მარტოხელა რუს ქალებს ამერიკაში -
სიყვარულით... სევდით... იმედით...
ასმერვე ქუჩა
ჩვენს რაიონში ერთი ასეთი ამბავი მოხდა _ მარუსია ტატაროვიჩმა ლათინურამერიკელი რაფაელი შეიყვარა. მართალია, ორი წელი იყოყმანა, მაგრამ ბოლოს თავს სძლია და დათანხმდა.
ისე, კაცმა რომ თქვას, ასარჩევიც არაფერი იყო.
მის ამბავს მთელი ჩვენი ქუჩა განიცდიდა, ელოდა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა _ ჩვენ ხომ ამგვარ საქმეებს ძალზე სერიოზულად ვეკიდებით!
ჩვენ _ ეს სუპერმარკეტის ირგვლივ უპირატესად რუსებით, ანუ ცოტა ხნის წინანდელი საბჭოთა მოქალაქეებით დასახლებული ექვსი აგურით ნაგები შენობა და, როგორც გაზეთები წერენ _ ემიგრანტების მესამე ტალღა ვართ.
ჩვენი რაიონი რკინიგზის ხაზიდან სინაგოგამდეა გაჭიმული. ოდნავ ჩრდილოეთით ტბა მიდოუ მდებარეობს, სამხრეთით _ კვინსის ბულვარი. ჩვენ შუაში ვართ.
ასმერვე ქუჩა ჩვენი ცენტრალური მაგისტრალია.
გვაქვს რუსული მაღაზიები, საბავშვო ბაღები, ფოტოატელიე და საპარიკმახეროები. გვყავს ადვოკატები, მწერლები, ექიმები და უძრავი ქონებით მოვაჭრენი. არც განგსტერები, შეშლილები და მეძავები გვაკლია. ის კი არა, ბრმა მუსიკოსიც გვყავს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ჩვენები უცხოელებად თვლიან. ინგლისური საუბარი თუ ესმით, სმენას ძაბავენ და დაბეჯითებით მოითხოვენ:
_ რუსულად ილაპარაკეთ!
მერე და მერე ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები მართლაც ალაპარაკდა ჩვენებურად.
მაგალითად, სასაუზმიდან ჩინელი მესალმება:
_ დილა მშვიდობისა, სოლჟენიცინ!
მაგრამ, ნაცვლად სოლჟენიცინისა, სოლოზენისა გამოსდის.
ამერიკელების მიმართ რთული განწყობა გვაქვს. არც კი ვიცი, რა უფრო მეტია მასში, შემწყნარებლობა თუ მოკრძალება. ჩვენ ისინი უსუსური ბავშვებივით გვეცოდება, თუმცა ყოველ წუთს ვიმეორებთ:
ერთმა ამერიკელმა მითხრა...
ამ ფრაზას გადამწყვეტი არგუმენტის კილოთი წარმოვთქვამთ, მაგალითად:
ერთმა ამერიკელმა მითხრა, რომ ნიკოტინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა!..
აქაური ამერიკელები, ძირითადად, გერმანელი ებრაელები არიან. იშვიათი გამონაკლისის გარდა _ მესამე ებრაული ემიგრაცია, ისე რომ, საერთო ენის გამონახვა მათთან საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები წამდაუწუმ გვეკითხებიან:
_ თქვენ რუსეთიდან ხართ? ლაპარაკობთ იდიშს?..
გარდა ებრაელებისა, ჩვენს რაიონში ჩინელები, ინდუსები და არაბები ცხოვრობენ. შავკანიანები შედარებით ნაკლებნი არიან, ცოტა უფრო მეტნი _ ლათინურამერიკელები.
ჩვენთვის ისინი ტრანზისტორიანი უცნაური ხალხია, ჩვენ მათ არ ვიცნობთ, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის აბუჩად ვიგდებთ და გვეშინია.
ელამი ფრიდა უკმაყოფილებას ვერ ფარავს:
_ წაეთრეოდნენ მაინც იმ თავიანთ საძაგელ აფრიკაში!
ფრიდა წარმოშობით შკლოვიდანაა, მაგრამ საცხოვრებლად ნიუ-იორკი ურჩევნია...
თუ გინდათ ჩვენი რაიონი გაიცნოთ, საკანცელარიო მაღაზიასთან უნდა დადგეთ, თან რაც შეიძლება ადრე.
აი, მიქრი-მოქრიან ჩვენი მეტაქსეები _ ლევა ბარანოვი, პერცოვიჩი და ესელევსკი. სამივე ჯმუხი, პირქუში და შეუპოვარია.
ლევ ბარანოვი სამოცს არის გადაცილებული, იგი ყოფილი მხატვარ-მოლოტოველია. მისი ნამუშევრები უამრავი სახლმმართველობის, პოლიკლინიკისა და ადგილკომის კედლებზე კიდია.
თქვენ წამოიდგინეთ, ყოფილი ეკლესიის კედლებზეც კი...
ბარანოვმა ზედმიწევნით შეისწავლა კვალიფიციური მუშისსახიანი საგარეო საქმეთა მინისტრის _ მოლოტოვის ფიზიონომია. სანაძლეოზე მის სურათს ზოგჯერ ათ წამში ხატავდა. სხვათა შორის, თვალებახვეულიც.
მერე მოლოტოვი მოხსნეს და ლევა ახლა ხრუშჩოვის დახატვას შეეცადა, მაგრამ შეძლებული გლეხის სიფათის ტილოზე გადატანა მისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა.
ასე დაემართა ბრეჟნევის მიმართაც. არც ოპერის მომღერლის ფიზიონომიის ხატვა გამოსდიოდა. ბოლოს გამწარებულმა აბსტრაქტულ მხატვრობას მიჰყო ხელი. ახლა ფერად ლაქებს, ირიბ ხაზებსა და ხვეულებს ხატავდა. თან სვამდა და დებოშს ტეხდა.
მეზობლებმა ლევას უბნის მილიციონერთან უჩივლეს:
_ სვამს, აყალმაყალს ტეხს, რაღაც აბსტრაქტულ აბდაუბდას ხატავს...
ბოლოს ლევა ადგა და ემიგრაციაში წავიდა, მიუჯდა იქ საჭეს და დამშვიდდა.
თავისუფალ დროს ახლა მოლოტოვს კი არა, ცხენზე ამხედრებულ რეიგანს ხატავს...
რაც შეეხება ესელევსკის, კიევის უნივერსიტეტში ის მარქსიზმ-ლენინიზმს ასწავლიდა, თან სადოქტორო დისერტაციისთვის ემზადებოდა.
ერთხელ როგოღაც ბულგარელი მეცნიერი გაიცნო, რომელმაც სოფიაში კონფერენციაზე დაპატიჟა, მაგრამ, როგორც ჩანს, საზღვარგარეთ ებრაელის გაშვებას მოერიდნენ და ვიზა არ მისცეს.
ესელევსკის პირველად წაუხდა გუნება:
_ ასეა, არა?! მეც ავდგები და ამერიკაში წავალ!
და წავიდა.
დასავლეთში გული უკვე საბოლოოდ აიცრუა მარქსიზმზე. ემიგრანტულ გაზეთებში ახლა ცხარე-ცხარე სტატიებს ბეჭდავდა, მაგრამ მალე გული ემიგრანტულ გაზეთებზეც აიყარა და ისღა დარჩენოდა, საჭესთან დამჯდარიყო, თავი ტაქსის მძღოლობით ერჩინა...
პერცოვიჩი კი მოსკოვშიც მეტაქსე იყო, ამიტომაც მის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს კია, აქ გაცილებით მეტს შოულობდა და, რაც მთავარია, აქ მას საკუთარი ტაქსი ჰყავდა.
აგერ ფოტოატელიეს პატრონი ევსეი რუბინჩიკიც გამოჩნდა. ცხრა წლის წინ აქ მან საწარმო იყიდა და მას მერე ვალებშია. ცოტაოდენ ფულს თუ გადაარჩენს, იმასაც თანამედროვე ტექნიკის შეძენაში ხარჯავს.
მეათე წელია, მაკარონით იკვებება, მეათე წელია, რეზინისძირიან ჯარისკაცულ ფეხსაცმელს დაათრევს. მეათე წელია, მისი ცოლი კინოში წასვლაზე ოცნებობს, მეათე წელია, ცოლს იმით ამშვიდებს, ბიზნესი ჩვენს შვილს დარჩება, იმ დროისთვის ვალები უკვე გადახდილი გვექნებაო. მაგრამ, მინდა ვუთხრა, რომ იმ დროისთვის კიდევ უფრო თანამედროვე ტექნიკა გაჩნდება.
