Litclub.ge

და გაფითრდა
და გაფითრდა ქალის სახე, და გაფითრდა ქალის სახე,
როცა კოცნა პირველ ტრფობის მის მხურვალე ტუჩს შევახე.
და გაფითრდა ის მაშინაც, როცა იგრძნო რაღაც ძალა,
და გაფითრდა, როს ამ ძალამ წინ სხვა მხარე გადუშალა.
და მე მახსოვს, მხოლოდ ერთხელ, სახე გაუალისფერდა,
ალბათ ტრფობამ გაიტაცა და თან გულიც სძგერდა, სძგერდა,
და გაფითრდა... ვნახე ბოლოს კუბოში რომ იწვა წყნარად,
თვალდახუჭულს საკმეველი გარს უვლიდა ნაზ-ნარნარად.
და ყვავილთა შორის იწვა სანთლისფერი მისი სახე,
როს მხურვალე ჩემი სული გაცივებულ ტუჩს შევახე.
და მას შემდეგ ვერ ვიცილებ უჩვეულო ფიქრთა კრებულს,
და ვიგონებ, და ვიგონებ ქალს, სიკვდილით გაფითრებულს.

1914