მთარგმნელები: რუსუდან ქებულიძე, პაპუნა წერეთელი, პაატა გეგელაშვილი
თავი პირველი
I
ვინ ვიყავი მე და ვინ იყო იგი
...სანამ აქ მყავს, კიდევ რა მიშავს: მალიმალ მივალ და დავხედავ მაინც, მაგრამ ხვალ რომ წაიყვანენ, რაღა ვქნა მერე, მარტო რომ დავრჩები? ახლა დარბაზში ასვენია, ბანქოს ორ მაგიდაზე. კუბოს ხვალ მოიტანენ, თეთრს, თეთრი აბრეშუმით გადაკრულს, თუმცა რას ვბოდავ...აგერ, დავდივარ, სულ მინდა გავარკვიო ყველაფერი. ექვის საათია, ვცდილობ გავარკვიო, აზრებს თავი მოვუყარო...მე კი დავდივარ წინ და უკან...არა, ავდგები და დალაგებით მოვყვები ყველაფერს (ჰმ, დალაგებით!). როგორც ხედავთ, ლიტერატორი არ გახლავართ. მერე რა ვუყოთ, მეც ისე მოვყვები, როგორც მესმის.
თუ გნებავთ იცოდეთ, ანუ თავიდან რომ მოვყვე ყველაფერს, პირველად რაღაც-რაღაცეები მომიტანა დასაგირავებლად. მაშინ ფული სჭირდებოდა, ”გოლოსში” უნდოდა განცხადება დაებეჭდა, ასე და ასეო, აღმზრდელი ქალის ადგილს ვეძებო, გინდაც ქალაქიდან შორს იყოსო, გინდაც შინ მეცადინეობა იყოსო, თუ სხვა და სხვა. ასე დაიწყო თავიდან. რა თქმა უნდა, სხვებისგან არ გამირჩევია. ისე მოვიდა, როგორც სხვები, მორჩა და გათავდა, მერე კი გავარჩიე. ტანწვრილი, გამხდარი, ქერა, საშუალო ტანის ქალი იყო. თითქოს ერიდებოდა, რცხვენოდა ჩემი (მგონი, უცხოებთან სჩვეოდა ასე, მეც უცხო ვიყავი მისთვის, უცხო, როგორც ადამიანი და არა როგორც მევახშე). მივცემდი ფულს და გატრიალდებოდა, წავიდოდა. მისი ხმა არ გამიგია. სხვა გედავება, გეხვეწება, გევაჭრება, ის ყველაფერზე ყაბულს იყო...მგონი, აზრი მერევა...ჰო, ყველაზე მეტად მისმა მოტანილმა გირაომ გამაოცა: მოოქროულმა ვერცხლის საყურეებმა, უვარგისმა მედალიონმა. შაურის ფასი რომ ჰქონდა, თვითონაც იცოდა, მაგრამ შევატყვე, ძვირად უღირდა. მერე გავიგე, დედ-მამისგან სხვა არაფერი დარჩენია. მხოლოდ ერთხელ გამეღიმა მის გირაოზე. არა, არ იფიქროთ, ჩემს თავს ამის ნებას ვაძლევდე, მუშტრებთან მუდამ ჯელტლმენი ვარ. მოკლედ მოვუჭერი, ოღონდაც ზრდილობიანად და გოროზად. დიახ, დიახ, გოროზად. გოგონამ გაქუცული კურდღლის ქურქის რაღაც კანუწები (მართლა ნაკუწები) მომიტანა. თავი ვერ შევიკავე და რაღაც ვუთხარი, ასე ვთქვათ, გავემახსრე. ღმერთო, როგორ აელანძა პირსახე! როგორ დამიბრიალა დიდრონი ცისფერი თვალები! მაგრამ კრინტი არ დაუძრავს, ”ნაკუწები” აიღო და გავიდა. მაშინ მივაქციე ყურადღება და რაღაცამ გამიელვა თავში, იმწამს რაღაც მომაფიქრდა. კი, მახსოვს მაშინდელი, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება: რომ მეტისმეტად ახალგაზრდა, ლამის თოთხმეტი წლის გეგონებოდა, ის კი თურმე თექვსმეტი წლის სამ თვეში ხდებოდა.თუმცა ეს არ გახლავთ მთავარი. მეორე დღეს ისევ მომადგა. მერე გავიგე, დობრონრავოვთა და მოზერთანაც მიუტანია ის ბეწვი, მაგრამ ისინი ოქროს იღებენ მხოლოდ, არც დაალაპარაკეს თურმე. მე კი ერთხელ კამეა გამოვართვი (დიდი არაფერი იყო) - მერე თვითონვე გამიკვირდა. მეც ხომ ოქრო-ვერცხლის გარდა გირაოდ არაფერს ვიღებ, იმას კი კამეა გამოვართვი. მახსოვს, მაშინ მეორედ ვიფიქრე მასზე.
იმჯერად, მოზერისგან წამოსულმა,ქარვის მანდშტუკი მომიტანა. ვინც მსგავსი ნივთების მოყვარულია, მისთვის რა უშავს, მაგრამ ჩვენთვის კაპიკად არ ღირს, ჩვენთვის ფასი მხოლოდ ორქოს აქვს. ჰოდა, რახან გუშინ ნაწყენი წავიდა ჩემგან, გოროზად, ცივად, მაგრამ ორი მანეთი მაინც მივეცი. ეს კია, თავი ვერ შევიკავე, ცოტა არ იყოს ბრაზით ვუთხარი: ”თქვენი ხათრით, თორემ ამას არც მოზერი დაიგირავებდა”. დიახ, გულმოსული გახლდით. თქვენი ხათრითომ რომ გაიგონა, ისევ წამოენთო სახე, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს, არც ფული მოუყრია უკან - გაჭირვება, ბატონო! მაგრამ ჰოი, რა ცეცხლი წაეკიდა პირზე! მივხვდი, გულში ისარივით მოხვდა ჩემი ნათქვამი. ხოლო მისი წასვლის შემდეგ ჩემს თავს ვკითხე: ნეტა ღირს-მეთქი ეს გამარჯვება ორი მანეთი? ჰე, ჰე! დიახ, სწორედ ორჯერ ვკითხე ჩემს თავს: ნეტავ ღირს-მეთქი? ნეტავ ღირს-მეთქი? და ღიმილითვე დავუკარი კვერი. ძალიან გამამხიარულა მაშინ ამ ამბავმა. მაგრამ სიბოროტით არ მითქვამს, არა, განგებ ვუთხარი ასე, გამოცდა მინდოდა მისი. რაღაც ფიქრმა გამკრა მაშინ მის თაობაზე. ეს მესამედ ვიფიქრე მასზე.
...ჰოდა, მას აქეთ დაიწყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვიკითხე მისი ამბები. მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას. გული მიგრძნობდა, მალე მომაკითხავს-მეთქი. მოსულს ფრიად ზრდილობიანად ვებაასე. მე, ბატონო, ვერც აღზრდას და ვერც თავდაჭერას ვერავინ დამიწუნებს. მაშინ მივხვდი, რა უწყინარი, რა თვინიერი ვიღაც იყო. სწორედ მისთანა უწყინართ და თვინიერთ არ ძალუძთ გაძალიანება. თუმცა გულს მთლიანად არ გაგიხსნის, შენთან საუბრისგან თავს ვერ დაიძვრენს, ძუნწად გაგცემს პასუხს, მაგრამ ხომ გაგაცემს. ხოლო თუ ღმერთს შენთვის მოთმინებაც მოუცია, მეტსა და მეტს დასცინცლავ...რასაკვირველია, თვითონ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს მაშინ ”გოლოსში” დაბეჭდილ განცადებებსა თუ სხვა ამბებზე მერე შევიტყვე. მაშინ განცხადებას განცხადებაზე ათავსებდა, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გოროზად: ასე და ასეო, აღმზრდელი ქალის ადგილს ვეძებო, თანახმა ვარ, თუნდაც სხვა ქალაქში იყოსო. პირობები წერილით გამომიგზავნეთო; მერე: თანახმა ვარ ყველაფერზე, სწავლება, ოჯახის მიხედვა თუ ავადმყოფის მოვლა იქნება, ჭრა-კერვაც მეხერხებაო. როცა ყველა იმედი გადაეწურა, ბოლოს ესეც დაბეჭდა: ჯამაგირს არ მოვითხოვ, საჭმელ-სასმელით უზრუნველყოფაზეც თანახმა ვიქნებიო. ადგილი კი მაინც ვერ იშოვა! მაშინ გადავწყვიტე უკანასკნელად გამომეცადა. ავიღე იმდღევანდელი ”გოლოსი” და წავუკითხე განცხადება: ”ახალგაზდა, დედ-მამით ობოლი ქალი პატარა ბავშვის აღმზრდელის ადგილს დაეძებს ხნიერი ქვრივის ოჯახში. შინაურ საქმეებშიც დაეხმარება.”
-აბა ნახეთ, ამ დილას დაბეჭდა, საღამოს კი ალბათ უკვე იშოვა ადგილი, განცხადება ასეთი უნდა.
ისევ წაეკიდა ალმური პირზე, დამიბრიალა თვალები, ზურგი მაქცია და წავიდა. ძალიან მომეწონა, თუმცა მაშინ აღარც ვეჭვობდი. განა მუნდშტუკებს გირაოდ ყველა მიიღებს, იმას კი აღარც მუნდშტუკები შერჩა. მართლაც მესამე დღეს მომადგა, გაცრეცილი, აღელვებული. მივხვდი, ოჯახში აყალმაყალი მოუხდა-მეთქი. მართლაც ასე ყოფილიყო. ახლავე აგიხსნით, რაც იყო, ოღონდ ის მინდა გავიხსენო, როგორ გამოვიჩინე მაშინ თავი და როგორ ავმაღლდი მის თვალში. ასე ვინდომე მაშინ. საქმე ისაა, რომ ხატი მომიტანა (როგორც იყო, გადაწყვიტა მოტანა)...ოჰ, ყური მიგდეთ! ყური მიგდეთ! ახლა იწყება თავიდათავი, აქამდე მხოლოდ ბოდვა იყო...ვაჰმე, რომ ყველაფერი მინდა მოვიგონო, ყოველი წვრილმანი, სულ პაწაწინა წვრილმანიც კი. მინდა აზრებს მოვუყარო თავი და ვერ მომიყრია. ოჰ, ეს წვრილმანები, ეს წვრილმანები...
ღვთისმშობლის ხატი იყო. ღვთისმშობლისა და ყრმა იესოსი, საოჯახო, ძველებური, ოქროში ნაფერი ვერცხლით ნაჭედი. დიდი-დიდი, ექვსი მანეთი ღირდა. შევატყვე, რარიგ ეძვირფასებოდა, მთლიანად უნდა დააგირაოს, ნაჭედობის მოხსნდა არ უნდა. ვუთხარი, ვერცხლი ახსენით, ხატი კი უკან წაიღეთ, რაც უნდა იყოს, ხატია-მეთქი.
-განა აკრძალულია?
-არა, ვინ აგვიკრძალავს, მე თქვენთვის ვამბობ...
-მაშინ ახსენით.
დავფიქრდი და ვუთხარი:
-არა, ვერ აგიხსნი, აგერ იქ, სახატეში დავდგამ, სხვა ხატებთან, კენდელის ქვეშ (რაწამს სალარო გავხსნი, კანდელს მაშინვე კანდელს ვანთებ ხოლმე). თქვენ კი ათ მანეთს მოგართმევთ.
-ათი არა, ხუთი იყოს, მერე უთუოდ გამოვიხსნი.
-მაშასადამე, ათი არ გნებავთ? ასე კი ღირს, - დავუმატე ესეც, რახან შევატყვე, ისეც აუბრიალდა თვალები, თუმცა აღარაფერი უთქვამს. გამოვუტანე ხუთი მანეთი და მივეცი.
-ამრეზით ნირავის შეხედავთ, მეც გამომიცდია გაჭირვება, თქვენზე უარესი. თუკი ამ საქმეს მივდევ...ეს იმის შედეგია, რომ ვიწვნიე...
-და ახლა საზოგადოებაზე შურს იძიებთ? - გამაწყვეტინა ანაზდად საკმაო გესლით, თუმცა უწყინრად (მაშინ სხვებისგან არ მარჩევდა და ამიტომაც უწყინრად გამოვიდა).
”ოჰო!-გავიფიქრე. - ხასიათს აჩენს, ახალ იდეებს ეზიარება.”
-ხომ იცით, -ჩავუქარაგმე მაშინვე ვითომ ხუმრობით, - ”მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია ქმნას ბოროტი, მაგრამ იქმს კეთილს.”
სწრაფად მტყორცნა ცნობისმოყვარე, თუმცა საკმაოდ ბავშვური მზერა და მკითხა:
-დაიცადეთ...ეგ ვისი აზრია? საიდანაა? თითქოს სადღაც წამიკითხავს.
-თავს ტყუილად ნუ შეიწუხებთ. ამ სიტყვებით მაეცნო მეფისტოფელი ფაუსტს. ”ფაუსტი” თუ წაგიკითხავთ?
-არც...მაინცდამაინც დაკვირვებით.
-მაშასადამე, არ წაგიკითხავთ. უნდა წაიკითხოთ კი. მგონი, ისევ გაგეღიმათ. ოღონდ ისეთი მდარე გემოვნების მქონედ არ ჩამთვალოთ, ჩემი ხელობის გასალამაზებლად მეფისტოფელის ცოდნით თავს გაწონებდეთ. გირაოს დუქნის პატრონი მაინც გირაოს დუქნის პატრონაც რჩება. დიახ.
-უცნაური კაცი ყოფილხართ...სულაც არ მიფიქრია...
ანუ განათკებული კაცი თუ იყავით, არ მეგონაო, ეს უნდა ეთქვა, ოღონდ არ თქვა. მაგრამ ხომ ვიცი, რომ გაიფიქრა. ძალიან მოვაწონე მაშინ თავი.
-ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე თესოს. ჩემზე არ ვამბობ, იქნებ ცუდის მეტს არას ვაკეთებ, თუმცა...
