითომცდა წესრიგის დასაცავად მოსაჩვენებლად დააბიჯებს აქეთ-იქით. და გინებაც _ უკვე მთელი ეზოს გასაგონად კი არ გაისმის, უბრალოდ ხმის აუწევლად წარმოითქმება გულითადი რუსული საუბრისას. ამიტომ მილიციაც ვერ ხედავს დარღვევებს, მეგობრულად უღიმის მომავალ ცვლას. აბა პაპიროსების გამოგლეჯას ხომ არ დაუწყებს კბილებიდან, ქუდების ჩამოგლეჯას თავებიდან: ეს ხომ ქუჩაში ხდება, ღვთის რწმენის უქონლობის უფლება კი კონსტიტუციით არის დაცული. მილიცია პატიოსნად ხედავს, რომ მის ჩარევას არაფერი მოითხოვს _ სისხლის სამართლის საქმე არ არის.
სასაფლაოს ღობესთან და ეკლესიის კედლებთან მიყუჟული მორწმუნეები, უკმაყოფილების გამოხატვას ვინ ჩივის, შეშინებულები იყურებიან აქეთ-იქით, რომ არავინ მოუღეროს დანა, არავინ მოსთხოვოს ხელებიდან იმ საათების მოხსნა, რომლებითაც ქრისტეს აღდგომამდე დარჩენილ უკანასკნელ წუთებს ითვლიან. აქ, ტაძრის გარეთ, ისინი, მართლმადიდებლები, გაცილებით უფრო ცოტანიც არიან, ვიდრე მოღადავე, სადავეებმიშვებულად მოსეირნე ახალგაზრდები. ისინი უფრო უარესად არიან დაშინებულები და შევიწროებულები, ვიდრე თათრების დროს.
თათრები ალბათ ასე აბუჩად არ იგდებდნენ ცისკრის ლოცვას.
სისხლის სამართლის ზღვარი არ გადალახულა, უსისხლო დარბევა, სულიერი შეურაცხყოფა კი _ ამ ქურდულად დაგრეხილ ტუჩებში, თავხედურ სიტყვა-პასუხში, ხორხოცში, არშიყობაში, ბღლარძუნში, გადაპურჭყებაშია _ ორ ნაბიჯში ქრისტეს ვნებათაგან. ამ გამარჯვებულ-ქედმაღლურ იერში, როგორითაც ეს ცხვირმოუხოცავები მოვიდნენ იმის სანახავად, თუ როგორ იმეორებენ მათი პაპები პაპისპაპათა წეს-ჩვეულებებს.
მორწმუნეთა შორის ერთი-ორი ებრაელის მორიდებული სახეც მოჩანს. იქნებ მონათლულები არიან, ან იქნებ უცხოები. ფრთხილად იხედებიან აქეთ-იქით და სხვებთან ერთად ლიტანიას უცდიან.
ებრაელებს ყველანი ვლანძღავთ, ებრაელები ყოველთვის ხელს გვიშლიან, თუმცა უკეთესი იქნებოდა, უკან მიგვეხედა: როგორი რუსები გავზარდეთ ამასობაში? მიიხედავ და _ გაოგნდები.
და თითქოს არც 30-იანი წლების მოიერიშეები არიან, ვინც ნაკურთხ პასკებს სტაცებდნენ ხალხს ხელიდან და ეშმაკეულებივით სცემდნენ ყიჟინას _ არა! ესენი თითქოს ცოდნის მოყვარულები არიან: ჰოკეის სეზონი ტელევიზიაში დასრულდა, ფეხბურთისა ჯერ არ დაწყებულა, მოწყენილობაა _ ჰოდა, აწყდებიან სანთლების გასაყიდ სარკმელს, ქრისტიანებს ნახერხით სავსე ტომრებივით იცილებენ გზიდან, რატომღაც სანთლებს ყიდულობენ და თან „საეკლესიო ბიზნესს“ ლანძღავენ.
