Litclub.ge

ფლეიტის სიზმარი (მთარგმნელი მიშველაძე ალექსანდრე)
-მოდი აქ! -დამიძახა მამამ და გადმომცა პატარა ფლეიტა. -აიღე ეს და არ დაივიწო შენი მოხუცი მამა, როდესაც უცხო ქვეყნის ხალხს შენი სიმღერით გაახარებ. -უკვე დროა იმისა, რომ შენ სამყარო ნახო და გამოცდილება მიიღო. მე შენთვის ეს ფლეიტა გავაკეთებინე, რადგან შენ სიმღერის გარდა სხვა საქმე არ გიყვარს. აიღე და იფიქრე იმაზე, რომ ყოველთვის სასიამოვნო და სიხარულით აღსავსე სიმღერები იმღერო, თორემ სამწუხარო იქნება, შენ ღმერთმა ხომ საოცარი ნიჭი გაჩუქა.

ჩემს საყვარელ მამას ცოტა რამ გაეგებოდა მუსიკის. იგი სწავლული გახლდათ. ფიქრობდა, რომ მხოლოდ ფლეიტაში ჩაბერა კმაროდა ლამაზი სიმღერის სამღერად. მე არ მინდოდა მისი იმედები გამეცრუებინა, ამიტომ გადავუხადე მადლობა, ავიღე ფლეიტა და საყვარელ მამას დავემშვიდობე.

ჩვენი დაბლობი დიდი ქარწისქვილებით იყო განთქმული. აქედან იწყებოდა სამყარო და მე ის საოცრად მომწონდა. ფუტკარი, რომელიც მოფრინდა ხელზე დავისვი, რადგან პირველი შესვენების დროს შიკრიკი მყოლოდა, ჩემი სამშობლოსათვის მოკითხვა რომ დამებარებინა.

ტყეები და მინდვები მაცილებდნენ. მდინარე ზლაზვნით მოედინებოდა ჩემთან ერთად. მე დავინახე, რომ სამყარო ცოტათი განსხვავდებოდა სამშობლოსგან. ხეები და ყვავილები, პურის თავთავები და თხილის ბუჩქები მებაასებოდნენ. თავიანთ საიდუმლოს მიმხელდნენ. მე მათ სიმღერებს ვუმღეროდი და ისინიც მისმენდნენ. შემდეგ ფუტკარმაც გაიღვიძა თავისი სასიამოვნო ბზუილით, წრე შემომავლო და უკანა გზაზე სამშობლოსკენ გაფრინდა.

         ამ დროს ტყიდან გამოვიდა გოგონა, მას ხელში კალათა ეჭირა და თავზე ჭილის ქუდი ეხურა, რომელიც მის ქერა თმებს მალავდა.

-სალამი, - ვუთხარ მე, - რა გინდა აქ?

- მე მთიბავს საჭმელი უნდა მივუტანო, - მითხრა მან და გვერდით ჩამიარა.

- და შენ რამ მოგიყვანა აქ? - მომიკითხა მორცხვად.

- მე სამყაროს სანახავად მივდივარ, მამამ გამომგზავნა. მე უნდა დავუკრა ფლეიტაზე და ამით ხალხი უნდა გავახარო, მაგრამ ჯერ დაკვრა უნდა ვისწავლო.

- კარგი, მაგრამ სხვა რა იცი? რაღაც ხომ უნდა იცოდე?

-           არაფერი განსაკუთრებული, სიმღერებს ვმღერი.

-რა სიმღერებს? - ყველანაირს, იცი? დილის მზის შუქზე, საღამოზე, ხეებზე, ცხოველზე და ყვავილებზე. ახლა კი მე ვიმღერებ სიმღერას გოგონაზე, რომელსაც მთიბავთან საჭმელი მიაქვს.

-შეგიძლია შენ ეს? მაშინ იმღერე!

-კი მაგრამ... რა გქვია?

-ბრიჯიტა.