-ჰო, ადამიანს ყველაგან შეუძლია სიკეთე თესოს, -მითხრა და ეჭვიანად შემხედა, - დიახ, ყველგან, - გაიმეორა უსევ. ჰოი, რარიგ მახსოვს ყველა ის წამი! ისიც მინდა დავამატო, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდები, ეს ჩვენი კაი ახალგაზრდები რაიმე ჭკვიანურისა და გულში ჩამწვდომის თქმას დააპირებენ, მეტისმეტად აშკარად და გულწრფელად დაეტყობათ სახეზე: ”აი, რა ჭკვიანური და გულში ჩამწვდომს ვამბობთ”. განა ეს ყოყლოჩინობით მოსდით, არა, თვითონაც სულით და გულით სწამთ ეს ამბებიმ დიდად აფასებენ და ჰგონიათ, შენთვისაც დიდად ფასობს. ჰოი, სიწრფელევ გულისა! იგია, რომ გამარცხებს კაცს! მერედა, რა კარგი იყო მისი სიწრფელე!
კი, მახსოვს, მახსოვს, არაფერი დამვიწყნია! რაწამს წავიდა მაშინვე გადავწყვიტე. იმავე დღეს წავედი საბოლოოდ ყველაფრის გამოსარკვევად და ყველაფერი გავიგე, რაც მის თავს ხდებოდა. წინა ამბები ლუკრესიასგან ვიცოდი უკვე, მაშინ იმათთან რომ მსახურობდა და ეს რამდენიმე თვეა მოსყიდული მყავდა. ამბები კი ისე საშინელი იყო, ვერ გამიგია, კიდევ როგორ შეეძლო წეღანდელივით გაეცინა და მეფისტოფელის ნათქვამით დაინტერესებულიყო, როცა მის თავს ასეთი რამ ტრიალებდა. მაგრამ სიყმაწვილის ამბავი მოგეხსენებდათ! სწორედ მაშინ გავიფიქრე სიამაყითა და სიხარულით მასზე, რამეთუ აქ სულგრძელობა იგრძნობოდა, სულგრძელობა და დიდსულოვნება: მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოსო. სულგრძელობა, გინდაც მრუდედ გაგებული, სიყმაწვილეს მუდამ სჩვევია. თუმცა მასზე, მხოლოდ მასზე ვამბობ. რაც მთავარია, მაშინ უკვე ჩემს საკუთრებად, ჩემად მიმაჩნდა, ჩემს ძალაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს.
თურმე ეს რა მომდის, ასე თუ გავაგრძელე, როდის მოვუყარო აზრებს თავი? უნდა ვიჩქარო - ღმერთო ჩემო, განა ესაა ახლა მთავარი?
II
მე ცოლობა ვთხოვე
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რა ამბებიც მასზე შევიტყვე. დედ-მამა სამი წლის წინ გარდაეცვალა. დარჩა თურმე ყოვლად წუპაკი მამიდიების ამარა. თუმცა წუპაკის თქმა იმათზე ცოტაც კია. ერთი მამიდაქ ვრივი იყო, ერთმანეთზე მიყოლებული ექვსი შვილი ჰყავდა, მეორე - შინაბერა, დიდი წუნკალი ვიღაც. თუმცა წუნკლები ორივენი ბრძანდებოდნენ. მამა მოხელე ჰყოლია, მწერალი, უბრალო აზნაური. ამიტომაც მე მისთვის დიდი კაცი გახლდით. აბა რა, ბრწყინვალე პოლკში შტაბსკაპიტნად ნამსახური, ტახტის აზნაური, დამოუკიდებელი კაცი. ხოლო ჩემი სესხის სალარო მამიდებს მოწიწებითაც აღავსებდა. სამი წელია მამიდების ყურმოჭრილი მონა იყო, და მაინც იმდენი მოახერხა, იმდენი ქნა - გამოცდა ჩააბარა, თუმცა დღედაღამ უმოწყალოდ ამუშავებდნენ. მაშასადამე, ასე უნდოდა, ასე ილტვოდა უკეთესისკენ. მე განა რად მინდოდა მისი ცოლა თხოვა? თუმცა ჯანდაბას ჩემი თავი... განა ესაა აქ მთავარი! მამიდაშვილებს ის ასწავლიდა, საცვლებს ის უკემსავდა, ასეთი სუსტი ჯანის პატრონი იატაკებსაც თვითონ რეცხავდა, ისინი კი სცემდნენ და ყოველ ლუკმას აყვედრიდნენ. ბოლოს გაყიდვაც დაუპირეს. ფუჰ! არ მინდა ამ სიბინძურის მოყოლა, თვითონ მიამბო მერე დაწვრილებით. მისი ამ ტანჯვა-წამების მოწმე მათი მეზობელი ღიპიანი მედუქნე იყო. უბრალოდ მედუქნე კი არა, ორი საბაყლოს პატრონი. ორი ცოლი უკვე გაესტუმრებინა საიქიოს და მესამეს დაეძებდა. ჰოდა, ამას დაადგა თვალი: ”წყნარია, უსიტყვო, გაჭირვებაში გაზრდილი, მე კი ობლები მყაბს, ცოლი მათი გულისთვის მინდა”. ობლები მართლა ჰყავდა. მოელაპარაკა თურმე მამიდებს, მოურიგდა. ორმოცდაათი წლის ყოფილა. საწყალ გოგოს თავზარი დაეცა. აი, მაშინ იყო მოუხშირა ჩემთან სიარულს, ”გოლოსში” განცხადებების გამოქვეყნებას ფული უნდოდა. ბოლოს შეევედრა მამიდებს, ცოტა მაინც მაცალეთ, მოვიფიქროო. ცოტა აცალეს, მერე კი სული ამოხადეს: ”ჩვენ თვითონ ჩასახეთქი რა გვაქვს, შენ რომ გაჭამოთ.” მე ეს ამბავი უკვე ვიცოდი და ამ დილას გადავწყვიტე კიდეც ყველაფერი. ბაყალი საღამოს მობრძანდა, ერთი გირვანქა კანფერი მოართვა, ათი შაურის საფასური. სანამ ბაყალთან იჯდა, ლუკერია გამოვიხმე სამზარეულოდან და დავაბარე, წადი, ჩუმად უთხარი ჭიშკართან ველოდები, გადაუდებელი საქმე მაქვს და უნდა ვუთხრა-თქო. ჩემი თავის კმაყოფილი დავრჩი. იმ დღეს საერთოდ ძალიან კმაყოფილი გახლდით ყველაფრით.
იქვე, ჭიშკართან, ამ ჩემი გამოძახებით გაოცებულს, ლუკერიას თანდასწრებით ვუთხარი, ასე და ასე, დიდ პატივს დამდებთ, ძალიან გამაბედნიერებთ-მეთქი...ჩემი ქცევა რომ არ გაჰკვირვებოდა, ესეც დავაყოლე: ”პიდაპირი კაცი ვრ და საქმის ვითარებაში გარკვეული”. არც მომიტყუებია, პირდაპირი ვარ მეთქი. თუმცა ჯანდაბას. ველაპარაკე ზრდილი კაცის პირობაზე, რაც მთავარია, ორიგინალურად.განა რა ისეთი ცოდვა ესაა? მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. უნდა pro და contra-ც ვთქვი და ვიტყვი კიდეც. შემდეგში სიამოვნებით ვიგონებდი ყველაფერს, გინდაც სიბრიყვედ ჩამითვალოთ. პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავად განვუცხადე მაშინ, ჯერ ერთი, არც დიდად ნიჭიერი ვარ, არც დიდად ჭკვიანი, იქნებ არც მაინცდამაინც კეთილი, საკმაოდ იაფფასიანი თავკერძაც (ეს სიტყვები გზაში მოვიგონე და მომეწონა), შესაძლოა, ბევრი სხვა უსიამოვნო რაღაც მჩვევია-მეთქი. ვთქვი ამაყად, მოგეხსენებათ, როგორც ამბობენ. რა თქმა უნდა, უმდენი ჭკუა კი მეყო, ნაკლის შემდეგ ღირსებანი აღარმ ჩამომეთვალა: ”სამაგიეროდ ასეთი და ასეთი ვარ-მეთქი”. შევატყვე, რომ დაფრთხა და მაინც არ შევარბილე, პირიქით გავამძაფრე. პირდაპირ მოვუჭერი, საჭნეკუ არ მოგაკლდება, ოღონდ მორთვა-მოკზამვა, თეატრები თუ მეჯლისები ოცნებაშიც არ გაივლო, როცა ჩემს მიზანს მივაღწევ, მაშინ ვნახოთ-მეთქი. ეს ჩემი გოროზი კილო კიდეც მომეწონა. ისიც დავუმატე, თუმცა გაკვრით, როცა ეს ხელობა ავირჩიე, ანუ სესხის სალარო გავხსენი, მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, გარემოება შემექმნა-მეთქი მაშინ ისეთი...განა არ მქონდა ამის თქმის უფლება? განა მართლა არ მქონდა ასეთი მიზანი და არ შემექმნა ასეთი გარემოება? დიახ, დიახ, ბატონებო, თავად მთელი სიცოცხლე ჭირივით მძულდა ეს სალარო, მაგრამ რარიგ სასაცილოც არ უნდა იყოს შენს თავს ქარაგმულად ელაპარაკო, სინამდვილეში ხომ მართლა ”შურს ვიძიებდი საზოგადოებაზ”. დიახ, მართლა, მართლა! ისე რომ, იმდილანდელი მისი დაცინვა - შურს იძიებთო, უსამართლო იყო. მე რომ პირდაპირ მეთქვა: ”კი, შურს ვიძიებ საზოგადოებაზე”, დილანდელივით გადაიკისკისებდა და მართლაც სასაცილო იქნებოდა. მაგრამ ქარაგმულად თურმე შეიძლება ადამიანის ოცნება მოისყიდო. თანაც გული საგულეს მქონდა. ღიპიანი ბაყალი რომ ჩემზე მეტად სძულდა და ჭიშკართან მართლაც მხსნელ ანგელოზად მოვევლინემ დიახაც ვიცოდი. ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება! თუმცა ეს განა სულმდაბლობა იყო? განა მაშინ უკვე არ მიყვარდა იგი?
მოიცათ, მოიცათ, მე მაშინ წყალობაზე კრინი არ დამიძრავს. პირიქით: ”ეს ჩემთვის გახლავთ-მეთქი წყალობა, თქვენთვის კი არა”, კიდეც ვუთხარი, თავი ვერ შევიკავე. ჭკვიანურად რომ არ მომივიდა, იქვე შევატყვემ ვინაიდან პირზე ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ ისე კი მოვიგე საქმე. მოიცათ, თუ მთელ სიბინძურეს მოვიგონებ, ბარემ უკანასკნელ ღორობაზეც ვიტყვი: ვდგავარ, ვლაპარაკობ, თავში კი მიტრიალებს:შენ ტანადი ხარ, მოყვანილი, კარგად გაზრდილი და - ტრაბახი რად გინდა - კარგი შეხედულიც-თქო. ცხადია, იქვე ჭიშკართან მითხრა თანხმობა, თუმცა...თუმცა ისიც უნდა დავუმატო: ჰოს თქმამდე დიდხანს, დიდხანს იდგა ჩაფიქრებული.დიახ, იმდენ ხანს იდგა, კიდეც ვკითხე: ”აბა რას მიბრძანებთ?” დიახ, ასე ვუთხარი, რას მიბრძანებთ-მეთქი.
-დამაცათ, მოვიფიქრო.
სწორედ მაშინ უნდა მივმხდარიყავი ყველაფერს! მე კი გულში მწყინდა: ”ნუთუ არჩევანს აკეთებს, მე თუ ბაყალი?” თურმე არაფერი მესმოსდე ! დღემდე არ გამეგებოდა! მახსოვს, წამოსვლისას ლუკერია დამედევნა, გამაჩერა და ჰაიჰარად მითხრა: ”ღმერთი გადაგიხდის სიკეთეს, ჩემო ბატონო, ამ ჩვენს პატარა ქალბატონს რომ თხოულობთ, ოღონდ იმას კი ნუ ეტყვით, ამაყი გახლავთ.”
ჰმ, ამაყიო! განა მე არ მიყვარს ამაყი ხალხი. ამაყ ხალხს რა სჯობია. მეტადრე თუ..ეჭვი არ გეპარება, რომ იმათზე მეტი ძალა გაქვს, ჰა? ჰოი, სულმდაბალო, ტლანქო ადამიანო! ჰოი, რა კმაყოფილი ვიყავი მაშინ! იცით კი, როცა ჭიშართან იდგა ჩაფიქრებული, ჰო ეთქვა თუ არა ჩემთვის, ვინ იცის, ესეც იფიქრა მაშინ: ორი ჭირიდან უარესი ჭირი, ანუ ბაყალი იქნებ სჯობდესო? მაგრამ რომელი იყო უარესი ჭირი, მე თუ ბაყალი? ბაყალი თუ სესხის სალაროს მეპატრონე, გოეთეს ციტატებით მოლაპარაკე? საკითხავი აი რა არის! თუმცა საკითხავი რაღა არის? პასუხი აგერ მაგიდაზე დევს, შენ კი საკითხავიო, გაიძახი. მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი...მე არა ვარ აქ მთავარი...ან რა აზრი აქვს-ვარ თუ არა აქ მთავარი? იცის კი ვინმემ! არა, სჯობს დავწვე ისევ და დავიძინო. ლამისაა თავი გამისკდეს.
III
ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმცა მევე არ მჯერა
ვერ დავიძინე. ან კი რა დამაძინებს, ისე მიფეთქავს ტვინში რომელიღაც ძარღვი. მინდა კარგად გავერკვე ან სიბინძურეში. ჰოი, ეს წუმპე! ჰოი, რა ბინძური წუმპიდან ამოვათრიე მაშინ! ნუთუ არ უნდა გაეგო, არ უნდა დაეფასებინა ჩემი სიკეთე! ბევრი რამ მანიჭებდა მაშინ სიამოვნებას, ისიც, რომ ორმოცდაერთის ვიყავი, ის კი თექვსმეტის. ეს ერთობ მომწონდა, მატკბობდა იმის შეგრძნება, რომ განსხვავება ასე დიდი იყო.