აი დილის გაზეთების საყიდლად დამწყები გამომცემელი _ ფიმა დრუკერი მოიჩქარის.
ლენინგრადში ფიმას ისე იცნობდნენ, როგორც საუკეთესო ბიბლიოფილს. მთელ დღეებს, დილიდან დაღამებამდე, წიგნის ბაზრობებზე ატარებდა, ექვსი ათასზე მეტი იშვიათი კი არა, უნიკალური წიგნი აქვს შეგროვილი.
ამერიკაში გადაწყვიტა, გამომცემელი გამხდარიყო. ერთი სული ჰქონდა, როდის დაუბრუნებდა რუსულ ლიტერატურას მივიწყებულ შედევრებს _ ოლეინიკოვისა და ჰარმსის ლექსებს, დობიჩინის, აგეევის, კომაროვსკის პროზას.
თავიდან სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. მისი მეუღლე მოწყალების და გახდა და ერთ წელიწადში ორივემ ერთად ოთხი ათასი დოლარის მოგროვება შეძლო.
ამ ფულით ფიმამ მყუდრო, კეთილმოწყობილი ოფისი იქირავა.
შეუკვეთა ცისფერი საფირმო ბლანკები, ავტოკალმები და სავიზიტო ბარათები. დაიქირავა მდივანი, სხვათა შორის, ერენბურგის შვილიშვილი.
წარმოებას რუსული წიგნი დაარქვა.
გაიცნო ცნობილი ამერიკელი ფილოლოგები _ რომან იაკობსონი, მალმსტედონი და ედვარდ ბრაუნი. რომან იაკობსონი ცვეტაევას რომელიმე ნაკლებად ცნობილ ლექსს თუ გაიხსენებდა, ფიმა სასწრაფოდ დასძენდა:
_ ალმანახი ხიდი, ოცდაათი წელი, გვერდი ორას ორმოცდაოთხი.
ფილოლოგებს უყვარდათ მისი ერუდიციისა და უანგარობის გამო...
ესწრებოდა სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს, კულუარებში ესაუბრებოდა ჟორჟ ნივას, ოტენბერგსა და რანიტს, ჰქონდა მიმოწერა ვერა ნაბოკოვასთან.
სათუთად ინახავდა მისგან მიღებულ ტელეგრამებს:
გადაჭრით წინააღმდეგი ვარ. არავითარ შემთხვევაში თანახმა არ ვარ. პირობები მიუღებლად მიმაჩნია, _და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მერე რეზინის ბეჭედი შეუკვეთა: ეფიმ გ. დრუკერი. გამომცემელი. შეუკვეთა ემბლემა _ ფოლიანტზე შემოდებული ბატის ფრთითა და მისამართით.
ამაზე ფული, რაც ჰქონდა, შემოელია.
ადგა და სასესხებლად მიხაილ ბარიშნიკოვს მიმართა. ბარიშნიკოვმა ათას ხუთასი დოლარი მისცა, თან ურჩია, მასაჟი ესწავლა, მაგრამ ნაცვლად ამისა, დაადო თავი და ამჰერსტში კონფერენციაზე გაემგზავრა.
იქ ორი ხანდაზმული სწავლული _ ვეედლე და კარლინსკი გაიცნო, ორივეს მათი მივიწყებული პუბლიკაციები გაახსენა და თავისი განსწავლულობით ორივე გააოცა.
უკან მომავალმა გზად მოხუც პოეტს _ იური ივასკუს შეუარა, იქ მთელი ორი კვირა დაჰყო და ეს ორი კვირა იმაზე საუბარში გაატარა, ვაგინოვი იყო ჰომოსექსუალი თუ დობიჩევი.
და ისევ გაუთავდა ფული.
მაშინ ფიმამ თავისი უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილი გაყიდა. იმ იმედით, ებრაული თემა ჩვენს ემიგრაციას დააინტერესებსო, აღებული თანხით ფოიხტვანგერის ებრაელი ზუსი ხელმეორედ გამოსცა, მაგრამ გამომცემლობისთვის, რომელსაც რუსული წიგნი ერქვა, ეს მეტად უცნაური არჩევანი გამოდგა.
წიგნის გარეკანზე მსხვილი ასოებით მხოლოდ ავტორის გვარი _ ფოიხტვანგერი იყო გამოტანილი.
ებრაელი ზუსი ნელა იყიდებოდა. იქ, საბჭოეთში, თავისუფლება არ იყო, მაგრამ იყვნენ მკითხველები. აქ თავისუფლება საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ არ იყვნენ მკითხველები.
ამასობაში დრუკერის მეუღლემ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და ფიმა ოფისში გადაბარგდა.
ოფისი ებრაელი ზუსით იყო გამოტენილი, ფიმას იქ ყუთებზე ეძინა. ხელფასს ერენბურგის შვილიშვილს ზუსით უნაზღაურებდა, მაღაზიაში წიგნებს ძეხვში ცვლიდა, წიგნებს მეგობრებს ჩუქნიდა.
გასაოცარი კი ის იყო, დრუკერი ყველას უყვარდა, ცოლის გარდა.
ზიამა პივოვაროვი მაღაზია დნეპრის პატრონია, ახლა იგი თაროებზე საქონელს ალაგებს.
საბჭოთა კავშირში ზიამა პროკურორი იყო. ამერიკაში ჩასვლისთანავე ჯერ მტვირთავად დაიწყო ბაზარში მუშაობა, მერე ბოსტნეულის ჯიხურში ყოველნაირ სამუშაოს ასრულებდა.
და აი, ერთი წლის შემდეგ ჯიხური იყიდა.
ჯიხურს საქონლით ცნობილი ფირმა დემშა და რაზინი ამარაგებს, რა არ იყიდება _ ვოლოგდის კარაქი, რიგის შპროტი, ქართული ჩაი თუ უკრაინული ძეხვი. შეგიძლია ქარვის ფარღულიც შეიძინო, ელექტროსამოვარიც, ხის მატრიოშკებიცა და შალიაპინის ფირფიტაც.
ზიამა შრომაში დღე და ღამეს ასწორებს. ეს რეალობისა და ოცნების იშვიათი თანხვედრა, ძალისხმიერებისა და შედეგების, შესაძლებლობისა და სურვილის გასაოცარი ერთობაა...
მე მას ბედნიერ ადამიანად ვთვლი. სურსათი მისი სტიქია, მისი ბიოლოგიური გარემოა.
ზიამა ისე შეესაბამება თავის დელიკატესების ჯიხურს, როგორც ნაპოლეონი აუსტერლიცს. დელიკატესებს შორის ის ისევე ორგანულია, როგორც მოცარტი და ჯადოსნური ფლეიტის პრემიერა.
ჩვენს რაიონში თითქმის ყველა მისი მოვალეა.
თევზის მაღაზიის გვერდით ძაღლთან ერთად პუბლიცისტი ზარეცკი დასეირნობს. აცვია პაჭანიკიანი სპორტული კოსტიუმი, გამელოტებულ თავზე ცელოფანის პარკი აქვს ჩამოცმული.
საბჭოთა კავშირში ზარეცკი კულტურის მოღვაწეებზე დაწერილი პოპულარული მონოგრაფიებით იყო ცნობილი. იმავდროულად კერძო გამომცემლობაში გამოსაცემად მზადდებოდა მისი ანონიმური გამოკვლევა _ სექსი ტოტალიტარიზმის დროს, სადაც ამტკიცებდა, რომ საბჭოთა ქალების ოთხმოცდაათი პროცენტი ფრიგიდული იყო.
მალე სადამსჯელო ორგანოებმა ზარეცკის იდენტიფიკაცია მოახდინეს და იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
საბაჟოზე ზარეცკიმ ერთი ასეთი ისტორიული განცხადება გააკეთა:
_ მე არ ვტოვებ რუსეთს, ეს რუსეთი მტოვებს მე!..
თითოეულ გამცილებელს ეკითხებოდა:
_ არის აქ აკადემიკოსი სახაროვი?
თვითმფრინავში ჩაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე უცხოეთში ერთი მუჭა მიწის წასაღებად თამამად შეაბიჯა გაზონზე, მაგრამ მილიციონერმა გაზონიდან გამოაგდო.