ერთია მხოლოდ უცნაური: ყველანი ჩამოსულები არიან, თუმცა ერთმანეთს ყველანი იცნობენ, თანაც სახელებით. როგორ მოახერხეს ეს ასე შეხმატკბილებულად? შემთხვევით ერთი ქარხნიდან ხომ არ არიან? მათი კომკავშირის მდივანიც ხომ არ დადის აქ მათთან ერთად? იქნებ ეს საათები რაზმეულის სამსახურში ეწერებათ? 
თავს ზემოთ ზარის რეკვის ხმა ისმის _ თუმცა შეცვლილი: რაღაცნაირი თუნუქის დარტყმების ხმის მსგავსი _ ღრმა, სრულხმოვანის ნაცვლად. ზარის რეკვა ლიტანიობის დაწყებას იუწყება.
და ისინიც დაიძრნენ! _ მორწმუნეები კი არა, ისევ ეს მყვირალა ახალგაზრდები. ახლა ისინი გაორმაგებულად და გასამმაგებულად მოაწყდნენ ეზოს, ჩქარობენ, თვითონაც არ იციან, რას ეძებენ, რომელი მხარე უნდა დაიკავონ, საიდან დაიწყება ლიტანია. ანთებენ წითელ სააღდგომო სანთლებს, ამ სანთლებიდან კი პაპიროსებს უკიდებენ ცეცხლს, აი რა! ისე შეჯგუფებულან, თითქოს ფოქსტროტის დაწყებას აპირებენო. ლუდის ფარდულიღა აკლიათ, რომ ამ ქოჩრიანმა ტანაყრილმა ჯეელებმა _ ჩვენი ჯიში არ კნინდება _ თეთრი ქაფი გადააფრქვიონ საფლავებს. სტოვადან კი უკვე დაიძრა ლიტანიის თავი და ზარების რეკვის თანხლებით აქეთ უხვევს. წინ ორი საქმიანი კაცი მოუძღვება და ახალგაზრდა ამხანაგებს როგორმე გზის მიცემას სთხოვს. სამი ნაბიჯის შემდეგ მოდის ხნიერი მელოტი კაცუნა, საეკლესიო მნეს რომ წააგავს, და ლატანზე დამაგრებული შუშის თლილი შემინული ფანარით ანთებული სანთელი მოაქვს, ის შეშფოთებით ახედავს ხოლმე ფანარს, ამოწმებს, სწორად მოაქვს თუ არა და ასეთივე შეშფოთებით იყურება აქეთ-იქით. აი, სწორედ აქედან იწყება ის სურათი, რომლის დახატვასაც ასე ვისურვებდი, რომ შემეძლოს: ეკლესიის მნეს იმისი ხომ არ ეშინია, რომ ახალი საზოგადოების მშენებლები ახლა მათ შევიწროებას დაიწყებენ, ცემას დაუწყებენ? ძრწოლა მაყურებელსაც გადაედება. შარვლიანი გომბიოები სანთლებით ხელში და კბილებში პაპიროსგაჩრილი ბიჭები თავზე კეპებითა და გადაღეღილი საწვიმრებით (განუვითარებელი, უაზრო სახეები, მანეთიანი თავდაჯერებულობით, მაშინ როდესაც შაურიანი გაგებაც არ გააჩნიათ; მიამიტებიც არიან, მიმნდობნიც; ბევრი ასეთი სახე უნდა იყოს ნახატზე) ჯგროდ დამდგარან და შესცქერიან სანახაობას, როგორსაც ფულითაც ვერსად ნახავ.
ფანარს მოსდევს ორი ბაირაღი, მაგრამ ცალ-ცალკე კი არა, შიშისაგან ისინიც თითქოს მჭიდროდ მიჰკვრიან ერთმანეთს.
მათ მოჰყვება ხუთ რიგში ორ-ორად მომავალი ათი მგალობელი ქალი მსხვილი ანთებული სანთლებით ხელში. თითოეული მათგანი აუცილებლად უნდა აისახოს ნახატზე! ქალები ხანდაზმულები არიან, მტკიცე, შეუვალი სახეებით, სიკვდილისთვისაც რომ არიან მზად, თუკი ვეფხვებს მიუქსევენ. ათიდან ორი კი _ ქალწულია, იმავე ასაკისანი, გარს რომ ახვევიათ ბიჭებთან ერთად, მათი ტოლები _ მაგრამ რა განწმენდილი სახეები აქვთ, როგორი ნათელი გადასდით სახეებზე.