შემდეგ მე ვიმღერე სიმღერა საყვარელ ბრიჯიტზე, რომელსაც ჭილის ქუდი ახურავს და კალათი უჭირავს. მინდვრის ყვავილები სიხარულით უცქერენ მას. სიო სახეზე ელამურება. მას ძალიან ესიამოვნა და დაუმატა, - კარგი იქნებოდა, - და როცა ვუთხარი, რომ მშიერი ვიყავი, ახადა თავი კალათს და პური მომაწოდა. მე პური მოვკბიჩე და გზა გავაგრძელე. მან კი შემაჩერა და მითხრა: - არ შეიძლება სიარულით ჭამა, ერთი მეორეს შემდეგ. და ჩვენ ვისხედით ბალახში და მივირთმევდით პურს. ბრიჯიტს კი ნიკაპი ხელებზე ჩამოედო და მე მიცქერდა.

-გინდა კიდევ მიმღერო რამე? - გაუბედავად მკითხა, როდესაც ჭამას მოვრჩი.

-მინდა, მაგრამ რა სიმღერა უნდა იყოს ეს?

-გოგონაზე, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა და ახალ მოწყენილია.

-არა, მე ეს არ ვიცი, თანაც მამამ გამაფრთხია, ყოველთვის მხიარული სიმღერები უნდა ვიმღერო. მე გიმღერებ გუგულზე ან პეპლებზე.

- და სიყვარულზე? სიყვარულზე არაფერი იცი?!

-სიყვარულზე? ეს ხომ საუკეთესოა ქვეყნად.

და დავიწყე მე სიმღერა მზის სხივზე, რომელსაც ყაყაჩო შეჰყვარებია ეა მასთან ტამაშით უზომოდ ბედნიერია. სკვინჩაზე, რომელიც მამრ სკვინჩას დიდხანს ელოდა და როდესაც ის მოდის, ისე იქცევა, თითქოს ეშინოდეს და ვმღეროდი ისევ თაფლისფერთვალება გოგონაზე, რომელსაც უმღერეს და სანაცვლოდ მისგან პური აიღეს. მაგრამ მას აღარ უნდა პური, უნდა ქალწულის კოცნა, მისი თაფლისფერი თვალების დანახვა და მღერის მანამ, სანამ მის ბაგეებს ქალწულის კოცნა არ დაახშობს.

მაშინ დაიხარა ბრიჯიტა და სიმღერა თავისი კოცნით შემაწვეტინა. დახუჭა თვალები და გაახილა კვლავ. ამ დროს მე დავინახე ოქროს ვარსკვლავები და ჭალებში გაფანტული მინდვრის თეთრი ყვავილები.

-სამყარო მშვენიერია, წამოვიყვირე მე. - მამაჩემი მართალი იყო, ახლა კი კალათის წაღებაში მოგეხმარები. მე ავიღე მისი კალათა და გავუდექით გზას. ასეთი სიამოვნებით არასდროს მიხეტიალია.

შემდეგ კი ვიფიქრე, მე რომ მსოფლიოშ ერთდროულად ათასი სიმღერის გაგება და მღერა რომ შემეძლოს, ყველაფერზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეზე, ყველა ცხოველზე, შორეულ ოკეანეებსა და მთებზე. შემეძლოს ვიმღერი ყველა ვარსკვლავზე და მთვარეზე და ყველაფერი ერთად ჩემში რომ იყოს, მე ვიქნებოდი ღმერთი და ყოველ ახალ სიმღერას ვარსკვლავად შევმატებდი ცას. როდესაც ამას ვფიქრობდი, გავჩუმდი, რადგან ადრე ამაზე არ მიფიქრია. შემდეგ ბრიჯიტა გაჩერდა და მითხრა:

- მე ახლა მთის დაბლობზე უნდა წავიდე, იქ ქვემოთ მთიბავები არიან. წამოხვალ ჩემთან ერთად?

- არა, მე წამოსვლა არ შემიძლია, მე სამყარო უნდა ვნახო. მადლობა პურისთვის და კოცნისთის, მინდა შენზე ვიფიქრო ხოლმე.