მაგალითად, მინდოდა ქორწილი ინგლისურ ყაიდაზე მომეწყო, მაშასადამე მარტო ჩვენ ვყოფილიყავით, მოწმე კი მხოლოდ ორი, იქიდან ერთი ლუკერია. მერე კი, ჰაიდა! მატარებლით გავემგზავრებოდით თუნდაც მოსკოვს (სწორედ იქ საქმეც მქონდა), ერთი-ორი კვირა სასტუმროში დავყოფდით. მაგრამ მამიდებს ვხლებოდი, ვითარცა ნათესავებს, და პატივი მიმეგო მათთვის, ვაჩუქე კიდეც ას-ასი მანეთი იმ წუნკლებს და კიდევ აღვუქვი დახმარება. მისთვის კი აღარ მითქვამს, გული არ ატკინოს-მეთქი ამ სიბინძურემ. მამიდებიც ხელად დამიტკბნენ. ლაპარაკი გვქონდა მზითვზეც. არაფერი გააჩნდა და არც არაფერს ითხოვდა. მაგრამ დავუმტკიცე, არც ეგრე ცარიელ-ტარიელი შეიძლება-მეთქი, და მევე გავამზითვე, სხვა აბა ვინ დაეხმარებოდა? თუმცა ჯანდაბას ჩემი თავი. ეს კია, მოვასწარი და ჩემს აზრებს ვაზიარე, იქნებ არ უნდა მეჩქარა. სულით და გულით მომენდო მაშინ, აღტაცებით მხვდებოდა საღამოობით, მეტიტინებოდა თავის პატარაობაზე, პჯახზე, დედ-მამაზე. ჰოი, რა მომხიბლავია უმანკო ტიტინი. მაგრამ მის აღტაცებს უმალ ცივი წყალი გადავასხი. მის აღტაცებას სიჩუმე მივაგებე, თუმცა მოწყალე სიჩუმე კი...ისიც მაშინვე მიხვდა, რომ ჩვენ სხვადასხვანი ვართ, რომ კაცი ადვილად ვერ გამომიცნობს. მეც სწორედ ეს მეწადა, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი! გამოცანად რომ მივეჩნიე, ალბათ იმიტომ მოვიქეცი ასე ბრიყვულად. ერთი რომ თავიდანვე , შინ მოყვანისთანავე გამოვიჩინე სიმკაცრე, ერთი სიტყვით, მთელი სისტემა შევქმენი, კმაყოფილი კი ვიყავი. თავისთავად მოხდა ასე. სხვანაირად არც იქნებოდა. უნდა შემექმნა სისტემა, საქმის ვითარება იყო ასეთი. მართლა და მართლა რა ცილს ვწამებ ჩემს თავს! სისტემა ხომ უტყუარი იყო. არა, არა, უნდა მომისმინოთ. როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორ იყო...მაშ მომისმინეთ!
აღარ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო, ძალიან მიჭირს. ძნელი ყოფილა თავის მართლება. ყმაწვილკაცობას, მაგალითაც, ფული სძაგს,-მეც მაშინვე ფულს მივეძალე. მივეძალე ისერიგად, რომ მისმენდა, მისმენდა ხოლმე თვალებგაფართოებული და მერე ხმას გაიკმენდდა, დადუმდებოდა. ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგეხსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგეშალა-უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. მე კი სხვა რამ მეწადა, დიდი გრძნობით და გულით მსურდა შეეხედა, ჩასწვდომია ყველაფერს. განა ვტყუოდი? აი, თუნდაც ეს პატარა მაგალითი ავიღოთ: აბა როგორ ამეხსნა მისნაირი ხასიათის პატრონისთვის ეს უხამსი სესხის სალარო? პირდაპირ მეთქვა, ხომ გამოვიდოდა, თითქოს მრცხვენია მევახშეობის. მე კი, ასე ვთქვათ, სიამაყე მოვიშველიე, თითქოს მდუმარედ ველაპარაკე. მდუმარე ლაპარაკში კი ბადალი არ მყავს, მთელი ცხოვრება მდუმარე ლაპარაკში გავლიე და ბედნავსობა მდუმარედ გადავიტანე. მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყდა, კაციშვილმა არაფერი იცის! ხოლო იმ თექვსემი წლის გოგომ უნამუსო ხალხისგან გაიგო და ეგონა ყველაფერი ვიციო, მაშინ როცა ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული! მე კი ვდუმდი, მეტადრე მასთან ვდუმდი, წუხანდელამდე ვდუმდი. მაგრამ რად ვდუმდი? ვინაიდან ამაყი ვიყავი, მინდოდა თვითონ გაეგო, უჩემდ, მაგრამ არა უნამუსო ხალხისგან, თავისით მიმხვდარიყო სიმართლეს ჩემზე და თავისით ჩაწვდომოდა ჩემს გულს! ჩემს ოჯახში რომ შემოვიყვანე, მსურდა სულით და გულით პატივი ეცა ჩემთვის. მსურდა დაჩოქილი მდგარიყო ჩემს წინ იმ ტანჯვის გამო, რაც გამოვიარე, - მე ღირსი ვიყავი ამის, დიახ, მუდამ ამაყი ვიყავი, მეწადა ყველაფერი, ან არაფერი. არ მინდოდა წყალნარევი ბედნიერება და სწორედ ამიტომ მოვიქეცი მაშინ ასე: ”აქაოდა, თვითონ მიხვდი, თვითონ დააფასე მეთქი!” აბა მე თვითონ რომ ამეხსნა და მეკარნახა, კუდი მექნია და დაფასება მეთხოვა-ეს ხომ იგივე მოწყალების თხოვნა იქნებოდა...თუმცა...თუმცა რას ვლაპარაკობ!
სიბრიყვე, სიბრიყვე, ჩემი სიბრიყვე! პირდაპირ და დაუნდობლად (დიახ, დაუნდობლად-მეთქი, ხაზს ვუსვამ) ავუხსენი მაშინ ორიოდე სიტყვით, რომ ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა-მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის,იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის, ასე ვთქვათ, ”ყოფიერების ეს პირველი შთაბეჭდილებანი”. აბა ერთი იშრომონ და მერე ნახონ! იაფფასიანი სულგრძელობა მუდამ ადვილია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში რომ არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბოლომდე გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს იქ ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ-აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი სიცოცხლე სხვა არაფერი მიკეთებია. ჯერ მეკამათებოდა, ჰოი, როგორ მეკამათებოდა, მერე ხმა გაიკმინდა, კრინტსაც აღარ სძრავდა, ოღონდაც თვალებგაფართოებული მისმენდა, თვალებში კი დაკვირვება ეხატებოდა. უცებ...უცებ კი ღიმილე დავიჭირე მისი, უნდო, უსიამო ღიმილი. აი, ამ ღიმილით შემოვიყვანე სახლში. ესეც კია, სხვა გზა არ ჰქონდა...
IV
გეგმები და გეგმები
ვინ დაიწყო ჩვენში პირველმა? არავინ. თავისთავად დაიწყო პირველივე დღეებში. აკი ვთქვი, იმთავითვე სიმკაცრე გამოვიჩინე-მეთქი, მაგრამ მალე მოვლბი. ქორწილამდე ვუთხარი, გირაო შენ უნდა ჩაიბარო და ფულიც შენ უნდა გასცე-მეთქი. მაშინ სიტყვა არ დაძრა (ესეც ინიშნეთ). პირიქით, მუყაითადაც შეუდგა საქმეს. ბინა, ავეჯი, ცხადია, ძველებურად დარჩა. ორიდან ერთი ოთახი გადაღობილი იყო და სესხის სალარო იქ მქონდა, მეორე კი, ისიც დიდი ოთახი, საძინებელი იყო. ავეჯის რა მოგახსენოთ, მამიდებსაც კი, მგონი, უკეთესი ედგათ. სახატე და კანდელი დარბაზში იყო, ჩემს ოთხაში ჩემი კარადა, წიგნები და სკივრი იდგა მისი გასაღები მე მქონდა. ლოგინიც იქვე იყო, კიდევ სკამები და მაგიდა. ქორწინებამდე ვუთხარი, რომ საჭმელზე სამივეს ე.ი მე, მას და ლუკერიას, რომელიც ჩვენთან გადმოვიყვანე, დღეში მანეთი უნდა გვეყოს, მეტი არა: ”იმიტომ რომ სამ წელიწადში ოცთაათი ათასი მანეთი უნდა დავაგროვო, სხვანაირად კი არ დაგროვდება-მეთქი”. წინააღმდეგი არ წასულა, ექვსი შაური მერე მე თვითონ წავუმატე, ასევე იყო თეატრზეც. ხომ ვუთხარი, თეატრში სიარულის იმედი არ გქონდეს-მეთქი, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც მიმყავდა, კარგ ადგილებსაც ვყიდულობდი, წინა რიგების სავარძელში. სამჯერ ვიყავით კიდეც, ვნახეთ ”ბედნიერების ძიებაში” და, მგონი, ”ჩიტნი მგალობელნი”. უბრად მივდიოდით და უბრადვე ვბრუნდებოდით. დად ვდუმდით იმთავითვე? მაშინ ხომ არ გვიჩხუბია, მხოლოდ ვდუმდით. მახსოვს, ხშირად შემომხედავდა ქურდულად. ეს რომ შევამჩნიე, უფრო სიტყვაძუნწი გავხდი. მართალია, პირველმა მე ვარჩიე დუმილი. თვითონ ერთი ორჯერ აჰყვა გულისთქმას, მომვარდა და გადამეხვია, მაგრამ ეს ისტერიული გულისთქმა იყო, მე კი მყარი ბედნიერება, პატივისცემა მსურდა, ამიტომაც გულცივად დავხვდი, არ ავყევი. მართალიც ვიყავი, ყოველი ასეთი ამბის მეორე დღეს ჩხუბი მოგვდიოდი.
თუმცა არა, არ გვიჩხუბია, ვდუმდით. იგი უფრო და უფრო თავხედურად, გამომწვევად იყურებოდა. ”ურჩობა და დამოუკიდებლობა”-აი, რა ეწერა სახეზე, მაგრამ არ გამოსდიოდა. დიახ, ამ თვინიერ, ამ სათნო სახეს სითავხედე სულ უფრო და უფრო ეძალებოდა. დამიჯერებთ, თანდათან კიდეც მიზიზღებდა, ამის ნიშნები შესწავლილი მქონდა. განა შეიძლებოდა, მაგალითად, ისეთ სიბინძურესა და სიღატაკეში ნაცხოვრებს ცხვირი აებზუებინა ჩვენს სიღარიბეზე! ეს ხომ მომჭირნეობა იყო და არა სიღარიბე. თეთრეულსა და სისუფთვეს რაც შეეხება, იმაზე ხომ ფულს არ ვიშურებდი. ადრეც ოცნებად მქონდა, ქმრის სიფაქიზე ცოლს უთუოდ მოხიბლავს მეთქი. თუმცა მას ხომ სიღარიბეზე მეტად ჩემი ვითომდა სიძუნწე არ მოსწონდა: ”აქაოდა, მიზანი აქვსო, ხასიათის სიმტკიცეს იჩენს”. თეატრზე თვითონვე გამომიცხადა უარი. დამცინავი ღიმილი სულ უფრო და უფრო მალიმალ გადაურბენდა სახეზე...მეც უფრო ხშირად ვდუმდი, დიახ,დიახ, დუმილი უფრო გავახშირე.
მაშ, თვი უნდა ვიმართლო? განა ყველაფრის მიზეზი აქ სესხის სალარო არ იყო! სად გაგონილა, ქალი, და ისიც თექვსმეტი წლის, მამაკაცს არ დაემორჩილოს.ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა! მერე რა, რომ დარბაზში ასვენია: ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. თვითონ ვერ მოუნახავს თავის სიავკაცეს ისეთ გამართლებას, როგორსაც ქალი გამოუძებნის. მაგრამ ეს სულგრძელობაა და არა ორიგინალობა. ამ არაორიგინალურობამ დაღუპა კიდეც ქალი. მაშ, რაღად მითითებთ მაგიდაზე? განა ეს ორიგინალობაა რაც იქ დევს? ვაიმე, ვაიმე!
გამიგონეთ: მის სიყვარულში მაშინ არც კი დავეჭვებულვარ.ხომ მეხვეოდა მაშინაც კისერზე, მაშასადამე, ვუყვარდი-უნდოდა ვყვარებოდი. დიახ, ასე იყო: უნდოდა სიყვარული, ეძებდა სიყვარულს. თან რა ისეთი ავკაცი ვიყავი, გამართლება ეძება ჩემთვის. ამბობთ, გირაოზე აძლევდიო სესხს, ყველა ასე ამბობს. მერე რა, რომ ვაძლევდი? ალბათ იყო მიზეზი, თუკი კეთილშობილმა კაცმა სესხის სალარო გავხსენი. იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თჲ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენება, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. სხვა მიზეზი მე არ ვიცი. ”უკეთილშობილესი კაცი-მეთქი”, ვთვი ეს წუთია. ხომ სასაცილოა, მაგრამ მართლა ასე იყო, მეტი მართლა რომ არ შეიძლება! დიახ, უფლება მქონდა ჩემი თავი უზრუნველმყო და სესხის სალარც გამეხსნა! ”თქვენ მე გამაბრიყვეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაწყოფა მიაგებეთ. მაშსადამე, უფლება მაქვს, კედელი ავღმართო ჩემსა და თქვენს შორის, შევაგროვო ეს ოცდაათი ათასი მანეთი, სადმე ყირიმში, სამხრეთ ზღვის პირას, მთებისა და ვენახის მიდამოში ვიყიდო მამული, იქ გავლიო ჩემი დღენი თქვენგან მოშორებით, თუმცა ღვარძლის გარეშე, საყვარელი ქალის გვერდით, თუ მომცა ღმერთმა და დავეხმარო ახლომახლო მცხოვრებთ”.
