(პოემიდან)
ვინც პლანეტების არის პატრონი
და ვინც იბრძოდა გამწარებითა,
დღეს, ლიტავრებით ტრიუმფატორი,
მოდის ატტილას ხანძარებიდან.
რომ სიღარიბის კარი დაჰკეტოს,
იწყება ბრძოლა ამირანიდან,
რომ საქართველოს მიწას დაჰკიდოს
ათი ათასი სემირამიდა!
სხვა ციკლოპები ადნობენ მადნებს,
რომ გააცოცხლონ ბარაქა მკვდარი
და სიდონიდან მოსულ ხომალდებს
ჩაუზნექია ტვირთებით მტკვარი.
აღსდგა! აივსო ყვითელ ზოდებით
ამოხაპული მაღაროები,
ისევ ჩათახი ჩამოზოვდება
სხვა საქართველოს მახარობელი!
*
ყანავ, კახურო, ათქვირებულო,
და ყამირებო ყარაიისა,
დახორცებულო იალაღებო,
ვაზო თორმეტი ფურის ნაწველო,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო, დედისრძიანო!
ვეფხვის ნაწილო, ივრის ჭალებო,
ბეღელში ყრილო პურო ზღვიანო,
მთებო, შირაქის ერბოთ პოხილო,
მზევ, ლეშტერებად შესაგუბარო,
ტყევ, მუხრანისა, მუხრანიანო!
ოქროვ, მცხეთაში გამოწურულო,
და რუსთაველის სიტყვავ ძლიერო,
გამოზამთრულო შავო ნახირო,
ასსარგადონის სამაგიერო!
ჩემო დვრიტაო და ლექსის დედა!
თქვენი ბარაქის ვარ პატიმარი!
დატაროვებულ სიტყვებს რომ ვხვეტავ,
სიტყვა მაქვს თქვენგან ნაპატივარი!
თქვენი დაღუპვა კიდევ შორს არის
და კიდევ ადრე თქვენი სიბერწე.
მომდგარა რასსა ფარეშოსანი
და საქართველოს დასდგამს ღერძებზე.
დღეს შეაბერდით მზეებს მაღრიბულს,
შეჰერაზადას დატრიალებით.
ხვალ დინამიტით დასვინაღრებულს
გაგაჭენებენ მაგისტრალები!..
1924