მან კი ისევ მაკოცა და როცა მისი ბაგე ჩემსას ეხებოდა, მე ვფიქრობდი, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი სამყაროში. შემდეგ აიღო კალათა და წავიდა. მთაზე როდესაც ავიდა, კიდევ ერთხელ დამიქნია ხელი. სიომ ჭილის ქუდი მოხადა, შემდეგ კი მიიმალა. მე მივდიოდი ჩემს გზაზე და ფიქრების ნისლში ვიყავი გახვეული, სანამ გზა კუთხეს არ მიადგა.

          იქ იდგა წისქვილი და წისქვილთან ახლოს იყო წყალში ნავი. მხოლოდ ერთი კაცი იყო და ეტყობოდა უკვე მელოდა. როდესაც ნავში ჩავჯექი და ქუდი მოვიხადე, ნავმა მოძრაობა დაიწყო. მე შუაში ვიჯექი, უცხო კაცი საჭესთან და როდესაც ვიკითხე თუ სად მიდიოდა, შემომხედა, ნაცრისფერი დაბინდული თვალებით.

- სად გინდა? მდინარეში, ზღვაში, დიდ ქალაქებში. შენ გაქვს არჩევანი? ყველაფერი მე მეკუთვნის.

-ყველაფერი შენ გეკუთვნის? მაშინ შენ მეფე ყოფილხარ.

-ალბათ. შენ კი მელექსე, როგოც ჩანს. მაშინ მიმღერე ერთი სიმღერა მგზავრობაზე.

მე ძალა მოვიკრიბე, შემეშინდა უცხო კაცის და რადგან ჩვენი გემი ჩქარა მიჰქროდა, ვიმღერე მდინარეზე, რომელიც ნავს მიათრევს, როგორ ლიცლიცებს მზის სხივი და როგორ ახეთქებს მდინარე ნავს კლდოვან ნაპირებზე. უცნობი კაცის სახე გაუნძრევლად დარჩა. შემდეგ თავი დამიკრა, თითქოს თვლემსო და ჩემდა გასაოცრად დაიწყო სიმღერა და ის მღეროდა მდინარეზე და მოგზაურობაზე ჭალებში. მისი სიმღერა ჩემსაზე ძლიერი და ლამაზი იყო, ჟღერადობა კი მეტად განსხვავებული.

ეს ყველაფერი მე არ მომეწონა და ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, ლამის შევიშალე და დავდუმდი. თუ ეს მართალი იყო, რასაც ეს მოხუცი თავის მოგუდული ხმით მიმღერდა, ჩემი ძველი სიმღერევი მხოლოდ სისულელე და ბავშვური თამაში ყოფილა. მაშინ სამყარო ისეთივე ნათელი არ არის, როგორც ღმერთის გული, არამედ ბნელი და მწუხარე, გაბრაზებული და მკაცრი და როდესაც ფოთლები შრიალებენ, ეს არ ხდება სურვილით და  სიხარულით, არამედ ტანჯვით.

ჩვენ კი გაუჩერებლად მივდიოდით და ჩრდილები დიდი ხდებოდნენ. და რამდენჯერაც სიმღერას დავიწყებდი, ის წინანდელზე უფრო ხმადაბალი და ნაზი იყო. ყოველ ჯერზე უცნობი მომიგებდა სიმღერით, რომელიც სამყაროს უფრო ტკივილიანს და მე მოწყენილს მხდიდა. მე უკვე სული მტკიოდა, ვწუხდი, ვნანობდი, რომ არ დავრჩი ყვავილებთან ან ბრიჯიტთან და ტკივილის გასაქარწყლებლად დავიწყე ხმამაღალი სიმღერა საღამოს ლამაზ მზის შუქზე, სიყვარულზე, ბრიჯიტზე და მის კოცნებზე. შემდეგ შრიალი დაიწყო, მე დავდუმდი, საჭესთან მჯდომმა კაცმა კი სიმღერა დაიწყო. ის მღეროდა სიყვარულზე, სიყვარულის სურვილზე, თაფლისფერსა და ცოსფერ თვალებზე და სველ წითელ ტუჩებზე. ეს ლამაზი და აღმაფრთოვანებელი იყო. ის მღეროდა ტკივილნარევი სიხარულით. მის სიმღერაში სიყვარული სასიკვდილო საიდუმლო გამხდარიყო, რომელიც ადამიანს აგიჟებდა. სიყვარული ხალხს ერთმანეთის ტანჯვის და მკვლელობის საშუალებას აძლევდა. მე ისეთი მონუსხული ვუსმენდი, თითქოს უკვე ასი წელი გზაში ვყოფილიყავი.