ახლა რომ ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, ყურისთვის ლამაზად ჟღერს, მაგრამ აბა ერთი მისთვის მეთქვა და დამეხატა მაშინ ეს სურათი, განა სულელი არ ვიქნებოდი. აი, ამიტომ ვდუმდი ამაყად, ამიტომ ვიყავით მდუმარედ. განა გამიგებდა? თექვსმეტი წლის ქალს, სულ ბავშვს, აბა რა უნდა გაეგო ჩემი ტანჯვის და თავის მართლების? თანაც მისი პირდაპირობა, მისი გამოუცდელობა, სიყმაწვილის იაფფასიანი შეხედულებანი, ”სპეტაკი სულის” სიბრმავე, თავიდათავი სესხის სალარო! ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამვეყნად არაფერი ყოფილა!ეს თვინიერი, ეს ციური ქმნილება - მტარვალი და მწამებელი გახდა ჩემი სულისთვის! თუ ეს არ ვთქვი, ხომ ცილი დავწამე ჩემს თავს ! იქნებ გგონიათ, არ მიყვარდა?არა, ეს მხოლო დაცინვა, მხოლოდ და მხოლოდ ბედის და ბუნების ავი დაცინვა გახლავთ. ჩვენს დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! ხომ ვიცი ახლა, რომ რაღაც შემეშალა! რაღაც ისე ვერ გავაკეთე! მაგრამ ყველაფერი ხომ ცხადი იყო, ჩემი გეგმა ხომ სარკესავით ნათელი იყო: ”მერე დარწმუნდება, მაგრამ ეს სულგრძელობა იყო,ოღონდ თვითონ ვერ შეამჩნია-მერე მიხვდება, ათჯერ მეტად დამაფასებს და ფეხებში ჩამივარდება მუდარით”. აი, ბატონებო, ჩემი გეგმა. მაგრამ, ეტყობა, რაღაც გამომრჩა, რაღაც დამავიწყდა და ვერ გავაკეთე. თუმცა კმარა. ან ვის ვთხოვო პატიება, მორჩა, ყველაფერი მორჩა. ნუ შეშინდები ადამიანო, იყავი ამატი! შენ არ ხარ დამნაშავე!..
დიახ, მე ვიტყვი სიმართლეს, არ მეშინია სიმართლეს თვალი გავუსწორო. დამნაშავე თვითონ იგია!
V
რა იყო ჩხუბის მიზეზი? ის, რომ უცბად თავის ჭკუაზე მოინდომა ფულის გაცემა დაგირაოს ღირებულზე მეტად შეაფასა, ერთი-ორჯერ შემეკამათა კიდევაც ამის გამო. მე არ დავუთმე. სწორედ მაშინ გამოტყვრა კაპიტნის ქვრივიც. მედალიონი მომიტანა, ცხონებული ქმრის ნაჩუქარი, ცხადია, მისთვის ძვირფასი. შემევედრა და შემეხვეწა, არ დამიკარგოთ მედალიონიო. რა თქმა უნდა, არც დავკარგავდი. ვნახოთ, ხუთი დღის შემდეგ სამაჯური მოიტანა, ამაში გამიცვალეო. სამაჯური კი რვა მანეთიც არ ღირდა. ცხადია,უარი ვუთხარი, ეტყობოდა, ჩემს ცოლს შეატყო თვალებზე, ვინაიდან ჩემს არყოფნაში მოსულიყო და ცოლს მედალიონში გაეცვალა.
ეს რომ გავიგე, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. ლოგინზე იჯდა, იატაკს ჩასჩერებოდა, მარჯვენა ფეხის წვერს ნოხზე ათამაშებდა (ასე იცოდა ხოლმე); პირზე ამრეზილი ღიმილი უკრთოდა. ხმის ამოუღებლად განვუცხადე, რომ ფული ჩემია, რომ ნება მაქვს ჩემებურად ვუყურო ცხოვრებას და არც მისთვის დამიმალავს რამე, როცა ოჯახში შემოვიყვანე.
წამომიხტა უცებ, აცახცახდა და, წარმოიდგინეთმ ფეხები დამიბაკუნა. ეს იყო ქალი აფთარი, ქალი, მხეცად ქცეული. გაოცებისგან გავშეშდი კაცი. ასეთ საქციელს არ მოველოდი. მაგრამ არ შევკრთი, არც დავიბენი. ასევე დინჯად მოვახსენე, ამიერიდან ჩემს საქმეში ჩარევას გიკრძალავ-მეთქი. პირში შემომხარხარა და შინიდან წავიდა.
ამის უფლება კი არ ჰქონდა. ჯერ კიდევ ჯვრისწერამდე დავდეთ პირობა, რომ ფეხს უჩემოდ არსად გაადგამდა. საღამო ხანს დაბრუნდა მხოლოდ, კრინტი აღარ დამიძრავს.
მეორე დღეს ისევ წავიდა დილიდანვე. მესამე დღესაც. დავკეტე სალარო და მამიდებს მივაკითხე. ქორწინების დღიდან მათთან საქმე არა მქონია-არც ჩემთან მომიყვანია და არც მაღ ვწვევივარ. თურმე არც მათთან მისულა. ცნობისმოყვარედ მომისმინეს და დამცინეს კიდეც: ”ახია თქვენზე”. ეგრეც ვიცოდი, რომ დამცინებდნენ. უმცროს მამიდეს იქვე შევპირდი ასი მანეთი და ოცდახუთი წინდაწინ მივეცი. ორი დღის შემდეგ მომადგა შინ: ”აქ თქვენი ყოფილი პოლკის ოფიცერი ეფიმოვიჩია ჩარეული”. სახტად დავრჩი. ყველაზე მეტი ბოროტება იმ ეფიმოვიჩმა მიყო პოლკში. ამ ერთი თვის წინ უნამუსოდ მომაკითხა ერთი-ორჯერ, ვითომც რაღაცის დაგირავება უნდოდა. მახსოვს, ის და ჩემი ცოლი ლაპარაკობდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. ავდექი და მაშინვე მივახალე, ჩემთან მოსვლა აღარ გაბედო, ჩვენი დამოკიდებულება არ დაივიწყო-მეთქი. სხვა რაც თავშიც არ გამივლია, მხოლოდ ეს ვიფიქრე, რა თავხედი ყოფილა-მეთქი. ახლა კი მისი მამიდა მეუბნება, პაემანი აქვთ დანიშნულიო. ყველაფრის მომწყობი კი თურმე მამიდების ყოფილი ნაცნობი იულის სამსონოვნა ბრძანებულა, პოლკოვნიკის ქვრივი -თქვენი მეუღლე ახლა იმასთან დაბრძანდებაო.
ამ ამბავს აღარ გავაგრძელებ. მთელი საქმე სულ ოცდაათი თუმანი დაჯდა, მაგრამ ორ დღეში კი მოვაგვარე. მე მეზობელ ოთახში დამმალავდნენ, კარს უკან და ჩემი ცოლის პაემანს ეფიმოვიჩთან ჩემი ყურით მოვისმენდი. ერთი დღით ადრე კი ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
შინ საღამოს დაბრუნდა და ლოგინზე ჩამოჯდა,დაცინვით შემომცქერდა, ფეხს ხალიჩაზე ათამაშებდა. შევხედე და ანაზდად თავში გამიელვა: ეს ბოლო თვე, უფრო სწორადმ უკანაკსკნელი ორი კვირა თავის ჭკუაზე არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, თავისივე ბუნების საწინააღმდეგოდ იქცევა-მეთქი. ეს გახლდათ ქალი გაანჩხლებული, შეტევაზე გადმოსული, ვერ ვიტყვი, ურცხვი, მაგრამ ზომიერებადაკარგული და მოჩხუბარე. ეს კია, მისივე თვინიერება უშლიდა ხელს. ამისთანა რომ გაანჩხლდება, გინდაც წონასწორობა დაკარგოს, მაინს შეატყობ, რომ თავისივე ბუნების წინააღმდეგ მიდის, თვითონ იღიზიანებს თავს, მაგრამ სირცხვილ-ნამუსისთვის ვერ გადაუბიჯებია. ამიტომაც, როცა ზომიერებას კარგავს, შენს თვალს აღარ უჯერებ. გათახსირებული ბუნება კი, პირიქით, შეეცდება შეარბილოს ყველაფერი, წესიერება დაიცვას და იქით მოგდოს შარი, თუმცა უფრო საზიზღარს კი ჩაიდენს.
-მართალია, რომ დუელის შეგეშინდათ და ამიტომ გამოგაგდეს პოლკიდან? - მკითხა ჯიქურ და თვალები გაკვესა.
-მართალია, ოფიცრების განაჩენით მთხოვეს წასვლა, თუმცა მანამდე თვითონ შევიტანე ეს განცხადება, პოლკს თავს ვანებებ-მეთქი.
-გამოგაგდეს, როგორც ლაჩარი?
-დიახ,განაჩენი ლაჩრობისთვის გამომიტანეს. მაგრამ დუელზე ლაჩრობამ არ მათქმევინა უარი, თვითონ არ დავყაბულდი მათ სასტიკ განაჩენს და დუელზე უარი ვთქვი, ვინაიდან შეურაწყოფილი არ მიმაჩნდა თავი. ისიც შენიშნეთ, -წამომცდა ანაზდად,-მათი განაჩენის წინააღმდეგ ამხედრება და ამის შედეგად ყველა უბედურების გადატანა უფრო მეტი ვაჟკაცობა იყო, ვიდრე დუელში გასვლა, - ვერ მოვითმინე, თითქოს თავი ვიმართლეს, იმას კი სწორედ ჩემი ხელახლა დამცირება უნდოდა.
-ისიც მართალია, -ჩაიცინა ღვარძლიანად, -რომ მერე სამი წელი თურმე პეტერბურგის ქუჩებში მათხოვრობდით, სამოწყალობოდ შაურიანს იხვეწებოდა და ბილიარდის მაგიდებქვეშ გეძინებათ?
-დიახ, მართალი გახლავთ, პოლკიდან წამოსვლის შემდეგ ბევრი სამარცხვინო ამბავი გადამხდა, მაგრამ სულიერად არ დავცემულვარ, რამეთუ თვითონ მძაგდა ჩემი საქციელი. მაშინ ძალამ და ჭკუამ მიღალატა, რამეთუ სხვა გამოსავალი არ მქონდა, საბედნიეროდ ამ ყველაფერმა ჩაიარა...
-ჰო, ახლა ფინანსისტი ბრძანდებით!
სესხის სალაროზე ჩამიკაკუნა. მაგრამ მე უკვე მოვერიე ჩემს გულს. შევატყვე, სურდა თავის მართლება დამეწყო და დავემცირებინე, მე კი არ ავყევი. ამ დროს ზარი დარეკეს, გირაო მოიტანა ვიღაცამ, და დარბაზში გავედი. ერთი საათის შემდეგ როცა ჩაიცვა და წასვლა დააპირა, ასე მითხრა:
-ქორწინებამდე რად არ მითხარით ეს ყველაფერი?
ხმა არ ამომიღია, ისე წავიდა.
მაშასადამე, მეორე დღეს კართან ვიდექი და ვუსმენდი, როგორ წყდებოდა ჩემი ბედი. ჯიბეში რევოლვერი მედო. გამოწყობილი მაგიდას უჯდა, ეფიმოვიჩი კი წინ იდგა და ყოყოჩობდა, თავს აწონებდა. ჰოდა, ისე მოხდა, როგორც ველოდი, სწორედ ისე, როგორც მეგონა და გული მიგრძნობდა, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი, გული რას მითქვამდა და მეუბნებოდა. არ ვიცი, გამიგებთ თუ არა.
დიახ, მთელი ერთი საათი კოხტაპრუწა, გათახსირებულ, უჭკუო ნაძირალასთან სპეტაკი და კეთილშობილი სულის პაექრობის მოწმე გახლდით. გაოცებას გახლდით, ამ გამოუცდელმა, ამ თვინიერმა და უტყვმა ქმნილებამ საიდან იცის-მეთქი ეს ყველაფერი? ჭკუამახვილი ავტორიც კი მაღალი წრის კომედიებისა ვერ შექმნიდა ამისთანა სცენას, დაცინვითმ გულუბრყვილო სიცილითა და ბიწიერებისადმი უბიწო ზიზღით აღსავსეს. რა მოსწრებული სიტყვა-პასუხი, რა განქიქება, ამავე დროს კი სიწრფელე და კდემამოსილება. იგი დასცინოდა მის საარიშო სიტყვებს, მის მიმოხრას, მის ყოველ ნათქვამს. იმ ზრახვით მოსულს, რომ ხელდახელ ტლანქად მიეტანა იერიჩი, აზრად როგორ მოუვიდოდა, თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. და ამიტომაც გაშრა, დაიჩუტა კაცი. პირველად შეიძლება გაიფიქრა, მხოლოდ კეკლუცობს და იპრანჭება, ”როგორც გარყვნილ, მაგრამ ჭკუამახვილ ქმნილებას მოსდგამს, რომელსაც უნდა თავი უფრო დაიფასოს”. მაგრამ სიმართლე მზისებს გამობრწყინდა, ეჭვს ვეღარ შეიტანდი. მხოლოდ ჩემდამი სიძულვილმა, ნაძალადევმა და აჩქარებულმა გადაწყვეტილებამ, აიძულა მისთანა გამოუცდელი ამ პაემანზე მოსულიყო. ოღონდ საქმე საქმეზე რომ მიდგა, -უმალ აეხილა თვალი. იმას უნდოდა ჩემი შერცხვენა, თავის მოჭრა, მაგრამ სიბინძურე ვერ აიტანა, ჭუჭყს ვერ გაუძლო. მისებრ უბიწოსა და სპეტაკი იდეალების პატრონს განა ეფიმოვიჩი თუ მისნაირი ნაძირალები აცდუნებდნენ? პირიქით, მხოლოდ სიცილი აღუძრა, მთელი სიმართლე ამოუდუღა გულის სიღრმიდან და აღშფოთებამ მხოლოდ სარკაზმი დააფრქვევინა. ვიმეორებ, ეს ტუტუცი ბოლოს ისე გამოთაყვანდა, ისე მოქუშული იჯდა და პასუხებს ისე ძალისძალად ღერღავდა, კიდეც შემეშინდა, აქ სულმდაბლობით არ შეურაცხყოს-მეთქი. ისევ ვიმეორებ, ჩემდა სასახელოდ ამ სცენამ თითქმის არც გამაოცა. თჳთქოს ჩემთვის ნაცნობი რამ ვიხილე, თითქოს იმიტომ მოვდიოდი, რომ ეს მენახა. მოვდიოდა და არ მჯეროდა, არ მჯეროდა, არა ცილისწამება, თუმცა, რევოლვერი მედო ჯიბეში -აი თუ გნებავთ მთელი სიმართლე! განა სხვას კი წარმოვიდგენდი? განა რატომ მიყვარდა, რად ვადასებდი, რისთვის ვითხოვე ცოლად? თუ როგორ ვძულდი, მაშინ დავრწმუნდი, მაგრამ ისიც ვიწამე, რამდენად სპეტაკი იყო. კარი უცბად შევაღე და სცენა შევწყვიტე. ეფიმოვიჩი წამოხდა, მე კი მოვკიდე იმას ხელი და, წამოდი-მეთქი, ვუთხარი. ეფიმოვიჩი გონს მოეგო და უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა:
-ოჯო, ცოლქმრობის წმინდათწმინდა მოვალეობასთან რა ხელი მაქვ! კი, ბატონო, წაიყვანეთ, წაიყვანეთ! მაგრამ ამას გეტყვით, -მომაძახა უკან, -თუმცა რიგიანი კაცი თქვენთან დუელში არ გამოვა, მაგრამ თქვენი ცოლის ხათრით მიმსახურეთ...თუ რა საკავირველია, გაბედავთ და...
