Litclub.ge

ტრფობა წამებული (64-75 ნაწილი)
64

- რად, აძახებენ ყვირო-სტვირს?
სწვრთიდა ბერი მებრძოლი თავის თავს. მოფიქრებას ურჩევდა, დაყოვნებას და დროს შერჩევას, რომ მძლავრი ყოფილიყო შემართება მისი, მთლად გადამწყვეტი. გარემოებები კი აღარ ჰყოვნიდნენ, ბრძოლას აჩქარებდნენ, მოუთმენლობის ნიშნებს ცხადად იჩენდნენ. დედოფალი აღარა სცხრებოდა, ძლიერ ღელავღა რახან ერთხელ გადმოლახა ზღუდე თავდაცულობისა თუ მოთმინებისა, ვეღარ შეიმაგრა ღვარი მღელვარე გულისთქმისა და თვის მოქმედებით არღვევდა ოჯახის გარეგან სახესაც, არყევდა სამეფო კერას. ლამის საქვეყნოდ გამოეტანა ცოდვა გვირგვინოსნისა, ხალხთა შორის იგავად დაედვა ბოროტება კერძო; ლამის ამღვრეულ ღვარად გარს მოედინა ცხებულისათვის პირადი ცოდვა, რომ მოეშთო სასიქადულო ვაჟკაცი მის მღელვარე ტალღებში. ძლიერ აჩქარებდა გურანდუხტ მოქმედების განვითარებას, იმუქრებოდა.
- უარვყობ ყველას: უარმყო ყველამ, ზნეობის მცველმა ეკლესიამაც! - იტყოდა წამისწამს.
დედოფალის მღელვარება აზვირთებდა თებრონიას ნებისყოფას და ისიც ისწრაფიდა დაერღვია თუ დაენთქა ცდუნება იგი ეშმაკისა, აღმოცენებული მეფის პალატში თვალთწარმტაც რამ ყვავილად ნაზად, გარნა შხამის მფშვინავად. გესლის მცვარველად, ძალას ატანდა დედაბერი განდეგილსაც; ძლივსღა უმაგრდებოდა ის დედაკაცის შთაგონებას უწყვეტს, დაჟინებულს, სასტიკად ასისინებულს, მაინც ჰყოვნიდა, მტკიცედ იდგა თავის ჰაზრებზედ.
ისიც აყოვნებდა განდეგილს, რომ ჯერ თვისი ძალა ძლიერი არ ეცადნა ბუმბერაზ მებრძოლთან შემართებით საომარ ასპარეზზედ. ეძიებდა რაინდი ქრისტესი შემთხვევას, ეჩვენებინა მეფისათვის უნარი თვისი და გაესინჯნა მებრძოლი მარჯვენაც მეტოქე გოლიათისა. მოხდა ესეთი ამბავიც და სწორედ მარჯვედ, წინამძღვრის სახელისა და გავლენის შესაფერად.
მეფე კერძო ცხოვრებას რომ აწყობ-ჰმართავდა თვის სასიამოდ, თანაც არც ერთს წამს არა სტოვებდა საზოგადო საქმეებს უყურადღებოდ, უფრო მხნედაც განაგრძობდა კმაყოფილი იმ საზრუნველებს, გულმოდგინედ, ხალისიანად. ერთი მისი სასიამო ზრუნვა იყო ახალი სასახლის ღირსეულად შემკობა. მოისურვა დიდებულად დაეხატნათ დარბაზები, დაემშვენებინათ საგულისხმიერო თუ სალამაზო სურათებით. მეტადრე ძალიან ჰსურდა სწრაფად მოეხატნათ კარის ეკლესია. საყდარი ციხის გალავანშივე იყო, სასახლესთან დერეფანით შეერთებული. ეკლესიისა თუ დარბაზების მოხატვას წესი და ჩვეულებაც მოითხოვდა. ამისთანა შემთხვევაში უფრო შინაურ მხატვარს მიჰმართავდნენ, ქართველსავე გამოჩენილ მყალმავს, თუ ესეთი მოიპოვებოდა საქართველოს რომელსამე კუთხეში; თუ არა, საბერძნეთიდან მოიყვანდნენ ოსტატს ან ანტიოქიიდან. აშოტის დროს ამისთანა გამოჩენილი მხატვარი ცხოვრობდა იქვე, სატახტო ქალაქის ახლო. ეს იყო მამა ევდომოზ, რომელს ხელოვნების შესწავლა დაემთავრებინა ბიზანტიაში. ხელი ანტიოქიაში და იერუსალიმშიც ევარჯიშებინა ოდესმე. აწ დაევანნა ახლად დაარსებულ შატბერდის მონასტერში. ჯერ ისევ ახალი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ძალიან დახელოვნებული, უკვე განთქმული.
მეფეს ნანახი ჰქონდა ევდომოზის ხელოვნების ნიმუშები და დაასკვნა მისთვის ებრძანებინა კარის ეკლესიის ასურათება. სხვა განზრახვაც ჰქონდა მეფეს: სამღთო ამბების თუ მოქმედებების მარჯვედ მხატავ ბერს საერო შინაარსის მხატვრობაც ეხერხებოდა. ყმაწვილობისას საერო მხატვრობა უფრო ემარჯვებოდა და უხაროდა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და გვერდი აუქცია მაცთუნებელ სურათებს საერო შინაარსისას; შეუდგა სამღთო ამბების ტილოზედ თუ ფიცარ-კედელზედ გაღაღებას, მის ხელოვნებაში მაინც გამოსჭვიოდა წინანდელი მიდრეკილება და გემოვნება. მის ნახატებში საკვირველად განირჩევა თმა, ლბილი და ნაზ სხივებისაგან თხზილი კულულ-ხუჭუჭები, შარავანდედად რომ მოსდებია ეშხით ნაქანდაკებ შუბლს. საყურ-ბეჭედი თუ სხვა სამკაულიც ლამაზად არის მის სურათებში ასახული და დიდის სინამდვილით. ყველაზედ ძლიერ ეს მიდრეკილება ეტყობა მისგან ნახატ ყვავილებს ეტრატებში გაბნეულს და მეტადრე იმ ერთს ხატს ხარებისას, რომელი აწც იხილვების. რა სინაზეა და სინათლე იმ სპეტაკ ყვავილებით შემკულ რტოში, რომელსაც მთავარანგელოსი აწვდის კდემამოსილად თავდახრილ ქალწულს! საკვირველია, მისი ნახატების საღებავი დღესაც ისევე ბრწყინავს, როგორც ახალი. ეტყობა, ფერადთა შეთხზა-შეზავების საიდუმლო სავსებით იცოდა ხელოვანმა. იქნება ახალი რამ შემადგენლობაცა ჰქონდა შეტანილი საღებავთა შექმნა-შეზავებაში. აშოტის ყურადღება მიიქციეს მეტადრე ბერისაგან ნახატ სიცოცხლით სავსე ყვავილებმა. ბატონს ჰაზრადა ჰქონდა შუქურის გალიაკი შეემკო სურათით, მხოლოდ ერთადერთი ხატით: უნდა დაეხატნათ ჰაეროვანი ქალი ახლად მოსთვლილ ყვავილთაგან შეთხზილ თაიგულით ხელში.
- რა ვქნა, მუდამ ესეთი სახით მიდგა გონების თვალწინ ეს ჯადოსანი სიცოცხლე ჩემი, სწორედ იმგვარი შეხედულებით, როგორც მომევლინა პირველად, როცა ყვავილებით ხელში შემეგება გამარჯვებულს. მას აქეთ ახლო გავიცანი ქალი, ძალიან ახლო, მაგრამ მაინც ისევ ის არის ჩემთვის: კდემამოსილი საიდუმლოება, მარად მიმზიდველი სიმშვიდე წყლულთა დამშუშავი, მიწყივ ლამაზი სინაზე ქალწულებრივი, სიწრფელე უბიწო, შეურყეველ-შეუგინებელი. ესეთი სურათი მსურს ამშვენებდეს მის სენაკს განკერძოებულს, ესეთი ხატი დარჩეს ჩემს შემდგომაც დიდხანს, ძლიერ ბევრ ჟამთა დაუსრულებელ დენაში! - დაასკვნა მეფემ
და უბრძანა სახლთუხუცესს მიეწვივნა იგი მის წინაშე, რომ პირად თითონ მიეცა მისთვის ბრძანება შესაფერი. გადიფიქრა კარისკაცის პირით ბრძანება: მსწრაფლ დაწერა წიგნი, წარავლინა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას ბერსა. მივლენილნი მოვიდნენ და აუწყეს მეფეს:
- არა ჰნებავს კაცსა მას ღვთისასა მოსვლაი აქ!
განცვიფრდა მბრძანებელი, გაუკვირდა თავხედი ურჩობა ვიღაც მწირისა; განრისხდა ფრიად. მზა იყო ებრძანებინა, თრევით მიეყვანათ იგი მასთან. სძლია კეთილგონიერებამ, შეიმაგრა თავი. მაინც გამოურკვეველი დარჩა მისთვის მიზეზი ბერის უხეში ურჩობისა. სახლთუხუცესმა შეჰბედა და განუმარტა:
- ბატონო მეფევ! წიგნის მიღებისთანავე შეეკითხა იგი ბერი წმიდა გრიგოლს შენის ბრძანების შესახებ და სთხოვა ლოცვა-კურთხევა.
- მერმე?
- არ ვიცი! ალბათ ელის იგი ბერი წინამძღვრის ნებართვას.
- ელის სხვის ნებართვას, როცა მე ვუბრძანე მხლებოდა?
- შეიძლება! შენ უწყი, როგორ სასტიკად იცავენ განდეგილნი თავიანთ წეს-წყობილებას, რამოდენა შრომა-წამებას იღებენ იგი ნებითი მორჩილებაში.
სდუმდა აშოტი. მისი მეფური თავმოყვარება შელახული იყო ვიღაც მწირასიგან, შეეძლო, ებრძანებინა და ცხენის ძუაზედ აბმულს მიათრევდნენ ურჩს მის წინაშე, თუნდ მის თავს მიართმევდნენ მოკვეთილს, თმებით ატანილს. არ შეიძლებოდა გულს აჰყოლოდა მბრძანებელი: დროზედ მიჰხვდა, რომ ბერის სახით ეკლესია გადაჰღობებოდა მას წინ, რომ იმ მწირს წინ უძღოდა აჩრდილი წმიდანის გრიგოლისა, რომელში ამჟამად განხორციელებულიყო ძალა უძლევის ეკლესიისა. სდუმდა აშოტი, ხანსა ზმიდა, ვერა ჩქარობდა, ახალი რამ საშუალება ეხმარნა თავის წადილის შესასრულებლად. ძნელიც იყო შესაფერი ზომის მიღება: ბერი თავის ნებით აღარ დაჰმორჩილდებოდა აღარავითარ მის ბრძანებას და თუ უნებლიეთ დაიყოლიებდნენ, დავალებას მარჯვედ ვეღარ შეასრულებდა უხეში ძალისაგან საშრომლად მიგდებული. ისეთ საქმეს ავალებდა მეფე ბერს, რომ მის მარჯვედ აღსრულებისათვის აუცილებელი იყო საკუთარი სურვილი, ეშხით მიახლოვება სამუშაოსადმი, სიყვარულით შრომა, საამურის გატაცებით მუშაობა.
- ხოლო შიში გარე განაგდებს სიყვარულს, - მოაგონდა სიტყვა მოციქულთა.
თავისი განზრახვის დავიწყება, მასზედ ხელის აღება, თუნდაც დაყოვნებაც არ შეეძლო აშოტს: ეჩქარებოდა მთლად დაესრულებინა თავისი წყობილი შენობები ახალ სატახტო ციხექალაქში. ვერც შეჰრიგებოდა თავის სურვილის გადატეხას ვიღაც მწირის უჯიათობით. სურვილითა ჰსურდა, სწრაფად შეეძღვნა შუქურისათვის უჭკნობი თაიგული მის გალიაკის კედელზედ მურაზით მოხატული: იცოდა, ამ ზღვნით სავსებით გაახარებდა თვის გამხარებელს.
იქნება გაეგზავნა კიდეც კაცი წინამძღვართან ან წიგნი მიეწერნა, მისთვის, მაგრამ ეს ხომ ქედისმოხრა იქნებოდა გრიგოლის წინაშე, ობლობაში სამადლოდ აღზრდილ მწირის წინ, რომელი თვის გარეგან დაკნინებაში თუ უკიდურეს თვის სიმშვიდე-სიმდაბლეში იდუმალ ეტრფოდა დიდის აშოტის მძლე მეტოქობას. რაინდი სულიერი პირისპირ ბრძოლაში შეჰყროდა რაინდს ხორციელს და ეს უხმო ბრძოლა უჩინარი ერთ-ერთის სასტიკი დამარცხებით უნდა დათავებულიყო. აშოტი და დამარცხება?! შორს იყო განთქმული ბუმბერაზის ბუნებისაგან მარცხი მამდაბლებელი: ვერ აიტანდა გოროზი დაკნინებას! არა, ვერც შესძლებდნენ მის დამცირებას. მაინც საშიში იყო ბრძოლა: ხელშეკრული იყო აშოტი ამ სასტიკ წყობაში, უხილავ ძალთაგან ხელშებორკილი.
65
გრიგოლმა მოუწონა მხატვარს ბერს ქცევა. მაინც დაფიქრდა: მათი მონასტრებიც, თითონ იგინიც არსებობდნენ უმთავრესად მეფის წყალობით და მისი ნებისყოფით; მისი ბრძანების უარყოფა, თუნდაც სამონასტრო წესის გამო, არც თუ ისე ადვილი სატვირთელი იყო.
- ეკლესია არ ემორჩილება მეფის სურვილს თუ ბრძანებას, მაგრამ მისსავე სკიპტრაზედ არის დაყრდნობილი მისი კეთილდღეობა თუ ნივთიერი არსებობა. ვინ იცის, იქნება მეფის ბრძანება გამონაკლისს უნდა შეადგენდეს თვით სამონასტრო წესშიც, მთელი ხალხის ბატონ-პატრონის სურვილი, მით უფრო, თუ იგი ბრძანება არ შეეხება სჯულისაგან აღიარებულ ჭეშმარიტებებს, უბრალო საეკლესიო ჩვეულებასაც კი. მაგრამ კაცია აშოტი და თუ გაწყრა, თუ პირი მიიქცია მონასტერთაგან, სასიკეთო არ იქნება ეს ახლად აღმოცენებულ ვენახებისათვის ღვთისა; არ ეგების განხეთქილება ამ უბრალო გარემოების გამო. მით უფრო ეხლა, დიდ განსაცდელის დროს, როცა საქართველოს მოსდგომია მოზღვავებული ღვარი ქრისტეს მგმობ აგარიანთა. დროა სდუმდეს ბრძოლის საყვირი: წინააღმდეგმა უკვე იგრძნო ჩვენგან ძალთა სიმრავლე, - ფიქრობდა ბერი
და მიმოიხედავდა გამოსასვლელ გზის საპოვნელად. მალე უკარნახა გამჭრიახე გონებამ ქცევა სათანადო. დაადგა იგი გზას სასახლისაკენ: მრავალჯერ მისულიყო ის მეფის კარს ახალ სავანეებისათვის სახსართა გამოსათხოვნად და ეხლაც ეს მიზეზი წაიძღვარა წინ. იღბალი უძღოდა ბერს: მეფე გზად მომავალიყო და თითქო შემთხვევით შეხვდა მას მწირი ხანძთის სანახებში. მეფემ პატივით მიიახლა ღირსი იგი და უამბო შემთხვევა ურჩი ბერის შესახებ. გრიგოლმა განუმარტა აშოტს, რომ ბერს არ შეეძლო ამ შემთხვევაში სხვანაირად მოქცეულიყო.
- მაშ განუგებელად მიქმნია, რომ შენ არ მოგწერე და პირდაპირ დავიბარე იგი მწირი. უბრძანე მეახლოს, თვისი ხელოვნებით განამშვენოს პალატნი სამეფონი და კარის ეკლესია: მეც კვალად მივუწერ, - ბრძანა მეფემ.
მხატვარი ბერი მსწრაფლ დამორჩილდა, ეახლა მეფეს. კურთხეული იყო მისი მისვლა მეფის კარს: მისმა ხელოვნებამ ღირსეულად შეამკო ეკლესიაც, სამეფო სადგომიც, ხოლო მონასტერს მიჰნიჭა დიდი ნუგეშინისცემა მადლობელი მეფის ნაქებ სიუხვიდან. ძალიან კმაყოფილი იყო ნეტარი გრიგოლ: ბრძოლა მოიგო, მეფეს აგრძნობინა თავისი მძლავრი გავლენა, მის ძლიერებასთან თანასწორი, თანაც ისე, რომ მარჯვედ აუქცია გზა აშკარა განხეთქილებას, სკიპტრისა და ჯვარის ამჟამად შეუფერებელ შებრძოლებას. მეფის პატივმოყვარე გულს კი, სიტყვის შეუბრუნებელ მორჩილებით გააზიზებულს, დაღად დააჩნდა ის შემთხვევა, უსიამოვნო ხაზად წაუშლელ-ამოუფხვრელად.
მწირი მხატვარი შემოქმედი გამოდგა, სიმშვენიერის მიმწდომ-მიმდევარი, თვისი ხელოვნების გატაცებით მოტრფიალე. ხელმძღვანელობის ნიჭიც შეაჩნდა მას: მეფის ბრძანებით მისდა მიჩემებულ თანამშრომელებს მარჯვედ ახალისებდა, შრომის უნარს უორკეცებდა. თანამშრომლები შემდეგში მოწაფეები შეიქმნენ ხალისით სავსე ადამიანისა, მოსიყვარულე და მადლობელი მისი შაგირდები. ვერცერთი ვერ დაუსწორდა მას ხელოვნებაში: იმისი ნახატი მაინც ყველას ნახატებიდან განირჩეოდა ჰაეროვნობით. მისგან მოკალმული სახე თუ ტანი ტლანქი რამ ნივთიერებისაგან აღარ შესდგებოდა; განიცდიდა უკვე ხორცთა სულიერად გარდაქმნას, ეთეროვან ნივთიერებად, რომელს ეადვილებოდა ფრენა ლაჟვარდ სივრცეში ფრთაგაუშლელად, თითქმის მთლად უფრთოდ. მის ნახატში ადამიანს იტაცებდა მეტადრე თვალთა გამომეტყველება, რომელში გამოსჭვივოდა სითბო სულისა ღვთაებური, ძალა გრძნობათა, სინათლე ჰაზრიანი, ნივთიერ ზღუდეების იქით გამჭვრეტელ-გამხედველი; ნაქვთთა მოყვანილობა აგრძნობინებდა ნებისყოფას არა მსწრაფლს და სასტიკს, არამედ ნელს, მდორედ თუ ნებივრად მიმდინარეს, მაგრამ ურყეველს, დროთა სივრცეში მომხვრელ-დამმორჩილებელს.
მეფის აღტაცებას სამზღვარი არა ჰქონდა: გაახალისა ის ბერის მადლიანმა ყალამმა; შეყვარებულ ჭაბუკივით თავს დასტრიალებდა მუშებს და სამუშაოს. ბერიც ააფრთოვანა მეფის ქებამ და წყალობამ, ერთი-ორად გაამხნევა მისი მარჯვენა, შედეგიანი ჰყო მისი მუშაობა. მეტადრე იამა ბერს, როდესაც აშოტმა თითონ მისცა მხატვარს გალიაკის კედელზედ დასახატ სურათის ჰაზრი. ეს იყო სურათი იოთამ მსაჯულისა, როცა ის გამარჯვებული ბრუნდება თავის ქალაქში. შეჭურვილ-შეიარაღებული რაინდი ჯაჭვით დარახტულს სამანდზედ. მუზარადის ისარი ახრილი. წვრილთვალაის რიდე უკუგდებული. ომგარდახდილი ამალა მის ჩამოდგომით. ციხე-ქალაქიდან მის შესახვედრად გამოსული ერი. წინ ქალთა გუნდი პირად-პირადად შემკულ-შემოსილი. ყველაზედ წინ იოთამეს ქალი თაიგულით ხელში.
