მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა
რვა დღის მანძილზე, ოღროჩოღრო გზაზე ყიალით
გავცვითე ჩექმა. შარლერუას მწვანე კაბარეს
შევაღე კარი: მიმტანს ვთხოვე კარაქიანი
პური, და ოდნავ გრილი ლორიც თან დავაბარე.
ფეხები მწვანე მაგიდის ქვეშ გავშალე მთვრალმა,
თავშექცეულმა კედლის მდარე ხალიჩის ზვერვით…
და რა საამო იყო წუთი, როდესაც ქალმა
უზარმაზარი კერტებით და ცოცხალი მზერით,
იმათთაგანმა, ვისაც კოცნა ვერ შეაშინებს,
პირმომცინარემ, ფერადოვან სინით, მაშინვე,
მომართვა პური კარაქით და შემთბარი ლორით,
ვარდისფერ ლორით, შეკაზმული ნივრით. ფიალით
დამისხა ლუდი დიდ კათხაში, სქელქაფიანი,
მზის ბოლო სხივს რომ ირეკლავდა ოქროვან ქლორით.