-ხომ გესმით! - შევაჩერე წამით იგი ზღურბლზე.
სახლამდე ხმა არ ამოგვიღია. ხელკავით მიმყავდა და არც ის გამძალიანებია, პირიქთ, მეტისმეტად იყო შემკრთალი ოღონდაც მხოლოდ შინ მისვლამდე. შინ მოვედით თუ არა, სკამზე დაჯდა და თვალები მომაშტერა. ადამიანის ფერი არ ედო. მართალია ტუჩები დაცინვით მოეკუმა, მაგრამ გოროზად მიყურებდა და თვითონაც სჯეროდა, მგონი, იმ წუთს, ტყვიას მახლისო.მაგრამ რევოლვერი უხმოდ ამოვიღე ჯიბიდან და მაგიდაზე დავდე.ის ხან მე შემომხედავდა, ხან რევოლვერს. ყურადღება არ მივაქციე მის შეშინებულ იერს და თითქმის ჩაცმული მივწექი ლოგინზე. ქანცი აღარ მქონდა, თერთმეტს აღარაფერი უკლდა, მერე ჩააქრო სინათლე და ჩაცმული მიწვა დივანზე. პირველი შემთხვევა იყო გვერდით რომ არ დამიწვა!..
VI
საზარელი მოგონება
ახლაც კი მზარავს ამის მოგონება...
რვა საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა. ოთახში თითქმის დღის სინათლე იყო. გამეღვიძა სრლ გონებაზე და უცებ გავახილე თვალი. იგი მაგიდასთან იდგა და რევოლვერი ეკავა. არ შეუმჩნევია, რომ გამეღვიძა და ვუთვალთვალებდი. ერთიც ვნახოთ, ჩემკენ დაიძრა რევოლვერით. მყისვე დავხუჭე თვალი, ვითომ ისევ მეძინა.
მოვიდა და თავზე დამადგა. ყველაფერი მესმოდა. სამარისებური სიჩუმე იდგა და მაინც თითქოს ყველაფერი მესმოდა. უცებ რაღაცამ მომიარა, ჩემდა უნებურად გავახილე თვალი. იგი ჯიქურ მიყურებდა, რევოლვერი კი უკვე ჩემ საფეთქელთან მოეტანა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გადავწყვიტე, რაც უნდა მომხდარიყო, ა გავნძრეულიყავი და თვალი არ გამეხილა.
ხომ მომხდარა, ღრნად მძინარეს რომ უცებ გაუხელია თვალი, თავიც კი წამოუწევია და მოუთვალიერების ოთახი. მერე კი უაზროდ მიგდებულა ბალიშზე და დასძინებია. აღარც კი ახსოვს, რას შეხე და რა დაინახა.
როცა მის მზერას წავაწყდი და რევოლვერი ვიგრძენი საფეთქელთან, მერე კი თვალები დავხუჭე და მოვიმძინარე თავი. განა ვინ დაიჯერებდა, რომ ამის დამნახველს იმავე წამს შეიძლება დამეხუჭა თვალები.
დიახ, არავინ დაიჯერებდა. მაგრამ თვითონ კი უნდა მიმხვდარიყო სიმართლეს-აი, რამ გამიელვა იმ წამს თავში. ჰოი, ფიქრის რა კორიენტელი დამიტრიალდა იმ წამზე უმცირეს დროში! დაილოცოს ადამიანის ფიქრის სისწრაფე! თუ იგი მიხვდა, რომ არ მძინავს, მაშასადამე, გავანდაგურე, მოვსპე იგი, რაკი სიკვდილს ასე მზადყოფნით შევეგებე, მაშასადამე, ხელ უნდა აუკანკალდეს, მისი სიმტკიცე უნდა გასტეხოს ამ დიდმა შთაბეჭდილებამ. ამბობენ, მწვერვალზე მდგართ ძალიან იზიდავთ უფსკრულიო. მე თუ მკითხავთ, ბევრი მკვლელობა და თვითმკვლელობა არ მოხდებოდა, რევოლვერი რომ არ ყოფილიყო მომარჯვებული. ესეც უფსკრული გახლავთ, ესეც დაქანებაა, რაზეც არ შეგიძლია არ დაცურდე, რაღაც უძლეველმა ძალამ არ შეიძლება არ გიბიძგოს, რომ ჩახმახს გამოჰკრა თითი. მაგრამ თუ იგრძნო, რომ ყველაფერი დავინახე, ყველაფერი ვიცი და უხმოდ ველი მისგან სიკვდილს, იქნებ შეიკავოს თავი და არ დაცურდეს.
სიჩუმემ დიდხანს გასტანა.უცებ საფეთქელზე ცივად მომადო რკინა. იქნებ მკითხოთ: განა მართლა გჯეროდათ, არ მოგკლავდაო? ღვთიწ წინაშე ვიტყვი გადარჩენის იმედი არ მქონდა. მაშ რისთვის ვთანხმდებოდი სიკვდილზე? აბა მეც გკითხავთ, რა ოხრად მინდა სიცოცხლე, როცა სათაყვანო არსებამ რევოლვერი მომიღერა მოსაკლავად? გარდა ამისა, ვგრძნობდი, რომ იმ წამს ჩვენს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდა, ბრძოლა იმ გუშინდელი ლაჩრისა, ამხანაგებმა ლაჩრობისთვის რომ გამოაგდეს. ეს მეც ვიცოდი და მანაც იცოდა, რამეთუ მიხვდა, რომ არ მეძინა.
იქნებ არ იყო ასე, იქნებ ასე არც მიფიქრია, მაგრამ მაინც ასე უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შემდეგში ყოველ წუთსა და წამს ამაზე ვფიქრობდი.
მაგრამ თქვენ ალბათ იმასაც მკითხავთ: დანაშაულის ჩადენაში რატომ არ შევუშალე ხელი? რამდენჯერ მიკითხავს ეს საკუთარი თავისთვის, როცა ის ამბავი გამხსენებია და ჟრუანტელს დაუვლია ტანში, მაგრამ მაშინ სასოწარკვეთილი ვიყავი: კაცი თვითონ ვიღუპებოდი, სხვა აბა როგორ გადამერჩინა? ან იცის ვინმემ, რას ვრძნობდი მაშინ?
ტვინი მიდუღდა, გამალებით მიმუშავებდა. წამი წამს მისდევდა, სამარისებურ სიჩუმეს ჩქამიც არ არღვევდა; ის თავზე მადგა, -და უცებ გული იმედით ამიფრთქიალდა! სწრაფად გავახილე თვალი. ის ოთახში აღარ იყო. წამოვდექი ლოგინიდან: მე გავიმარჯვე - მე სამუდამოდ დავამარცხე და დავძლიე იგი!
ჩაის დასალევად გავედი. სამოვარი მუდამ პირველ ოთახში იდგა და ჩაისაც იგი ასხამდა. უხმოდ მივუჯექი მაგიდას და ფინჯანი ჩამოვართვი. ხუთიოდე წუთის შემდეგ შევხედე. მიტკალისფერი ედო - გუშინდელზე მეტად გამტკნარებული უჩანდა სახე. რომ დამინახა, ვუყურებდი, უფერულმა ღიმილმა შეუტოკა უფერული ტუჩები და გაუბედავი მზერა მომაპყრო. ”მაშასადამე, კიდევ ეჭვობს, თუ ვიცი და დავინახე?’ გულგრილად ავარიდე თვალი. ჩაის შემდეგ სალარო დავკეტე და ბაზარში წავედი, რკინის საწოლი და თეჯირი ვიყიდე.
თავი მეორე
I
სიამატის სიზმარი
ეს წუთია ლუკერიამ მითხრა, აქ აღარ დავრჩები, ქალბატონის დასაფლავებისთანავე წავალო. ხუთი წუთი ვლოცულობდი, თუმცა ერთ საათს კი ვაპირებდი. ფიქრები აღარ მასვენებს, თავიც მტკივა -ლოცვა რას მიშველის! საოცარია, რატომ არ მეძინება, დიდი, ძალიან დიდი მწუხარების შემდეგ ადამიანს სულ ეძინება. ამბობენ სიკვდილმისჯილებს უკანასკნელ ღამეს მკვდერიბივით სძინავთო. ასეც უნდა იყოს ბუნებითაც, თორემ ვინ გაუძლებს მაშინ...მივწექი დივანზე, მაგრამ ვერ დავიძინე...
...მთელი ექვსი კვირა მე, ლუკერია და გამოცდილი მომვლელი ქალი დღედაღამ ვადექით თავზე. ფული არ დამიზოგავს, კიდეც მიხაროდა ამდენს რომ ვხარჯავდი.ექიმი შრედერი მოვუყვანე. ყოველ მოსვლაზე თითო თუმანს ვუჯიბავდი. გონს რომ მოვიდა, მაშინ კი ვარიდე თავი. თუმცა რაებს ვწერ. ფეხზე რომ წამოდგა, უხმოდ მიუჯდა ჩემს ოთახში ცალკე მაგიდას. ისიც მისთვის ვიყიდე იმ დღეებში...ჩვენ ვდუმდით, ჰო, გამუდმებით ვდუმდით. არა, მერე კი ვლაპარაკობდით, მაგრამ სულ ჩვეულებრივ რაღაცეებზე. რასაკვირველია, განზრაც არ ვლაპარაკობდი ბევრს, თუმცა შევატყვე, არც თვითონ ეხალისებოდა მაინცდამაინც ზედმეტის თქმა, რაც ბუნებრივად მიმაჩნდა მის მხრიდან. ”მეტისმეტად დიდი მეხი იყო მისთვის, მეტისმეტად დიდი მარცხი მოუვიდა, - ვფიქრობდი გულში,- თქმა არ უნდა, დრო სჭირდება, რომ დაივიწყოს და მიეჩვიოს”. ამიტომაც ვდუმდი, გულში კი ვემზადებოდი მომავალი საუბრისთვის. მეგონა, ისიც ასე იყო. საოცრად მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა გულში.
იმასა ვიტყვი: კაცმა არ იცის რა ტანჯვა გამოვიარე მისი ავადმყოფობის ჟამს. თუმცა გულში ვიტანჯებოდი,ლუკერიასთანაც კი არ დამიკვნესია ერთხელაც. ჩემს გულს ვასკდებოდი, ისე როგორ უნდა მოკვდეს, მთელი სიმართლე ვერ გაიგოს-მეთქი. როცა საფრთხემ გაიარა და გამომჯობინება დაიწყო, მახსოვს რა უცბად დავწყნარდი. კიდევ მეტი, გადავწიყვიტე ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე დამეტოვებინა და ჩვენი მომავალი საუბარი რაც შეიძლება მეტი ხნით გადამედო. დიახ, რაღაც საოცარი და უჩვეულო რამ დამემართა, სხვანაირად ვერც ვიტყვი: მე გავიმარჯვე და ამ გამარჯვების გრძნობამ სრულიად დამაკმაყოფლა. ასე განვლო იმ ზამთარმა. ჩემი თავით ასეთი კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ.
იცით, ცხოვრებაში რა საშინელი ამბავი დამემართა, ჩემი ცოლის ამბებამდე ყოველ ცისმარე დღესა თუ ღამეს მაჯლაჯუნასავით მაწვა გულზე. ეს გახლდათ ჩემი თავსლაფისა და პოლკიდან წამოსვლის ამბავი. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ: მე საოცრად უსამართლოდ მომექცნენ. კი, მძიმე ხასიათი მქონდა და ამხანაგებს არ ვუყვარდი. იქნებ მძიმე კი არა სასაცილოც იყო ჩემი ხასიათი. მერე რა, განა არ მომხდარა, რასაც შენ თაყვანს სცემ, რაც სანუკვარია შენთვის და ხატად ქცეული, ის შენს ამხანაგებს სიცილს ჰგვრიდეს. სკოლაშიც არავის ვუყვარდი. მე არასოდეს არავის ვუყვარდი. ლუკერიასაც კი არ ვუყვარვარ. თუმცა პოლკში მომხდარი ამბავი შემთხვევითობა გახლდათ. ჰოდა, იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არც მომხდარიყო, რპცა, საუბეროდ, ყველაფერი შენ დასაღუპად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის რუბლებივით ჩაევლო. ინტელიგენტი ადამიანისთვის ამაზე დამამცირებელი არაფერია. აი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.