ზარეცკიმ ხმამაღლა იყვირა:
_ რუსეთი თან ჩექმის ძირებით მიმაქვს!..
ამერიკაში მაშინვე მასწავლებლობა დაიწყო. ასწავლიდა ყველაფერს: ებრაელებს _ მართლმადიდებლობას, სლავებს _ იუდაიზმს, ამერიკელ კონტრმზვერავებს _ სიფხიზლეს.
იბრძოდა დემოკრატიისათვის, ასე ამბობდა:
_ ამისათვის ყოველგვარი საშუალება უნდა გამოიყენო, თვით ატომური ბომბიც კიო!..
როგორც ცნობილია, ამერიკაში რომ გაგიგონ, წყნარად უნდა ილაპარაკო, მაგრამ ზარეცკი ამას ვერ ხვდებოდა.
უყვიროდა სოციალური უზრუნველყოფის თანამშრომლებს, ყოველდღიური ემიგრანტული გაზეთის რედაქტორს, მოწყალების დებს საავადმყოფოში...
შედეგი კი ის იყო, რომ აღარავინ უსმენდა. მიუხედავად ამისა, ყველა ემიგრანტულ თავყრილობას ესწრებოდა და ყვიროდა. ყვიროდა, რომ დასავლურ დემოკრატიას საფრთხე ელის, რომ ჯერალდინ ფერარო საბჭოთა შპიონია, ამერიკული ლიტერატურა არ არსებობს, სუპერმარკეტებში ხელოვნური ხორცი იყიდება, რომ ჰარლემი უნდა დაიბომბოს, ველფერი უნდა გაფართოვდეს.
ზარეცკი პროფესიული დამანგრეველი იყო. ნგრევის ინსტინქტი მასში შემოქმედებითი ჟინის მასშტაბებს იძენდა.
მის ხელში ყველაფერი იმსხვრეოდა _ იმსხვრეოდა საათები, იმსხვრეოდა მაგნიტოფონები, იმსხვრეოდა ფოტოაპარატები... მწყობრიდან გამოდიოდა კალკულატორები, ელექტროსაპარსები, სანთებელები...
დაამტვრია რკინის ტურნიკეტი საბვეეში. მის გამო სიტი-ჰოლის მბრუნავი კარი კარგა დიდხანს ჩაჭედილი იყო.
ნაცნობებს შეხვედრისას ასე ეუბნებოდა:
_ რა ხდება, საყვარელო? თქვენი ცოლი რაღაც ძალიან მოეშვა.
ვაჟიშვილი, როგორც ამბობენ, ცუდ წრეში ტრიალებს. თქვენც ავადმყოფურად ხართ სახეზე წამოწითლებული...
ძვირფასო, დროა ექიმს მიმართოთ!..
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ზარეცკის პატივს სცემდნენ, ცოტა არ იყოს, ეშინოდათ კიდევაც.
აი გამოჩნდა გადამდგარი დისიდენტი კარავაევი. მისი სახე ერთდროულად მღელვარებასა და ენთუზიაზმს გამოხატავს. ხელში ყავისფერი პაკეტი უჭირავს, პაკეტში, ეტყობა, ლუდის თუნუქელები უწყვია.
საბჭოეთში ის უფლებების ცნობილი დამცველი იყო. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულ გამბედაობას იჩენდა. შვიდჯერ შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ, მორჩებოდა თუ არა, მაშინვე თავიდან იწყებდა.
ახალგაზრდობაში ერთი ასეთი იგავი დაწერა: ჯიქის გალიასთან ზოოპარკში უამრავი ხალხია, გალიის ქვედა ნაწილზე სპილენძის ფირფიტაა, ფირფიტაზე ჯიქის ლათინური სახელი წერია, აგრეთვე _ სად ბინადრობს და რით იკვებება.
იქვე მითითებულია, რომ იგი ცუდად მრავლდება ტყვეობაში. ამის შემდეგ ავტორი მცირეოდენ პაუზას აკეთებს და კითხულობს:
თქვენ?..
გადასახლებაში მესამე ვადა რომ ჩაათავა, დასავლეთში გაასახლეს. თავიდან იქ ინტერვიუებს იძლეოდა და ლექციებს კითხულობდა. მერე რაღაც ფონდი დააარსა, მაგრამ მის მიმართ თანდათან ინტერესმა იკლო და საჭირო გახდა არსებობისათვის რაღაც სხვა გზა გამოეძებნა.
ინგლისური არ იცოდა. დიპლომი არ ჰქონდა. გადასახლებაში შეძენილი მტვირთავის, პურის მჭრელისა თუ მენივნივეს სპეციალობები ამერიკაში არ ფასობდა.
მხოლოდ რუსული გაზეთები სწყალობდნენ. წერდა ერთადერთ თემაზე _ რუსეთის მომავალზე და, უნდა ითქვას, აწმყოსთან შედარებით მომავალს უკეთ აანალიზებდა.
მოგეხსენებათ, წინასწარმეტყველთათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ბოლოს იმედი ამერიკამაც გაუცრუა.
ახლა უკვე საბჭოთა ხელისუფლება, მარქსიზმი და დამსჯელი ორგანოები ენაკლისებოდა _ აქ ხომ არაფერი იყო ისეთი, რასაც შეიძლებოდა შესწინააღმდეგებოდა.
ბანაკიდან გამოყოლილი ათასგვარი ავადმყოფობის გამო შეეძლო ინვალიდის უფლებებით ესარგებლა. ბევრს სვამდა, რაც მთავარია, სვამდა ნაბახუსევზეც, მით უმეტეს, ლუდი აქ თავისუფლად იყო. ამის გამო ჩვენი მეტაქსეებიც და ბიზნესმენებიც ზევიდან უყურებდნენ.
აგერ საზოგადო მოღვაწე ლემკუსი შევროლეს საჭესთან ჯდება. საბჭოთა კავშირში ის პროფესიული წამომწყები იყო _ აწყობდა მასობრივ სეირნობებს, საპირველმაისო დემონსტრაციებისთვის სადღესასწაულოდ რთავდა ჯანმრთელობის კერებს, წერდა საიუბილეო სიტყვებს, კანტატებს, გალექსილ ინსტრუქციებს ავტომოყვარულებისათვის, თამადობდა ახალგაზრდების ქორწილებში და ფულს თამადობითაც შოულობდა. თხზავდა საეკლესიო რეპრიზებს. მაგალითად, აი, ასეთს:
_ ვასია, მოწყენილი რატომ ხარ?
_ ჩემ თვალწინ კაცი გუბეში ჩავარდა.
_ ამიტომ წაგიხდა გუნება?
_ რა თქმა უნდა!.. ის კაცი ხომ მე ვიყავი!
რუსეთი მან პოლიტიკური დევნის გამო დატოვა.
დევნა კი აი ასეთ კოშმარულ უაზრობას მოჰყვა:
შეიარაღებული ძალების მესამოცე წლისთავზე ლემკუსმა კანტატა დაწერა. კანტატა ოფიცერთა სახლში იქნა შესრულებული, ის წამყვანის ტექსტს კითხულობდა. დარბაზში ექვსასზე მეტი ფლოტისა და არმიის წარმომადგენელი იჯდა, დინამიკები ზეიმს მთელ ქალაქს გადასცემდნენ. სასულე ორკესტრი მის ზურგს უკან იყო განლაგებული.
თავიდან ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. დეკლამირებისას ხან ჯარისკაცის ქუდს წამოიცვამდა თავზე, ხან მატროსის უსაჩეხო ქუდს.
კანტატა ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა:
ჩვენს მშვიდობიან სიზმრებს იცავდით,
მტკიცენი გახდით გრანიტზე უფრო...
გმირობისათვის თქვენ _ ღირსეულებს,
მშობლიური პარტია ჩვენი
ღირსეულად დაგასაჩუქრებთ!...
უკანასკნელი ფრაზა ლემკუსმა განსაკუთრებულად ხმამაღლა და მგზნებარედ წარმოთქვა _ თქვენ _ ღირსეულებს, პარტია ჩვენი ღირსეულად დაგასაჩუქრებთ!.. ამ დროს, სად იყო და სად არა, თავზე სცენის საპირწონე, ანუ, უბრალოდ, თორმეტკილოგრამიანი ბრეზენტის ტომარა დაეცა.
გულწასული ლემკუსი იატაკზე გაიშხლართა, მაყურებელი მხოლოდ მისი საკონცერტო ფეხსაცმლის შელახულ ძირებსღა ხედავდა.
