ჟამსა სევდისას, მარტოობის ჟამსა მწუხარეს,
ოდეს არსაით თანაგრძნობის ხმა არ მომესმის,
მე კვლავ ვოცნებობ ლაურაზე, იმ ლაურაზე,
რომელმაც ასე გააშუქა სიცოცხლე მგოსნის.
ვითარ სათუთად გულში ვზრდიდი მე იმის სახეს,
თავს ვევლებოდი ალს, ოცნებას, როგორც ფარვანა,
იმ დროს, პეტრარკას როს სონეტებს ვიზეპირებდი -
ჩემთვის ლაურა იყო შორი, უცხო ქვეყანა.
მე არ მინახავს შთაგონება მსგავსი ჩვენს დროში
და ვერცა ვნახავ ვერასოდეს ლაურას სახეს.
ადამიანი უალერსოდ სულს დალევს ბრბოში,
ისე მოკვდება უსაყვარლეს თვის სამშობლოში,
ისე დაუგებს მას სიკვდილი აუცლელ მახეს,
რომ ვერ იხილავს ვერასოდეს ლაურას სახეს.
1914