ბერი აღტაცებაში მოვიდა ამ დავალებით: აქ მისი ნიჭი ფართოდ შლიდა ფრთებს, არც განსაზღვრულ ჩარჩოებით თუ ხაზებით იყო შეზღუდვილი, ერთხელ და სამუდამოდ მიღებულ მოხაზულობით, როგორც ეს იყო დაწესებული წმიდანების ასასახველად. სამღთო წიგნიდან რომ იყო სურათი, ბერს მაინც შეეძლო ეოცნებნა, მხატვრობითი ნიჭისათვის გაეშალნა თავისუფალი სანავარდო.
- ემჯობინება ჩამოვაცალოთ ქალს ამაყი გამომეტყველება, რომელიც უთუოდ ექნებოდა მას, რადგან გამარჯვებული იგი რაინდი მამა იყო იმ ქალისა. შევანარჩუნოთ მის სახეს თუ თვალებს განცვიფრება გმირის წინაშე.
- განცვიფრება და აღტაცება კდემამოსილ უბიწო სახეზედ.
- აღტაცება და თაყვანისცემა უბრყვილო სპეტაკ სახეზედ.
- თმა შავი, ვით ყორნის ბოლო: ასული ისრაილისა შავი თმიანი.
- ეგ ჩვეულებრივ აღმოსავლეთში, მაგრამ იქაც ამშვენებს ასულს, თუმც იშვიათად, სხივთა მაგვარი თმა, შარავანდედად მოდებულ-გადმოშლილი.
- ვხედავ! სხივთა მზგავსი თმა. კდემამოსილი ლმობიერი თვალები, აღტაცებით მიპყრობილი გმირისადმი სათაყვანებელისა. მაშინ შეიცვლება შინაარსი ბიბლიურის თქმულებისა; წარწერა ვეღარ იქნება შესაფერი.
- რა უშავს! წარწერა? მოიშალოს წარწერა! თითონ სურათი უნდა ცხადჰყოფდეს თავის სახელს.
- ჭეშმარიტად! ტანსაცმელი ებრაული?
- ქართული! თორემ სამღთო რამ ხატს დაემსგავსება ნაყალმი და ვერ ივარგებს გალიაკის კედელზედ.
- მართალსა ბრძანებ! არც თუ იოთამეს ამბავი არის სამღთო მოთხრობა და მის სახე წმიდანებთან ერთად თაყვანსაცემი, − დაამთავრა ბერმა საუბარი.
შეუდგა ხატვას. მიჰხვდა მეფის ჰაზრს. იცოდა სასახლის ამბავი, ენახა შუქურიც და შეიგნო, რა ჰსურდა აშოტს, რა ფიქრი ახელმძღვანელებდა მას ამ სურათის შეკვეთის დროს. თითონაც განიმსჭვალა იმ სურვილით, რომ თავის ქვეყანაში მომხდარი ამბავი მშვენიერ ნახატად ასახულიყო სამეფო სასახლეში. ბერში სცხოვრობდა ხელოვანი მხატვარი სული, რომელი ვერ შეიმსაზღვრებოდა ერთი რომელიმე დარგით, თუნდაც სამღთო ფარგლებით მოღვაწეობისა. ეხლა ხელოვანის ოცნებამ თავისუფლად იწყო ნავარდი და შექმნა ხაზთა თუ ფერთა ის ლამაზი ურთიერთობა, რომელი აცოცხლებდა მისგან ნახატ ყვავილს, სულს უდგამდა მისგან მოხაზულ სახეს, ნაქვთს ან მოძრაობას.
მშვენიერი სურათი დაიწერა თვალთ წარმტაცი, თანაც სინამდვილის მსახველ-მხატველი: ქართველნი იყვნენ გახარებულნი, ისინი ლიტანიობდნენ, მოძრაობდნენ, თითქმის ამბობდნენ. მეტადრე დიდის გულმოდგინებით იყო ამოხატული მძლეველ ბუმბერაზის სახე საომარ რაშზედ მჯდომი. ერთის თვალის დაკვრით აშოტ მძლეველი იყო ის: მისი ბეჭთა მოყვანილება, მისი ხელის მოძრაობა, მისი ყელის მოღერება თუ თავის მიმოხვრა. სახე კი სხვა ჰქონდა. დიდრონ თვალთა მოხაზულობა აშოტისასვე უგვანდა. წრფელის სიყვარულით და გატაცებით ამოეხატნა ხელოვანს მოწინავე ქალის სურათი, რომელი თაიგულს აწვდიდა ბუმბერაზს. ცოცხლად იყო გამოყვანილი ლმობიერი იმისი თვალები. განუსაზღვრელის აღტაცებით რომ შეჰმზეროდნენ სათაყვანებელ რაინდს. ქალიც შუქურს ემსგავსებოდა თვალთა პირველ დაკვრით, იმას აგონებდა ადამიანს, თუმცა თითონ შუქური კი არ იყო ის, თუ ახლო გასინჯავდი სურათს დაკვირვებით. მთელი ნახატი მოძრაობით იყო სავსე, თითქმის სიცოცხლით.
ძალიან იამა აშოტს, რომ უმთავრეს მომქმედ პირთა სახით თითონ და მისი სატრფო ამოექარგნა ხელოვანს, თუმცა ამის დაბეჯითებით თქმა მაინც არავის შეეძლო. დაუმადლა მწირს, მეფურად დაასაჩუქრა. უბრძანა, ყოველსავე გასაჭირში თუ სათხოვარში პარდაპირ მიემართნა მისთვის.
66
მდიდრად მორთულ საწოლ ოთახს მქრალად ანათებდა ვერცხლის მაშხალაზედ მდგარი ერთადერთი ჭრაქი. სუნნელოვან ზეთს ჰაერი შეეთბო მათრობელი სიტკბოთი. ალი ოდნავ ირხეოდა, აქანებდა ოთახში ჩრდილებს. დედოფალი ჩაწოლილიყო. აშოტი, თავისუფალ ტანსაცმელით მოსილი, ტახტის ბოლოზედ ჩამომჯდარიყო, ქალის ფერხთით. ბოროტად აღელვებული ქალი შფოთავდა საბნის ქვეშ, მჭახედ ამბობდა, მოუსვენრად ინძრეოდა, ხელ-ფეხს აწყვეტდა. შრიალი არ გაჰქონდა ბუმბულივით ლბილ ლოგინს. ალეწილ სახეზედ დედოფლისა ბოროტად ენთო სიძულვილის მსახველი თვალები.
ვაჟკაცი უფრო წყნარად იყო. თვალს ადევნებდა ცოლის უნებლიეთ მოძრაობას, ყურს უგდებდა მის თქმას. სიტყვებს კი არა: ზეპირად იცოდა, რას ეტყოდა მას განრისხებული მეუღლე; ის ყურს უგდებდა მის ხმის ბგერას და მიმოხვრას, რომ გაეთვალისწინებინა, რამდენად იყო გურანდუხტ განრისხებული. ითმენდა ვაჟკაცი: სიტყვა მიეცა მას თავის თავისათვის, ბოლომდინ დაეთმინა. იმ ჰაზრით შესულიყო დედოფალთან, იმ ფიქრით მიახლოებოდა სარეცელს თანამემცხედრისა, რომ როგორმე მოელბო მეტის მეტად გამეხებული მისი გული; შეეგნებინებინა, რომ მის სიმკაცრეს ვერ შეეძლო უარი ეთქმევინებინა იმაზედ, ვინ სიცოცხლეზედაც უძვირფასესი შექმნილიყო მისთვის. უნდოდა ბოდიში მოეთხოვნა თვისგან უნებლიეთ შეურაცხყოფილ მეუღლის წინაშე, აღეთქვა მისთვის ყოველივე მსხვერპლი, გარდა შუქურის მოშორებისა: შეჰვედრებოდა, დაეთმო ეს ცოდვა მისთვის, თუ ცოდვად მიიჩნეოდა ორმხრივი სიყვარული ესეთი დიდი; შეჰრიგებოდა ვაჟკაცის ამ ვნებულ მისწრაფებას. ამისათვის ითმენდა აშოტი მეუღლისაგან შეურაცხყოფას. ამისათვის ისმოდა მუდარა უმწეო მის ხმაში.
- რას გიშლის ის საწყალი ქალი. შენი მოახლეა, შენი მხეველი, შენად სამსახურად დადგინებული. შენ არ იცი, რა დიდს პატივსა გცემს იგი შენ?
- დიდს პატივსა მცემს?! ოჯახს მირღვევს, საიდუმლოს ქორწინებისას ჰბღალავს, საგმობლადა მდებს მთელის ქვეყნის წინ და დიდ პატივსა მცემს?! იქნება მე მხოლოდ დედოფალი ვარ, ხოლო ის შენი თანამემცხედრე ნაკურთხი?
- დედოფალი გვირგვინოსანი, თანამემცხედრე ეკლესიისაგან მოცემული. დედა შვილთა ჩემთა! ვერავინ შეგეცილოს შენ ამაში ვერასოდეს! მაგრამ... სუსტია გული კაცისა, თუნდაც შემმართებელის ვაჟკაცისა: იგი მორჩილი მონაა მისთვის აღმოცენებულის ტრფობის ყვავილისა, ძლიერად მიმზიდველის სიყვარულის ყვავილისა. ვერ ძალმიძს განვეშორო მას!
- მთლად დაჰკარგე სირცხვილი, კდემა! რა გნებავს ახლა?
- მსურს დასთმო ეს ჩემი სისუსტე და მიმსახურო მეფე ძლიერი, მამა მზრუნველი შენის შვილებისა.
- როგორ თუ დავთმო?
- ისე, ვით დასთმო მეუღლემ მეფის დავითისა, როცა იმან მიიყვანა სამეფო პალატაში ბერსაბე, დედა სოლომონისა; როგორც დასთმეს სოლომან ბრძნის მეუღლეებმა, როცა მან მუხლი მოიდრიკა წინაშე მშვენიერის სულამიტასი; როგორც დასთმეს მაჰმადის მეუღლეებმა, როდესაც ის ჭაბუკის ეშხით ეტრფიალა მისთვის ფასდაუდებელი აეშას.
- როგორც მაჰმადის მეუღლეებმა?! ნუთუ განრისხდა ღმერთი და უარჰყავ ჯვარი ქრისტესი, მიიდრიკე აგარიანთა სჯულისადმი უსჯულოისა. ჭეშმარატად წარმოშობილია მეძავი იგი ძალთაგან ჯოჯოხეთისა ცდუნებად შენდა, დარღვევად, ჩვენის სჯულისა!... იგი მეძავი თვით ეშმა არის ძალთა მიერ ბელზებელისა მძლედ შემოსილი!.. განვედი ჩემგან, კაცო ბოროტო!.
განვიდა მისგან მეფე მვედრებელი, განეშორა სამუდამოდ თავის მეუღლეს, ეკლესიისაგან განუყრელად შეკავშირებულს თავის თანამემცხედრეს. ბოროტით აღივსო სული ვაჟკაცისა გურანდუხტისადმი, მკაცრ სიძულვილით; გაიყინა დედოფლისათვის გრძნობათა შესაკრებელი მეფისა, მთლადაც გაქვავდა. აშოტის ბუნება აწ განუყრელად შეუერთდა შუქურს სპეტაკსა, სხივთაგან შეთხზილ მის არსებასა. ეხლა აღარ ეკრძალებოდა მეფე არავის, არ ჰფარავდა თავის კავშირს სხვათაგან გმობილს; ცხადად ეტრფიალა აწ იგი შუქურს. რაღა გასდრეკდა მიჯნურს გატაცებულს, რაღა შეაკრთობდა ბუმბერაზს აღტაცებულს?
არა, ზრდილობის სამზღვარს კი არ გადადიოდა მეფე-მიჯნური, გარეგან სახეს კეთილ ქცევისას. უარყოფილი მეუღლე მისი ისევ დედოფალი იყო დიდებული, ხოლო შუქური ერთი ქალთაგანი მსახური სასახლეში; გურანდუხტ ისევ პატივსადები დედა იყო უფლისწულებისა, პირველი მანდილოსანი სამფლობელოში, ხოლო ბუნებით დედობისაგან აწ უარყოფილი. შუქური მხოლოდ ქალი იყო აშოტისაგან სათაყვანებელი, მის პირად განცდათა დედოფალი და მფლობელი, მის სიამეთა ჭურჭელი უშრეტელი. ახ, ძლიერ ნაზად ნაგები ჭურჭელი, მჭვირვალე რამ ნივთიერებისაგან შექმნილი. ერთი უხეში შეხება და დაიმსხვრეოდა იგი ძვირფასი, დაილეწებოდა, გამტვერდებოდა. გარემოსდგომოდნენ მას ბევრეულნი სამტროდ, დასათრგუნად, შესამუსრავად. რა დაიფარავდა უმწეოს მოძულეთაგან მისთა. ისართაგან სიბნელეში მისკენ სრეულთა, ლახვართაგან მის გულისაკენ იდუმალ გაწვდილთა, წყევათაგან მისდამი კვამლად, მიმართულთა?! ვინ ჰყვანდა მაშველი თუ ხელის ამბყრობი, ვინ უვიოდა დარაჯად მის უმწეო გულკეთილობას?! არავინ, სრულიად არავინ, გარდა აშოტ საყვარელისა!
და შეებრალა ვაჟკაცს ქალი უმწეო, მტერთა და მოშურნეთაგან გარემოცული; გრძნობა აუდუღდა ისეც მისთვის გულმხურვალესა; თან შიში იგრძნო ქალის შესახებ, მძიმე რამ მომავალი განუჭვრეტელი, ბნელად მოდებული. თუ უბედურობა შეემთხვეოდა ქალს, ეს ხომ მისი ბრალი იქმნებოდა, მეფე აშოტისა, რადგან შუქური მან გაიტაცა ამ სახიფათო გზაზედ, მან წაართვა ქალს გული და გაიტანა მგესლავებით სავსე ალაგას.
- იცი, სიცოცხლევ, ძვირფასი რამ ხარ ჩემთვის, იმისთვის მეშინიან შენ შესახებ, დიდი რამ შიში მიბყრობს. ძრწოლა განუსაზღვრელი, ჩემთვის თითქმის შეუმართებელ-უძლეველი.
- გეშინიან შენ, მარავალჯერ სიკვდილის პირისპირ მხილველო?! გეშინიან შენ, უშიშარო?!
- არა ჩემი სიცოცხლის გამო! აქ არ ვიცი შიშნეულობა. იმასა ვფიქრობ, არაფერი აგვიტეხონ მოშურნეებმა.
- რა უშავს, ჩემო ხელმწიფევ! მე სრულებით არ მაფიქრებს ეგ: თუ ავი შემემთხვა შენის გულისათვის, თუნდაც სიკვდილი, საამო იქნება ის ჩემთვის, სასიქადულო. თავსამც შემოგევლების შენი შუქური.
- მე ხომ საბრალო შევიქმნები უშენოდ, გაუხარებელი, სიცოცხლე მობეზრებული. მზის შუქი ლახვრად დამესვება გულს შუქურის დამკარგავს; მთვარის შარავანდედი ბნელ საბურველად მოედება ჩემს სულს, შენს შუქს მოკლებულს; ვარსკვლავთ ციაგი არსებას ჩამიბნელებს შენგან მოწყვეტილს. აღარად ვევარგები უშენოდ: უსულო როგორღა გამოვსდგები ან რიღასთვისა, ჩემო სულისდგმავ!
- ახ! რად გეკეთე ეგრე მეტად, ვაჟკაცო ჩემო. ტრფიალის ნაცვლად რა შემოგძღვნა საწყალობელმა?! სიცოცხლე დავსდვა შენ საამოდ, სული გავსწირო!
- ამბობენ, ქალ-ვაჟი წყვილად შეიქმნებიანო განგებისაგან ერთმანეთისათვის, მხოლოდ ის იშვიათნი იგემებენ უშრეტ სიამეს, ვინც შეჰხვდებიან ერთმანეთს ზღვაში ცხოვრებისა; სხვები დადიან განუჭვრეტელ სიბნელეში მნათობთაგან გაბრწყინებულ დედამიწაზედ.
- მართალი იქმნება. რა ბნელი იქმნება უშენოდ ჩემი სიცოცხლე! მთლად ძნელი იქმნება იგი, აუტანელი.
- გეთაყვანე, ჩემო ლამაზო!
- აშოტ საყვარელო, მითხარ, მანუგეშე: უთქვამთ, ჭეშმარიტი. სიყვარული დაუსრულებელია, ვით ჟამთა დენა: უკვდავიაო, ვით ღმერთი, რომელ არს თვით სიყვარული. თუ ესეა, მაშ იმ ქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა ამ ქვეყნიური, და უფრო ამაღლებულიც, მთლად განწმენდილი, უფრო უტკბესი.
- ამაზედ ტკბილი?! უფრო სპეტაკი?!.
- ნეტავ ერთად იხოცებოდნენ მოსიყვარულენი! მოვკვდები, სული შეუდგება სავალს დაუსრულებელს. სადღა გიპოვო უსამზღვრო სივრცეში?! გამტანჯავს შორს ყოფნა შენი, მთლად გამაწამებს. მსურს შენი ვიყო მე იმ ქვეყნადაც, შენი სიახლით ნეტარყოფილი მხევალი შენი! - უთხრა ქალმა აღტაცებით
და გადაეჭდო ბუმბერაზს, მიეკრა, მიეწება, ყელ-ყურში ჩაუყო სახე, მთლად გადაბურა თმათა ტევრებით. უყვარდა აშოტს ქალის თმის ჩაშლა. ვაჟკაცს მტკიცედ ეჭირა ქალი მძლავრ მკლავებში, როგორც სიცოცხლე უძვირფასესი, ვით ნეტარება მისთვის ხორცსხმული, როგორც სიამე გამოუთქმელი. იკრავდა იგი ქალს მძლავრ მკერდში და აღთქმასა სდებდა, არ გაეშვა იგი, არ დაეტოვებინა არასოდეს, არც ამ ქვეყნად, აღარც იმ ქვეყნად.
67
- აშოტ, ჩემო რაინდო, სატრფოვო ჩემო, მეფევ, ძლიერო! ნუ დამიტევებ, ნუ განმეშორები... არ მომაკლო შენი სიყვარული... რა ძნელია ჩემთვის შენი დაშორება!..
- არა! რამ შეგაკრთო? რამ გაფიქრებინა?
- მომეჩვენა ბურანში, თითქო შავმა რამ ხელმა, შორით გამოწვდილმა მიბყრო; უფსკრულისაკენ მეზიდებოდა უფსკრულის ნაშობი. იმ ჭვანგებიან ხელის ძლიერებამ შეასუსტა ძალა შენი: ნელ-ნელა იხსნებოდა ჩემს გარშემო რვალის რკალი შენის მკლავისა. სევდა მიხუთავდა გულს. ძრწოლა მომიხდა; ბნელი მფარავდა. ხმა აღარ მქონდა დამეძახნა, მეხმო შენთვისა. გავიბრძოლე. გამოვფხიზლდი. დახე ჭირის ოფლს!
- დაიწყნარე გული: ვერც ბრჭყალმა ჯოჯოხეთისამ წარგიტაცოს ჩემგან! დატკბი, უტკბესო გოლეულისა.
ჩაეძინათ ნეტართ. ტკბილად განისვენებდა ორი ერთქმნილი. სიყვარულს შეედნო ისინი ერთმანეთისთვის, შეედუღებინა, ერთსულ ექმნა მეფე და მხევალი, ერთ ხორც და ერთ არს. ივსებოდა ბუმბერაზი სიმშვიდით ძლევამმოსილითა: გრძნობათა არეში მთლად კმაყოფილი, ჰაზრთა არეში თავისუფლად შესძლებდა აწ აღმაფრენას, რომ ჭკვიანად განეგო სამეფო თვისი, მყარის გონებით, დინჯად მჭვრეტ ჰაზრით. ნებისყოფა მისი უტეხ ძალას იძენდა ვნებათა მშვიდ აცისკროვნებაში ძლიერებას მეფურს, რომ ურყეველად წარემართნა განგებისაგან მისდა მინდობილი ბედი ქართლისა.
შუქურიც ღვივდებოდა და იფურჩქნებოდა მხურვალე მკერდზედ მძლედ მებრძოლისა, მაცოცხლებელ ცეცხლს შეისუნთქავდა მშვენიერი, რომ უხვობით აღევსო სხივოსანი არსება თვისი, სიცოცხლის მომცემელი სითბოთი და ულევ-უშრეტელ მშვენებად მოჰვლინებოდა თვის რაინდს, ვითა მზე დილით მიწყივ ახალი.
