გუშინ არც ჭაღარა მოჩანდა,
არც სევდის ვიყავი ყმა,
ტრფობის მარწუხი არ მბოჭავდა,
ჯერ არ გამბზარვოდა ხმა.
და გაფიქრებაც არ მაცალა,
წამში გამომათრო მეც...
სულ ერთ ცხელ კოცნაში გაცვალა
სამყარო, მთვარეც და მზეც.
სიყვარულს დავუდექ ვასალად
და თავისუფლება მძულს...
კვლავ ვნების შემასვი სამსალა,
კვლავ ტაბუ აჰხადე სულს!
მეუფევ, გულთა და რაყიფთა,
თქვი, რად მარიდებდი თვალს?_
ბალახიც სხვაგვარად გაყვითლდა,
ვარსკვლავიც სხვაგვარად მწვავს.