თეატრი ვიყავი და შესვენებაზე ბუფეტში გავედი. უვებ ჰუსარი ა-ვი შემოვიდა და იქ მყოფ ოფიცერთა და სხვა დამსწრეთა გასაგონად უთხრა თავის ორ ამხანაგს, რომ დერეფანში ჩვენი პოლკის კაპიტანმა ბეზუმცევმა ერთი ალიაქოთი ატეხა. ”მგონი მთვრალიდ ბრძანდება”. საუბარი აღარ გარგძელდა, თანაც შეცდომა იყო, კაპიტანი ბეზუმცევი არც მთვრალი ყოფილა და არც ალიაქოთი აუტეხია. ჰყსარებმა სხვაზე გადაიტანეს ყურადღება და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ მეორე დღეს ჩვენს პოლკში შეიტყვეს ეს ამბავი. ატყდა ერთი მითქმა-მოთქმა. გამოარკვიეს, რომ ბუფეტში იმ დღეს ჩვენი პოლკიდან მარტო მე შევესწარი ამბავს და, როცა ჰუსარმა ა-ვმა თავხედურად მოიხსენია ჩვენი კაპიტანი არ ვეტაკე და არ გავაჩერე. ან რატომ უნდა გამეჩერებინა? თუ ის კაპიტან ბეზუმცევს ემტერებოდა, ეს მათი საქმე იყო, მე რა შუაში ვიყავი? მაგრამ ოფიცრებმა გადაწყვიტეს რომ ეს მთელი პოლკის საქმე იყო და რახან ოფიცრებიდან მარტო მე მე შევესწარი ამ ამბავს, მაშასადამე, იქ მყოფ ოფიცრებსა და დამსწრეებს დავუმტკიცე რომ ჩვენს პოლკში ზოგიერთ ოფიცერს საკუთარი და პოლკის პატივი არაფრად უღირს. მე არ დავეთანხმე ამ მოსაზრებას.მაშინ მაგრძნობინეს, საქმის გამოსწორება კიდევ შეიძლებაო, თუკი ახლა მაინც მოვთხოვდი ა-ვს ფორმალურ ახსნა-განმარტებას. გაბრაზებულმა ამაყად ვტკიცე უარი ამაზე და მაშინვე შევიტანე, გამანთავისუფლეთ-მეთქი. ამაყად კი წამოვედი, მაგრამ სულიერად გავნადგურდი კაცი, მიმტყუნა ძალმა და გონებამ. სწორედ იმ დროს ის პატარა ქონება, საიდანც ჩემს წილად ისე მცირე რჩებოდა, ჩემი დის ქმარმა მოსკოვში გაანიავა. ასე რომ, ქუჩაში დავრჩი უკაპიკოდ და უსახსროდ. სხვა სამსახურში შესვლა არ ვიკადრე: ბრწინვალე მუნდირის შემდეგ რკინიგზაში აბა რა მინდოდა. რახან ასე შევრცხვი, რახან ასე მომეჭრა თავი, ბარემ სულ შევრცხვე და დამესხას ლაფი-მეთქი. რაც უარესი მომივა, მით უკეთესი-მეთქი. შავ-ბნელ მოგონებებში გავატარე სამი წელი. წლინახევრის წინ მოსკოვში გარდაიცვალა ჩემი მდიდარი ნათლია, ვისაც სრულიად მოულოდნელად ჩემთვისაც დაეტოვებინა ანდერძით სამი ათასი. ვიფიქრე, ვიფიქრე და მაშინ გადავწყვიტე სესხის სალარო გამეხსნა, ადამიანებისთვის კი პატიება არ მეთხოვა. დავაგროვებ ფულს, გავიჩენ კუთეს, ძველ ამბებს დავივიწყებ და ცხოვრებას ხელახლა დავიწყებ-მეთქი, -არ, რა მქონდა განზრახული. მაგრამ ჩემი შავბნელი წარსული და შერცხვენილი სახელი მაინც არ მასვენებდა, ყოველ წუთსა და საათს მტანჯავდა. ამასობაში ცოლიც ვითხოვე, არ ვიცი, შემთხვევით იყო თუ არა. ეს კია, როცა ვითხოვე, მეგონა, მეგობარი მომყავდა რადგან მეგობარი მართლაც ძალიან მჭირდებოდა. იმასაც ვგრძნობდი, რომ მეგობარი შენ უნდა გამოზარდო, შენს ჭკუაზე მოაქციო. მაგრამ თექვსმეტი წლის გოგოსთვის ერთბაშად როგორ ამეხსნა ყველაფერი, მაშინ როცა ასე იყო განწყობილი? განა შევძლებდი მის დარწმუნებას, ლაჩარი არა ვარ და პოლკში უსამართლოს მომნათლეს-მეთქი.? იმ რევოლვერის ამბავმა სწორედ სულზე მომისწრო, მისი წყალობით შჲრი ვიძიე იმ ჩემს შავბნელ წარსულზე.მერე რა, რომ სხვებმა ვერ გაიგეს, მან ხომ გაიგო, ეს ოყო ჩემი ყველაფერი, ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც სჩემოდ ვამზადებდი, სხვა მეარავინ მინდოდა. ჰოდა, იმან ხომ გაიგო ყველაფერი, ის ხომ გაიგო, რარიგ იჩქარა ჩემი მტების მხარეზე გადასვლა. ეს ფიქრი აღტაცებით მავსებდა. მაშასადამე, მის თვალში მხოლოდ უცნაური კაცი ვიქნები, და არა ნაძჳრალა, მომხდარი ამბების შემდეგ კი ეს არცთუ უსიამოდ მიმაჩნდა. უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს ხიბლავს კიდევაც ზოგჯერ უცნაურობა. მოკლედ, განზრად არ დავეშურე საქმის გარკვევას. რაც მოხდა, ჩემი სიმშვიდისთვის საკმარისზე მეტიც იყო, საკმარისზე მეტ სურათებს მიხატავდა საოცნებოდ. სწორედ ამ ოცნებებმა დამღუპა. ჩმეტვის ეს ოცნებებიც კმაროდა, ის კი მოიცდის-მეთქი, მეგონა.
ასე მიიწურა ზამთარი. ჰოი, როგორ მიყვარდა ქურდულად ცქერა, როცა თავის მაგიდას უჯდა, ხან საქმით, ხან საკერავით გართული. საღამოობით კი ჩემი კარადიდან გამოტანილ წიგნს კითხულობდა. ამ წიგნებსაც ჩემს სასარგებლოდ უნდა ეღაღადა, არმეთჲ მე შავღჩიე. თითქმის სულ შინ იჯდა. ნასადილევს, ბინდისას, ყოველდღე გამყავდა სასეირნოდ, ოღონდაც წინანადელივით უბრად აღარ ვიყავით. ვცდილობდი, ისე მომეჩვენებინა თავი, ვითომც არ ვდუმვართ, პირიქით, ტკბილადაც ვსაუბრობდით. მაგრამ ხომ მოგახსენეთ, ჩვენ არც მაინცდამაინც ვცდილობდით მეთქი საუბრის გაგრძელებას. ამას განზრახ ჩავდიოდით, დრო უნდა მიმცა მისთვის. არა, ზამტრის მიწურულამდე ერთხელ როგორ არ გავივლე გუნებაში, მე თუ ქურდულად შევცქერი თვითონ რატომ არ შემომხედავს-მეთქი. მაგრამ ამას გაუბედაობას ვაწერდი.
ეს ფიქრი ფრთებს მასხამდა, აღმაფრთოვანებდა. რა დაგიმალოთ, და შიგადაშიგ განზრახ ვიღიზიანებდი თავს, იქამდე მიმყავდა თავი, დიდხანს მართლა ნაწყენი ვიყავი მასზე. მაგრამ არასოდეს მძულდა. მაშინაც კი, როდესაც გავწყვიტე ჩვენი ცოლქმრობა, ვუყიდე საწოლი და თეჯირი, მაშინაც კი მოღალატედ არ ჩამითვლია. განა იმიტომ, რომ მის დანაშაულს ზერელად ვუყურებდი, არა, იმიტომ რომ მაშინვემ პირველივე დღეს საწოლის ყიდვამდე ჩემს გულში ვაპატიე და ყველაფერი შევუნდე. უცნაურად მოვიქეცი, რადგან ნამუსზე მკაცრი გალხავართ. მაგრამ ძალიან მოტეხილი, დამცირებული და განადგურებული მეჩვენა, ხანდახან კიდეც მეცოდებოდა, თუმცა მისი დამცირება სადღაც მსიამოვნებდა. დიახ, დიახ, ეს ჩ[ენი უთანასოწრობა სიამეს მგვრიდა...
იმ ზამთარს რამოდენიმე კაცს სიკეთე გავუკეთე. ორ ვალი ვაპატიე, ერთ ღარიბ ქალს სულაც გირაოს გარეშე მივეცი სესხი. ცოლისთვის კი არაფერი მითქვამს და არც იმიტომ მოვქცეულვარ ასე, მას გაეგო. მაგრამ ის ღარიბი ქალი ლამის დაჩოქილი მვოიდა მადლობის სათქმელად და მაშინ გამჟღვნდა ყველაფერი. მომეჩვენა, თითქოს მართლა ესიამოვნა ეს ამბავი.
ამასობაში გაზაფხულიც დადგა. შჲა აპრილი იყო, როცა ამოხსნეს ჩარჩოები და ჩ[ენს მდუმარე სამყოფელში მზემ შემოიჭყიტა. მაგრამ ჩემს თვალებში მაინც ბინდი ეფინა, ბედისწერის საშინელი ბინდი! შმეთხვევით მხოდა თუ საამისო ჟამი დაჰკრა ან მზის სხივმა გამინათა მე უტვინოს აზრი და ჭკუა? არა, აქ არაფერ შუაში იყო აზრი და ჭკუა. არა, აქ ერთი ძარღვი, თითქოს უკვე მკვდარი, ათამაშდა, გაცოცხლდა და გამინათა დაჩლუნგებული და ჯოჯოხეთური სიამაყე. თითქოს ფეხზე წამოვიჭერი, ისე მოულოდნელი და უეცარი იყო იგი. ეს მოხდა ნასადილევის ხუთ საათზე.
II
თვალის ახელა
მანამდე ორ სიტყვას ვიტყვი. ჯერ ერთი, მას ადრე შევამჩნიე უცნაური განრიდება. განა მხოლოდ ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა, არა, განრიდებული იყო რაღაცნაირად. დიახ, დიახ, უეცრად შევამჩნიე. მახსოვს, თავდახრილი რაღაცას კერავდა, არ იცოდა, რომ ვუყურებდი. ჰოდა, ისეთი გამხდარი მეჩვენა, ისეთი გაცრეცილი სახე, ჩათეთქვილი ტუჩები ქონდა, ლამის თავზარი დამეცა. წინათაც ერთი-ორჯერ, განსაკუთრებით საღამოობით, ხველება მომესმა მისი. არაფერი მითქვამს, ისე ავდექი და მაშინვე შრედერთან წავედი. ვთხოვე ჩვენთან მობრძანებულიყო.
შვედერი მეორე დღეს მოვიდა.გაუკვირდა ექიმის მოსვლა. ხან მე შემხედავდა გაოცებით, ხან შრედერს.
-რა იყო, მე კარგად ვარ,-თქვა და უცნაურად გაიღიმა.
შრედერმა არცთუ გულდასმით გასინჯა, ოღონდაც მეორე ოთახში მითხრა, ავადმყოფობის შედეგია, ურიგო არ იქნება სადმე ზღვაზე თუ წაბრძანდებით ან აგარაკზე მაინც წაიყვანთო. ერთი სიტყვით, მარტო ის ბრძანა დასუსტებულიაო, სხვა არაფერი. შრედერი რომ გავისტუმრე, საოცრად დინჯად შემომხედა და ისევ გაიმეორა, ძალიან, ძალიან კარგად ვარო.
მაგრამ ალმური კი გადაჰკრა მაშინვე, ალბათ შერცხვა და იმიტომ. ახლა მესმის, რატომაც შერცხვა. შერცხვა იმიტომ რომ ისევ ქმარი ვიყავი მისი და მასზე ვზრუნავდი, როგორც ქმარი. მაშინ კი ვერ მივხვდი, მისი ალმური მორჩილებას მივაწერე (სიბრმავე ჩემი!)
ერთი თვის შემდეგ, აპრილის ერთ კაშკაშა მზიან დღეს, ხუთი საათი იქნებოდა, ჩემს სალაროსთან ვიჯექი და ვანგარიშობდი. უცებ იმ ოთახიდან, სადაც თავის მაგიდას უჯდა და საქმიანობდა, ჩუმი...ჩუმი ღიღინი მომესმა. ამ ღიღინმა სულის სიღრმემდე შემძრა, არ ვიცი რატომ.აქამდე მისი ღიღინი თითქმის არ მსმენია, მხოლოდ ჩვენი ცოლქმრობის პირველ დღეებში თუ წაიმღერებდა ხანდახან. როცა ვერთობოდით და რევოლვერს ნიშანში ვისროდით: მაშინ საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა, საოცრად წკრიალა და სასიამოვნო. ახლა კი რაღაც უძალოდ ჟღერდა მისი ხმა. განა იმიტომ, ჰანგი იყო სევდიანი, არა, ხმა გაბზარვოდა, თითქოს ვერ დაეძლია ჯანგი, თითქოს თვითონ სიმღერას შეჰპარვოდა სენი. ხმადაბლა ღიღინებდა და ცოტა რომ აუმაღლა, საბრალისად ჩაუწყდა ხმა, ჩაახველა და ისევ ჩუმად განაგრძო ღიღინი...
დამცინოთ იქნებ, მაგრამ ვერა, ვერ გამიგებთ, რამ ამაღელვა ასე! არა, ეს ჯერაცარ იყო სიბრალული, ეს რაღაც სხვა გრძნობა იყო. პირველ წუთებში უეცრად სახტად დავრჩი, საშინლად გამიკვირდა და ლამის ბოღმამ ამიტანა, ”რა ამღერებს! დაავიწყდა განა, რომ მე აქ ვარ?”
ერთხანს გაოგნებული ვიჯექი, მერე სასწრაფოდ ავდექი, ქუდი ავიღე და ლამის აზრდაკარგული გამოვედი გარეთ. მეც არ ვიცოდი, სად მივდიოდა ან რად მივდიოდი. ლუკერიამ პალტო მომაწონდა.
-მღერის-მეთქი? -ვკითხე უნებლიედ. ვერ გამიგო და გაკვირვებით შემომაჩერდა. ან კი რას გაიგებდა.
-პირველად მღერის დღეს?
-არა, თქვენ რომ არ ხართ, მაშინ მღერის ხოლმე, -მითხრა ლუკერიამ.
კარგად მახსოვს, როგორ ჩავიარე კიბე, გავედი ქუჩაში და გზას დავადექი. მივედი მოსახვევამდე და გავიხედ-გამოვიხედე. ხალხი მიდი-მოდიოდა, მეჯახებოდა, მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. მეეტლე გავაჩერე და ვუთხარი, საპოლიციო ხიდამდე მიმიყვანე-მეთქი, არ ვიცი, რატომ. მოულოდნელად გადავიფიქრე და აბაზიანი მივეცი.