ათი ქალი გალობს და მტკიცედ მოაბიჯებს. ისეთი საზეიმო იერი აქვთ, თითქოს მათ ირგვლივ პირჯვარს იწერენ, ლოცულობენ, ინანიებენ, მუხლს იყრიან. ეს ქალები არ ისუნთქავენ პაპიროსის კვამლს, მათი ყურები დახშულია ლანძღვა-გინებისათვის, მათი ფეხისგულები ვერ გრძნობენ, რომ ეკლესიის ეზო საცეკვაო მოედნად გადაქცეულა.
ასე იწყება ნამდვილი ლიტანია! რაღაცამ იმოქმედა ლეკვებზე ორივე მხარეს, ცოტათი დაწყნარდნენ.
ქალებს მოსდევენ ღია ფერის შესამოსელიანი მღვდლები და დიაკვნები, ისინი შვიდნი არიან. მაგრამ როგორ არათავისუფლად მოდიან, როგორ ერევათ ფეხი, როგორ უშლიან ხელს ერთმანეთს, ლამის საცეცხლურსაც ვეღარ იქნევენ, გინგილაც ვეღარ აუწევიათ. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა, რომ არ გადაეთქმევინებინათ, შეიძლებოდა აქ სრულიად რუსეთის პატრიარქს ეწირა და ლიტანია შეესრულებინა!
შეჯგუფულად და აჩქარებით მიაბიჯებენ, შემდეგ კი _ შემდეგ კი მსვლელობა აღარ არის. მეტი აღარავინაა! არავითარი მლოცველები აღარ ასრულებენ ლიტანიას, ვინაიდან უკან, ტაძარში ვეღარანაირად ვეღარ შეაღწევენ.
მლოცველები აღარ არიან, თუმცა სწორედ ამ დროს თავგამეტებით მოიწევს წინ ჩვენი ბრბო! როგორც საწყობის გატეხილ ჭიშკარში შეცვივნულნი, ჩქარობენ ნადავლის ხელში ჩაგდებას, ჩქარობენ ულუფების დატაცებას, ეხახუნებიან კარის ამყოლებს, თავგზას კარგავენ მოვარდნილ ღვარცოფში - იჭყლიტებიან, ეჯაჯგურებიან ერთმანეთს, წინ გაძვრომას ცდილობენ ეს ბიჭები და გოგოები - მაგრამ რატომ? თვითონაც არ იციან. იმის სანახავად ხომ არა, თუ როგორ გააფრენენ ხუცესები? თუ უბრალოდ საჯაჯგუროდ _ იქნებ სწორედ ასეთია მათთვის მიცემული დავალება?
ლიტანია უმლოცველებოდ! ლიტანია ჯვრის გადამწერთა გარეშე! ლიტანია ქუდებმოუხდელად, პაპიროსებით პირში, მკერდზე მიკრული ტრანზისტორებით _ ამ ბრბოს პირველი რიგები, ის, თუ როგორ ცდილობენ ღობეში გაძვრომას, აუცილებლად უნდა მოხვდეს ნახატზე! 
და მაშინ ის დასრულებული იქნება!
მოშორებით დედაბერი პირჯვარს იწერს და ეუბნება მეორეს:
- წელს კარგია, ცოტა ხულიგანია.
რამდენი მილიციონერია.
აი თურმე რა! ეს წელი თურმე საუკეთესოც ყოფილა?!...
რაღა გამოვა ამ ჩვენი გაჩენილი და გაზრდილი მთავარი მილიონებისაგან?
რაღა ფასი აქვს მოაზროვნე თავების განათლებულ მცდელობასა და დამაიმედებელ  პროგნოზებს? კარგს რას ველოდებით ჩვენი მომავლისაგან?
ჭეშმარიტად: შემოგვიბრუნდებიან ოდესმე და ყველას გაგვანადგურებენ!
და იმათაც, ვინც აქ მოსვლისკენ წააქეზა - იმათაც გაანადგურებენ.

1966 წელი აღდგომის პირველი დღე.
 
თარგმნა ია მჭედლიძემ.