- ესე იგი სიცოცხლე არ არის ყველაზე მშვენიერი და ამაღლებული ამქვეყნად?!-ამოვიყვირე მწარედ,- თუ სიკვდილი? მაშინ შენ მწუხარე მეფეო მიმღერე მე სიმღერა სიკვდილზე.

საჭესთან მჯდომმა კაცმა დაიწყო სიმღერა სიკვდილზე და ის მღეროდა საოცრად, უფრო საოცრად, ვიდრე რამე სიმღერა შეიძლება ყოფილიყო. მაგტამ სიკვდილიც არ აღმოჩნდა ყველაზე ამაღლებული და ლამაზი, ესეც არ ყოფილა მისთვის ნუგეში. სიკვდილი იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო სიკვდილი. ისინი ერთმანეთსი გადახლართულიყვნენ. ერთ მარადიულ გაცხადებულ ბრძოლაში და ეს იყო აზრი ყოფიერებისა, და ერთი მხრიდან, მოვიდა სინათლე, რომელსაც უნდოდა ყველაფერს შეხებოდა და მეორე მხრიდან მოვიდა სიბნელე, რომელმაც ყველაფერი დაბინდა და წყვდიადში გამახვია და წვდიადშიც კი ღვიოდა ჩემში ყველაზე ლამაზი სიყვარული.

მე ვუსმენდი მონუსხული, უცხო მოხუცმა კაცმა თავისი კეთილი მზერა მომაპყრო და მისი ნაცსრისფერი თვალები იყო სავსე ტკვილით და სამყაროს სილამაზით. მან შემომღიმა.  მე მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი:

- დავბრუნდეთ, მეშინია ღამით, მე მინდა უკან ბრიჯიტთან ან ჩემს მამასთან.

მოხუცი ადგა, მის გამხდარ და კუშტ სახეს შუქჩრდილი ანათებდა.

- უკან გზა არ მიდის, -მითხრა მან მკაცრად, - ყოველთვის წინ უნდა იარო და როცა სამყაროს აღმოჩენა გსურს. და გოგონასთან თაფლისფერი თვალებით შენ ყველაზე საოცნებო და საუკეთესო გქონდა და რაც უფრო მეტად შორს იქნები მისგან, მით უფრო კარგი და ლამაზი გახდება ყველაფერი. წადი სადაც გინდა, მე ჩემს ადგილს საჭესთან გითმობ.

მე დაბნეული ვიყავი და მივხვდი, რომ ის მართალი იყო. სამშობლოს მონატრებით ვფიქრობდი მე ბრიჯიტზე და ყველაფერზე, რაც ჩემი იყო და რაც დავკარგე. შემდეგ გავემართე საჭესთან უცნობის ადგილის დასაკავებლად. მოხუცი კაცი ადგა და როდესაც გვერდით ჩამიარა შემომხედა სახეში. მე მივუჯექი საჭეს და როდესაც მოვიხედე, მივხვდი, რომ გემში მარტო ვიყავი. უცნობი სადღაც გამქრალიყო. მომეჩვენა, რომ ყველაფერი, ბრიჯიტი, მამაჩემი, სამშობლო მხოლოდ სიზმარი იყო და ვიყავი მოხუცი, დიდი ხანი მდინარეზე ვმოგზაურობდი. მივხვდი, რომ უცნობისათვის არ უნდა დამეძახა და რაც შევიგრძენი იმის გასაგებად დავიხარე და წყლის სარკეში ჩავიხედე, საიდანაც დაბერებული, ბრძენი და სერიოზული სახე მიცქერდა და ეს მე ვიყავი.

და რადგანაც გზა უკან აღარ ბრუნდებოდა, გავუყევი ღამეული მდინარის ტალღებს.