-აჰა, აიღე, ტყუილად რომ გაგსარჯე, - ვუთხარი და უაზროდ შევცინე. გულში უეცრად საოცარი აღტაცება დამისადგურდა.
გამალებული შემოვტრიალდი შინისკენ.
საბრალო, გაბზარული ხმა კვლავ ამიჟღერდა სულში. სუნთქვა შემეკრა. ბინდი ნელ-ნელა ჩამომეცალა თვალთაგან! რაკი ჩემს იქ ყოფნისას იმღერა, მაშ დაავიწყდა ჩემი არსებობა-აი, რა იყო საშინელი და თავზარდამცემი, აი, რას მიგრძნობდა გული. მაგრამ აღტაცება მაინც მივსებდა სულ და შიშს ჯაბნიდა.
ჰოი, ბედის მწარე დაცნივა! მთელი ზამთარი სხვა რა უნდა მეგრძნო, თუ არა ასეთი აღტაცება, მაგრამ სად ვიყავი ის ზამთარი? რა ვუყავი ჩემს სულს? კიბე საჩქაროდ ავირბინე. არ ვიცი, როგორ შევედი, გაუბედავად თუ გაბედულად, ის მახსოვს, თითქოს ტორტმანობდა იატაკი და თითქოს მდინარე მიმაცურებდა.ისევ თავის ადგილზე იჯდა, თავდახრილი, რაღაცას კერავდა, მაგრამ აღარ მღეროდა. გულგრილად შემავლო თვალი, ისე, ოთახში ვიღაც რომ შემოვა.
ახლოს დავუჯექი. გიჟს ვგავდი. თვალი შემავლო და თითქოს შეკრთა. ხელი დავუჭირე და აღარ მახსოვს რა ვუთხარი, ანუ რისი თქმა მინდოდა, ვინაიდან აღტაცებულს ენა არ მემორჩილებოდა, ხმა მიწყდებოდა. ისიც არ ვიცოდი, რა მეთქვა, სული მეგუდებოდა.
-ვილაპარაკოთ...მითხარი რამე!-ამოვღერღე სულელივით, თუმდა რა მეჭკვიანებოდა? შეკრთა ისევ და შეშინებული სკამს აეკრა, ჯიქურ შემომხედა. უცებ გაკვირვებამ გაუელვა თვალებში. დიახ, გაგკვირვებამ, გოროზმა გაგკვირვებამ. თვალები გაუფართოვდა. ამ გოროზმა, დიახ, დიახ, გოროზმა გაკვრივებამ ლამის იქვე გამსრისა კაცი: ”შენი სიყვარულიც გინდა, სიყვარულიც?” -მკითხა თითქოს ამ გამოხედვით, თუმცაღა უხმოდ. მაგრამ მე კი ყველაფერი ამოვიკითხე, ყველაფერს მივხვდი. შევძრწუნდი და მყისვე ფეხებში ჩავუვარდი. დიახ, დიახ, ფეხებში ჩავუვარდი. უმალ წამოხტა, მაგრამ ხელებში ჩავჭიდე და არ გავუშვი.
მესმოდა, ვაი, რომ კარგად მესმოდა ჩემი უსასოობა! მაგრამ, დამიჯერებთ, აღტაცება ისე მიდუღდა სულში, ასე მეგონა ამ წუთებში მოვკვდები-მეთქი. თავდავიწყდებით ვუკოცნიდი ფეხებს. თავდავიწყებით და უსაზღვრო ნეტარებით, თუმცა ვიცოდი აღარაფერი მიშველიდა! ვტიროდი და ვლუღლუღებდი რაღაცას, ლაპარაკი აღარ შემეძლო, შიში და გაოცება ჩაფიქრებამ შეცვალა, დიდი გაოცება და კითხვა გამოეხატა სახეზე. შემომხედა და უცნაურად, ლამის გიჟივით, თითქოს უნდა გაარკვიოს რა ხდება ჩემს თავს, და გაიღიმა. საშინლად შერცხვა, ფეხებს რომვუკოცნიდი და ფეხები გამომაცალა. მე კი იმ ადგილს ვკოცნიდი სადაც ეს წუთი ფეხი ედგა. ამის დანახვაზე სიცილი აუტყდა. არ გინახავთ განა, კაცი რომ სირცხვილით გაიცინებს. ვამჩნევდი, სადაცაა ისტერიკა დაემართებოდა, ხელები უკანკალებდა, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობდი, ვლუღლუღებდი მხოლოდ, მიყვარხარ-მეთქი, აქედან არ ავდგები. ”ნება მომეცი, კაბა დაგიკოცნო...მთელი სიცოცხლე შენზე ვილოცო...”არ ვიცი, არ მახსოვს არაფერი. უცებ აცახცახდა და ქვითინი წასკდა. ისე შევნიშნე, ისტერიკამ მოუარა.
ავიყვანე ლოგინზე და დავაწვინე.
დაწყნარდა, წამოჯდა, საოცრად შეწუხებულმა დამიჭირა ხელები და შემეხვეწ: ”გეყოფათ, თავს ნუ იტანჯავთ, დამშვიდდით!” ცრემლები კი ღვრად ჩამოსდიოდა. მთელი საღამო არ მოვცილებივარ. ვეუბნებოდი, რომ ბულონში წავიყვან, ზღვაზე, ახლავე, ორიოდე კვირის შემდეგ წავიყვან, რომ წეღან მომესმა მისი სიმღერა, მისი საცოდავი, გაბზარული ხმა, რომ სალაროს დავკეტავ, დობრონრავოვს მივყიდი, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებთ, რაც მთავარია ბულონში წავალთ! მისმენდა და კანკალებდა. შიში უფრო და უფრო ეძალებოდა. მაგრამ არად ვაგდებდი, ოღონდაც მის ფეხებთან ვწოლილიყავი,მეკოცნა ის მიწა, სადაც ფეხი ედგა, და მელოცა მასზე. ”სხვა არაფერს გთხოვ და არც მოგთხოვ, -ვუმეორებდი წარამარა,-თუ გინდა ხმასაც ნუ გამცემ, ნუ შემამჩნევ, ოღონდ ნუ დამიშლი სადმე კუთხეში მუკუნჭულმა გიცქირო, გავხდე შენი ნივთი, შენი ფინია...” ის კი ტიროდა და ტიროდა.
-მე კი მეგონა, ასე დამტოვებდით,-წამოსცა უნებლიეთ, ისე უნებლიეთ, თვითონაც ვერ მიხვდა, რა თქვა. ეს იყო საბედისწერო სიტყვები, ჩემთვის ყველაზე გასაგები იმ საღამოს. თითქოს დანა დამისვეს გულზე! ამან ცხადი გახადა ყველაფერი. მაგრამ სანამ გვერდით, თვალწინ მყავდა, მაინც იმედი მქონდა, მაინც ბედნიერი ვიყავი საშინლად! ჰოი, როგორ დავქანცე იმ საღამოს. მეგონა ყველაფერს უცებ შევცვლი-მეთქი! საღამო ხანს სულ გამომეცალა არაქათი. დავიყოლიე, დაწექი-მეთქი და დაიძინე. მაშინვე ჩაეძინა. მეგონა ბოდვას დაიწყებდა. წარამარა ვაკითხავდ, შევდიოდი და ვუყურებდი. ამ სნეული არსების, ამ უბადრუკ რკინის საწოლზე მწოლიარს, მე რომ სამ მანეთად ვუყიდე, შემხედვარე ხელებს ვიმტერვდი...ხან დაჩოქილი ვიდექი, თუმცა ფეხებს აღარ ვუკოცნიდი, ხან ვლოცლობდი და ხან გიჟივით წამოვხტებოდი. ლუკერია ხშირ-ხშირად შემოდიოდა და გაკვირვებით მიცქერდა. გავედი და ვუთხარი, წადი დაწექი, ხვალიდან ”სულ სხვა ამბები” დაიწყება-მეთქი.
ჰოი, რა ბრმად, რა უგნურად მჯეროდა, რომ დაიწყებოდა. აღტაცება მახრჩობდა! გათენების მოლოდინში ვიყავი მხოლოდ. უბედურებას მაინც არ ველოდი, თუმცა ამის ნიშნები იყო. თვალებიდან ბინდი მომცილდა, მაგრამ დღემდე ჭკუაზე მაინც ვერ მოვედი! ან როგორ უნდა მოვსულიყავი, როცა მაშინ ცოცხალი იყო და თვალწინ მყადვდა. მის გვერდით ვიყავი: ”რა წამსაც გაიღვიძებს, მაშინვე ვეტყვი ყველაფერს, თავისი თვალით ნახავს-მეთქი ყველაფერს!” აი, რას ვფიქრობდი მაშინ, რა მარტივად ვუდგებოდი, აღტაცება მახრჩობდა! თავიდათავი ბულონში წასვლა იყო, რატომღაც მეგონა, ბულონი გადაწყვეტდა ყველაფერს. ”კი ბულონში, ბულონში წავალთ!..” გიჟივით ველოდი გათენებას.
III
ვაი, რა კარგად მესმის ახლა
ეს იყო რამოდენიმე დღის წინ, მხოლოდ ხუთი დღის წინ, წინა სამშაბათს! არა, რა იქნებოდა, ცოტა მაინც ეცალა ჩემთვის-ბნელი გამეფანტა! თუმცა ხომ დამშვიდდა! მეოე დღესრომ ღიმილით მისმენდა, მერე რა, რომ შემცბარი ჩანდა...კი, მთელი ეს ხუთი დღე სირცხვილი თუ შეცბუნება ეტყობოდა.შეშინებულიც იყო, ძალზე შეშინებული: არ ვდაობ, გიჟი არა ვარ, სხვა ვამტკიცო: განა არ უნდა ყოფილიყო შეშინებული? რა ხანია უცხონი გავხდით, გადავეჩვიეთ ერთმანეთს, ერთბაშად კი...მაგრამ ამ შიშს არსად ვაგდებდი! უთუოდ, უთუოდ შევცდი. იქნებ სხვა ბევრშიც შევცდი. მეორე დღესვე დავუშვი შეცდომა: ერთბაშად მოვინდომე მისი დამეგობრება. ვიჩქარე, მეტისმეტად ვიჩქარე, მაგრამ აღსარება უნდა მეთქვა, აღსარება აუცილებელი იყო- არსარებაზე მეტიც! ისიც არ დავუმალე, რასაც ჩემს თავს მთელი სიცოცხლე ვუმალავდი. ვუთხარი, რომ მთელი ზამთარი ეჭვი არ შემპარვია მის სიყვარულში. ავუხსენი, რომ სესხის სალარო ჩემი გონებისა და ნებისყოფის სისუსტე იყო, ჩმი იდეა თვითსაგვემას და განსადიდებლად. ავუხსენი, რომ მაშინც, ბუფეტში, მართლა შევშინდი ჩემი ეჭვიანი ხასიათის გამო. შევცბუნდი კაცი : რომ ავდგე და მივიდე, ბრიყვულად არ გამომივიდეს-მეთქი...მერე კი აღარ გავტყდი, მეც ვეწამე და სხვებიც ვაწამე. ვაწამე ისიც. აღგზნებული ვლაპარაკობდი. თვითონვე მიჭერდა ხელებს, მეხვეწებოდა: ”ნუ აჭარბებთ. თავს ნუ იტანჯავთ”. აუტყდებოდა ისევ ტირილი და ლამის კვლავ ისტერიკა მოერეოდა, მეხვეწებოდა, ნუღარ ჰყვებით და ნურც იხსენებთო.
მე კი ამ მუდარას არ მივაქციე ყურადღება: გაზაფხული, ბულონი მედგა თვალწინ! იქ მზეა, იქ ჩვენთვის ახალი მზე ამოვა-მეთქი, გავიძახოდი! სალარო დავკეტე, საქმეები დობრონრავოვს გადავულოცე. ავდექი და ესეც მივახალე, ყველაფერი ღარიბებს დავურიგოთ-მეთქი, მარტო ჩემი ნათლიისგან მიღებული სამი ათასი დავიტოვოთ და იმით წავიდეთ ბულონში, იქედან დაბრუნებულებმა კი ვიშრომოთ, ახალი ცხოვრება დავიწყოთ-მეთქი.ასეც გადაწყდა, ვინაიდან თვითონ არაფერი უთქვამს, ეს კია, გაიღიმა. უფრო იმიტომ, მგონი, გული არ დამწყვეტოდა. გან არ მივხვდი, ჩემთან ყოფნა რომ უმძიმდა.განა ისეთი ბრიყვი და თავკერძა გგონივართ ეს არ დამენახა.კი, ვხედავდი, ყოველ წვრილმანს ვხედავდი და ყველაზე უკეთ ვიცოდი; ჩემი უსასოობა ჩემზე უკეთ ვინ იცოდა!
ვუამბე ჩემზეც, მასზეც. ვუამბე ლუკერიაზეც, ვუთარი როგორ ვტიროდი...განა არ შევეცადე, სხვა რამეზეც მელაპარაკა, განა არ შევეცადე, სულაც არ მეხსენებინა ზოგიერთი ამბავი, ერთი-ორჯერ გამოცოცხლდა კიდევაც. მახსოვს, განა არ მახსოვს! მაშ, რაღად მეუბნებით ვერაფერი ვერ დაინახეო? არ მომხდარიყო ეს ამბავი, ხომ აღსდგებოდა ყველაფერი. ხომ მიამბო ამ სამი დღის წინ, რა წაიკითხა ამ ზამთარს. მომიყვა ჟილ ბალზაკის სცენა გრენადის ეპისკოპოსთან. რამდენი იკისკისა, მერე რა საყვარლად, რა ბავშვურად, როგორც გათხოვებამდე იცოდა ხოლმე. ოჰ, რარიგ გამიხარდა! თუმცა არქიეპისკოპოსის ამბამა საოცრად შემაცბუნა. მაშასადამე, ამ ზამთრს იმდენი სიმშვიდე და სიხალისე ქონდა, დიდებულმა წიგნმა სიცილი მოჰგვარა. მაშასადამე, უკვე დაიმშვიდა გული, უკვე დაიჯერა თავი, რომ ასე დავტოვებდი. მე კი მეგონა, ასე დამტოვებდითო-რომ მითრა სამშაბათს! მხოლოდ ათი წლის გოგო იტყოდა ამას! მაგრამ აკი სჯეროდა, სჯეროდა რომ ყველაფერი ასე დარჩებოდა: რომ სამოც წლამდეც ასე ვიქნებოდით, ის მისთვის, მე ჩემთვის.ერთბაშად კი ქმრობა მოვინდომე, არადა, ქმარს სიყვარული უნდა! ჰოი, გაგუგებროებავ, ჰოი, სიბრმავევ ჩემო!