ეძინათ მიჯნურთ ნეტარის ძილით და ზეცა აკურთხებდა მათ ერთობას სახიერს, მთვარე გულსავსე სდარაჯობდა მათ სიხარულსა, ვარსკვლავნი შორით უღიმოდნენ მათში ნაქვთად ასახულ სიყვარულს უსამზღვროს, დაუსრულებელს, ყოვლად კეთილსა, ყოვლადვე ნეტარს.
ბნელიდან კი, შავ-ბნელ ბჭეთაგან ჯოჯოხეთისა, მძიმე ღრუბელი ამოსჩენოდა მათ სავსე ბედნიერებას, გამანადგურებელი წარღვნის ღრუბელი გულშავი. მოშურნე სატანაილის ფრთებად მოსჩანდა კვამლის ღრუბელი საბედისწერო. სად წაუვიდოდა მას თუნდაც ნასახი ნეტარებისა, სიამე უჩრდილო, ღიმილი ვარდისებური? ვერსად! იგი ბოროტება ბნელ კვამლად შენივთებული ყველგან დაჩრდილავდა სიკეთეს ლამაზს, სიამეს სასურველს: იმისთვის იყო იგი ქვესკნელით ამოწვეული, რომ დაეხშო ყველგან ციაგი კეთილობისა, მოესპო ქვეყანაზედ სიყვარული, შუქება იგი ყოვლადსახიერისა. ეძინათ მიჯნურთ, არ ეძინა მიჯნურობის მტერ ბოროტებას, მის უარმყოფელ სიავეს შავსა.
თითონ დედოფალი მხოლოდ სწყრებოდა, ბოროტდებოდა, მაგრამ არავითარ საწინააღმღეგო მოქმედებას არ ადგებოდა: თავმოყვარება ნებას არ აძლევდა დიდებულს დახრილიყო თავის მხევლისადმი, ხელი აეკრა მისთვის, გზაზე ჩახერგილისათვის; არც თუ ქოშის წაკვრას კადრულობდა თვისს სავალიდან დაბრკოლების გადასაგდებლად. იქნება შიშიც ჰქონდა გულს ჩასახული, მეფე-მეუღლის წინაშე კრძალვა თუ რიდი. უკვირდა დედოფალს, რომ მისი ქვეშევრდომნი, მისი ესე დიდად თაყვანისმცემელნი თითქო ვერა ჰხედავდნენ, რა უსიამოვნო ყოფაში ჩავარდნილიყო მათი მბრძანებელი, არა სცდილობდნენ, აეშორებინათ მისთვის წყარო ჯავრისა. ჰკვირობდა დედოფალი და ამაყად გაჩერებულიყო. წინათ რომ ამბობდა ამ უსიამოვნო საგანზედ, ეხლა ხმას აღარ იღებდა; ქმარსაც კი აღარას ეუბნებოდა იმ უკანასკნელ მკაცრ კამათის შემდეგ. ჩაკეტილიყო დედოფალი თავის ნიჟარაში და ცივად გამოიყურებოდა იქიდან, ბოროტად, მედგრად. სახის მეტყველებაში თუ შეატყობდა მას მახლობელი, რომ გენია ეგზნო მანდილოსანის ჩაკეტილ გულში, ცეცხლი საშიში. ვინმე გარეშე ამასაც ვერ შეამჩნევდა: ცივად ებყრობოდა დიდებული ადამიანი ყველას, უკიდურესი თავდაჭერით. ეს ხომ ბუნებრივი იყო სვესრულ და ფრიად განდიდებულ დედოფლისათვის. ფარულ ცეცხლს ცხადადა ჰხედავდა მხოლოდ მონაზონი თებრონია, დედოფლის მესაიდუმლოვე. და ცდილობდა ჩაექრო მფარველის გულში ალი შემწველი.
- მოისპოს წინააღმდეგი შენი, შემაგინებელი წმიდის ქორწინებისა; აღმოიფხვრას იგი ძირიანად!
- არა კაც კლა!
- ვიტვირთებ უტვირთებელს სადიდებლად ღვთისა!
- მევე მატვირთებ! მის მოსპობაში დაინახავენ ჩემს ხელს დედოფლის მარჯვენას არ შეჰშვენის მხევლის სისხლით შეღებვა.
გონებას მისცემოდა დედაბერი, როგორ მოეხერხებინა. მოესპო სამეფო პალატიდან იგი მეძავი, მეფის ძლიერებით შემოზღუდული, არა ჰზოგავდა თავს. სცდიდა საშუალებებს. ამაოდ! ბედი სწყალობდა შუქურს: მის მტერთაგან ნატყორცნი ისარი უხილავ დაბრკოლებას ეხეთქებოდა და უკუსხლტებოდა. დედაბერი მაინც არა სცხრებოდა, ებრძოდა გაბოროტებული მის გულსაყრელად განსახულ ტრფობას. აღუთქვა დედოფალს და თავმოყვარებაც ნებას აღარ აძლევდა გაეცხადებინა თავისი უძლურება; შეურაცხიყოფოდა საიდუმლო ეკლესიური და ვალდებული იყო მონაზონი განემტკიცებინა სჯული ქრისტესი; ირღვევოდა ქრისტიანული ზნე-ჩვეულება, ის კი მხედარი იყო, ქრისტიანული ქცევის დამცველი. გულის სიღრმეში ჰშურდა კიდეც ქალისათვის მიჯნურის ხლება: თითონ რომ ვერ ეწია ოდესღაც ამ სიამეს, მის სულში რომ ამოიშრიტა წყარო იგი ცხოვრებისა მაგრილებელი, მტრად ჩაუდგა გასასტიკებული ყოველგვარ სიამეს ტრფობიდგან ნაშობს.
- თუ მოისპობა ქვეყანაზედ მიჯნურობა საოცნებო, აღარ იარსებებს მოქმედი სიყვარულიც, დარჩება მხოლოდ სიძვა ცხოველური მოდგმათა განსაგრძელებლად.
- აღმოიფხვრას ყოველი სახე ხორცთა ნდომისა! ითრგუნოს ხორცი, ჭური ცოდვისა აუვსებელი! იხაროს სულმა! ცათა მცხოვრებნი არ განიცდიან ყოფას სამიჯნუროს და ნეტარობენ შემოსილნი ნათლითა ღვთისა.
- არ განიცდიან სრულებით ტრფობას? არ არსებობს მათ შორის ნასახიც მიჯნურობისა, თუნდ შორეული შუქი ამ ნათელისა?
- არა!
- ანგელოსნი მთლად გაძრცვილ არიან ბუნებისაგან ნივთიერისა?!
- არა!
- მაშ იარსებებს იმათშიც ეს სიყვარული...
- არა!
- აღდგენილი ხორცი მშვენიერი მოკლებული იქნება ლამაზ თვისებას მიჯნურობისა?!
·       ოღონდაც!
· და მაინც იქ სიამე სრული, ნეტარება ნათელი, სავსება კმაყოფილებისა?! შეუძლებელია...
ცდილობდა გულსასტიკი მონაზონი აღმოეფხვრა სამეფო ოჯახში ნასახიც ტრფობისა.
- აბა, დედოფალო, დახედე, რა მშვენიერი საკეკლუცოა ეს.
- ლამაზია, გემოვნებით ნახელოვნები. ვისია, რომ ეგრე სათუთად შეგიხვევია? - ჰკითხა დედოფალმა.
და ხელი შეახო ქალის გულისპირს ლბილი ფარჩისას. ოქრომკედით იყო კუწუბო გამოყვანილი. აქათ-იქით ყლორტებზედ თავდახრილი ყვავილები ოქრომკედითვე.
იმისი, იმ მეძავისა!
შუქიასი? რად მოგიტანია აქ?! - წარბშესკვნით მიჰმართა დედოფალმა
და გადააგდო ხელიდან ფარჩა. ხელმანდილით გაისუფთავა სათუთად შენახული თითები, დროთა მსვლელობით მაინც ანაოჭებული.
- იდუმალ წამოვიღე მისგან. ხერთვისს გავგზავნე შესალოცველად ხერთველ დაროსთან. მოგეხსენება, რა ძლიერი მკითხავია. წამალიც მოვატანინე იქიდან. მოეცხება თუ არა ქალს ეს საცხებელი, ვაჟკაცს მგლის სახით მოეჩვენება იგი, სამუდამოდ უარჰყოფს მას.
- უარჰყოფს?!
- მყისვე, დედოფალო!
- ცოდვა რომ არის მარჩიელთან სვლა, მეტადრე შენთვის, სჯულისთვის თავდადებულისა?
- თუნდაც წავსწყდე, ოღონდ სჯული არ იქმნას შებღალული. სულს დავსდებ შენთვის და დიდებისათვის ეკლესიისა. მიზანი ჩემის მოქმედებისა - დიდება ღვთისა, კეთილდღეობა ხალხისა.
- კეთილდღეობა ერისა?
- დიაღ! თუ არ მოისპო მეძავი იგი, დააკნინებს დიდებულ მეფეს, თავის კალთაზედ გამოაბამს მებრძოლ ბუმბერაზს, ვით დალილა ახალი სამფსონს ახალსვე.
შეაპარეს შუქურს გულისპირიც, შელოცვილი წამალიც მოტანილი. გულისფანცქალით უცდიდნენ შედეგს. ამაოდ უცდიდნენ: მეფე უფრო თავს ევლებოდა ქალს. ალბად მტრედის სახით აჩვენა იმ წამალმა ქალი, გვრიტის რამ იერით უმანკოისა. ჰკვირობდნენ. გასაკვირველი კი არაფერი იყო: შუქურის სახიერებას თუ გულკეთილობას ყველანი მოეხიბლა მის გარშემო და იმ მოახლემ, რომელიც განაზრახეს ქალის მტრებმა, უკანასკნელ ჟამს გასცა საიდუმლო. დაღონდა შუქური, შეკრთა, შეშინდა. აშოტმაც გაიგო ყოველივე.
- წამართმევენ, მომტაცებენ, მოსპობენ! - გაიფიქრა მან
და გააძლიერა სიფრთხილე ქალის გარშემო. ეხლა გაძნელდა ვნება, შეუძლებელი შეიქმნა, ფრიად საშიშიც. მეფეს შეეძლო შური ეძია, თუ რამე საფრთხე დაატყდებოდა მის სატრფოს; ხოლო შურისძიება აშოტისა მეხი იყო ზეციური, მედგარი მომსპობელი, მანადგურებელი.
68
როცა ამაოდ დაურჩა თებრონიას ყოველივე თავისი ცდა შუქურის წინააღმდეგ, როცა ნახა მხოლოდ თავისი ძალებით საწადელს ვერ აუსრულებდა დედოფალს, ვერ გამოვიდოდა მძლე მებრძოლად, დამთრგუნველად მეფის სასახლეში მოვლინებულის ცოდვისა, კვლავ მიჰმართა გრიგოლს: მისი ფიქრები ყოველთვინ ამ გულთამხილავთან თავდებოდნენ, მისი ძლიერი გრძნობები მარად ხანძთისაკენ მიისწრაფოდნენ, ნებისყოფა მისი საბოლოოდ გრიგოლის უტეხ სურვილებს ემორჩილებოდა.
- მაცალე პასუხი! გითხარ მაშინ, ვიფიქრებ-მეთქი. მაცალე! ვილოცავ, შთამაგონოს ზეცამ თვისი ხმა, ილოცე შენც! ბრძოლა გვიძს ძნელი, მრავლად შეგვხვდების განსაცდელი. ძლიერია მებრძოლი ბნელი. იარე! - უბრძანა ბერმა და განშორდა.
ფიქრობდა ბერი. ახალ საშუალებებს არჩევდა, უკეთეს გზას იკვლევდა. იცოდა, თუ ერთხელ დაადგებოდა რომელსამე ბილიკს მოქმედებისას, აღარ შეაყენებდა თავის სვლას, ვეღარსაით შეუხვევდა იგი; ბოლომდის მივიდოდა ან გზაზედ დაიღუპებოდა. არ იყო ისეთი ძალა, შეეყენებინა ის მიზანში ამოღებულ საგნისადმი მსვლელობაში.
მაინც ვერ გაბედა ეტვირთნა სამძიმო საქმე მხოლოდ თითონ; გაანდო თავისი სურვილები მოღვაწე სალოსს, რომელი ცხოვრობდა მთლად განდეგილად და დამსახურებული ჰქონდა სახელი წმიდანისა. მოუსმინა დაყუდებულმა, მოუწონა განზრახვა: მაინც ჰკითხა:
- ამხილე პირისპირ? განუმარტე სიავე მისი უშვერის ქცევისა? ევედრე, დაეტოვებინა ცოდვა თვისი და შეენანა?
- ვამხილე, განვუმარტე მისი მოძღვრის პირით, მაგრამ ამაოდ.
- მიდი შენ თითონ! ევედრე ღვთის სახელით. უკეთუ არ მოინანიოს... იყავნ შენდა, ვითარცა წარმართი!
დაჰმორჩილდა გრიგოლი, ეახლა მეფეს: ამხილა იგი, მოსთხოვა უკუეგდო საქციელი თვისი ბოროტი. მჭევრმეტყველი იყო გრიგოლ, ოდეს აღიგზნებოდა ცეცხლით ღვთიურით. ააღელვა აშოტი, მეტად ჩააფიქრა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო განეტევებინებინა დედაკაცი იგი: მეფე სავსებით ჰმონებოდა თავის გულისთქმას. მიჰმართა გრიგოლმა თავისგან რჩეულ საშუალებას. მოუწოდა წინამძღვარს დედათა სავანისა.
- თებრონიავ, დაო ჩემო სულიერო, მხევალო ეკლესიისავ, რჩეულო! დადგა ჟამი, მოისპოს მრუშობა მეფის სასახლეში, ამოიკვეთოს იგი ძირიანად. დაეხმაროს სავანე შენი ეკლესიას ამ განზრახვაში!
- დაეხმარება ღვთით!
- შენმა მონასტერმა იტვირთოს მოსპობა იმ ცოდვისა, თავს იდვას მტკიცედ. აცხოვნოს წყმედილი იგი ცხოვარი რჩეული, ან დასდოს თავი სჯულისათვის წმიდისა!
- დასდვას თავი სჯულისათვის ტკბილის იესოსი!
- გახსოვდეს! დღეს შენა ხარ იგი მონასტერი: იქ უკლებლივ სრულდება ნება შენი; შენ აგებ პასუხს, თუ შეცდომა მოხდა ნატვირთის ასრულებაში ან რყევა რამე განსაცდელის დროს. სასტიკი იქნება განკითხვა შენი!
- აჰა, მხევალი მორჩილი წინაშე მეუფისა ყოვლად ძლიერისა!
- იყავნ! მისმინე: დიდმარხვაა აწ, ჟამი სინანულისა. მეძავს განუმარტოს ვინმე სანდომ, რომ მან დრო მისცეს მეფეს მარხულობისა და ლოცვისა, რათა ღირს იქმნეს მიიღოს მან წმიდა საიდუმლო; ეს არ ეგების. სინამ გვერდს ახლავს ის აშოტს, ვერ შესძლებს სათანადოდ სიწმიდის დაცვას.
- უყვარს აშოტი, იზრუნებს მის სულზედ. მე თითონ ვიდებ თავს მაგ დავალებას.
- განუმარტე, რომ მეომარი კაცია, შემმართებელი და ვინ იცის, რა ჟამს, რა ადგილას მოელის განსაცდელი; ყოველ ჟამს მზად უნდა იყოს წარსდგეს სამსჯავროსა მას ზეშთა მეუფისა. ხომ მორწმუნეა ქალი?
- გარეგან სახით კეთილმორწმუნეა იგი ეშმაკეული და სათნო.
- უთხარ თითონაც უჯობს შეემზადოს, განიწმიდოს ცოდვათაგან აღსარებით და მიიღოს წმიდა საიდუმლო. აშოტისათვისაც, მისთვისაც სარგო იქნება განმარტოვება მცირედ ხანს. მიჰხარე მისი ჰაზრი ამ სავალისკენ. იყავ მონასტერში, არ მოჰშორდე მის ბჭეს. რა გიხმო, ისწრაფე!
დედაბერს ცნობისმოყვარეობა აღეძრა და კიდევ ჩაეკითხა ამის შესახებ. სდუმდა მოღვაწე ჩაფიქრებული. მიჰმართა ბოლოს:
- იცის ქალმა რომ შენ მოაწყე მკითხავისაგან წამლის მოტანა?
- არა! სხვის ხელით მოვაგვარე ყველაფერი, სხვის პირით. დედოფლის მეტმა, არავინ იცის, რომ მე ვმოქმედობდი, - მიუგო მონაზონმა
და კითხვით მიაბყრო გრიგოლს თვალები: ელოდდა მისგან რამ განმარტებას. ამაოდ ელოდდა: სდუმდა ბერი თავდახრილი.
თებრონიას ტყუილად ეგონა, რომ მისი განზრახვა არავინ იცოდა, მის მოქმედებას არავინ ადევნებდა თვალს. იქვე, მის მონასტერში, იყო დათაგანი, მისგანვე მიჩნეულ-პატივცემული, რომელიც სრულებით არ იზიარებდა თებრონიას სიძულვილს შუქურისადმი, ხოლო მის კავშირს მეფესთან მსუბუქ თუ ლამაზ ცოდვადა სთვლიდა, რომელს უთუოდ აპატიებდა ღმერთი სახიერი. ესე მსჯელობდა დაი თემისტო იმისთვის კი არა, რომ მრუშობა არ მიაჩნდა მძიმე ცოდვად; იმიტომ, რომ მოხიბლული იყო შუქურის სიმშვენივრით თუ სათნო ბუნებით; მიხვედრილიყო კიდეც, ალღოთი შეეგნო, რომ იგი კავშირი მხოლოდ გარეგანი სახით ემსგავსებოდა მრუშობას, ეკლესიისაგან დასტურ დაურთავი, თვისი ბუნებით კი ტრფობა იყო ნამდვილ მზიური, რომელი თავისთავად არის დალოცვილი, რომელს არ ესაჭიროება კურთხევა სხვისი. ვერ შეეძლო წარმოედგინა, რომ ის წყნარი ქალი ყოვლად კეთილი იქმნებოდა ეშმაკისაგან ანაზრზენი ჭური ცოდვისა, ვერ შეჰრიგებოდა ამ ჰაზრს. ყოველ ნახვაზედ რწმუნდებოდა, რა უმანკო იყო შუქური, ვით ქალწული უბიწო: ცოდვა ვერ ამღვრევდა მის ფაქიზ სულს სახიერს, ცოდვის ისარი განხურვებული სხლტებოდა მის ბროლივით გამჭვირვალე არსებაზედ, იტყორცნებოდა. რჩებოდა ქალი მარად უებრო. შეჰყვარებოდა თემისტოს შუქური იშვიათი ტრფიალით ქალისა ქალისადმი და მზა იყო ეხსნა იგი ყოვლისაგან ბოროტისა. იგრძნო თემისტოს გულმა, რა ავად აღგზნებულიყო თებრონია ქალის წინააღმდეგ და თვალს ადევნებდა ყოველ მის მოძრაობას განწირულის წინააღმდეგ. მონაზონმა ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა შუქურის გალიაკში იმ მოახლისაგან, რომელი მოხიბლული იყო შუქურისაგანვე და რომელმაც ამცნო ქალს წამლისა და მკითხაობის ამბავი.
ჰპოვა გრიგოლმა ჟამი მარჯვე, ოდეს აშოტი შორს იყო; წავიდა იგი შატბერდით არტანუჯს და მიიწია მიმწუხრს ძირსა ციხისასა. შეუთვალა შუქურს:
- დავიღამე აქ, წარმომიგზავნე სანოვაგე მცირედი ჩემთვის და ჩემ თანამგზავრ წმიდა მამათათვის.
შუქურმა სიამოვნებით გაუგზავნა საზრდო მრავალფერი. იწვია მოღვაწენი. გრიგოლი არ ავიდა სასახლეში, ღამე იქ გაატარა, ციხის მახლობლად. გათენდა. მიუგზავნა შუქურს კაცი; სთხოვა, მისულიყო მის სანახავად. სიხარულით დაჰმორჩილდა ქალი, მსწრაფლ მივიდა წმიდისა მისთანა ორითა მხევალითა თვისითა: უხაროდა ლოცვა-კურთხევის მიღება ღირსისაგან. გრიგოლმა არ აკურთხა ქალი, ჯვარი არ გადაჰსახა მას. უბრძანა განშორებულად დაჯდომა. თვის მოწაფეებს და მსახურ ქალებს ანიშნა, შორს გამდგარიყვნენ. მყისვე განშორდნენ, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მოვლენილ იყო. უთხრა ნეტარმან გრიგოლ:
- საწყალობელო, რისთვის ჩაჭრილხარ ცოლ-ქმართა შორის ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკის მიერ? საფრთხედა ქმნილ ხარ სახელმწიფოსათვის!
