შორს, ზურმუხტისფერ სივრცის იქით, სანთლები სჩანდა.
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა -
ტალღებმა შექმნეს ვაი-ვიში, აურზაური...
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა.
მას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს,
მისთვის ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს,
მიუწვდომელი სანთლები კი ბრწყინავს და ბრწყინავს...
როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს!
1914