ორიოდე წუთში დარბაზი მილიციონერებით აივსო. კიდევ სამი წუთი და მთელი შენობა უკვე გარშემორტყმული იყო. ლემკუსი მოასულიერეს, მაგრამ მაშინვე დააპატიმრეს კიდევაც.
კა-გე-ბეს მაიორმა დივერსიაში დაადანაშაულა, ირწმუნებოდა, ყველაფერი წინასწარ გათვალა, კომუნისტური პარტიის დისკრედიტაციისათვის წამყვანს ტომარა განგებ ჩამოამხოო.
_ კი, მაგრამ, წამყვანი ხომ მე თვითონ ვიყავი! _ თავს იმართლებდა ლემკუსი.
_ მით უმეტეს!..
_ არ ცხრებოდა მაიორი.
მოკლედ, დევნა დაუწყეს, აუკრძალეს იდეოლოგიური საქმიანობა, სხვაგვარ სამუშაოზე კი ლემკუსს წარმოდგენა არ ჰქონდა.
ბოლოს იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ოთხი თვე იქ თავისი სპეციალობით მუშაობდა, ემიგრანტებისთვის ნიაგარაზე მასობრივ ექსკურსიებს აწყობდა, უძღვებოდა სუფრებს, თამადობდა, წერდა ლექსებს, გარითმულ განცხადებებს, სადღეგრძელოებს, კანტატებს... მაგალითად, მე მისი ერთი ასეთი სტროფი მახსოვს:
კა-გე-ბესაგან წუთისოფელგამწარებულებს
გვახსოვს სიმწარე ყოველი წყენის!..
დე, ამერიკამ, მშობლიურმა,
დაგვიფაროს მტრისაგან ჩვენის...
სამწუხაროდ, ლემკუსს ცოტას უხდიდნენ. თან ამასობაში მეორე შვილიც ეყოლა და სწორედ ამ მდგომარეობაში იყო, რომ ბაპტისტები გააცნეს.
ბაპტისტები კი, მოგეხსენებათ, რუსი ემიგრანტების ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ _ იქ მათ თავიანთი კაცი სჭირდებოდათ და აი ლემკუსი მათ სათანადოდ შეაფასეს _ იყო კარგი მეოჯახე, არ ეწეოდა, რაც მთავარია, არ ლოთობდა.
ასე გახდა რელიგიური მოღვაწე. სათავეში ჩაუდგა რომელიღაც საიდუმლოებით მოცულ ტრანსმსოფლიო რადიოს, მიჰყავდა რეგულარული გადაცემა _ როგორ ვიხილოთ ღმერთი?
გახდა ღვთისმოსავი და სევდიანი. თვალებს დახრიდა და ჩუმად ჩაიბუტბუტებდა: ფირა, სადილად, ღვთის ნებით, ხბოს ხორცს ხომ მომიმზადებ?
ჩვენს რაიონში ლემკუსს ყველა თაღლითად თვლიდა.
აი ქუჩის კუთხეში უძრავი ქონებით მოვაჭრე არკაშა ლერნერმა შემოუხვია, _ ეტყობა, საუზმისთვის რაღაც განსაკუთრებული საკაზმი დასჭირდა.
ლერნერმა კარიერა ბელორუსიის ტელევიზიაში რეჟისორობით დაიწყო. მისი ცოლიც იმავე ტელევიზიაში დიქტორად მუშაობდა.
იყო მეგობრული, ბედნიერი ცოლ-ქმარი, ჰქონდათ კარგი ბინა, ორი ხელფასი, ჰყავდათ ვაჟიშვილი მიშანია და ავტომობილი.
საბჭოეთში არკადი ლერნერს საუკეთესო პროფესიონალად თვლიდნენ.
მის ტელენარკვევებს შენელებული გადაღებებით გატაცებაც კი ვერაფერს აკლებდა.
მათში გრაციოზულად დაცორვავდნენ კოლმეურნეობის შავრა ცხენები, ნელა იშლებოდა ყვავილები, ტალღების თავზე ლამაზად დალივლივებდნენ თოლიები... ლერნერს ჰარმონია ხიბლავდა, მას იმპრესიონისტად თვლიდნენ, მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს _ იმპრესიონისტურად.
ირგვლივ კი სოციალისტური რეალიზმით გაჯერებული ცხოვრება დუღდა. კედელს იქით ვინმე ბერენდეევი ცოლს უტყაპუნებდა... ფანჯრის ქვემოთ ლოთები ხმაურობდნენ... ტელესტუდიის დირექტორი პირწავარდნილი ანტისემიტი იყო.
და ლერნერებმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს, მით უმეტეს, იმ დროს უკვე ბევრი ტოვებდა ქვეყანას, მათ შორის მათი უახლოესი მეგობრებიც.
ამერიკაში ლერნერმა დაახლოებით ერთი წელი მხარ-თეძოზე წამოწოლილმა გაატარა. მისი ცოლი უკვე ალექსანდერსში მუშაობდა გამყიდველად.
ვაჟიშვილი ებრაულ სკოლაში დადიოდა.
თვითონ მხოლოდ ტელევიზიაზე ოცნებობდა. ამასთან, ტიპურ ემიგრანტს არაფერი უგავდა, თავს არ ასაღებდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატად, არ ფანტაზიორობდა თავის დისიდენტურ დამსახურებებზე, დასავლური კულტურა კრიზისს განიცდისო, არ ამტკიცებდა.
ერთხელაც მეგობრებმა იმ პროდიუსერს შეახვედრეს, ვისაც რუსული კლასიკის გადაღება უნდოდა და სლავური წარმოშობის რეჟისორს ეძებდა.
შეხვედრა რესტორან ბლოუ-აპის ტერასაზე შედგა.
_ რეჟისორი ხართ? _ ჰკითხა ამერიკელმა.
_ არა მგონია, _ უპასუხა ლერნერმა.
_ ესე იგი?
_ ამ ერთ წელიწადში ძლიერი დეგრადაცია განვიცადე.
_ ამბობენ, რომ რეჟისორი იყავით?
_ ვიყავი, უფრო სწორად, ვითვლებოდი. რეჟისორად სამოცდაშვიდში დავიწყე მუშაობა, მანამდე დამხმარედ ვმუშაობდი.
_ რეჟისორის დამხმარედ?
_ დიახ. იმად, ვისაც არყის მოსატანად დაარბენინებენ.
_ ამბობენ, ნიჭიერი რეჟისორი იყოო...
_ ნიჭიერი? პირველად მესმის. ის, რასაც ვაკეთებდი, არასოდეს მაკმაყოფილებდა...
_ ო’კეი... მე კლასიკის ეკრანიზაციაზე ვმუშაობ.
_ ჩემი აზრით, ყოველგვარი ეკრანიზაცია ნაგავია.
_ ეს კომპლიმენტია?
_ მინდოდა მეთქვა, უპირატესობას რაიმე ორიგინალურ თემას მივცემდი-მეთქი.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, თემას ბუნების შესახებ.
აქ მოსაუბრეებს შორის ღრმა უფსკრული გაჩნდა, რომელიც სულ უფრო ღრმავდებოდა.
_ ბუნება წამგებიანია, ამოგება არა აქვს, _ ამბობს იანკი.
_ ხელოვნება არ იყიდება!.. _ ცხარობს ლერნერი.
და ამის შემდეგ სამი თვე ლერნერმა ისევ მხარ-თეძოზე წამოწოლილმა გაატარა, თუმცა მისი ფინანსური მდგომარეობა არც ისე ცუდად იყო.
ჩანს, ლერნერს მატერიალური კეთილდღეობის რაღაც თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა.
დარწმუნებული ვარ, სიმდიდრე და სიღარიბე, ისე როგორც თმის ფერი ან, დავუშვათ, მუსიკალური სმენა ადამიანის თანდაყოლილი ნიჭია. ერთი ღარიბად იბადება, მეორე _ მდიდრად, ფული აქ არაფერ შუაშია.
მდიდრებს უმძიმეს პირობებში მყოფ ზეკებს შორისაც შევხვედრივარ, ღარიბებს _ ბანკის ადმინისტრაციის უმაღლეს მოხელეებს შორისაც...