მიუგო ქალმა:
- წმიდაო მღვთისაო! თავსა ზედან ჩემსა ვერ თავისუფალ ვარ: გარდარეული სიყვარული აქვს ჩემ მომართ მეფეს. აწ არ ვიცი, რა ვყო: ბრძანებამან შენმან შემაძრწუნა ფრიად.
- იქმენ სრულიად მორჩილი ჩემი! თავდებ გექმნე ქრისტეს წინაშე, მან, თავადმან, შეგინდნეს ბრალი.
- ხელთა შენთა ვარ, წმიდაო მამაო! უმჯობესი სულისა ჩემისა იზრუნე.
ჯვარი გადაჰსახა წმიდანმა, აკურთხა ლოცვითა, შეჭურვა მადლითა; მისცა თვისთა ხამლთა საბელი, რათა სარტყლად შეირტყას იგი. ჰყო მან ეგრეთ. უბრძანა ნეტარმან:
- დღეს იქმნების ცხოვრება სულისა შენისა. სანატრელისა დედისა თებრონიას წინაშე მიგიყვანო შენ. წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩემსა!
გაემართა შუქური. დაბრუნდნენ მხევალნი. შეუგნებლად მიდიოდა ქალი, თავის თავისადმი ანგარიშმიუცემლად. ემორჩილებოდა ბრძანებას ბერისას, მის თვალთაგან გადმომჩქეფარ ძალას ალივით ამწველს, რომელმან დაბუგა შუქურის ნებისყოფა და მთლად დაიმონა იგი. მიდიოდა ქალი, ვითარცა კრავი მსხვერპლად განწირული; ვიდოდა უთქმელად, შეუბრძოლებლად...
- ნუ მიხვალ, შუქურ! შესდექ, იყოვნე! გაიხსენე, ბედშავო მიჯნურის სახე, აშოტის ხვეწნა. ნუ მიხვალ, შუქურ!..
- ახ, ვერ გავაგონე, ვერ შევასმინე! ძლიერ შორს ვიყავ, მრავალ საუკუნეთა მანძილით დაშორებული...
მიდიოდა ქალი. რაც უფრო ჰშორდებოდა ციხე-პალატთა, ეწმიდებოდა ბურუსი გონების თვალთაგან, უნათდებოდა ჰაზრი ჩაბნელებული; ფხიზლდებოდა ნებისყოფა მიძინებული. აჩნდა გრძნობათა სარკეში სახე აშოტისა. შეკრთა ქალი. დავედრებული ჰქონდა, არავისთვის დაეჯერებინა სიტყვა, არავის რჩევაზედ არ გაეარნა, სინამ თვით აშოტს არ დაეკითხებოდა; მეტადრე გაჰფრთხილებოდა სასახლიდან წასვლას, თუნდაც ქალაქში ჩასვლას სამეზობლოდ.
- მივდივარ, ჩემო ყველავ, და გევედრები, ფრთხილად იყავი, არავის დაენდო: ბევრი მტერი გვახვევია გარს, ავის მსურველი; ხიფათს შეგამთხვევენ და დაგღუპავენ. შენთან, იცი შენ, დავიღუპები მეც: ვერ გავსძლებ უშენოდ.
- ავასრულებ, რაინდო ჩემო, ყოველ შენს სიტყვას. ძალიან კი დავღონდები უშენოდ, დავიჩაგრები. მეტად სწუხს გული ჩემი საწყალობელი, სევდა შემოსწოლია მძიმე, ჩაბნელებულია სული ჩემი შენთან გაყრისას.
- ნუ ნაღვლობ! გიბრძანებ, უკლებლივ აასრულო ჩემი სურვილი! მეფე გიბრძანებს, მიჯნური შენი. აჰა ბეჭედიც, მამტკიცებელი ჩემის სურვილის, კოცნაი ჩემი! - უთხრა ვაჟკაცმა
და უკანასკნელად აღბეჭდა კოცნა მის თეთრ ლოყაზედ სწორედ იქ, სად ვარდი გაშლილიყო ღია წითელი.
69
გაიარეს კიდევ და მიეფარა სასახლე მათგან. ეხლა მთლად გამოფხიზლდა ქალი. მიავლ-მოავლო თვალი იქაურობას და შეკრთა, შეშინდა: დედათ სავანესაკენ წარემართა გზა. მაინც მიდიოდა. მისდევდა ბერი, მისდევნიდა კრავს სამსხვერპლოსაკენ. იქ შეიწირვიდა მოღიმარე სიცოცხლე მისი, იქ ჩაილეწებოდა მაშრაფა იგი კეთილქმნილი, ყვავილი სარგველად სათუთად შემზადებული, უძვირფასესად მოხატული ხელოვანისაგან.
- რადაო? რისთვის?
- იმად, რომ იგი მშვენიერი სიხარულს ამრავლებდა ქვეყნიერებაზედ, ღიმილს სიამისას; ქვეყანა კი უნდა სტიროდეს ცოდვათა სიმძიმით მთხრებლს ჩათხეული.
- ეს ბერიც წმიდა, მონასტერში დავანებული მონაზონებიც მოძულენი არიან ჩემი და მისი, მტერნი არიან ჩვენის ერთობის, ჩემის და აშოტის კავშირისა; ცოდვად მიაჩნიათ სიყვარული, მანქანებად მავნე სულისა, და, ვინ იცის, რა ბოროტი მომევლინოს მათ ხელში, რა იწროება თუ ტანჯვა. ერთი კვირა დარჩებიო, ვაი თუ იგი კვირა თვედ გადაიქცეს, უფროც გაგრძელდეს. როგორ გავძლებ?! როგორ გასძლებს აშოტი ჩემი?! ცეცხლში ვიქნები უალოდ მწველში. არა არ შეიძლება ჩემი იქ წასვლა! - ფიქრობდა ქალი.
მაინც მიდიოდა წინ. მისდევდა ბერი მსხვერპლად განწირულ სიმშვენიერესა, თვალნი მიებყრო მიმავალ ლელწამტანისთვის. ვერა ჰხედავდა იგი სიმშვენივრეს, სრულებით ვეღარ არჩევდა სილამაზეს ღვთის ქმნილებისას. იგი ჰხედავდა თვის წინ მიმავალ ეშმაკეულს, ცოდვათაგან შეთხზილ მრუშობის ჭურჭელს. თვით სატანასა ჰხედავდა მწირი სიმშვენიერედ განსახებულსა და მისდევდა მას ფეხდაფეხ, როგორც მხედარი ძლევამოსილი მტერს ტყვედ აყვანილს. საბელიც ერტყა მისგან მონებულს, მისგან შემბული თოკი უწყვეტი, რომლის წვერი უხილავად თვით ებყრა ხელში.
ქალის გამოფხიზლება, მისი ნებისყოფის გაბრძოლება მაშინვე იგრძნო გრიგოლმა, კიდეც დაინახა: ყელი მოიღერა შუქურმა, უკლო სვლას, შეარყია ნაბიჯის სიმტკიცე. გასწორდა ბერი წელში, მიაპყრო თავის მსხვერპლს თვალი მბასრავი.
- სჯობდა, მამაო წმიდაო, მოგვეცადა, მოსულიყო მეფე.
- რად?
- ნაბრძანები მაქვს, არსად წავიდე სასახლიდან. ეჭვს შეიტანს ჩემს მორჩილებაში; ეწყინება, გაწყრება - სთქვა ქალმა
და უნებლიეთ ხელი მოისვა იმ ადგილას ლოყაზედ, სად კოცნით იყო აღბეჭდილი მისი ბრძანება, უკანასკნელი მუდარა თავდადებული მიჯნურისა. ბერმა ლახვარივით დაასვა ქალს თვალთა ისარი და უბრძანა რიხიანად:
- იარე, მხევალო ღვთისაო!
შეკრთა ქალი. ისევ გადატყდა მისი ნებისყოფა. ემონა ბრძანებას, განაგრძო გზა. მიჰყვებოდა ბერი უკან. თანდათან დაღუნა მან თავი, წელში მოიხარა; თითქო წელთა სიგრძე დააწვა მას ტვირთად რამ მძიმედ. ფიქრებს მიეცა უნებლიეთ, წარსულთა მოგონებას. გაახსენდა თავისი სიჭაბუკე. თვალთ წინ წარმოუდგა ახლად მოწიფული თებრონია, შველივით მალხაზი, გველივით მოქნილი ქალწული, რომელი მზა იყო ეშხის სხივად შემოჰხვევ-შემორტყმოდა მას, თავს შემოვლებოდა ხორცსხმულ ალერსად, სიამეთა ნავით გარდაეტარებინა ცხოვრების ზღვა დაუდგრომელი, აღყვავებულ წალკოტად ექცია ყოფის სიმძიმე შხამმორეული. შუქურის სახემ, მისმა სიტყვებმა ცხადად წარმოუყენეს მას გონების თვალთ წინ ის ვარდობის დრო, როდესაც მისკენაც იყო გაწვდილი ფიალა. სიხარულისა პირთამდინ სავსე. ხელი აჰკრა მაშინ მისდამი მიწოდებულს თასს ბედნიერებისა, დაანთხია ნექტარი მაცოცხლებელი, დაღვარა იგი თვისთვისაც და იმისთვისაც, მიწას გარია. უარჰყო მაშინ ნეტარება ქვეყნიური, დაშალა მაშინ ნივთიერი სავსება თვისი და სხვისი... კეთილ ჰქმნა იგი? იქნება მით შეამცირა ქვეყანაზედ სიხარული თუნდ ერთის ქრთილით და უნებლიეთ მეტი გზა მისცა მწუხარებას ბნელს. ქვეყანა ისეც ბნელთა სამფლობელოა, სოფელი ისეც შემძიმებულა ბოროტისაგან, მუქად მოსილი.
და თვალწინ წარმოუდგა ბერს აწ თალხებში მჯდომი თებრონია, რომელი ალბათ უკვე იგრძნობდა მის მიახლებას, მისკენ სვლას გამარჯვებულის წმიდანისას, რომელი არგნით მისდევდა სჯულის მრყევ მეძავს, სიმშვენივრეს ეშმაკეულს, თვით ეშმას ხორცსხმულს, ლამაზის სახით მოვლინებულს; ეჰ, მაინც მშვენიერს! და ეხლა არც თუ ისე მიმზიდველი ეჩვენა ბერს სასტიკი მოლოზანი, ღვთაებრივი რამ შურით თვალებამომწვარ-ამოშრეტილი, ლამაზ ტრფობით აღვივებულ იმ თებრონიასთან შედარებით.
- განვედ ჩემგან, მაცთურო ბოროტო! განმერიდე, შთაგონებავ მავნე სულისა! ჭეშმარიტად თვით ეშმაკია მეძავი ესე მშვენიერად მოჩვენებული! - შერისხა ბერმა ამაო მოგონებათა მიზეზი.
და შესდგა. მიმართა ქალს:
- შვილო ჩემო სულიერო! ჟამია, ვყოთ ლოცვა: მიახლებული ვართ სავანესა წმიდასა, ჯერ არს აღვავლინოთ გულნი ჩვენნი წანაშე ზეშთა მეუფისა!
გაახშირა მწირმა პირჯვარის წერა და მეტანია. წარსთქვა ლოცვები. ქალი იდგა ქანდაკებასავით ჰაზრებმიმქრალი, გრძნობაჩახშული, ნებისყოფა ჩატეხილი-ჩამსხვრეული. იდგა უძრავად ქალი, რადგან ჯერ არ განაგრძობდა გზას მისი მბრძანებელი საკვირველთმოქმედი.
- იარე!
- გაემართნენ უჩუმრად, პირდაპირ შეურხეველ-შეურყეველის ნაბიჯით. დედათა მონასტერს უკვე ეგრძნო საკვირველ სტუმართა მოახლოება.
- დაო ირინე! მიხედ-მოხედე მანდაურობას, ოსტინგი განამზად-დაასუფთავე: მომავალს მეუბნება, თითქო ძლიერი ძალის მექონი ვინმე მოახლებია ჩვენს სავანეს, სტუმარი დიდებული.
- მეც ამითამაშდა თვალი, მაგრამ ვერ გავბედე თქმა, არ შემრისხოს-მეთქი მისნობისათვის.
- გულმაც მიგრძნო: შორეულმა ძალამ ამიღელვა გრძნობა, გზისაკენ მიჰმართა ჩემი თვალები.
- იქნება წინათგრძნობა თუ მომავლის ნიშნები ხანდისხან ცრუმორწმუნება არ იყოს, იქნება ადამიანის სული უფრო შორსა სჭვრეტდეს, სინამ მისი თვალი თუ ყური.
- ვინ იცის! დიდ არს განგება უფლისა და მიუწდომელ.
ამ ლაპარაკში იყვნენ მონაზონები, როცა ჭისკრიდან შემოირბინა მორჩილმა გოგომ და დაიძახა:
- გრიგოლი მოდის, ღირსი მამა ჩვენი გრიგოლი!
- გრიგოლი?!
- დიაღ! წინ ვიღაც ქალი მოუძღვის. მშვენივრად აცვია. წუღები და კაბის კალთები კი სულ დამტვრიანებია. გზაზედ დავინახე და მაშინვე გამოვიქეცი აქათ.
მონასტრის ეზოში ჩოჩქოლი შეიქმნა, მითქმა-მოთქმა, ერთმანეთის ძახილი. დაჰკრეს ძელს, დარეკეს. შეიკრიბნენ დები სავანისა. გაემართნენ კარებისაკენ თებრონიას წინამძღვრობით. საკვირველი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ: ფეხით მოდიოდა მდიდრად ჩაცმული ქალი; უკან გრიგოლი მოსდევდა არგნით ხელში. მოხრილიყო ბერი, უძლური რამ მოხუცის სახე მიეღო. ქალი, წელში გამართული მოაბიჯებდა, მისი სახე უძრავი იყო, თითქო უსისხლო; ხედვის ისარი ერთს წერტილზედა ჰქონდა მიბყრობილი, გაყინული, უაზროდ გარინდებული.
- დაიცათ, შესდექით! შუქურია ეს, მეძავი მეფის მხიბლავი, ბრძანა თებრონიამ
და წანვლო წინ, მიწამდინ თავი დაუკრა წმიდანს, ხელს ემთხვია მას. მიესალმა ქალსაც; შეიცოდა, რომ დაღლილიყო გზაზედ. შუქურმა ხმა ვერ გასცა, თითქო ეძინა თვალხილულსა.
- იღვაწე ესე ჯერისაებრ! კეთილად დაიფარე დედაკაცი ესე. მტკიცედ დაიცევ საფარვლისა ქვეშე წმიდისა ამის სავანისასა, რა ჟამს ძიება ჰყოს მეფემან აშოტ. იტვირთე!
თებრონიამ ხელი უბყრა შუქურს, შეიყვანა მონასტერში; ჩააბარა სხვას; თითონ გამობრუნდა გრიგოლთან. დაიხშო კარი შუქურისადმი მიჩენილის სენაკისა. დაიხშო ბჭე ცხოვრებისა სიცოცხლის ასაყვავებლად მოვლინებულ ქმნილებისათვის. იქ, იმ მონასტერში, უნდა მოენანნა შუქურს თვისი ცოდვა მომაკვდინებელი. და რა ცოდვა ჰქონდა ამ ღვთის შვილს გულწრფელს, ყოვლადსახიერს?!
მშვენიერ ყვავილად რომ დაებადნა იგი შემომქმედს, თვალთა სასიამო ქმნილებად სათაყვანებლად, ეს იყო ბოროტება შუქურისა; მისი სიკეკლუცე ხორციელი, მისი სინარნარე თანდაყოლილი, სიმშვიდე თუ მოსიყვარულე გული ყოვლად კეთილი, რომ უძლევლად იზიდავდნენ მისკენ ბუმბერაზ მეფეს საქართველოსას, ეს იყო ცოდვა მისი შეუნდობელი. თითონაც რომ გაებედნა შუქურს და შეჰყვარებოდა დიდი აშოტი, თავისი ქალობა რომ ფიანდაზად დაეფინა მისთვის სამუდამოდ. მის გასახაროდ, მის სანუგეშოდ, ეს იყო ის დიდი შეცოდება, რომელი თურმე ვერ ეპატიებოდა მას ვერც ამ ქვეყნად, ვერც თუ იმ ქვეყნად.
- ქვა უნდა დაჰკრიბო მასზედ, უნდა ჩაქოლო მეძავი ბილწი!
- რადა? მისთვის, რომ თვით მშვენივრებაა ხორცსხმული, თვით ტრფიალება ცხადად სახული? მისთვის, რომ ამრავლებს ქვეყანაზედ სიმშვენივრეს და სიყვარულსა?
- ყალბსა სიყვარულს ეშმაკეულსა, სიმშვენივრესა სატანასებურს, ხორცთა ამაზრზენს, ვნებათა ჩანმთქმელს.
- სიყვარული ეშმაკეული; სიმშვენივრე სატანასებური! ნუთუ შემომქმედს, თვით უხრწნელ სიმშვენივრეს, თვით სიყვარულს შემოუწერელს, მოსტაცა ბნელმა ნაწილნი ნათელისა?! იქნება ჭეშმარიტებაც წარსტაცა ბნელმან მას, ყოვლად ჭეშმარიტს?! მე კი ვგონებდი: სიმშვენივრე, სიყვარული, ჭეშმარიტება ნაწილნი არიან უსამზღვროის მის ნათელისა, ქვეყანაზედ ჩვენდა სანუგეშოდ ცხადქმნილ-მოვლინებულნი.
- იყუჩე! სატანაილი დაჰხრის შენს ჰაზრს გარესკნელისკენ, განგცდის შენ ეშმაი ბილწი განცდით ძლიერით! 
 
70
ეახლა ბერს თებრონია, შეიწვია მონასტერში. არ ინება მწირმა, არ შევიდა ეზოში; იქვე ჩამოჯდა ლოდზედ, ორივე ხელით მოჰკიდებოდა დაბჯენილ ყავარჯენს გარინდებული, ფიქრში წასული.
აასრულა იმან განზრახვა ძნელი, თითქმის შეუძლებელი; უბრძოლველად წაიყვანა ძალამოსილი ქალი მონასტერში, თოკი შეაბა უტყვ ზვარაკივით, წინ გამოიგდო, მოაცილა თვით სამსხვერპლომდინ. სასწაულს უდრიდა ეს. სასწაულიც იყო მომქმედ მადლით წარმოებული. გრძნობდა კიდეც ის თავის ძალას შემბორკს შემცოდისას. ღვთის ნებაზედ მის მატარებელს. ეხლა, როცა შეასრულა თავის განზრახვა, უძლურებას განიცდიდა ხორცისას და სულისას, გრძნობათა სიცალიერეს უსიამოს. ჩაფიქრებული იმასაცა ჰხედავდა, რომ ეს მძიმე საქმე გააბედინა მას არა მხოლოდ სამღთო გულისთქმამ, სწრაფამ ღვთისადმი; თავმოყვარეობამაც, თვითმოყვარებამ თვისმა ზვიადმა.
შეკრთა, როცა გაითვალისწინა მთელი შედეგები ამ გაბედულის მოძრაობისა. საშიშიც იყო: ძნელი სათქმელი იყო, როგორ გაიმაგრებდა მონასტრის ზღუდე ქალს, რომელს არავითარი კავშირი არა ჰქონდა სავანესთან, რომელი მთელის ძალით გაიბრძოლებდა, რაკი თავს მოეგებოდა და ჩააკვირდებოდა თავის ყოფას. აუცილებელი შეიქმნებოდა ეს: დღეს დაიმორჩილა ქალი, მოადუნა მისი გონება და ნებისყოფა, შემდეგ ისევ გაიმართებოდა იგი წელში, თავის დონეზე დადგებოდა; მაშინ ძალითღა იქნებოდა შესაძლებელი მისი დაკავება, მოხერხებული რამ ქცევით; მაინც მის უნებლიეთ.
