Litclub.ge

ოქროცურვილიდან
ოქროცურვილიდან
ჩამონადენი ვარ,
პეშვი შემიშვირეთ,
არ ვარ დასაღვრელი...
მიწა მიწილადეთ მულღაზანზაროის
ვარდით ამოვუვსო მინდა მიწას ხვრელი.
მინდა ზეცის ცურებს შვლისებრ დავეწაფო,
ღვთიურ მანანებით სისხლი გავიფილტრო,
მერე საფრთხობელად ქარში გამოვფინო
ჩემი უსახური,უსისხლო ფიტულა.... 
ჩიტუნებს ფეხებზე ბაფთებად დავკიდო ...
გულში დამალული ობოლი ნატვრები,
და მერე გიცქიროთ,
თუ როგორ დათვრებით,
ჩემი უცნაური ჩიტების მზერით...
მინდა რომ პოეტებს მუზებად გესტუმროთ
კალამს დავესვეტო ნათლის ციალივით,
ყურში ჩაგჩურჩულოთ მზისგან მონათვალი
რომ თქვენც დაუზარლად მზესთან მიმაცილოთ...
თორემ დედამიწას ვატყობ, ვემძიმები,
მძივებს მიწონიან ცრემლად ჩამოღვარულს,
სანამ მომვარდნია ვინმე მძარცველივით,
ხედავთ, რა მადლივით  გავცემ თქვენს სიყვარულს?
ჰოდა,სანამ გული სულ მთლად დამიცლია,
ზოგჯერ გაიგონეთ ჩემი ანამღერიც,
ოქროცურვილიდან
ჩამონადენი ვარ,
პეშვი შემიშვირეთ,
არ ვარ დასაღვრელი...