ღარიბები ზარალს ყოველგვარ ვითარებაში ითმენენ. ღარიბებს იმისთვისაც აჯარიმებენ, მათმა ძაღლმა სადმე უადგილო ადგილას რომ მოისაქმოს. ღარიბს შემთხვევით ხურდა ფული რომ დაუვარდეს, აუცილებლად ლიუკში ჩავარდება.
მდიდრებისთვის კი ყველაფერი პირიქითაა. ფულს ისინი ძველი პიჯაკის ჯიბეებში ნახულობენ, ლატარიაში იგებენ, შორეული ნათესავები მემკვიდრეობით აგარაკებს უტოვებენ, მათი ძაღლები უხვად ჯილდოვდებიან გამოფენებზე.
როგორც ჩანს, ლერნერი მდიდრის ქუდბედით იყო დაბადებული.
ჯერ იყო, ადგილობრივი დანტისტის ნიუფაუნდლენდმა უკბინა და ზარალის ასანაზღაურებლად ბლომა ფული გადაუხადეს. მერე ერთმა იმ ბერიკაცმა მოძებნა, იმპერიალისტური ომის წინ ლერნერის ბაბუისაგან სამი ოქროს თუმნიანი რომ ისესხა და სამოცდაათი წლის შემდეგ ის სამი თუმნიანი რამდენიმე ათას დოლარად იქცა. ამის შემდეგ ლერნერს კიდევ ერთმა ნაცნობმა მიაკითხა:
_ რაღაც თანხა მაქვს, გამომართვი და შეინახე, ოღონდ, თუ შეიძლება, ზედმეტად ნურაფერს მკითხავ.
ლერნერმა ფული გამოართვა, კითხვები, რა თქმა უნდა, არ დაუსვამს, ეზარებოდა.
ერთ კვირასაც არ გაევლო, რომ მისი ის ნაცნობი ატლანტიკ-სიტიში მოკლეს.
შედეგად იმ ფულით ლერნერმა საუცხოო ბინა იყიდა.
ბინა ერთ წელიწადში ერთიორად გაძვირდა, გაყიდა და სამი ახალი ბინა შეიძინა. მოკლედ, უძრავი ქონებით ვაჭრობა დაიწყო.
დივნიდან ის ახლა კიდევ უფრო იშვიათად დგებოდა, ფული კი მოედინებოდა და ლერნერიც ხელგაშლილად ხარჯავდა.
ამერიკაში ცხოვრების მთელი თორმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი წიგნი იყიდა. წიგნს მეტად შთამბეჭდავი სახელწოდება ჰქონდა _ როგორ დავხარჯოთ სამასი დოლარი საუზმისთვის...
საუზმის შემდეგ ლერნერი ტელეფონს გათიშავს და თვლემს, სიგარეტის მოწევაც კი ეზარება...
მგონი, გამიგრძელდა შესავალი, დროა, დავუბრუნდეთ მარუსია ტატაროვიჩს.
ქალიშვილი კარგი ოჯახიდან
მარუსიას მამა _ ფიოდორ მაკაროვიჩი საწარმოო-ტექნიკური კომბინატის გენერალური დირექტორი გახლდათ. დედა _ გალინა ტიმოფეევნა, ქალაქის ყველაზე მსხვილ სამკერვალო ატელიეს განაგებდა.
მარუსიას მშობლები კარიერისტები არ იყვნენ. პირიქით, თავმდაბალი, მოკრძალებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ფიოდორ მაკაროვიჩს, მაგალითად, ერიდებოდა ტრამვაიში ასვლა, ამიტომაც ქალაქკომის შავი მანქანით დადიოდა, ოფიციანტების ეშინოდა და სურსათს დახურული გამანაწილებლიდან იღებდა.
რაც შეეხება გალინა ტიმოფეევნას, ხმაურსა და აურზაურს ვერ იტანდა, არც უვარგისი თანამშრომლის გაშვება შეეძლო, ამიტომაც მოხსნით ხალხს ადგილკომი ხსნიდა, დაჯილდოებით კი სტახანოველებს თავად გალინა ტიმოფეევნა აჯილდოებდა.
მარუსიას არც მამა იყო კარიერისათვის გაჩენილი და არც დედა, ამას მათ სამოქალაქო გარემოება აიძულებდა.
არის მონაცემები, რომლებიც სწრაფი ნომენკლატურული აღმავლობის გარანტიას წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა ოთხი სრულიად პრიმიტიული რამ _ უნდა იყო რუსი, პარტიული, ნიჭიერი და დაკვირვებული.
ამასთან, ყველა ეს თვისება აუცილებელია, ერთის გამოკლებაც კომბინაციას აზრს უკარგავს.
რუსი, პარტიული, ნიჭიერი, ლოთი _ არ ვარგა. რუსი, პარტიული, დაკვირვებული, მაგრამ არც ისე ნიჭიერი _ არ გამოდგება. ყველა ამ თვისების მქონე და უპარტიო _ ნდობას არ იმსახურებს და ბოლოს _ დაკვირვებული, ფხიზელი, ნიჭიერი, ებრაელ-კომუნისტი _ უბრალოდ, გამაღიზიანებელია.
აი მარუსიას მშობლები კი ოთხივე ამ თვისებით იყვნენ შემკულნი. იყვნენ რუსები, დაკვირვებულები, პარტიულები და ძალიან ნიჭიერები თუ არა, მიღებული წესების უსიტყვო შემსრულებლები მაინც.
ისინი ჯერ კიდევ ომამდე შეუღლდნენ.
ოცდასამი წლის ფიოდორ მაკაროვიჩი ინჟინერი იყო, გალინა ტიმოფეევნა _ მკერავი-მოტორისტი.
მერე 1938 წელი დადგა.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი დრო იყო. ოღონდ არა ყველასათვის. უმეტესობა დუნაევსკის მხიარულ მუსიკაზე ცეკვავდა.
გარდა ამისა, დღითიდღე სულ იაფდებოდა და იაფდებოდა ყველაფერი. ერთი კილოგრამი ხიზილალა ცხრამეტი მანეთი ღირდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდებოდა.
რა თქმა უნდა, ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ერთის დახვრეტა სხვა ათის სასიკეთოდ ხდებოდა. ერთი მარშლის დახვრეტა ათი მისი თანამშრომლის დაწინაურების საწინდარი იყო _ გათავისუფლებულ ადგილზე გენერალს აწინაურებდნენ, ამ გენერლის ადგილს პოლკოვნიკი იკავებდა, პოლკოვნიკს მაიორი ცვლიდა. შესაბამისად წოდებებს უმატებდნენ კაპიტნებსა და ლეიტენანტებს.
ერთი მინისტრის დახვრეტას ათობით სამსახურებრივი გადაადგილება მოსდევდა, თანაც მხოლოდ ზევით. ქვედა ბიუროკრატიის წარმომადგენლები სამსახურებრივ კიბეზე ზევით-ზევით ადიოდნენ.
ქარხანაში, სადაც ფიოდორ მაკაროვიჩი მუშაობდა, რვა კაცი დააპატიმრეს, მათ შორის _ საამქროს უფროსიც და მისი ადგილი ფიოდორ მაკაროვიჩმა დაიკავა.
იმ ფაბრიკაშიც, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა, ბრიგადირი დაიჭირეს, ხოლო მის ადგილას გალინა ტიმოფეევნა დააწინაურეს.
დაჭერები ორ წელიწადს გაგრძელდა. ამ ორ წელიწადში ფიოდორ მაკაროვიჩი ერთი პატარა წარმოების მთავარი ტექნოლოგი გახდა, გალინა ტიმოფეევნა _ სავაჭრო განყოფილების გამგე.
მერე ომი დაიწყო და მეტალურგიული ქარხანაცა და სამკერვალო ფაბრიკაც ნოვოსიბირსკში იქნა ევაკუირებული.
ნოვოსიბირსკში ფიოდორ მაკაროვიჩსა და გალინა ტიმოფეევნას ქალიშვილი შეეძინათ. ქალიშვილს მარუსია დაარქვეს.
მარუსიას მშობლები ღრმა ზურგში იყვნენ საჭირონი. თუმცა უამრავმა ადმინისტრაციულმა მუშაკმა თავი შუა ფრონტზე ამოყო. მათ შორის საუკეთესოები დაიღუპნენ, ფიოდორ მაკაროვიჩი და გალინა ტიმოფეევნა კი დააწინაურეს. ვინ გაბედავდა, ვინ უსაყვედურებდათ?!