ისიც ძლიერ საეჭვო იყო, გაუძლებდა თუ არა სავანის ზღუდე მასზედ მისულს ძალას მეფისას: გაიგებდა აშოტი, სად დააპატიმრეს ქალი და წაესწრაფებოდა მის დასახსნელად, დასაბრუნებლად. მედგრად შეებრძოლებოდა მოწინააღმდეგეს. ეს მოწინააღმდეგე ძალა იყო დღეს თებრონიას ნების სიმტკიცე.
- მებრძოლად დედაკაცი ამისთანა სასტიკ წყობაში?!
- დედაკაცი ჭირში ნაცადი, მისი მისწრაფება უტეხი, ხელოვნურად ნაწრთობი; მისი ნებისყოფა, რომელი მოიხრება ძალთა წინაშე, მოიდრიკება, მიწას განერთხმის, არ კი გადიმტვრევა. სურვილს აისრულებს.
- რომ ძირიანად ამოგლიჯოს რისხვის გრიგალმა?
- უბედურება იქმნება, სჯულის შერყევა, თუ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ხელს დარევენ რაინდსა ღვთისას და გადაჰფშვნეტენ. ნუ იყოფინ! თებრონია მებრძოლია ეკლესიის სახელით, მასზედ არის დამყარებული გამარჯვება მეუფის საყდრისა ამ ძლიერ ბრძოლაში. უნდა შესძლოს შემართება, აიტანოს რისხვა ყოველი, უკუაქციოს მებრძოლი ძალა მძლავრად მისული. განმტკიცდეს იგი! მე განვამტკიცო!
მონაზონი შორიახლო ჩამომჯდარიყო და ელოდდა ბერის გამოფხიზლებას: ეგონა, დაღლილს ჩასძინებიაო. შეირხა მწირი. მიჰმართა მონაზონს:
- მეც ჭამადი მცირედი და წარვიდე სავანედ ჩემად!
ბევრი ევედრა ქალი, ენებებინა მონასტერში შესვლა, პურის მირთმევა და მცირედი განსვენება, მაგრამ ვერ დაიყოლია წმიდანი. იქ მოართვა ტაბლა, გალავნის გარეთ. ნელ-ნელა სჭამდა მოღვაწე, ნაზად, თითქო დაზოგვით. თან უბნობდა, არიგებდა მასპინძელს, როგორც უნდა მოქცეულიყო ის ამ მძიმე შემთხვევაში. ევედრებოდა, გამოეჩინა სიმტკიცე შესაფერი.
- ეს გზა, დაო ჩემო სულიერო, რომელს უკვე დაადექ შენ, არის სავალი სჯულის აღმსარებელთა, გზა წამებისა, იქნება მოწამებრივის აღსრულებისაც. იცოდე ეს შენ!
- მიხარიან ამ გზით სვლა. ვერ გამტეხოს ძალმა წინააღმდეგმა! მეძავი იგი ვეღარ იხილავს ცხოვრების ნასახს სავანის გარეთ, ვეღარ იგემებს სიცოცხლეს ცოდვათაგან მტკბარს! - წარმოსთქვა ჯიუტად
და თვალნი აეგზნო შურით ძლიერით; იტყოდნენ: სამღთო შურითა. მრავალს ჟამს მარტოდ უბნობდნენ ნეტარნი ესე. დაბალი ხმით ამბობდნენ შეთქმულებივით, თითქმის ჩურჩულით. მახლობლად არავინ იყო, ყველანი დაეთხოვნათ წინამძღვრებს. ადგნენ. ხელს ემთხვია თებრონია. გაშორდნენ ერთმანეთს. მტკიცე ნაბიჯით მიემართებოდა თებრონია, აღგზნებული თვალები ნათელჰყოფდნენ მის მღელვარებას.
დიდი ღელვა აღძრა ამ ახალმა ამბავმა საგულისხმიერომ მთელ მონასტერში, სად ცხოვრება ისე ერთგვარად მიმდინარობდა ურყევ-უღელველად. ეს დღე არ ჰგვანდა სხვა დღეებს, რომლები ისეთის მოსაწყენის ერთფერობით მისდევდა ერთი-მეორეს მოსაბეზრებელ ერთგვარობით. მითქმა-მოთქმა გახშირებულ სავანეში დიდი ყურადღება მიიპყრო თებრონიას საუბარმა წმიდანთან. არცერთი მათი სიტყვა არ ესმოდათ ცნობისმოყვარება აღძრულთ და ვეღარ მოეთმინათ, ვერ დაწყნარებულიყვნენ. ბოლოს თემისტომ გადადგა გაბედული ნაბიჯი: წყაროს ბილიკი იმ ადგილის ახლო გადადიოდა, სადაც ისხდნენ მესაუბრენი. ქალმა აიღო სურა და წყალზედ წავიდა; ისე მოზომა გზა, რომ მათ ახლო გავლისას გაეგონა რამ, ყური მოეკრა სიტყვისათვის. არ გაუცუდდა განზრახვა, მოესმა:
- იყავნ ეგრეთ! უკეთუ უღირსი მონა ღვთისა ანგელოსი ვარ აწ, მაუწყებელი მისის ნებისა, აღსრულდეს შენ მიერ იგი წმიდა ნება მისი!
- აღსრულდების! ძალა უფლისა განმამხნობს უძლურს!
სხვა ვეღარაფერი გაიგონა, ვეღარც გაბედა შემდგარიყო და ესმინა. გაეშურა. მიუთხრა გაგონილი თვის დებს ქრისტეს მიერ.
დაიწყო ღვთის ნების აღსრულება მონასტერში მომწყვდეულ ლამაზ შემცოდეს შესახებ, უტეხი რამ ნებისყოფის სრულყოფა, რომელი ურყევად თუ უგრძნობელად მიდიოდა თვის მკაცრად განსამზღვრილ სავალზედ და თვალდამწუხულ თვის სასტიკ სვლაში ტყვიის ბიჯით სთრგუნავდა ყვავილს ტრფობისას, ქალ-ვაჟთა შორის აღმოცენებულს; ჰლეწავდა თვით ღეროებს ტურფა ყვავილებისას; სთხრიდა ფესვებსაც საიშვიათო მდელოსი ედემურისა.
გახადეს შუქურს სამოსი სამხიარულო ფერად-ფერადი, შემოსეს შავი ძაძა სიხარულის ბნელად შამღები, სამგლოვიარო; მოხსნეს მანდილი ყვავილოვანი, მობურეს ბლანდი მძიმე ლამაზ დალალთა მთლად დამფარავი; წაჰყარეს სადაფ ყურთაგან დილის ნამივით მოციმციმე საყურეები, შუშა თითთაგან ბეჭდები ცეცხლის მფრქვეველნი; ახსნეს მკერდიდან გულის ქინძისთავი; შეხსნეს წელიდან სარტყელი სადედოფლო მეფე-მიჯნურისაგან მიძღვნილ-მირთმეული; შემოარტყეს მის წილ საბელი ქალამანისა მწვირიან-კვანძიანი.
- ნუ გენაცვათ! ეს სარტყელი მევე დამიტოვეთ: აშოტის ნაჩუქარია; თავის ხელით შემომარტყა; მის სახეს მაგონებს, მის შეხებასა.
- არ შეიძლება! ცოდვას მოგაგონებს ეს სამკაული, ცოდვათა ტალღას მიგცემს წარმწყმედელს. შეიბი საბელი! შემოგერტყმის მადლი ძლიერი, ზეცად აღმყვანი.
ხამლი ჩააცვეს უფერო, უშნო, კოხტად ნაქარგ წუღების ნაცვლად გოჰარშეყრილისა. როგორ დაკარგა ნაქვთიანმა თავის სახე! უშნოდ გამოჩნდა ფეხი კოხტად ნაგები. რას იტყოდა აშოტი, რომ დაენახნა! პირიც არ დააბანინეს მტვერშეფრქვეულსა.
- ნავლი უნდა დაიყარო თავს, ნაცარი და ისე ინანვიდე ცოდვას შეუნდობელს, - უთხრეს მას.
გესლიანად გაეცინათ, სარკე რომ მოითხოვა, მიჭვრიტაი რამ ლითონისა.
- ნეტა მიცნობსღა აშოტ, ეხლა რომ შემხვდეს თუნდ მარტოდ-მარტოს? მაინც მიცნობს! ალღოთი მიჰხვდება. ძალა იდუმალი ამცნებს მას ცხადად. მეტყვის ხოლმე, საიდუმლოდ რამ ძალა მაგრძნობინებს შენს მოახლებას და მძლავრად მიზიდავს შენკენ, ჩემო სიხარულო...
- გიღალატე მე, სიხარულმა შენმა, ვაჟკაცო ჩემო, გავტეხე შენი მცნება, ბრძანება შენი. ნუ ინაღვლი და ნურც შემრისხავ: წამიერად გეურჩე, დროებით, მხოლოდ ერთი კვირით. ვერ ვეწინააღმდეგე წმიდანს, ვეღარ შევსძელი: მინდოდა მისი კურთხევა ყოფილიყო ჩვენზე, ჩემზედ და შენზედ. განუყრელნი ვართ, ერთნი საუკუნოდ.
- ჭამე რამ, დაიმშეოდი გზაზედ, დალიე!
- უჰ, როგორი ნასი პურია, გაუცრელი, ჩენჩოიანი! არ მინდა. წყალს კი დავლევ. როგორი ჭუჭყიანი წიწანა არის პირმოტეხილი, სად არის ეხლა ჩემი ოქროს კუტალი ვერცხლის ლანგარზედ მდგარი! გაუკვირდება აშოტს, როცა ვუამბობ, როგორ გამიმასპინძლდნენ წმიდა დედანი, მისგან უხვად ნიჭებულ სავანეში; იქნება კიდეც ეწყინოს, გაწყრეს...
- ნუ, გენაცვალე, ნუ გაუწყრები საწყალ დედაბრებს! აღთქმა დაუდვიათ, იზრუნონ მხოლოდ სულზედ. თურმე არ უნდა სულს არაფერი შნოიანი, არც თუ შემრგო, არც სასმელ-საბურავი, არც საჭმელ-სასმელი. სულისათვის თურმე ისიც არაბედენაა, რანაირ გვამში იმყოფება იგი, როგორი ხორცი შეუმოსია, მშვინიერი თუ მშვენიერი. უფროც უხარიანო გვამი მახინჯი, მიხრწნილ-მილეული, უსუფთავო მოუკაზმავი. ნეტა თუ რად? ხორციც ხომ ღვთისაგან შექმნილია ყოვლად სახიერისა. რომელი არის მშვენება უებრო, წუნდაუდები. საიდუმლო ჰაზრი თუ არის აქ ჩემგან მიუწთომელი. ვკითხავ აშოტს, ის მეტყვის მართალს: ჭკვიანია, ფიქრგამჭვირვალი; ნათელი სიტყვა იცის, მოაზრებული. მივეალერსები და ისე ვკითხავ. უთუოდ მასწავლის...
- პურსაც შევჭამ. რა ვუყოთ, რომ ნასია?! არაუშავს რა! არ უამება აშოტს, თუ უჭმელობა დამეტყო; იქნება კიდეც მაყვედროს. არა! როდის დამმდურებია, რომ ეხლა მაყვედროს?! უფრო მომიალერსებს: თუ შეუძლოდა ვარ ან დაღონებული, სულ თავს მევლება მეფე ვაჟკაცი. იქნება იწყინოს, ცუდად გისაზრდოვებიათო, გაუწყრეს ამ საწყლებს. უნდა კმაყოფილი ვიყო ამითიც, რაც მომართვეს. მშიან!
71
სასახლეში კრძალვით და შიშით ელოდნენ აშოტის დაბრუნებას. აისრულა დედოფალმა წადილი, ჰპოვა უფრო მძლავრი ძალა, სინამ სურვილი ხელმწიფისა, დაიხმარა ის ძლიერება წინააღმდეგ მეფურ უფლებისა, რომლის თანაზიარი იყო თითონაც, და დააპატიმრა შუქური მონასტერში, ჩაუკეტა კარი ცხოვრებისა. რაც ბოღმა უტრიალებდა ზვიად გულში დედოფალს, მხევლისაგან დამარცხებულს, ქმრისაგან უარყოფილს და მოახლეზედ გაცვლილს, მთელი ჯავრი, გუბე გესლისა ადუღებულ-აღქაფებული, ზედ დაანთხია მეძავს საზარელს, მოსპო ის ცხოვრებისათვის, ცოცხლივ დამარხა უძირო მთხრებლში ამოუსვლელში. მაგრამ ამითი მაინც არ ისპობოდა პყრობილი გრძნეული, არ განქარდებოდა ძალა მისი ეშმაკეული: მეფე-ვაჟკაცი ძლიერ იყო დაგესლილი იმ ჭრელისაგან, შებორკილ-დამონებული, და ეხლა დიდად საზრუნველი იყო ის, როგორ აიტანდა აშოტ მძლეველი ამ მისთვის ფრიად სამძიმო ამბავს.
- ძალიან იწყენს, გაბოროტდება, აღშფოთდება უზომოდ. რა საშინელებას ჩაიდენს ვნებააშლილი, ფიქრაფურტკვნილი, მხოლოდ ღმერთმა იცის. შეიძლება ვეღარ შეიმაგროს თავი, რისხვა თვისი მეხად დაატეხოს ყველას და ყოველსავე. განრისხებული აშოტი განძვინებული ლომია უწყალო, მედგრად მოქმედი, - ამბობდა დედოფალი
და ფიქრობდა, როგორ შეჰხვედროდა მეფე-მეუღლეს, რომ მცირედ მაინც დაეწყნარებინა ის და ფრთხილად ამოეღო სევდის ისარი, რომელი ამ ამბის გაგონებაზედ გულს განეწონებოდა გამიჯნურებულს.
ფიქრს მისცემოდა მწარეს ღირსი გრიგოლიც. შეებრძოლა იგი გოლიათს ქრისტეს სჯულის შემბღალავ-მაგინებელს, შეჰმართა მთლად უიარაღოდ. მხოლოდ არგანი ებყრა ხელთ და საბელი თვისის ხამლისა, როს გაემართა იმასთან წყობად. გაუმარჯვდა გულადს: საბლით შებოჭა ეშმაკეული, რომელს ჰმონებდა ძალა გოლიათისა, არგნით წარიგდო იგი წინ და დახშო წმიდა სავანეში, სად უმწეოა სატანა ბილწი, მთლად უძლურია მის მანქანება. თითქმის უბრძოლველად შეასრულა ყოველივე ეს, მაგრამ ბრძოლა კვლავ მოელის მას, ყველა მის მომხრეს, წყობა სასტიკი, უწყალო, შეუბრალებელი.
- ვინ იცის, რით დამთავრდება ომი საბედისწერო. ნუ იტყვი, იბრძვის მხოლოდ ვაჟკაცი ერთი სურვილთა ასასრულებლად. იბრძვის აქ ბჭე ჯოჯოხეთისა წინააღმდეგ წმიდის ეკლესიისა. ვერაფერს დავსთმობ! ვერ შედრკება საყდარი ღვთისა სალს კლდეს ყრდნობილი, ვერ შეირყევა: ეს აღთქმაა მაცხოვრისა უცილობელი!
- მაგრამ ეს აღთქმა შეეხება საბოლოვო გამარჯვებას ეკლესიისას ჟამთა დასასრულში; დროებით კი, აქა თუ იქ, განსაზღვრილი დროს თუ ადგილას შესაძლოა დამარცხება ნათლისა, მოკვდინება თუ დაშლა არა მცნებისა, არამედ მებრძოლთა, მათი სიმაგრეებისა.
- ოღონდაც! ბევრჯერ მიუღიათ სჯულისათვის მებრძოლთ სიკვდილი მოწამებრივი, ბევრგან ნგრეულან მძლავრი მარჯვენით ზღუდენი წმიდათა სავანეთანი, შესძლებს ბოლომდის ბრძოლას ღირსი თებრონია? არ შედრკება მისი მხნეობა ღვთაებურის შურით გზნებული? არ დასთმობს იმ ეშმაკეულს, არ განუტევებს, თუნდაც წამება მიერგინოს მისთვის და თვით სიკვდილი?
- სრული იმედი მაქვს ღირსისას! ვიცნობ თებრონიას, მის შემმართებელ ბუნებას განუტეხელს... მაინც მიბყრობს შიში გაურკვეველი; ცხადად ვერ ვჭვრეტ შავ რამ ბურუსში დაფარულს ბოლოს სასტიკ ბრძოლისას. ვილოცოთ, ძმანო, ჩემნო, მიჰფინოს ყოვლად ძლიერმა წმიდა სავანეს მადლი განმამტკიცებელი, შემოარტყას მას უძლეველი ძლიერება თვისი ზღუდედ უძრავად, განამხნეოს თვის სადიდებლად მებრძოლი დედა თებრონია. ვევედრნეთ, თანაწარხდეს ჩვენგან განსაცდელი ესე სასტიკი.
ლოცულობდა გრიგოლ, მაგრამ მთლიანად ვერ აღევლინა გონება თვისი ზეცისადმი: მოგონების თვალი არა ჰშორდებოდა მეფის სასახლეს და დედათა მონასტერს, ზრუნვით ბყრობილი მისი ჰაზრი ჰქსელავდა გზას ამ ორ მეტოქე ციხე-სიმაგრეების შუა.
საშიში ბრძოლა დაწყებულიყო წმიდა მოღვაწეთა და მეფის შორის. აშოტი არ დასთმობდა თავის სატრფიალოს, ვერ დაუტევებდა იგი მას, ვერასგზით ვერ შესძლებდა მის უარყოფას; შუქური განუყოფელი ნაწილი შექმნილიყო მისი არსებისა, მისი სული უკვე გადასულიყო შუქურისას, დაევანა მის გულში, როგორც პატიოსან ქვისაგან გამოკვეთილ რამ ტაგრუცში; შუქურს მოკლებული, უსულოღა იყო აშოტი და როგორ იცოცხლებდა, რით იცოცხლებდა, ვით დამშვიდდებოდა თუნდაც ერთს წამს?! შეუძლებელი იყო ეს! აშოტი ვერ დასთმობდა ცოცხალი იმ მისთვის მოვლინებულ მარგალიტს ფასდაუდებელს.
ეს კარგად იცოდა დედა თებრონიამ და მისთვის გაეკაჟებინა გული, ისეც გაციებულ-გაქვავებული. იდუმალი სიხარულით ელოდდა რისხვას მეფისას: ნატრობდა წამებას, სიკვდილს მოწამებრივს. მაშინ ზეცას აღფრინდებოდა იგი ცხოვრებისაგან უარყოფილი. ცხადად ჰნახავდა გრიგოლი, რა ძვირფასი საუნჯე იყო თებრონია ქალი და გაჰკვირდებოდა, დაენანებოდა კიდეც მას იგი, გული ეტკინებოდა.
ყველანიც განცვიფრდებოდნენ მაშინ, ქებას ეტყოდნენ, ხოტბას შეაფრქვევდნენ. ზღაპრად დაიდებოდა მისი გმირობა. უბრალო დედაბრის შემმართებლობა.
