შუაღამისას აივანზე ვზივარ დაღლილი
და ფიქრებს მიმკობს შენზე ფიქრი სასიხარულო,
მე მაგონდება შენი სახე ღიმილ მორთული,
შენი თვალები - ცისარტყელა შემოვლებული!
ნეტამც აქ იყო! ღამეც ვარდად გაიშლებოდა,
არ იქნებოდა ეს ქვეყანა ჩემთვის სამარე!
როგორც კუბოში პატარძალი - დაღლილა მთვარე,
ირმის ნახტომით იპენტება ლურჯი ცისკიდე.
მე კი ვჩურჩულებ:
ლელი, ლელი, ნეტამც აქ იყო!
ვერ ვამჩნევ ვარსკვლავს ცეცხლის რკალად გასრიალებულს,
ვერ ვამჩნევ, თორემ ჩემს ბედიღბალს შევადარებდი.
რად მინდა ბედი, როცა გხედავ პირმოცინარეს -
შენი ღიმილი დამიბრუნებს გამქრალ გაზაფხულს!
ვერ მათრობს ვარდი, ვეღარც ლურჯი იასამანი,
შენი ფიქრები დამათრობენ მშვენიერებით!...
ვარდისფერ ნაბადს ისხავს ზეცა გაფითრებული,
ვარდისფერ ფიქრით ტოკავს გული შეყვარებული,
ასე მგონია: გამოსჩნდები, ახლავე გნახავ!...
ვხედავ ოქროს ეტლს, მშვენიერი შორით მოსცურავს
და ჰაერს არღვევს მღელვარება ცეცხლის ფრთებისა,
მესმის შენი ხმა, სიყვარულით ათრთოლებული,
შენმა მერდინმა შორს სივრცეში გაიფრიალა...
მოსჩანს ეგ სახე, მხიარული შუქის მფრქვეველი,
მოსჩანს ჩემი მზე, მოსჩანს ჩემი ბედნიერება!..
მოუახლოვდი ჩემს აივანს და დადგა ეტლი,
როგორ ციმციმით ჩამოდიხარ საფეხურებზე,
მთვარის ნათელი სამოსელად შემოგხვევია...
გულში დაგუბდა სიყვარულის ბედნიერება,
გული ჩამიკვდა, ვით ყვავილში მთვრალი პეპელა...
შენსკენ ვისწრაფვი მოულოდნელ სიმდიდრით სავსე,
ავჟღერდე შენთან, ვით სიმღერა დავიწყებული!..
დამავიწყდება ლაპარაკი, მორცხვად თავს დავხრი,
მხოლოდ თვალები მოგასმენენ უთქმელ სიყვარულს!..
.....................................................
სიცილს მაყრიდნენ ვარსკვლავები ხელებგაშვერილს,
მთლად ცახცახებდნენ მოვერცხლილი ალვის ხეები...
ახ! ვყოფილიყავ მაშინ წუთი, ხომ გავქრებოდი,
აჰყვებოდა ჩემს სიმღერას ცრემლის ნისლები!
1915