მეოცე საუკუნის სამოციანი წლებისთვის მარუსიას მშობლები უკვე მყარად იყვნენ დამკვიდრებულები საშუალო ნომენკლატურულ რგოლში. ორივე საწარმოს ხელმძღვანელი, ორივე ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი იყო. სარგებლობდნენ ყველა სათანადო პრივილეგიით: ჰქონდათ უშველებელი ბინა, აგარაკი, კაკლის ფინური ავეჯი, ფანჯრებს ქვემოთ ორივეს სამსახურის მანქანა ედგა.
საწარმო, რომელსაც ფიოდორ მაკაროვიჩი ხელმძღვანელობდა, სანიმუშოდ ითვლებოდა.
1970 წელს საწარმო ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევმა მოინახულა და ფიოდორ მაკაროვიჩმა თავი მის წინაშეც ისახელა.
ბალახზე სიარული აკრძალულია, _ ეწერა ქარხნის სამმართველოს კორპუსის წინ ხელმიშვებული გაზონის ფირნიშზე.
გენერალური მდივანი საწარმოს ოქტომბერში უნდა სწვეოდა. იმის გამო, რომ იმ დროისთვის ბალახი უკვე გაყვითლებული იყო, ფიოდორ მაკაროვიჩმა განკარგულება გასცა, პულვერიზატორით შეეღებათ და გაზონი მართლაც მწვანედ გადაბიბინდა.
ჩამოვიდა ბრეჟნევი. მცველებით გარშემორტყმულმა შენობის წინ გაზონს შეხედა და იხუმრა:
_ მაშ აკრძალულია, არა, ზედ სიარული? აბა, ერთი ვცადოთ!
და მტკიცედ გადააბიჯა ბალახზე.
ყველამ გაიცინა, უცებ ყველამ ტაში დასცხო. ფიოდორ მაკაროვიჩს სიცილისგან მისასალმებელი ადრესი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ბრეჟნევი გადაეხვია და უთხრა:
_ აბა, არწივო, მაჩვენე შენი საწარმო!
გენერალური მდივანი იმ დღიდან ტატაროვიჩს ყოველთვის მფარველობას უწევდა.
მარუსია უზრუნველყოფილ, ბედნიერ ოჯახში იზრდებოდა. ეზოში მის გარშემო მუდამ დამჯერი, ლამაზად ჩაცმული ბავშვები ტრიალებდნენ. სახლი, სადაც ტატაროვიჩები ცხოვრობდნენ, ქალაქის კომიტეტისა იყო და სახლის წინ საგანგებოდ დადგმულ ჯიხურში დღედაღამ მილიციონერი მორიგეობდა, ვისაც, ცოტა არ იყოს, ეშინოდა კიდეც იქ მცხოვრებლების.
ტატაროვიჩების ქალიშვილი უკომპლექსო, ბედნიერი გოგონა იყო. სკოლაში კარგად სწავლობდა, დადიოდა სამეჯლისო ცეკვებზე, ჰქონდა როიალი, ფერადი ტელევიზორი, ჰყავდა ძაღლი.
მეცადინეობდა კეთილსინდისიერად, ეწეოდა მშვიდ, ჯანსაღ ცხოვრებას, დადიოდა კინოთეატრებსა და მუზეუმებში.
ფიზკულტურა სქესობრივი მომწიფების ტკივილს უმსუბუქებდა.
სკოლა რომ დაამთავრა, კულტურის ინსტიტუტში ყოველგვარი გართულების გარეშე მოეწყო. ამ ინსტიტუტდამთავრებულები, როგორც წესი, მხატვრული თვითშემოქმედების განხრით იწყებდნენ მუშაობას, თუმცა მარუსია დარწმუნებული იყო, მშობლები დაეხმარებოდნენ და რაიმე უკეთეს სამუშაოს იშოვიდა, ვთქვათ, რადიოში ან ისეთ ჟურნალში, სადაც მუსიკაზე წერდნენ.
ცამეტი წლიდან ირგვლივ მუდამ ინტელიგენტი, კარგად აღზრდილი ჭაბუკები ეხვივნენ. გოგონა ისე იყო მათთან მეგობრობას შეჩვეული, სიყვარულზე თითქმის არ ფიქრობდა, თუმცა თითოეული იმ ახალგაზრდათაგანი ტატაროვიჩების ტანწერწეტა, პირმშვენიერი და მხიარული ქალიშვილის ერთგული თაყვანისმცემელი იყო, თითოეული მზად იყო, ცოლად ეთხოვა იგი.
მაგრამ გამოვიდა ისე, რომ მარუსიას ებრაელი შეუყვარდა...
ყველა, ვისაც ბედნიერი ბავშვობა ჰქონია, საკუთარ თავს ხშირად უნდა ჰკითხავდეს, რით გადაიხდის ამ ბედნიერებისათვის?
რას მოუტანს სილამაზე, ჯანმრთელობა, უზრუნველი ხასიათი? რა ფასად დაუჯდება მდიდარი, მოყვარული მშობლები?
და აი, ცხრამეტი წლის მარუსიამ ებრაელი, თანაც უცნაური გვარის ებრაელი _ ცეხნოვიცერი შეიყვარა.
ებრაელი, არსებითად, გვარი, პროფესია და გარეგნობაა. არიან ზრდილი, დელიკატური, წესიერი პროფესიის, კოსმოპოლიტური გარეგნობისა და ნეიტრალური გვარის ებრაელები, მაგრამ მარუსიას რჩეული ასეთი არ გახლდათ.
მას მუდამ სახელითა და გვარით მოიხსენიებდნენ _ ლაზარ რუვიმოვიჩ ცეხნოვიცერი. იყო გამხდარი, გრძელცხვირა და თმახუჭუჭა, სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და ქალიშვილმაც ის სწორედ ამ სიგამხდრის, ნიჭიერების, ერუდიციის, სარკასტული იუმორისათვის შეიყვარა.
მარუსიას მშობლები, მართალია, ანტისემიტები არ იყვნენ, მაგრამ ძალიან დარდობდნენ, თუმცა გალინა ტიმოფეევნას არაოფიციალურ ვითარებაში ხშირად უთქვამს:
_ სამუშაოზე მირჩევნია ებრაელი ავიყვანო, ყოველ შემთხვევაში, არ ილოთებს მაინც...
_ გარდა ამისა, _ დასძენდა ფიოდორ მაკაროვიჩი, _ ებრაელი, სხვა თუ არაფერი, ჭკუით მაინც იპარავს, წარმოებიდან ის მიაქვს, რაც საჭიროა, რუსს კი, რაც ხელთ მოხვდება, ყველაფერი...
რაც მთავარია, მარუსიას მშობლებს ცეხნოვიცერი საეჭვო პიროვნებად მიაჩნდათ _ ყოველღამ დასავლეთის რადიოს უსმენს, დაბალყელიანი დახეული ფეხსაცმელი აცვია, გაუთავებლად ხუმრობს, მარუსიას იდეურად მიუღებელ წიგნებს _ ბებელს, პლატონოვს, ზოშჩენკოს აკითხებსო.
ებრაელი სიძე ხომ ტრაგედიაა, _ ფიქრობდა ფიოდორ მაკაროვიჩი, _ მაგრამ ებრაელი შვილიშვილი უკვე კატასტროფაა, ამის წარმოდგენაც შეუძლებელიაო.
გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა ცეხნოვიცერს, ფული შეეთავაზებინა, მაგრამ ტიმოფეევნა უფრო წინდახედული აღმოჩნდა.
ცეხნოვიცერს დაპატიჟება დაუწყო.
ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდა, თან მასთან ერთად გოვოროვის, ჩიჩიბაბინის, ლინეცკის, შუმეიკოს ვაჟიშვილებს პატიჟებდა (გოვოროვი მარშალი გახლდათ, ჩიჩიბაბინი _ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, ლინეცკი _ ფირმა სოვფრახტის დირექტორი, შუმეიკო _ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი). ცეხნოვიცერი ამ საზოგადოებაში თავს აბუჩალაკივით გრძნობდა.
დედამისი კონდუქტორი იყო, მამა ფრონტზე ჰყავდა დაღუპული.
ტატაროვიჩებთან თავმოყრილი ახალგაზრდები სამხრეთსა და ბალტიისპირეთში ისვენებდნენ, ეცვათ საუცხოოდ, უყვარდათ რესტორნებში და თეატრალურ პრემიერებზე სიარული, ჯაზის ჩანაწერებს გადამყიდველებთან ყიდულობდნენ.