მეფემ კი არაფერი იცოდა ამ ამბისა, ამ სხვისთვის თითქო უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის საბედისწერო ბრძოლის დაწყების შესახებ: მეფის ბანაკამდინ ჯერ არავითარ ცნობას არ მიეღწია ამაზედ. წინათგრძნობაც არა ჰქონდა ვაჟკაცს ამ მისთვის ძნელ ამბავისა. მოუხაროდა სასახლისაკენ. დიდად გამარჯვებული იყო მებრძოლი, იმისათვის იშვებდა და იხარებოდა. აგერ ერთი თვე იყო, სათარეშოდ წაბრძანებულიყო აშოტი, დიდი ლაშქარი არ ახლდა, არც დიდი ომი განეზრახა სამფლობელოში შემოჭრილ მტერთან; მხოლოდ ჰსურდა მოსვენება არ მიეცა მისთვის აქა თუ იქ მოულოდნელ თავდასხმით. ჯარი პატარ-პატარა მსწრაფლ-მოძრავ რაზმებად დაეყო და დაეგზავნა. თითონ შუა ადგილი დაეჭირა რჩეული დასტით, რომ მსწრაფლ გაჩენილიყო იქ, სადაც გაჭირდებოდა. კარგი დრო იყო სალაშქროდ თუ სანაპიროდ. გაზაფხულის ჟამს ადიდებული მდინარეები ბუნებრივ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ მტრისათვის, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის აგებულება და მარჯვედ სავალი გზა თუ ფონები. ქართველებს კი არ გამოეპარებოდათ არც ერთი მოკლე სავალი თუ ბილიკი. ჰაზრიანად სარგებლობდნენ თავის ცოდნით, ანადგურებდნენ მტერს მაშინ, როცა სრულებით არ მოელოდდა ის; თავს ესხმოდნენ იქ, სადაც ის მთლად უზრუნველადა ჰგრძნობდა თავს. შიშის ზარი დაეცა აშოტს მტრისათვის, ძრწოლა შეეყენებინა მისთვის. დიდად ეზარალებინა. ეხლა შემოეკრიბნა გაფანტული რაზმები და დავლით დატვირთული ხალხი დიდის ზეიმით თუ ღრეობით ისწრაფიდა სატახტო ქალაქისაკენ. მიუხაროდათ სახლში ცოლშვილთან, სატრფოებისაკენ. საჩუქრები მიჰქონდათ ძვირფასებისათვის, ნიშანი გამარჯვებისა. მეფეც იხარებდა, როგორც ერთი მხედართაგანი, იმასაც მიჰქონდა რჩეული ზღვენი თვის სახლობისათვის, საუკეთესო სახსოვარი გულის ვარდისათვის.
- ეს სამაჯური მის ნაქანდაკებ მკლავს, ესე ფარღული მკერდს დრუნგილისას, სიცოცხლით სავსე მარმარილოსას! გაეხარდება ლამაზს. გამეხარდება, რა ვნახავ ჩემეულით დამშვენებულს. მე რომ მოვიცლი მის კოცნისაგან, ამან დაჰკოცნოს ჩემ მაგიერად; განუწყვეტლადა ჰკოცნოს, მოუცილებლად.
ისწრაფიდა ვაჟკაცი გამიჯნურებული, ჭაბუკივით ჩქარობდა, სულმოკლეობდა, ღელავდა მოუთმენლად. მიღელავდა ლაშქარიც დროშაგაშლილი, მიიმღეროდა. გზა კი არ ილეოდა: გაგრძელებულიყო არტანუჯის შარა, შორს თუ დაეწივნა მეფის სასახლეს! მაინც მივიდნენ. შეაქროლეს ტაიჭები ციხის ეზოში. სეფე ქალნი გამოეგებნენ რაინდებს. დედოფალი მოწინაობდა. მიულოცეს გამარჯვება. გაიხარეს. აშოტი თვალს ავლებდა კეკლუცთა კრებულს. მის ხედვათა ისარი არ შეჩერდა არავისზედ: ასცდა მის თვალთა სხივი სეფე ქალთ, მიევლ-მოევლო მოახლეებს, მხევლებს, მსახურებს. არც იქ შეჩერდნენ მეფის თვალები, ვერც იქა ჰპოვეს თვის საძებარი: შუქური არ იყო არც იმათ შორის. ეს პირველი ისარი იყო წვერგამახული, ბნელმა ეჭვმა რომ დაასვა მეფის გაშლილ გულს.
ნახეს აბანო. შესცვალეს საომარი ტალავარი სალხინო ტანთსაცმელით. დაიდეს ნადიმი დიდებული, მეფის საკადრი. დედოფალი აღტაცებაში იყო, საუკეთესოდ შემკული. ყველას უტკბებოდა, უალერსებდა მეუღლეს; ცდილობდა ეშხი მიეცა მეჯლიშისათვის. ღელვა მაინც ემჩნეოდა: ჭარბი სიხარული ვერ ეფერებოდა მის ზვიად ხასიათს მიუკარებელს, განზრახ მოწყობილი შვება ხელოვნური. მეფე კმაყოფილი იყო, რომ გურანდუსტი თავისი ხალისით აელვარებდა მხიარულებას. წინეთ თვისი ერთობ თავდაჭერილი ქცევით უკარებელით, მეტად ამაყი მიმოხილვით თუ თქმით ანელებდა აღფრთოვანებას შვებისას ალად ავარდნილს. ვაჟკაცს მაინც ეტყობოდა ღელვა, თანდათან ემატებოდა მოუთმენლობა. მაშ რა უნდა ექმნა, თუ არ აღელვებულიყო: შუქური არსად სჩანდა არც დილას ეზოში, არც ეხლა ნადიმზედ.
- ვიღაც სხვა ადევნებს თვალყურს ტაბლის სამკაულს, ჭურჭელს მურასას. სად არის შუქური? როგორ შეიძლება, სხვის ხელი ჰხვდებოდეს ძვირფას საუნჯეს?! ნუთუ არ იციან, რომ ოქრო-ვერცხლის სასმისი თვალ-მარგალიტით მკული, მხოლოდ მაშინა ჰშვენის, როცა მას ჰხვდება ხელი შუქურისა?!
სურვილითა ჰსურდა დაეძახნა შუქურისათვის, ეხსენებინა მისი სახელი, ეკითხნა, სად იყო იგი სახლის მშვენება, ებრძანებინა, ფიცხლავ მოეყვანათ მის წინაშე იგი ქალთამზე. ეჰ, არ შეიძლებოდა: მეფე იყო, მთელი საქართველოს მბრძანებელი და არ შეჰშვენოდა, საჯაროდ ესდენი ყურადღება მიექცია სასახლის ქალისათვის. ჯავრი დაეტყო მეფეს, შუბლი შაეჭმუხნა. ნაძალადევადღა იტყოდა სიტყვას. აღარ ესმოდა სხვათაგან თქმულიც. შენიშნეს მეინახეთა ჭმუნვა მეფისა და დაუშვეს ხმა, დახარეს შვება. შეწყდა ჟრიამული სამხიარულო. გაიშალა შავი ფრთა უამობისა. გათავდა მეჯლიში. დაიშალა სტუმრეულობა.
72
იგრძნო მიჯნურმა, რომ ავი შეემთხვივნათ სატრფოსათვის, ბოროტი მოევლინათ საბრალოსთვის შეუბრალებლებს, რომელნი იშვებდნენ გამარჯვებულნი და თვისი სიხარულით ნიშნს უგებდნენ მას, მათგან ძლეულ ბუმბერაზს უძლეველს. ძალიან ეწყინა აშკარა შეურაცხყოფა თვისის პიროვნებისა. გული მოუკვდა, როცა წარმოიდგინა, რა ბოროტი დაჰბურავდა ღვთის შვილს სახიერს, მტერთა თუ მოშურნეთაგან გარეშემორტყმულს. სული შეუწუხდა, როცა წარმოიდგინა, როგორ მოეხსნება თვით მას სიამე, განშორდება ნეტარება, მოესპობა კმაყოფილება, სულის სიმშვიდე.
- აუტეხეს რამე იმ საბრალოს, რაკი გამიგულეს, თუ ავად იყოს, წარმოიტყოდნენ, ვინმე ახსენებდა მას სუფრაზედ, სადაც მის ადგილს სხვა იდგა, ვიღაც უცხო, შეუფერებელი, - გაიფიქრა მეფემ
და გაემართა შუქურის გალიაკისკენ, შევიდა, ვერ ჰპოვა თავისი მზე. სხვაც არავინ დახვდა იქ, არც თუ მხევალი რომელიმე. სავანეში ზოგი ნივთიც ეუცხოვა. შუქურისა არ იყო. აღარც ისე იყო სავანე მილაგებული, როგორც, შუქურს უყვარდა, მაშინ გულისხმა-ჰყო ყოველივე იგი ყოფილი საქმე და ფრიად შეიურვა. შემოჰკრა ტაში. მთრთოლვარე ხელმა ასწია კარის ფარდაგი და წარსდგა მეფის წინაშე ხადუმი; მუხლი მოიდრიკა. მეფემ მრისხანედ დახედა მას. მონა მიწას გაერთხო მბრძანებლის ფეხთქვეშ.
- სად არის შუქური?
- წაიყვანეს, დიდო ხელმწიფევ! ბერმა გრიგოლმა წაიყვანა დედოფალი.
- წაიყვანეს და შენ ცოცხალი ხარ?! რად არ მოჰკვედ იქვე, შე არაკაცო? - წარმოსთქვა აშოტმა
და მისმა ხელმა შეუგნებლად გაიწია ხანჯლის ტარისკენ.
- ნუ მომკლავ, ყოვლად მოწყალეო! მიბრძანა დაბრუნება, არ გამიყოლა.
ელდა ეცა ვაჟკაცს. მუხლთ მოეკვეთა, ჩაჯდა სავარძელში. გაქვავდა ერთს ხანს დარდდარეული! სახლთუხუცესს იდუმალ თვალი ედევნებინა ამ ამბისათვის და გაბედა: ფეხაკრებით წარსდგა მეფის წინაშე. აშოტმა ვერ შენიშნა. ყურადღება არ მიაქცია მას. მერმე შეხედა ჩამქრალი ხედვით, ცივად, უაზროდ. კარისკაცი იდგა უძრავად მორჩილ-მოხრილი.
- სად არის შუქური?
სახლთუხუცესმა უამბო ყოველივე დაწვრილებით.
მის თქმაზედ მეფე თანდათან ფერსა ჰკარგავდა, ფითრდებოდა. მერმე მსწრაფლ აღეგზნო. წამოიჭრა ზეზე.
- თავი წარეკვეთოს ამ ლეშს! - ანიშნა გართხმულზედ. -საბყრობილეში ყველა მხევლები შუქურისა! ცხენის ძუაზედ ჰხამს აებნენ მოღალატენი და დაიჩლიჩნენ.
- სასტიკი ბრძანება, ცხებულო ღვთისავ!
- სასტიკი მეფის მოღალატეთათვის?! შენც მოღალატე! სახლთუხუცესმა უნდა იცოდეს ყოველივე, რაცა ხდება სასახლეში, პასუხს აგებდეს.
- მამაშენს, დიდს ნერსეს, ვემსახურე პირნათლად, მთლად ჩავბერდი შენს სამსახურში და...მოღალატე?! განეშოროს ყოველი მოღალატე ტახტსა მეფისას!
- ჭეშმარიტად ღირს არს! - სთქვა მეფემ
და გამოვიდა სახლიდან. უბრძანა ცხენი. მოართვეს მსწრაფლად. ესდენ ტრფიალი იყო შუქურის მიმართ ხელმწიფე იგი. რომელ თავმოთმინება დაავიწყდა და მსწრაფლ გაემართა მონასტერსა ფრიად აღშფოთებული. ჰგავდა, რომელ არა ღონითა რითმე კაცობრივითა იყო ტრფიალ შუქურის მიმართ, არამედ ეშმაკისა მანქანებითა. შეკრთა დედოფალი, ძლიერ შეშინდა. შეძრწუნდა მთელი სასახლე.
- გაემართა მრისხანე დედათ მონასტრისაკენ ხელშეუხებელისა. გაანადგურეს მედგარი წმიდა სავანეს. საშიშ არს ესე.
- ჭეშმარიტად საშიშ არს! უმჯობესი იყო, წმიდა სავანე და განდეგილნი არ ჩარეულიყვნენ ამ ფრიად სახიფათო ამბავში; წინადაც მოგახსენე ეს. - შეჰბედა სახლთუხუცესმა.
- სცდები, დაბრძნობილო! იმათ უნდა იზრუნონ სჯულის სიმტკიცეზედ, ზნეობის სიფაქიზეზედ; რისხვა უნდა დაითმინონ ამის გამო, წამება, თვით სიკვდილიც მოწამებრივი.
- აღსრულდეს ნება თქვენი! მეფე ღალატსა მწამებს, დედოფალი შეცდომას მყვედრის. მოწევნილა ჟამი ჩემის განშორებისა.
გრიგალივით მიჰქროდა მეფის მერანი. შორიახლო ასდევნებოდა განრისხებულს შინაყმათა გუნდი მასთან ნაწრთობი, ომის ველზედ მტრის სისხლში მასთან ნათელღებული. ვნებათა ქარიშხალი იტაცებდა მეფის ჰაზრებს თუ გრძნობებს, აღელვებდა, აზვირთებდა, საშინლად ატრიალებდა. შეურაცხყოფილ ბუმბერაზს უნდოდა მოეკრიბნა ფიქრები, განეჭვრიტა გზა სამოქმედო. ამაოდ! თავდაუჭერელად ჯგუფდებოდ-იშლებოდნენ მისი ფიქრები, გროვდებოდნენ, იფანტებოდნენ. მაინც შეუკავებლად მიისწრაფოდნენ მერესაკენა: იქ იყო დატყვევებული აშოტის მზეი, სიცოცხლე მისი. მხოლოდ ერთს ეტყოდა გარკვევით ჰაზრი მღელვარე.
- მიხვალ, ჰნახავ, წამოიყვან! წამს არ დასტოვებ სიხარულთაგან გაძრცვილ ადგილას!
ან რა ჰქონდათ საზიარო შუქურსა და მონასტერს, სიცოცხლეს და სიკვდილს, ცხოვრებას ყვავილოვანს და სამარეს კარდახშულს, სად ცოცხლივ ჩაემარხნათ თავი განსაცვიფრებელთ?
- ვპოვებ, მოვეჭდობი, გამოვიტაცებ!
- კვლავ გაუნათებდა შუქური იგი ციხე-ქალაქს აწ ჩამოქუშულს, სამეფო პალატს ჩამობნელებულს, გულსაც ჩაგესლილს, საშინლად ჩახშულს.
- რომ არ გიჩვენონ, არ დაგანებონ?
- არ დამანებონ?! ვინ გაბედოს ეს? რომელმა შესძლოს?! ციხეც მაგარი ვერ დაუდგრეს ჩემს მძლე მარჯვენას. მყის მოვიტაცებ! ახ, სიხარულო! ახ, ნეტარებავ!
- ბუმბერაზის ხმალი არ ამოდის ქარქაშიდან დედათა წინააღმდეგ, ვერცა ჰკვეთავს ფრთაასხმული სავანეს წმიდას.
- ვერც სჭრის?! ვერც ჰმუსრავს?!
ქვითინებს გული: იგლოვს დაკარგულს. შავბნელად მოსილ სასტიკთა დასს ჰხედავს ფიქრი ტანჯული, მზეთა-მზე რომ შეუპყრიათ შეუბრალებლებს. მათი მკლავები გველებივით შემოჰხვევიან საბრალო შუქურს. ბნელ ბაგეზედ გესლიანი ღიმილი უქრისთ დამცინავ-მამცირებელი. რა საბრალოდ უყურებს ქალი თავის რაინდსა! დახსნას ევედრება, ვერას კი ეტყვის შეჭირვებული.
- წამიც და დაგიხსნი! ან... ან თავს დავაკლავ შენს საბყრობილეს.
- მაცა, კაცო! იქნება თავისი ნებით მიჰმართა შუქურმა სავანეს წმიდას, თვით ისურვა განშორება ამა სოფლისა.
- ჰა, ჰა, ჰა! შენ ვერ იცნობ შუქურს გულკეთილს: სულს შესწირავს ჩემთვის; იცის, უსულოდღა დავრჩები მე უიმისოდ.
გამოჩნდა სავანე. ჩამოხდნენ. დასტოვეს ცხენები. გეეგებნენ მეფეს. განახვეს კარი ეკლესიისა. შებრძანდა, ილოცა. დალოცა მეფე დედა თებრონიამ. ფრიად ღელვილი იყო სახე მეფისა, მსწრაფლ ცვალებადი: თავის ჰაზრებს ებრძოდა იგი, თავის გრძნობებსა; ცდილობდა თავის სულისკვეთება როგორმე შეეკავებინა მცირე ხნით მაინც და უფრო ბუნებრივი სვლა მიეცა უთმენ სურვილისათვის, რომელი მძლავრად ისწრაფიდა განხორციელებულიყო სიტყვაში თუ მოქმედებაში.
დედა თებრონია ცხადად ჰხედავდა მის სულისკვეთებას და მზირ ყურადღებად იყო მთლად გარდაქმნილი, ვითა მებრძოლი თავგანწირული, რომელი მოელის თავდაცემას მედგარი მტრისას და სდგას ფრთხილად, თუმც შეუპოვრად. თავი ოდნავ დაეხარნა მეფის წინ, ხელები გულზედ მოეჭდო. მჭრელი ელვარება მის თვალთა ცხადჰყოფდა, რა ფხიზლად და ჯიუტად მოელოდდა მებრძოლის შემმართებელ მოძრაობას.
- სანაპიროდ ვიყავი, სამზღვართა განსამტკიცებლად. გამიმარჯვდა ღვთით. დავლამრავლად დავბრუნდი სასახლეში. წამოვესწრაფე: ჯერ არს მადლი შევსწირო ყოვლად წმიდასა.
- ღვთისმშობელი ჰფარვიდეს შენს სვლას საკეთილოს, მეფე დიდებულო! იგი მოგცემს შეძლებას, დაიცვა მტრისაგან საქრისტიანო, განამტკიცო ქართველთა შორის სჯული ქრისტესი, ზნენი კეთილნი.
გამოცდილ მებრძოლს უნდოდა შორიდან მოევლო საბრძოლ საქმისათვის, ეთქვა რამ მონაზონთა სასიამო, აღეთქვა დავლიდან ნუგეში რამე, მაგრამ დედაბერისაგან კეთილ ზნეობის ხსენებამ მთლად აფურტკნა მისი მოსაზრება. მსწრაფად შეეხო იგი თვის გულის ტკივილს:
- შენ უწყი, დედაო, რისთვის მოველ აქ?
- უფალმა უწყის, რისთვის ჰბრძანე აქ მობრძანება.
- ამა მიზეზებისათვის იქმნა მოსვლაი ჩემი: სასახლისა ჩემისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩვენი ხელთა მისთა ეგო; მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანია იგი: ფრიად დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგან; უბრძანე: ციხედ მოვიდეს, ყოველივე მოგვითვალოს და კვლავ თქვენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს.
ჩამოჰკრა თებრონიასათვის წუთმა სასურველმა, როცა უნდა ეჩვენებინა მას შეკრებულთათვის, რა ძლიერი ძალით არის აღჭურვილი სუსტი იგი მხევალი ღვთისა, თუ მოითხოვს მას სჯული ქრისტესი; როგორ უტეხად შეჰხვდება იგი თვით მეფის წყრომას, იტვირთებს თვით ჯვარს ქრისტესი, წამებას სასტიკს. და ეხლა, აქვე! გაიმართა წელში; უფრო მტკიცედ მოირტყა მკერდზედ გადაჯვარედინებული მკლავები; მკვეთრმა ღიმილმა, ბრძოლად მიმწვევმა, გაუპო ბაგე ცალმხრივ; თვალთაგან დაეკვესა ცეცხლი ბოროტი. ჰრქვა მკვეთრად:
- მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთათანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა!
წარმოსთქვა ეს სასტიკად და დადგა ურყევად შემმართებელი. არ ეშინოდა: შუქური ისეთ ღვიმეში ჰყავდა გადაკარგული, რომ მონასტერი მთლად დაექცივნათ, მის კვალს ვერ მიაგნებდნენ; თითონ კი სიხარულით ელოდდა მეხის ტეხას, რომ მისი სახელი აღზნებულიყო ლამპრად უქრობლად აქ კაცთაშორის და მის სულს მოეპოვნა ცხოვრება უხრწნელი ნეტართა შუა.
73
ესმა ეს მეფეს. მრისხანებამ აიტაცა აღტყინებულმა. სდუმდა ერთს წუთსა: მხოლოდ სასტიკი მოქმედებით შესაძლო იყო კადნიერისადმი პასუხი მსწრაფლი.
ვერ აისახა მოქმედებაში გულისთქმა შეურაცხყოფილისა: ალად ავარდნილ მრისხანების წინ მხოლოდ მოლოზნის სახე აიხატა, მწირად განდეგილ ვიღაც დედაკაცისა. გაახსენდა მკვეთრი სიტყვები: მეფე - ბუმბერაზი არ იკადრებს შეახოს ხმალი ქალს წინააღმდეგს; და მრისხანებას მისი გულისას დაესხა წყალი. გაიბზარა მისი მკვიდრი ნებისყოფა. გონებამაც შეუპყრო სამოქმედოდ გაწვდილი ხმალი.