ისიც შეცდომა იყო, აღფრთოვანებით რომ შევცქრეროდი. თავი უნდა შემეკავებინა, ამ აღტაცებამ დააფრთხო ასე. მაგრამ ხომ შევიკავე თავი, აღარ ვუკოცნიდი ფეხებს. ხომ ერთელაც არ ვაგრძნობინე, რომ...მისი ქმარი ვიყავი. არა, ეს თავშიც არ მომსვლია, მხოლოდ ვლოცულობდი მასზე! მაგრამ სულ ხომ არ დავდუმდებოდი, რაღაც უნდა მეთქვა! მეც განვუცხადე, რომ ვტკბები მისი საუბრით, რომ ჩემზე გაცილებით ნაკითხი და განათლებულია. გაწითლდა, დარცხვენით მითხრა, აზვიადებთო. მაგრამ მე ბრიყვმა ვერ მოვითმინემ მაინც ვუამბე, რა აღტაცებული დავრჩი მაშინ, როცა კარს უკან ვიდექი იმ ნაძჳრალასთან მის პაექრობას ვუსმენდი, რა ნეტარება მომანიჭა მისმა ჭუამ, მახვილმა ენამ და ბალღურმა სიწმინდემ. შეკრთა ამ სიტყვებზე, წაილუღლუღა, ნუ აჭარბებთო, ნუ, მერე, მოიღრუბლა, ხელები მიიფარა პირზე და ატირდა...მაშინ ვეღარც მე შევიკავე თავი: ისევ დავემხე მის წინ, ისევ დავუკოცნე ფეხები. იმ სამშაბაბათივით ისევ მოუარა ისტერიკამ. ეს წუხელ იყო, მეორე დილას კი...
მეორე დილას? უგნურო, ეს ხომ ამ დილას, ხომ წეღან იყო!
აბა, კარგად ჩუკვირდით: წეღან რომ სამოვართან შევიყარეთ, მისმა სიმშვიდემ გამაოცა! დიახ, დიახ, მე კი მთელი ის ღამე შიშის კანკალში გავატარე. მოვიდა ჩემთან, წინ დამიდგა, გულზე ხელები დაიკრიფა და მითხრა, მესმის ჩემი დანაშულიო, მთლი ზამთარი ეს დანაშაული მტანჯავდა და ახლაც მტანჯავსო....დიახ ვაფასებ თქვენს სულგრძელობასო...”მე თქვენი ერთული ცოლი, ყოველთვის თქვენი დამფასებელი ვიქნები”. წამოვხტი და გიჟივით გადავეხვიე! იმდენი ხნის შემდეგ პირველად დავუკოცნე სახე, ტუჩები, როგორც ქმარმა. ვაიმე, რა ჯანდაბად წავედი წეღან, მხოლოდ ორი საათით წავედი...ჩვენი საზღვარგარეთული პასპორტებისთვის...რა იქნებოდა, ხუთი წუთით, მხოლოდ ხუთი წუთით ადრე დავბრუნებულიყავი? ..ჰოი, ჭიშკართან შეგროვილი ხალხი, მათი თვალები...ვაიმე, ღმერთო!
ლუკერიამ, ლუკერიამ მითხრა, რომ ჩემს დაბრუნებამდე ოციოდე წუთით ადრე შესულა ქალბატონთნ ჩვენს ოთახში რაღაცის საკითხავად, არ მახსოვს, რისი. თურმე ხატი ედგა წინ მაგიდაზე, თითქოს ლოცულობდაო. ”რა იყო ქალბატონო?”-უკითხავს. ”არაფერია ლუკერია, წადი...თუმცა, არა, მოიცა...”-მისულა და უკოცნია. ”მაშ, ბედნიერი ბრძანდებით, ქალბატონო?”-”ჰო ლუკერია”.-”აქმადეც უნდა ეთხოვა ბატონს პატიება...მადლობა ღმერს, რომ შერიგდით.”-”ჰოი, ლუკერია. ოღონდ წადი”,-ისე უცნაურად შეჰღიმა თურმე, ათი წუთის შემდეგ ლუკერია ისევ შებრუნებულა. ”ვხედავ, ფანჯარასთან დგას, ხელი კედელზე აქვს მიდებული, ზედ თავი ჩამოუდევს და ისე ჩაფიქრებულა, ვერც დამინახა, რომ მეორე ოთახიდან ვუყურებ. თან თითქოს იღიმება თავისთვის. ვუცქირე, ვუცქირე და ფეხაკრეფით გამოვბრუნდი უკან. უცებ მომესმა, ფანჯარა გაიღო. იმწუთშივე მივბრუნდი სათქმელად: ”გრილა, არ გაცივდეთ-მეთქი”. ვნახოთ, ფანჯარაზე შემდგარა, გამართული, ჩემკენ ზურგით, ხატი უჭირავს. გული გამიქანდა, მივაკივლე ”ქალბატონო, ქალბატონო!” გაიგონა ჩემი კივილი, დააპირა მობრუნება, მაგრამ აღარ მობრუნდა, გადადგა ფეხი, ხატი გულზე მიიხუტა და ფანჯრიდან გადაეშვა!”
ისღა მახსოვს, ეზოში რომ შევედი, ჯერაც თბილი იყო. ყველანი მე მიყურებდნენ. მანამდე ყვიროდნენ და ვიშვიშებდნენ, მერე გაჩუმდნენ და გზა დამითმეს...ის კი, ის კი ხატიანად იზვა. სიზმარივით მახსოვს, უხმოდ რომ მივედი და დავაცქერდი. სხვები შემომეხვივნენ, რაღაცას მეუბნებიან. ლუკერიაც იქ იყო თურმე, ოღონდ არ დამინახავს. მითხრა, დაგელაპარაკეო. მხოლოდ ერთი მდაბიო, მახსოვს, ჩამძახოდა: ”პეშვი სისხლი წამოუვიდა პირიდან, მხოლოდ პეშვი!” თითით მაჩვენებდა ფილაქანზე სისხლს. მგონი, თითიც ვატაკე სისხლში, დამესვარა, დავყურებ ამ თითს, ის კი ჩამძახის: ”პეშვი, მხოლოდ პეშვი!”
-მერე რა, რომ პეშვი? - ვიბღავლე თურმე მთელი ხმით, ავწიე ხელები და ვეძგერე...
ჰოი, სიგიჟე, სიგიჟ და გაუგებრობა! ჰოი, დაუჯერებელი, შუძლებელი ამბავი!
IV
ხუთი წუთით დამაგვიანდა
განა არა? განა დაიჯერება ეს ამბავი? განა იტყვის ვინმე, შეიძლება ეს მომხდარიყოო? რას, რისთვის მოიკლა თავი?
ოჰ, მერწმუნეთ, რომ მესმის, მაგრამ როგორ მოიკლა, მაინც საკითხავია. შეეშინდა ჩემი სიყვარულის, თავს ჰკითხა: შევძლებ თუ არაო, ვერ შეძლო და სიკვდილი არჩია. ვიცი, ვიცი, ტვინის ჭყლეტა რა საჭიროა: მეტისმეტად ბევრს შემპირდა, მაგრამ შეეშინდა, დაპირებულს ვერ ავასრულებო. კი, მესმის. აქ რამდენიმე საშინელი ამბავი დაემთვა ერთმანეთს.
მაშ რად მოიკლა თავი? იკითხავთ მაინც. ჩაქუჩივით მიკაკუნებს თავში ეს კითხვა. განა არ დავტოვებდი, როგორც უნდოდა, მაგრამ არ დაიჯერა, აი, რაა თავიდათავი. არა, ვტყუი, სულაც არ იყო ასე საქმე. უბრალოდ ჩემთან პატიოსნება ჭირდებოდა. თუ შემიყვარებდა, სულით, გულით უნდა ვყვარებოდი, არა ისე, როგორც მედუქნე. მაგრამ მეტისმეტად სპეტაკი, მეტისმეტად წმინდა იყო, არ მომატყუა, ვერ გაასაღა სიყვარულის ნახევარი თუ მეოთედი ნაღდ სიყვარულად. მეტისმეტმა პატიოსნებამ გვიყო, ბატონო! მე კი, გახსოვთ, დიდი გრძნობები მინდოდა შთამენერგა მისთვის! საოცრებაა.
ნეტავ მაცოდინა, მცემდა კი პატივს? თუ ვეზიზღებოდი? არა მგონია, ვეზიზღებოდე. საოცარია: მთელი ზამთრი ერთხელ როგორ არ ვიფიქრე, ვეზიზღები-მეთქი? აკი პირიქით მეგონა იმ წუთამდე, სანამ გოროზი განცვიფრება არ შევამჩნიე. სწორედ გოროზი. აი, მაშინ დამკრა უცებ თავში, რომ ვეზიზღებოდი. ჩავხვდი ამას, ბოლოს და ბოლოს! ოჰ, არ ვყვარებოდი, ოღონდაც კი იმას ეცოცხლა! წეღან არ იყო, დადიოდა, ლაპარაკობდა. ვერ გამიგია, რატომ, რისთვის, რად გადავარდა ფანჯრიდან. ხუთი წუთით ადრე ამას რას ვიფიქრებდი? ლუკერიას დავუძახე. ახლა ლუკერიას არამც და არამც არ მოვიშორებ!
ხომ შეგვეძლო ერთმანეთში მორიგება. მერე რა, რომ მეტისმეტად გადავეჩვიეთ ამ ზამთარს, ხომ შეგვეძლო ისევ შეჩვევა? ერთი-ორი სიტყვა, ერთი-ორი დღე და ყველაფერს თვითონ მიხვდებოდა.
ყველაზე უფრო ის მკლავს, რომ ყველაფერი შემთხვევა იყო, ბარბაროსული, სულელური შემთხვევა. რა დასანანია! ხუთი წუთი, ეს ოხერი ხუთი წუთი დამაგვიანდა, ხუთი წუთით ადრე რომ მომესწრო - ჩაივლიდა ეს ხუთი წუთი და აღარასოდეს ამას აღარ გაიფიქრებდა. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებოდა ყველაფერს. ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო.
წინ და უკან დავდივარ. ვიცი, ვიცი, კარნახი არ მჭირდება. გეცინებათ ალბათ, რომ შემთხვევასა და იმ ხუთ წუთს ვაწერ ყველაფერს? მაგრამ განა ცხადი არაა. აგა განსაჯეთ: წერილი არ დატოვა, აქაოდა ჩემი სიკვდილს ნურავის დააბრალებთო, ნუთუ არ იფიქრა, რომ შეიძლებოდა ლუკერიასთვის ეთქვას: ”მარტო შენ იყავი მასთან, იქნებ სულაც შენ ჰკარი ხელი”.ყოველ შემთხვევაში, ტყუილუბრალოდ ამოხდიდნენ სულ დაკითხვებით, ოთხ კაცს შემთხვევით რომ არ დაენახათ ფლიგელიდან თვითონვე რომ გადმოეშვა ხატით ხელში. არა, არა ყველაფერი წამი ბრალია! მხოლოდ და მხოლოდ დაუფიქრებელი წამის. მოულოდნელობა და ფანტაზია! მერე რა რომ ილოცა? ფანა ის იმას მოწმობს, რომ სიკვდილს აპირებდა. ეს წამი დიდი-დიდი ათიოდე წუთს გაგრძელდა, როცა კედელთან იდგა, მკლავზე თავჩამოდებული, და იღიმებოდა: უეცრად აზრად მოუვიდა ეს ამბავი, თავბრუ დაესხა და ვეღარ სძლია ცდუნება.
როგორც გენებოთ, ისე იფიქრეთ და გაუგებრობა გახლავთ, სხვა არაფერი. ჩემთან მაინც შეეძლო ცხოვრება. იქნებ სისხნაკლულობის ბრალი იყო? იქნებ სისხნაკლული რომ იუო და სიცოცხლის წყარო დაეშრიტა? არა, დაღალა ამ ზამთარმა, აი, რაა მიზეზი...
დავაგვიანე!!!
რა გამხდარი წევს კუბოში, როგორ გასთხელებია ცხვირი! ისრებივით დაჰფენია წამწამები. ისე დაეცა, არც დამტვრეული და არც არაფერი დაშავებია. ”პეშვი სისხლი”, მხოლოდ პეშვი. შინაგანი ჩაქცევა იყო ალბათ. რა უცნაური ფიქრი მომივიდა: ნეტავ თუ შეიძლება არ დავმარხო? ვინაიდან თუ წაიყვანეს...არა, არა, არ შეიძლება წაიყვანონ! მე ხომ ვიცი, რომ წაიღებენ, გიჟი ხომ არ ვარ, პირიქთ, ასე საღად არასოდეს მიაზროვნია, მაგრამ როგორ დავრჩეასე ობლად ამ ორ ოთახში, ამ გირაოების ამარა. ბოდვაა! ბოდვაა! დავტანჯე, სული ამოვხადე, აი, რაა მიზეზი!
რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაჩი მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ალბათ, თქვენი ცხოვრება, თქვენი სახელმწიფო,თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. ”ხმა-კრინტი, ოფიცერო!” ის დამიყვირებს. მეც მივახლი: ”შენ რა ძალა გაქვს, რომ დაგმორჩილდე? რაც დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან.” ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ!
ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი, რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენს ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგოროც მეგობარს - გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის მყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა! იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი...ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი.
ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! ”არის კი ველად კაცი ცოცხალი?” ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო.მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ირგვლივ მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.
”ერთმანეთი გიყვარდეთ, ხალხნო”. - ვინ თქვა ეს, ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. ღამის ორი საათია. მის ლოგინთან ფეხსაცმელი აწყვია, თითქოს პატრონს ელისო...
ხვალ რომ მართლა წაიყვანონ, მე რაღა ვქნა, რა მეშველება?