ცეხნოვიცერს კი ჯიბეში გახვრეტილი შაურიანიც არ ედო, მის მაგიერ ფულს მარუსია იხდიდა.
და ცეხნოვიცერმა შეიძულა მარუსიას მეგობრები, გონებაჩლუნგებს, ხეპრეებს, ცინიკოსებს ეძახდა. თუ ეტყოდნენ, მანგო მიირთვიო, თვალებს ნერვიულად მოჭუტავდა:
_ მე პურის ბურახი მირჩევნია!
მეგობრულად თუ გამოელაპარაკებოდნენ, წარბშეკრული პასუხობდა:
_ მირჩევნია, სიჩუმეს ვუსმენდე!
ბოლოს მობეზრდა მარუსიას ცეხნოვიცერი და ფეოდოროვი შეიყვარა.
გენერალ ფეოდოროვის ვაჟი ქირურგიულზე სწავლობდა. ეს იყო ახალგაზრდა ყმაწვილი, მხიარული, ლამაზი და უპრობლემო. ცხოვრებით გალაღებულსა და უზრუნველს სხვაგვარ ცხოვრებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.
ჰყავდა მამა, ვისითაც შეეძლო ეამაყა _ ჰქონდა ბინა შჩორსის ქუჩაზე, სადაც მხოლოდ ბებიასთან ერთად ცხოვრობდა: ჰქონდა აგარაკი, მოტოციკლი, საყვარელი პროფესია, ჰყავდა ძაღლი და ჰქონდა სანადირო თოფი. მისი ერთადერთი საზრუნავი კარგ ოჯახში აღზრდილი, ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალიშვილი და მასზე დაოჯახება იყო.
მეხუთე კურსზე დიმა ფეოდოროვმა ის-ის იყო ცოლის შერთვა გადაწყვიტა, რომ მარუსია ტატაროვიჩი გაიცნო და ერთ კვირასაც არ გაევლო, ქორწინების სახლის მარმარილოს კიბეზე უკვე ხელმოწერილები ჩამოდიოდნენ, ერთი დღის შემდეგ კი საქორწილო მოგზაურობაში უკვე ყირიმის გზას ადგნენ.
იმავე შემოდგომაზე მშობლებმა ოროთახიანი ბინით დაასაჩუქრეს.
ასე დაიწყო დიმასა და მარუსიას ცოლქმრული ცხოვრება.
დიმა მთელ დღეებს აკადემიაში ატარებდა. მარუსია დიპლომის დასაცავად ემზადებოდა. მისი სადიპლომო თემა სამეჯლისო ცეკვების ესთეტიკა იყო.
საღამოებს ცოლ-ქმარი ტელევიზორის ყურებასა და საუბარში ატარებდა.
შაბათობით კინოში დადიოდნენ, იღებდნენ და სტუმრობდნენ ნაცნობ-მეგობრებს.
მარუსია დარწმუნებული იყო, რომ დიმა უყვარდა _ ის ხომ თვითონ აირჩია!
ჭკვიანი, მზრუნველი, წესრიგის მოყვარული დიმა უწესრიგობას ვერ იტანდა, ყოველ დილა ბლოკნოტში ამ რუბრიკების მიხედვით _ მოვიფიქრო, გავაკეთო, დავრეკო _ ჩანაწერებს აკეთებდა. ზოგჯერ ამგვარ რამეებსაც იწერდა: არ მივესალმო ვიტალი ლუცენკოს, ანდა _ ალეშკოვიჩის ქაჯობას სიმშვიდით ვუპასუხო...
შაბათის ჩანაწერი მაშა _ კინოს, თეატრს, რესტორანში ვახშამსა და სიყვარულს ნიშნავდა.
დიმა ამბობდა:
_ არა, პედანტი არა ვარ. უბრალოდ, ვცდილობ თავი ქაოსისგან დავიცვა...
დიმა კარგი ადამიანი იყო, მისი ნაკლი უნაკლობა გახლდათ, მაგრამ ნაკლი ხომ მეტად იზიდავს ადამიანებს, ვიდრე ღირსება, ანდა, როგორც მინიმუმი, უფრო ძლიერ გრძნობებს იწვევს!..
ერთი წლის შემდეგ მარუსიამ დიმა შეიძულა, თუმცა სიძულვილის გამოხატვაში ხელს დიმას წუნდაუდებელი საქციელი უშლიდა.
მიუხედავად ამისა, ერთად მაინც მშვენივრად ცხოვრობდნენ.
მაგრამ ეს რომ უბედურებაა, ცოტა ვინმემ თუ იცის... უბედურებაა, როცა ყველაფერი კარგად იწყება, ბოლოს კი შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს.
და დამთავრდა კიდევაც.
ჯერ დიმას მამა _ გენერალი გარდაიცვალა. მერე მისმა ლოთმა დედამ თავი საგიჟეთში ამოყო, რის შემდეგაც სამი ძმა და ერთი და ქონების გაყოფაზე მამასისხლად წაიკიდნენ.
გენერლის სახლის ყველაზე ძვირფასი ნივთი _ სტალინის ნაჩუქარი შაში და ლალის თვლებით მოოჭვილი ორდენი _ პროკურორის მიერ კონფისკებულ იქნა.
ერთ თვეში დიმა ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად იქცა, საშუალო ნიჭის მიზანსწრაფულ, შრომისმოყვარე ასპირანტად.
ზოგჯერ მარუსია გაღიზიანებული ეტყოდა:
_ დათვერი მაინც!
რაზეც დიმა პასუხობდა:
_ ლოთობა ეს ნებაყოფლობითი სიგიჟეა.
მარუსია არ ცხრებოდა:
_ იეჭვიანე მაინც!
_ ეჭვიანობა საკუთარი თავის მიმართ შურისძიებაა სხვათა შეცდომების გამო... _ პასუხობდა დიმა.
ყველაზე ძნელი გამოცდა ბედისგან განებივრებული ადამიანისათვის მოულოდნელად თავს დატეხილი ბედუკუღმართობაა. დიმა სულ უფრო დაბნეული დადიოდა, გულგატეხილი და მოწყენილი იყო.
იმის გამო, რომ რცხვენოდა და მარუსიას მშობლებისგან ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობდა, რესტორანში ახლა მხოლოდ მრგვალ კატლეტს და კომპოტს სჯერდებოდა. საზღვარგარეთულ კოსტიუმს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამდა.
ბოლოს მარუსია დიმას უკვე ღალატობდა, სხვათა შორის, გამუდმებით და განურჩევლად. ღალატობდა მეგობრებთან, ნაცნობებთან, ტაქსის მძღოლებთან, კულტურის ინსტიტუტის მასწავლებლებთან თუ ტრამვაიში შემთხვევით გაცნობილებთან. უღალატა მოულოდნელად გამოჩენილ ცეხნოვიცერთანაც.
თავიდან მარუსია თავის გამართლებას ცდილობდა და ყოველ ნაბიჯზე ტყუოდა. იგონებდა არარსებულ ფაკულტატურ მეცადინეობებს, სემინარებს, ლაპარაკობდა თავის მოკვლის განზრახვით ამხანაგთან გატარებულ უძილო ღამეზე თუ დერგაჩევოში ნათესავებთან მოულოდნელ გამგზავრებაზე.
მერე მობეზრდა თავის მართლება და ტყუილი, მობეზრდა ფანტასტიური ამბების მოგონება.
დილით, შინ დაბრუნებისას, გზად თავის თავს ეუბნებოდა, არა უშავს, ტაქსსა ან ლიფტში რაიმეს მოვიფიქრებო...
დიმა შეშფოთებული რომ ჰკითხავდა, აქამდე სად იყო, მარუსია გაოცებული წამოიძახებდა:
_ მე?!
_ ჰო, _ დაუდასტურებდა დიმა.
_ როგორ თუ სად ვიყავი?! მეკითხება კიდევაც! დავუშვათ დრო ვინმე ნაცნობთან გავატარე. უფლება არა მაქვს, ნაცნობები მოვინახულო?
თუ მაინც ჩაეკითხებოდა, მარუსიას უკვე თავი აღარ ჰქონდა მართლების:
_ ჩათვალე, რომ ვსვამდი!.. ჩათვალე, რომ თავაშვებული ქალი ვარ!..
ჩათვალე, რომ ცოლ-ქმარი აღარა ვართ!...