- გაჰკვეთს ბასრი, მაგრამ თვითეულ ნაკვეთთაგან ახალახალი მებრძოლი მოგევლინება. უკვდავია ის მისწრაფება, რომელი ესე მედგრად ამოქმედებს დედაბერს მით უფრო ძლიერი, რაც მეტს ძალასა ჰნახავს თავისზედ მოსულს.
დაეშვა ძალა მძაფრი ბუმბერაზისა; უძლურ იქმნა იგი მისთვის შეუფერებელ ბრძოლაში. მცირედ ჟამს სდუმდა, ვითარცა ძლეული: ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს, შეჭურვილთა სამღვთოითა შურითა, მაშინ შეურვებულმან მეფემან გულისა შეჭირვებისაგან სთქვა:
- ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!
მსწრაფლ აღსდგა და წავიდა.
იძლია მეფე, მაგრამ ვერ აუსრულდა საწადელი ვერც თებრონიას: მეტოქემ არ იკადრა პირად მასთან შებრძოლება, მონაზონს არ მიეცა შემთხვევა მოწამებრივის სიკვდილისა, არც რამ წამების თუ ტანჯვისა, გინა შეჭირვებისა. უბრალო სახეც კი არ დაუდგა მას წინ მებრძოლი ძალისა. მოუცდა მოლოდინი: მისმა სიტყვებმა დაჰკარგეს ღირებულება მკვეთრის განკიცხვისა; უხეშ სიტყვათა გროვას ემსგავსნენ ისინი, უზრდელ რამ ფრასებს, კეთილისმყოფელ რაინდისადმი მიმართულს.
იგრძნო ეს დედაბერმა, მოეგო გონებას; თითქო შეინანა თავისი სიტყვა. ის ეხლა აყოვნებდა მეფეს, რათამცა გაისტუმრა იგი. არ დაჰყვა. მსწრაფლ წარვიდა. ისე გაემართა, ზედ აღარავისთვის შეუხედნია, არც თებრონიასათვის, არც მის კრებულისათვის, შავად რომ მოსდგომოდნენ წინამძღვარს. პირჯვარიც აღარ გადიწერა წასვლისას. მხოლოდ მიმოავლო უსიცოცხლო თვალი თავის ამალას. თითქო უაზრო შეხედვა. მოართვეს ცხენი. შესვეს ვით უძლური სასიქადულო იგი რაინდი, რომლის კისკასად შეჯდომას ტაიჭზედ თვალს ვერ მოჰკვრიდიან. გაჰყვნენ თანაყმანი ფრიად გულნატკენნი, დაღონებულ-გაჯავრებულნი. აღარც ისინი დაემშვიდობნენ სასტიკებს, უგულოებს; ზედაც არ შეჰხედეს. ალღოთი მიმხვდარიყვნენ, გამოცდილებითაც იცოდნენ, როგორ ავნეს განდეგილებმა ვაჟკაცს, რა სევდა ჩაუსახეს მას გულში უშრეტ-ულევი და ებრალებოდათ რაინდი წამებული. ნათლად წარმოედგინათ უთმინო გულისტკივილი მისი და სრულიად უარჰყოფდნენ ამისთანა სისასტიკეს, თუნდაც ზნეობის დასაცავად წარმოებულს.
- ვის არა ჰყოლია შუქურ-ვარსკვლავი, ვის არა ჰყავს დობილ-წაწალი, მაგრამ ამით არ იქცევა ქვეყანა, არც ინგრევა ქრისტიანობა. რაღა ამ ვაჟკაცის ცოდვა გახდა საჩვენებელი, მოსპობით მოსასპობელი?
- არ გესმის! ვისაც მეტი მიჰნიჭებია, მეტიც მოეთხოვების. სანთელივით უნდა ანათებდეს ამის ზნეობაც მთელ საქართველოში, როგორც ამისი ქველობა.
- კარგი, თუ ღმერთი გწამს! მეფე რომ არის, განა უხორცოა შეუმცდარ-შეუცოდველი. მე ესე გამიგონია: ვისაც მეტი მიჰნიჭებია, ბევრი შეენდობისა. ნუთუ ამდენი შრომით თუ ღვაწლით არ დაიმსახურა უბრალო ცოდვის შენდობა?! მებრალვის რაინდი!
- მეც მებრალება, ძმობამ! დახე, როგორ ჩაკეცილა ცხენზედ, როგორ ირყევა მძიმედ დაჭრილივით...
- გულშია დაკოდილი, ისარგანაწონი.
- ძალიან კი დაუბავს თილისმის ძეწკვით იმ ახალ დალსა, ღმერთქალს ოქროს დალალებიანს, ბუმბერაზი ჩვენი; აუცლია მისთვის ნებისყოფა, დაუდვია უღონო თავის ფერხთქვეშა.
- სურვილით ჩაუწვენია თავის კალთაში, ჩაუკრავს უბეში; მით სანატრელი გაუხდია ჯადოსანს ტყვეობა მისთვის.
დაღამდა. უმთვარო ღამე იყო. ბნელოდა. ღრუბლით შემოსილ ცას ვარსკვლავთა სხივიც დაეხშო დედამიწისათვის. ბნელმა ჩაჰნთქა აშოტი, წყვდიადმა გარესკნელმა უსხივომ. მის სულში ჩამოწოლილიყო შავი ჯავრი უნათებელი. იგი სევდა მღილად ჰქმნილიყო მის გულში, სამარის ჭიად დაუძინარად. ჰბრუნავდა მუნ, ჰხრავდა მას უყოვნებ-უსვენებლად, ჰფქვავდა მარადჟამს, ყოველ წუთს თუ წამს. უხილავი იყო ტანჯვა იგი სხვა თვალისათვის, ვით უხილავია სამარის მღილი ზე მავალთათვის. მით უფრო ძნელი იყო ვაჟკაცისათვის ტანჯვის ატანა, წამების ტვირთვა უთავებელის...
სასახლეში შუქურის შემდეგ ნათელი დღე დაუდგათ ზნეობის მცველებს, სჯულის, წესრიგთა ფხიზელ დარაჯებს, ქრისტიანულ მცნებათა გუშაგთ ულბო-უტეხელთ. მოსპეს მათ სიძვა საგმობი, მრუშობა ეშმაკეული და ამაყობდნენ, იღიმებოდნენ. გაჰკვეთეს საკვრელი უწყვეტი, რომლით შეეკონა ალქს არაწმიდას ბუმბერაზი უებრო მეფედ ცხებული. და ადვილად! მხოლოდ ერთის თქმით, ერთის ბრძანებით ვინმე მწირისა.
- ჰა, ჰა, ჰა! უბძანა, საბელი შეაბა, წინაწარიქცია; თითონ ყავარჯნით მისდევდაო, ამბობ შენ?
- ნამდვილად მოგახსენებ, დედოფალო! გაიგდო წინ, როგორც რამ ძროხა. მისდევდა ჯოხით ხელში. მიაცილა. ჩააბარა დედა-თებრონიას. მიკვირდა ყველა ეს. განცვიფრებული ვიყავი. შორიახლო ავედევნე სხვა ბილიკითა.
- საკვირველია ფრიად, სასწაულია ნამდვილ! ბრძანებლობდა ქალი, თითქმის დედოფლობდა, და როგორ დაემორჩილა ისე უთქმელად ბერის ბრძანებას?!
- სულ იმას მოგახსენებდი, ეშმაკეულია-მეთქი იგი ქალი. ჯადოქრობით მიიზიდა მეფე ძლიერი და მიითვისა. რა წამს ჯვარი გაჰდასახა წმიდანმა, ეშმაკი განვიდა დედაკაცისაგან, და მოესპო მას ყოველივე ძალა წინააღმდეგი.
- სწორედ ეგრე იქნებოდა. დიდება ჯვარსა ყოვლად ძლიერსა!
შუქურის წაყვანის შემდეგ მთელი ორი კვირა სრულ კმაყოფილებას გრძნობდა სასახლე, წყნარად სიამოვნებდა ჯავრმოშორებული: დამშვიდებულ დედოფლის ბაგეზედ ღიმი კვლავ ათამაშებულიყო, შერჭმულ-შეხრილი წარბი გადაშლილიყო; მის ბრძანებლობას აჰშორებოდა მრისხანე კილო, ბგერა ბოროტი. აღარ იყო ეხლა დედოფალი ამღვრეულ-აზეზილი, არც უკარებელი. ციხე-დარბაზი მთლადაც მოიმხიარულებდა, ნადიმს დაიდებდა სამხიარულოს, მიეცემოდა ნათელ სიამეს უხინჯ-უჩრდილოს, მაგრამ ჯერ კიდევ ეფიქრებოდა შედეგებისა: მეფე ჯერ არ დაბრუნებულიყო ომიდან, იმან სრულებითაც არ იცოდა ეს მისთვის უსიამო ამბავი და ვერ გაეთვალისწინებინათ, რა გზას დაადგებოდა ვაჟკაცი, როგორ შეხვდებოდა ამგვარ ცვლილებას; დაივიწყებდა ამ თვის ჟინსა, თუ გაბოროტდებოდა გრძნობამოშლილი.
- ეჰ, აღარც კი გაახსენდება ბატონ მეფეს ვიღაც შუქური, ესდენ უსახო ცოდვაი თვისი. დაივიწყებს სახესაც იმ მეძავისა, თავის ქცევასაც შეუფერებელს, ჩამოეცალა ვაჟკაცს ჯადო და მისი გავლენა. ადვილად შესძლებს თავს ჩაუფიქრდეს.
- იქნებ კიდევ უამოს ეგ ამბავი ეშმაკის საკვრელთაგან სხნილს. ვგონებ თითონვე უკვირდეს, როგორ შესძლო ვიღაცა ნაქვრივალმა დიაცმა ჩათხევა მისი ცოდვათა მთხრებლში.
- სწორედ ეგრე იზამს! დაივიწყებს იმის სახელსაც, სახსენებელსაც, - ანუგეშებდნენ გურანდუხტს სეფექალნი თუ მახლობელნი.
სჯეროდათ თითონაც თავიანთ სიტყვის სიმართლე. მათთვის კარგი იქნებოდა, სწორედ ესე მომხდარიყო, და იმისთვისაც სწამდათ ეს. დედოფალს ეამებოდა ესეთი მსჯელობა, ძალიანა ჰსურდა მას ესე დამთავრებულიყო ბრძოლა; უნდოდა დაერწმუნებინა თავი, რომ მძიმე სიზმარივით გაჰქრებოდა ეს ამბავი შეურაცხმყოფი და ულამაზო. გულის სიღრმეში მაინც ეჭვობდა: იცოდა თავის ქმრის უტეხი ნებისყოფა, როდესაც ის ურყევად მიისწრაფებოდა თვალმჭრელ რამ სურვილისაკენ; მაშინ აღარ მოიპოვებოდა მისთვის ისეთი ძალა, რომ შეებორკა მისი სვლა მტკიცე, მისწრაფება ჰოროლის წვერივით მედგრად მიმართული. ეს აფიქრებდა დედოფალს, თუმცა არ იჩენდა ამ შიშს, მთლადაც ჰმალავდა ამ ეჭვს უსახოს. დაბრძნობილი სახლთუხუცესი ვერ იზიარებდა ლამაზ იმედებს: ალღოთი მიხვედრილიყო, გრძნობდა კიდეც ის, რომ მეფე არ იყო შებყრობილი-მოხიბლული რაიმე ჯადოთი, გრძნეულისაგან ნახლართ თილისმით, და არც ჟამიერი იყო იგი კავშირი, მსწრაფლწარმავალი, ვითა აჩრდილი.
- მებრალვის აშოტ! უჟამოდ გამიჯნურდა მისი გული, უდროვოდ შეჰხვდა ის სულის სწორს, განგებისაგან მისთვის აღნიშნულს, ეტრფიალა ვაჟკაცი შუქურს მზიურის ტრფობით და ის სიყვარული საუკუნოა, დაუსრულებელი; მიჯნურობა ეს სიკვდილამდე გასატანია, იქნება მუნ თანაწასატანიც. ვინ იცის, განქარდების სიყვარული თუნდ მაშინ, როცა მოკვდების გული საბრალო და დამიწდების, თუ...
- სიძვა არისო მეფის კავშირი, მრუშობა ბილწი. არასოდეს! ჩემს ხელშია გაზრდილი აშოტ-მძლეველი, ჩემს თვალთ წინ გაიარა მისმა ჭაბუკობამ. ვიცი მაგისი ცოდვები შემთხვევითი. არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს. მაგრამ ეს კავშირი საკვირველია, სიყვარული მარად სუნნელოვანი, მარად მათრობელი. არა, ძნელი განცდა მოელის აშოტს, საშიში განსაცდელი მოგველის ყველას. რისხვა მომელის ჩემის მეფისა, მის სახლთუხუცესს, მის სიხარულის მტკიცედ ვერდამცველს.
აკი განიცადა კიდეც სახლთუხუცესმა რისხვა მეფისა. დედოფალს სრულებით არ გასცა ხმა აშოტ ღელვილმა. როცა მეფე გაემართა მონასტერში, გურანდუხტ შეფიქრიანდა: ეგონა, თებრონია ვერ გაუმაგრდებოდა და ვაჟკაცი გამოიტაცებს იმ მეძავსაო. არ გამართლდა დედოფლის შიში: შუქურს ვეღარ გადმოელახნა სავანის ზღუდე; იგი მთლად მოსპობილიყო სასახლისათვის.
74
- ჰუ, როგორ გრძელდება დღეები! აღარ გადის დრო, უძრავადა სდგას გარინდებული. ნუთუ ჯერ ორი კვირაც არ გასულა, რაც აქა ვარ?!
- არ გასულა, ჩემო კარგო, დღეს ხუთშაბათია. ხვალ მოვა მოძღვარი და აღსარებას გათქმევინებს. შაბათს ეღირსები წმიდა ზიარებას. ნუ დრტვინავ, ნურც სულმოკლეობ: ცოდვაა ეგეთი მოწყენა საიდუმლოს მიღების წინ, - უთხრა თემისტომ შუქურს
და შეკეცა ლოცვანი, დაიხარა, აკოცა ხელზედ, ძაძით მოსილ მუხლზედ თეთრად გადმოდებულ მაჯაზედ. ქალმა მოჰხვია მონაზონს მკლავი, გულში ჩაიკრა.
- სახიერია მეუფე და ყოვლად მოწყალე. თუ შენ არ მოევლინე ჩემ სანუგეშებლად, სრულებით ვერ გავსძლებდი, საშინლად დავიტანჯებოდი.
- ნუ, გენაცვალე! გამხნევდი. თუ...
მსწრაფლ შესწყვიტა მონაზონმა სიტყვა. სულ სხვა სთქვა ხმამაღლა:
- ისმინე, რა კარგი სიტყვებია, რა მშვენიერი თქმა არის: მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ! სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად და შენ, უფალო მწე მეყავნ მე! ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, მეუფეო ჩემო!
იმისთვის შესცვალა მწირმა სიტყვა და განაგრძო კითხვა,- რომ მის მახვილ ყურს, მონასტრის სასტიკ წესებით მეტად განმახულს, მოესმა ფეხის ხმა ნელი. დედა თებრონია არაერთხელ მოუვლიდა სავანეს, მზირ თვალს მოავლებდა დათა კრებულს თუ განდეგილად დაყუდებულებს, რომ მსწრაფლ გაეხსენებინა მათთვის მოვალეობა, თუ რომელსამე მათგანს სძლევდა მაცთური და წმიდა ცხოვრებას თუნდ ოდნივ შეურხევდა. სასტიკი იყო დედა თებრონია, როცა ვისიმე მახლობლად შენიშნავდა ეშმაკს ბოროტსა, მის მანქანებას მაცდუნებელსა.
- ნათესავი ესე ბილწი განიდევნების მხოლოდ ლოცვითა და მარხულობითა! - იტყოდა მკვეთრად
და დაუწესებდა შემცოდეს არა ერთ მეტანიას, მრავალ ლოცვის წართქმას; დიდ მარხულობას არა მხოლოდ პურით, არამედ წყალითაც. დასჯილს კედლების ქვებიც პურად ეჩვენებოდა, ფოთოლთ შრიალი - წყაროს ჩხრიალად; განილეოდა იგი ხორციელად, განხმებოდა ქარქვეტისაებრ, გარნა გაიფურჩქნებოდა სულით, ზე ამაღლდებოდა, ცას მცხოვრებთ შეედრებოდა ხორციდან დახსნილ ზეციურ სულთა. ამისი ეშინოდა მწირს, მისთვის შესცვალა მან სიტყვა თავისი. საბრალოს გული ჯერ კიდევ არ გამომშრალიყო ჩვილგრძნობათაგან; არ გამოეფიტნა, არ გამოეხმო იგი უკაცურობის ალს. ამისთვის ებრალებოდა ეს უცხო პატიმარი, თავის უნებლიეთ მონაზონქმნილი, შურით თუ მტრობით გარსშემორტყმული.
- ჰგონია საწყალს, აღსარებას ათქმევინებენ, აზიარებენ და ნებას მისცემენ, კვლავ დაბრუნდეს სასახლეში. არა, ჩემო კარგო! ვინც ერთხელ შემოდგა ფეხი ამ სავანეში, ის საუკუნოდ მოსწყდა ცხოვრებას: მონასტერი არავის უშვებს თავის ზღუდიდან, არასოდეს არავის უტევებს, - გაიფიქრა გულჩვილმა.
განაგრძო კითხვა. კითხულობდა მონაზონი ღვთაებურ ნათქვამს, წარმოსთქვამდა ერთნაირის ხმით მოსაწყენით, ერთგვარ გამოთქმით. ქალის ფიქრი კი გაფრენილიყო სამეფო ციხე-დარბაზისაკენ, თავს ევლებოდა იქ თვის მეფე-აშოტს, ვაჟკაცს გამიჯნურებულს, თავის ბუმბერაზს შეუდარებელს. ვერ გაეგო ქალს, რა იყო მათ ტკბილ სიყვარულში საგმობ-საძრახისი, წინააღმდეგი ღვთისა თუ კაცისა; რადა სტანჯავდნენ ესე უწყალოდ.
ძნელ ცხოვრებად შეეცვალა შუქურს თავისი ფუფუნება, ყოფა სათუთი. პაწაწა სენაკი, ხმელი ლოგინი, უგბილი საჭმელი უგემური და ისიც მცირე; მარადჟამს ლოცვა, განუწყვეტლად საყდარში დგომა. არავითარი გასართობი, არცერთი სხივი სიხარულისა, არც ღიმი ლამაზი სიამ-ტკბობისა. პირველ კვირას კიდევ მხნედ იტანდა გასაჭირს: ეგონა, ეზიარებოდა და მაშინვე წავიდოდა სასახლეში. ძალიან დაღონდა, როცა გამოუცხადეს:
- მხოლოდ ერთი კვირის ლოცვა-მარხულობა ვერა კმარა წმიდა გყოს იმდენად, რომ ღირსი შეიქმნა ზიარებისა.
მეორე კვირა უფრო მძიმე იყო მისთვის. სწორედ დაავადდებოდა ჯავრით, თუ მხსნელ ანგელოზად არ მოჰვლენოდა დაი თემისტო, მისთვის საკვირველად გულჩვილი, მისი საოცრად მოყვარული. ჰკოცნიდა, გულში იკრავდა, თუ კი დროს ჩაიხელებდა. თემისტოს გულში კიდევ დიოდა ნაჟური ლბილის გრძნობისა და იგი ნაშთი ტრფობისა თავს შემოავლო ამ უცხო ქალსა საუცხოვოსა. შეიყვარა იგი გრძნობით მდუღარებით, ეტრფიალა მას მის სანუგეშოდ, თვისიც გულისა მოსაოხებლად.
ზიარების შემდეგაც არ გაუშვეს ქალი, არ გაანთავისუფლეს. გაუკვირდა ეს შუქურს, დიდად ეწყინა; სწორედ გაჯავრდებოდა, თუ კი შესძლებოდა განრისხება. კარგი იქმნებოდა, თუნდ გაშმაგებულიყო; გულს მოიოხებდა; არ შესდგამდა მას ეს ზნე, სრულებით არ ეხერხებოდა განრისხება სახიერს.
