შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.
გამოუცნობი მღელვარებით ვდგევართ პირდაპირ:
მშვიდი სიცოცხლე - რა ამაოდ მე განვიზრახე.
თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი;
და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,
მსურს არ დამდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი.
1914