მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა–მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.პირველად ვნახე ბაღის დამამთვრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო, – დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასაგან ვიცოდი და ზემზე ეცვა თეთრი ჩოხა, ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს.მერე ის სურათი ანა–მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.
ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა – კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა–მარიამმა ისევ შემახსენა – კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი , როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს კი ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორად, ჩავთვალე რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა მოულოდნელობისგან გამოვფიხზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ, ინტიქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია , სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ - მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ,როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა და ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:
– არა უშავს, მა...
გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი,
არაფერი არ მინდოდა სიკვდილის გარდა...