თანდათან შეავიწროვეს ქალი, ნელ-ნელა დაუმორჩილეს ის სავანის წესებს თუ კანონებსა. უბრალო გასართობის ნებასაც აღარ აძლევდნენ მას: მოითხოვა თავისი ქარგა და ფარჩა-ფერადები, იმათ ბეჭი მისცეს ხელში და შალის საქსოვ ყდას ჩაუსვეს სხვა მუშებთან ერთად; მოითხოვა თავის ტანთსაცმელი თუ თეთრეული, არ უსმინეს, შალით და ხამით აკმაყოფილეს. ახ, სჩხვლეტდა ბეწვი უჩვევ კანს, არ ასვენებდა! სთხოვა ნება მიეცათ ხანდისხან ჰაერზედ გასულიყო, თავისუფლად ამოესუნთქა, თვალი მიევლ-მოევლო მიდამოსათვის, - იუცხოვეს ესეთი სურვილი, უფრო მაგრა ჩაკეტეს პატიმარი. მის წერილებს არსად ჰგზავნიდნენ, იქვე ინახავდნენ. მისწერა წიგნი მეფე-მიჯნურსა, პასუხი არ იყო; გული გაელია ამაო ლოდინით.
- დამივიწყა! იქნება მთლად ამოიფხვრა მისი ხსოვნიდან ჩემი სახე, სახსენებელი. მეგონა, მსწრაფლ მოვიდოდა, გამომიხსნიდა ტყვეობიდანა. ახ, რად არ ვუსმინე დავედრებული, რად დავმორჩილდი იმ ბერის სიტყვას?! უნდა მომეცადნა, მეკითხნა მისთვის, იმის ნებაზედ მოვქცეულიყავ...
- აშოტის სულის საოხად არისო საჭირო შენი ცოტახნობით განშორება, მისი სიწმიდით დაცვისათვის, რომ ეზიაროსო, მითხრეს მაშინ. დავუჯერე, ვერწმუნე სიტყვას წმიდისას, მივანდე ჩემი საწყალი თავი ღვთის ადამიანს...
- რა სულმოკლე ვარ! როგორ შეიძლება დამივიწყოს აშოტმა?! რა საფიქრებელია, გატეხოს იმან თვისი რაინდული სიტყვა?! ალბად ჯერ არ დაბრუნებულა ბრძოლიდან! მაშინვე მიპოვნიდა, თუ დაბრუნებულიყო: ვერ გასძლებს, არ მომიალერსოს: ვერ დაჰყოფს წყნარად ვერც ერთ დღეს, - სთქვა ქალმა
და შეუვარდისფერდა ღაწვები მარმარილოსი: მოაგონდა შეყვარებულ მეფის ალერსი და შეწითლდა, შერცხვა თავისსავე წინ კდემამოსილსა. ღიმი რამ გამოიწვია მის მარჯნის ბაგეზედ დარცხვენამ სასიამომ.
- მიამბობდა ყველაფერს, მომითხრობდა საგმირო საქმეებს, თავის თავგადასავალს. თავს ჩამიდებდა კალთაში, გვირგვინოსან შუბლს ნათლად მოაზრეს, და ისე მეტყოდა. რჩევასაც მკითხავდა მე საწყალობელს. ვეტყოდი, რასაც ღმერთი მაგონებდა. სიყვარული მიკარნახებდა და იმას ვურჩევდი.
- ჩემი საიდუმლოს შენახვა იცი და გონება ჩემი არასა ჰფარავს შენგან, - მეტყოდა აშოტი.
- რითი დავიმსახურე ისეთი ნდობა, ეს დიდი ბედნიერება?! ვილოცო ჩემთვის, ჩემ ხელმწიფისთვის, ღმერთს შევავედრო მისი ძვირფასი თავი, მისი სახელი ქებით სახსენი.
წარსულის მოგონებითღა სცხოვრობდა ბყრობილი ქალი დამწუხრებული. მომავალს ითვალისწინებდა, განგრძობას წარსულისას. ნატრობდა, ოცნებობდა. აწმყო კი რკინის სალტებად შემოსჭდომოდა მას, თანდათან უჭერდა, სწურავდა, ჰბორკავდა აუხსნელად, თითქო სამუდამოდ. მადა დაჰკარგა ქალმა. ძილი გაუკრთა. გახდა, ხორცი დაყარა. შეუხუნდა ღაწვთა ფერი ვარდისებური. ნაღვლიან დიდრონ თვალებში გაურკვეველმა შიშმა იწყო გამოკრთობა.
- დღესაც არ შეგიჭამია შენი კერძი, ქალო შუქიავ. არ შეიძლება! მართალია, ცოტათი უნდა კმაყოფილდებოდეს სხეული, ჭური ცოდვისა, რომ არ განლაღდებოდეს იგი; მაგრამ საგმობია არ სცე მიწიერს ჭამადი მცირე: განილევის ფრიად, სიკვდიდ მიეწურების და ამის მოქმედი ცოდვაში ჩავარდების, თვითმკვლელობის საშინელ შეცოდებაში. სჭამე ყოველთვის! არ მოგწონს? შეეჩვევი! მონასტრის დანი ამით საზრდოობენ მარად კმაყოფილნი, ღვაწლშემოსილნი, - უბრძანებდა შუქურს დედა ივდითი
და მის ბრძანებას ხმელი რამ ბგერა აძლევდა ძალას, მკვახე გამოთქმა, მკაცრი, სასტიკი! ეს ივდითი მონაზონი მარჯვენა ხელი იყო დედა თებრონიასი, მაჯა მსახვრელი, უხილავი რამ შოლტის მჭერელი. მონასტრის დებს ძალიან ეშინოდათ იმისი, ერიდებოდნენ. შესაზარი იყო მის ჩაღრმავებულ თვალთაგან ნატყორცი ისარი გესლიანი, მწველი იყო მუნით ნაკვესი ცეცხლი სიძულვილისა, საზარელის რაღაც ზიზღისა. შუქურის სახიერებამ სულიერმა, მისმა სიმშვენივრემ ხორციელმა ვერ მოალბეს გამხმარი გული ბოროტისა; უფროც გაავეს ის: ყოველივე სილამაზე ეშმაკის მახედ დაესახნა უსახურს, კაცთა საცთუნებლად დაგებულ ხაფანგად.
ეს დედაბერი მსჯელად და მტუქსველად დადიოდა მთელ სავანეში, სასტიკ დარაჯად ედგა ის სამონასტრო წესს, რომ არ დარღვეულიყო ის არსად, არც როდეს, ქრთილის წონაც არ მოჰკლებოდა მას არასგზით. თებრონიას ხელში ივდითი კვერთხი იყო რკინისა, რომლით მწყსიდა წინამძღვარი ურჩთა შემცოდეთ. ეხლაც სენაკები ჩამოეთვალიერებინა მონოზანს და დაეხედნა შუქურისათვის.
ვერ მოისვენებდა ივდითი, თუ რამდენჯერმე არ დაეთვალიერებინა შუქურის ბინა, არ გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება, რითიმე არ შეევიწროებინა ქალი პატიმარი. როცა ქვეყანა უარეყო მონოზანს, არა მხოლოდ პირი ებრუნა სოფლისაგან, სიძულვილით შეეძულებინა იგი და მისი ყოველგვარი სიხარული. ეხლა ანადგურებდა სავანეში ყოველსავე ნერგს თუ ღივს ხორციელის ნუგეშისას, სპობდა უწყალოდ; აქრობდა ნასახსაც ნივთიერის სიამისა. მონასტრის კრებულს საშინლად სძულდა ეს ჯალათი, დიდად ეშინოდათ მისი და ერიდებოდნენ. ღვთის შვილი შუქური თრთოდა ბნელისაგან წარმოშობილ ბოროტ არსების წინ.
75
მეტადრე მაშინ შეძრწუნდა შუქური, როცა ერთხელ უეცრად გაიყვანეს ის მიჩემებულ სენაკიდან, გაატარეს სარდაფები თუ ჯურღმულები ბნელ-ნესტიანნი და მოათავსეს ხშირ ბინდით მოცულ რაღაც მღვიმეში. ივდითი მისდევდა თან გულფიცხელი და უკაცური, ხმას არა სცემდა, მხოლოდ წინამძღრობდა. ერთხელ-ორჯელ ხელი უბყრა სვლა შებრკოლებულ ქალს. ჭვანგები თუ ესხენ დედაბერს, განხმელ ძვალთაგან ქმნილი თითები! შეჰზარა ქალი, შეაჟრჟოლა, მუხლმოჭრილი დაეშვა იატაკზედ. თივა გებულიყო ძირს აობებული. სუნი სდიოდა მძიმე სუნთქვის შემხუთვი. უმწეოდ მიმოავლო თვალი სავანეს მიბნელებულს. არაფერი სჩანდა. არც ხმა ისმოდა არსაიდანა. სამარისებურ დუმილს მოეცვა ყოველივე. მისი მიმყვანი დედაბერიც უჩუმრად იდგა. თითქო ელოდდა თუ ყურს უგდებდა შორიდან მოსალოდნელ რამ ხმაურობას. ვერ გაეგო შუქურს, რად ჩააგდეს ის მღვიმეში. რად დასჭირდათ მისი ცოცხლივ დამარხვა; ან რას უპირებდნენ. ის უმეტეს აძრწოლებდა შუქურს, რომ მცველად მიეჩემებინათ მისთვის ბოროტი ივდითი, გაუღიმარი, წარბგაუშლელი; გულგაუხსნელი, მეტადრე მისთვის.
პირველსავე დღიდან შეიძულა ივდითმა შუქური, პირველივე ნახვით. მტრად მოეკიდა იგი უმწეოს. ეხლა ქვესკნელში ის არის მისი დარაჯი და მტარვალი, მხოლოდ ის უსასტიკესი. შიშმა და ღელვამ ხელი დაჰრიეს ქალს, ააცხროვეს, თითქო აიტაცეს. გატრიალდა დედაბერი კარისკენ. ქალს მოეჩვენა უნდა გავიდეს, დამიხშოს კარი, ცოცხლივ დამმარხოსო. ამ საშინელმა აზრმა წარსტაცა მას საღი ცნობიერება და გაუმტვერა უკანასკნელი ნაშთი ნებისყოფისა. ქალი აიტივტივა ძრწოლის ღვართქაფმა, ნაფოტივით აათამაშა თავის შავ ზვირთებზე.
- მიშველეთ! მიხსენით - შესწივლა თავგანწირულის ხმით
და დაეკვეთა, დაენარცხა მიწას. თრთოდა, იხლაკნებოდა.
- მიშველეთ რამე! მიხსენით! - კვლავ დაიკივლა სასოწარკვეთით და ზე წამოიჭრა. დედაბერი მიჰვარდა ქალს, დაიჭირა, ზედ შემოეჭდო. ქალი იბრძოდა საშინელის ძალით. იძახდა საზარელის ხმით:
- მიშველეთ! მიშველენით! იხსენით აშოტი!.. მახვილი!.. სისხლი საყდარში, სისხლი!..
შეუღონდა ქალს გული. ლაფანივით გადაეკიდა დედაბერს მკლავზედ. მონაზონმა დაუშვა იგი თივაზედ. გადმოიღო თახჩიდან ლიტრა, აპკურა წყალი. შუქურმა ოდნავ გააღო თვალები; ისევ დალულა, მთლადაც დახუჭა, მკვდარს დაემსგავსა. შეშინდა დედაბერი, ფეხმარდად გამოვიდა, შეატყობინა სხვებს. ჩაეშველნენ, მოასულიერეს. მომვლელად თემისტო მიუჩემეს. სხვას ვერ აირჩევდნენ: მხოლოდ იმას შეაწყო ქალმა გული, მარტო იმას დაენდო მთელ მონასტერში.
- აკი გითხარი, ქალოჯან, ეშმაკეულია-მეთქი! დააკვეთა იმ წყეულმა და აალაპარაკა. საშინელი რამ ათქმევინა მეფე-აშოტზედ.
- საკვირველებაა! მაინც ამცნო წყეულმა აშოტის მოსვლა; ბოროტებაც რამ დაუსახა ყოვლად ბოროტმა.
- მაგ მეძავს ეშმა შემოჰყვა წმიდა სავანეში.
- უნდა განიდევნოს იგი მაცთური იესოს ძალით, რომელმა განასხნა მარიამისგან მაგდალინელისა ეშმაი შვიდი.
შუქური უკვე მოჰგებოდა გონებას, თითქმის დაწყნარებულიყო, ღონე მოეკრიბნა, თავის ჰაზრს თუ გრძნობას კვალად დაუფლებოდა. თემისტოს მოეხდინა ეს სასწაული, მოყვარულ მონაზონს, რომლის კალთაში მისძინებოდა ეხლა შუქურსა. უძრავად იჯდა გულკეთილი. მზრუნველის თვალით დაჰყურიბდა მძინარეს. ის აკვირდებოდა მას, რომ ქალს სრულ ჰასაკში შესულს, ხორცთა მისწრაფებაში უკვე სავსებით გამოცდილს, უბრყვილო გამომეტყველობა შერჩენოდა სახეზედ, ქალწულებრივი იერი არ მოჰშლოდა სპეტაკ ღაწვებზედ, ბალღური გამომეტყველობა ბაგის ნაყოფში. ხომ ნაცხოვარ-ნაღვაწი იყო თემისტო და დაბრძნობილი, მაგრამ ისიც კი იხიბლებოდა ამ სათნო სიმშვენივრის მზერით, რომელი იწვევდა კაცში სიხარულსაც და სიყვარულსაც, ორივეს ერთად. ეხლა ესმოდა განდეგილს, რომ შესაძლო იყო გაჰმიჯნურებოდა მეფე-ვაჟკაცი ამ შუქურ ვარსკვლავს, ლბილ რამ შუქს რომ აპნევდა სულის მანათობს. ვეღარ შეიმაგრა მან გრძნობა მოღიმარი, ფრთხილად დაიხარა, რომ ბაგით შეჰხებოდა მის სპეტაკ შუბლს, რომელს შარავანდედად მოჰფენოდა გამოშლილ-გამოფანტული ხუჭუჭი. ქალმა გააღო თვალები, გაუღიმა მოალერსეს; მოჰხვია მკლავები, დაუკოცნა ძუძუები, როგორც ამაგდარ დედას ფრიად მოყვარულს.
- რამ შეგაშინა წეღან, შე საბრალოვ? განა ბოროტთა სავანეა ეს წმიდა მონასტერი ან ბუნაგი ავის მსურველთა, ვისმე მოელოდნენ და იმიტომ გამოგარიდეს იქაურობას: მოინდომებსო ნახვას, ეშინოდათ.
- მივხდი! ვიცი! აშოტს მოელოდნენ, მეფეს სანატრელს. მოვიდა კიდეც. მესმა მისი ხმა, სახეც დავინახე მისი. ეხლა მომაგონდა კიდევ რაღაცა მეჩვენა. ვერ მომიგონია.
- სუ, ჩემო ლამაზო! დახუჭე თვალი, დაიძინე. ეგებ გაგიაროს სისუსტემ, - უთხრა მონაზონმა
და ხელი დააფარა ბაგეზედ ნაზად. ქალი დაჰმორჩილდა მზრუნველს, ისევ ბურანს მიეცა. ფეხაკრეფით შემოვიდა თებრონია მღვიმეში და დააკვირდა ქალს. უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ შეყოყმანდა და გადიფიქრა. აშოტი უკვე წასულიყო. გული მცირედ დაემშვიდებინა წინამძღვარს.
პატიმარი ქალი ისევ წინანდელ სენაკში გადმოიყვანეს. უკეთ ებყრობოდნენ ეხლა მას. უფრო კარგად ასაზრდოებდნენ. მისმა უეცარმა დასუსტებამ შეაფიქრა მკაცრი თებრონია. მეფის სიტყვებმაც შეაკრთეს თავგამოდებული. ხუმრობა არ იყო რისხვა ხელმწიფისა, თუ იგი გულისწყრომა მიმართული იქნებოდა, არა პირად იმაზედ, არამედ მთელ სავანეზედ. მონასტერი მისი აშენებული იყო აშოტ ქველისა, და საშიში იყო, არ დაკნინებულიყო მის მოწყალებას მოკლებულ-მოწყვეტილი, არ მოშრეტილიყო. შიში რამ შეჰპარვოდა წინამძღვარს, რყევას განიცდიდა ეხლა თავის ქცევის გამო მეფის წინაშე და ეს რყევა ძალას ართმევდა მის სიმკაცრეს ქალის შესახებ. ამისთვის ეტყობოდა სილბო მის ბრძანებას. ჟამიერი იყო ეს სილბო თუ ნასახი სახიერებისა, მხოლოდ წამიერი: იცოდა თებრონიამ, ვერ დასთმობდა ვერაფერს ხელმწიფის წინაშე. სამოქმედოდ ამხედრებულისა. შუქურზედ ბოლომდის უნდა ასრულებულიყო ის, რასაც აწვევდა მას მის შესახებ სამღთო მოვალეობა და რაც დაუსახა მას გრიგოლმა წმიდამ.
ივდითი კი, სასტიკი მონაზონი, რომლის სულიდან სამღთო შურს ამოებუგნა ნასახიც ლმობიერებისა, უკლებლივ განავითარებდა თავის მოძულე მოქმედებას პატიმრის წინააღმდეგ. ქალი მისთვის ეშმაკეული იყო. თვით სატანა იყო იგი, ქალის სახით მოვლინებული რჩეულთ მოსახიბლავ-დასამონებლად. ხოლო ეშმა უნდა ძლეულიყო სახელითა ღვთისათა. განქარვებულიყო ყოველივე მანქანება მისი. გარეგნულად კი მეტი სილბო შეიტანა ქალის შესახებ ქცევაში თუ მიმართვაში; რაღაც დარიგებისა თუ განსწავლის გზას დაადგა. ეტყოდა იგი შუქურს სამღთო რამ თხრობებს ერთს განსაზღვრილ მიზნისადმი მიმართულებს, ეუბნებოდა შესაფერ სათქმელებს სახარებიდანაც. საგულისხმო იყო, რომ მისი სიტყვები, თუნდ სახარებიდან ამოღებული ფრასებით, მისსავით სასტიკნი იყვნენ, სახიერებასა და მადლს მოკლებულნი; იმათში იხატებოდა მხოლოდ ბრძოლა ყოველგვარ მშვენების წინააღმდეგ, ყოველივე ნივთიერების სილამაზის დევნა შეუფერხებელი. იმ საკვირველ თქმულებათა მიხედვით ღმერთი სახიერი მხოლოდ დამსჯელი იყო უწყალო, თუნდ მცირედის მიდრეკილებისათვის საამო ნივთთადმი, ცეცხლითა და მახვილით მისი აღმომფხვრელი, თითქო შემოქმედს ნივთნი და მათ სიამენი მხოლოდ შესამუსრავად დაებადოს თუ შეექმნას.
- მისმინე, ქალო! ისმინე სიტყვა ღვთისა ღირსთაგან მოთხრობილი ჩვენდა სამწყსელად:
“იყო კაცი ღვთისა და სახელი მისი ქრისტოფორე. იღვაწდა იგი განდეგილი, იმარხვიდა მარად ჟამს. შესჭამდის დღესა შინა კოტორსა პურისას მცირეს და ლეღვსა სამსა. ღვინოსა არა იხმევდის, სთნდა იგი ღმერთსა და მიანიჭა ძალი სასწაულთ მოქმედი. განითქვა სახელი მისი. მივიდოდიან მისდამი მრავალნი თაყვანისცემად მისსა და კურნებად მისგან. ფრიად მშვენიერი იყო იგი სახითა და აღნაგობიათა. დედანი ვიეთნიმე წარიტაცის მშვენიერებამან მისმან და სცოდვიდნენ იგინი გულსა შინა თვისსა. გულისხმა-ჰყო ესე წმიდანმა და ევედრა უფალსა, რათა თანაწარხდეს მისგან სახე იგი კეთილქმნილი და იცვალოს იგი სახედ ძაღლისაით. ისმინა უფალმა და ექმნა მას სახე ძაღლისაი. ამიერით არღა შთაცვივდებოდნენ დედანი ცდუნებასა მის წმიდისა გამო”,
და დასძენდა მონაზონი შესაფერ სიტყვას სახარებიდან: "უკეთუ თვალი შენი გაცდუნებდეს შენ, ჯერ-არს აღმოიხადო იგი; უკეთუ ხელი შენი მარჯვენაი გაცდუნებდეს შენ, ჯერ-არს მოიკვეთო იგი. ვაი მას, რომელი აცდუნებდეს ერთსა მცირედთაგანსა; უფრორე ვაი მას, რომელი აცდუნებდეს დიდ დიდებულსა”.