ვინ არ იცის, ცოლ-ქმრის თანასწორობა რომ ზღაპარია. უპირატესობა, თუ ეს უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, იმის მხარესაა, ვისაც ნაკლებად უყვარს.
მარუსიამ ოცდაათი წლისამ უკვე საბოლოოდ ირწმუნა, რომ ცხოვრების აზრი მხოლოდ სიამოვნებაში იყო.
სიამოვნება _ ყვავილები, რესტორნები, სიყვარული, უცხოური ნივთები და მუსიკაა; უსიამოვნება _ უფულობა, საყვედურები, ავადმყოფობა და დანაშაულის გრძნობა.
მარუსია სიამოვნებას ეძლეოდა.
დიმა ეცოდებოდა, სინდისი ქენჯნიდა და ხშირად ეუბნებოდა:
_ გინდა, ვინმე ქალიშვილი გაგაცნო?
დიმა გაოცებას ვერ მალავდა:
_ ჰო, მაგრამ, რისთვის?
მალე დიმა და მარუსია განქორწინდნენ.
მარუსია მშობლებთან გადაბარგდა. თავიდან ფიოდორ მაკაროვიჩი და გალინა ტიმოფეევნა, მართალია, ცოტა შეწუხდნენ, მაგრამ დიდხანს არ უნერვიულიათ _ დიმა ფიოდოროვი, როგორც ქმარი, მათ უკვე აღარ აინტერესებდათ. ასე და ამგვარად, მარუსია _ ქალიშვილი კარგი ოჯახიდან _ ისევ გასათხოვარი ბრძანდებოდა.
დიდი დრო არ იყო გასული, რომ მარუსიამ ცნობილი დირიჟორი კაჟდანოვი შეიყვარა; მერე ცნობილი მხატვარი, პირადად ჰეიდარ ალიევის მფარველობის ქვეშ მყოფი შარაფუტდინოვი; მერე საყოველთაოდ სახელგანთქმული ილუზიონისტი მაბისი, რომელიც ქალს ორ ნაწილად ჭრიდა. კაჟდანოვიც, შარაფუტდინოვიცა და მაბისიც გაცილებით უფროსები იყვნენ მარუსიაზე.
კაჟდანოვმა მარუსია ბალტიისპირეთსა და ურალში ამოგზაურა. შარაფუტდინოვთან ერთი წელი ალუპკაში იცხოვრა.
ილუზიონისტ მაბისთან თვითმფრინავით მთელ იმიერპოლარეთს შემოუფრინა.
მაგრამ მონოგამიით დაავადებული კაჟდანოვი გარდაიცვალა. შარაფუტდინოვი საოლქო კომიტეტის ზეწოლით თავის ავადმყოფსა და შეუხედავ მეუღლეს დაუბრუნდა. ფრანკფურტში გასტროლებზე მყოფმა მაბისმა მოახერხა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
მოკლედ, მუსია ყველამ მიატოვა. ამასთან, მისი ცხოვრებიდან მხოლოდ კაჟდანოვი წავიდა პატიოსნად, დანარჩენების საქციელი რაღაცით უფრო გაქცევას ჰგავდა.
მარუსია მღელვარებამ შეიპყრო. ყველა მისი მეგობარი გათხოვილი იყო, ყველა თავს მშვიდად და მყარად გრძნობდა, ყველას თავისი ოჯახი და თბილი კერა ჰქონდა.
შეიძლება მისი მეგობრები მდიდრულად არ ცხოვრობდნენ, შეიძლება ქმრებსაც ღალატობდნენ, სასტიკად ექცეოდნენ და იბრიყვებდნენ კიდევაც, ანდა ზოგიერთი შეიძლება პირიქით, თვითონ ითმენდა ღალატს, მაგრამ გათხოვილები იყვნენ და მარტო იმის გამო, რომ ქმრები ჰყავდათ, ყველა ერიდებოდა და ყველა პატივს სცემდა.
ამ დროისთვის მარუსიას უკვე ოცდაათი წელი უსრულდებოდა, კარგა ხანია, შვილი უნდა ჰყოლოდა და დედა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ ორი-სამი წელიც და ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა.
ამაზე უკვე აშკარად ღელავდა. მართალია უცოლო მამაკაცები გარს უწინდებურად ეხვივნენ, ქალებს უწინდებურად შურდათ, უწინდებურად არც ახლა აკლდა რესტორნები, თეატრი, სერტიფიკატების მაღაზიები, ყველა სიკეთე უწინდებურად მის ხელთ იყო, მაგრამ ვერაფერი ამშვიდებდა.
სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე ესტრადის ცნობილი მომღერალი _ ბრონისლავ რაზუდალოვი გამოჩნდა. მისი სახელი დღეს უკვე აღარავის ახსოვს, სამოციან წლებში კი ხილზეც, კობზონზეც და დოლინსკიზეც პოპულარული გახლდათ.
რაზუდალოვი მარუსიას ყოველგვარ მოთხოვნილებას პასუხობდა.
იყო ლამაზი, ნიჭიერი, პოპულარული, ფულის მშოვნელი და, რაც მთავარია, ცხოვრებას მხიარულად, ლაღად, უზრუნველად ატარებდა.
მარუსია რაზუდალოვსაც მოეწონა _ ესეც კეთილად აღნაგი, პირმშვენიერი, ლაღი, მხიარული და თავქარიანი იყო.
მალე რაზუდალოვმა და მარუსიამ რაღაც სამოქალაქო ქორწილივით გადაიხადეს.
მომღერალი ხშირად დადიოდა გასტროლებზე, მარუსიაც თან სიამოვნებით დაჰყვებოდა.
თავიდან, უბრალოდ, მის გვერდით იყო _ საღამოობით კონცერტებს უსმენდა, დღისით საკომისიო მაღაზიებში დადიოდა.
მერე სამუშაო გამოუჩნდა _ აფიშებს უკვეთდა და ადგილობრივ გაზეთებში დადებითი რეცენზიების საქმეს აგვარებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბუღალტრობდა კიდევაც, ვინაიდან ამისთვის მაინცდამაინც დიდი პროფესიონალიზმი არ იყო საჭირო.
მარუსიას გამოჩენამდე რაზუდალოვს თვითონ მიჰყავდა თავისი კონცერტები. მაყურებელთან საუბარი მოსწონდა კიდევაც, განსაკუთრებით პროვინციაში. მაგალითად, გამოვიდოდა სცენაზე და იტყოდა:
_ ზოგიერთ მომღერალს ლამაზი ხმა აქვს, ზოგიერთი, რომ იტყვიან, მთელი გულით მღერის. აი, მე კი ხმა არა მაქვს.
მერე პატარა პაუზას მოაყოლებდა და დასძენდა:
_ არც მთელი გულით ვმღერი...
ბოლოს ტაშსა და სიცილ-ხარხარში ნათქვამს ასე დააგვირგვინებდა:
_ როგორ ვმღერი, მართალი გითხრათ, თვითონაც გაოცებული ვარ!..
მალე მარუსიას წამყვანის მოვალეობაც ანდვეს და ერთდროულად სამი საკონცერტო კაბა შეუკვეთა, ისწავლა ცხენზე მოხდენილი ჯდომაც.
გამოვიდოდა კულისებიდან სწრაფად, ერთ წუთს გაირინდებოდა პროჟექტორების დამაბრმავებელ სინათლეზე, მერე თვალს პირველ რიგში მსხდომებს მოავლებდა და წამოიყვირებდა:
_ მიკროფონთან _ ესტრადის მომღერალთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი ბრონისლავ რაზუდალოვი, _ და წუთების სიდიადით დამძიმებულ თავს გრაციოზულად დახრიდა...
კონცერტები მუდამ დიდი წარმატებით მიდიოდა. იყო თანამედროვე კამერული რეპერტუარი, იყო სიმღერებში თავშეკავებული ინტიმური კილოც:
შენ მითხარი _ არა,
მე გითხარი _ დიახ...
შენი კვალი
დიდ ტბორთან დაიკარგა...
შენ მითხარი _ დიახ,
მე გავიგე _ არა!..
რაზუდალოვი მხიარული კაცი იყო. ფულს იმ ემოციებით მოიპოვებდა, რა ემოციებითაც ადამიანები უსაზღვრო სიხარულს, დიდ თავდავიწყებას გამოხატავენ.
მღეროდა, ცეკვავდა და ცეკვის დროს ათასგვარ სისულელეს წამოიძახებდა _ ამაში მას კარგად უხდიდნენ.
მაგრამ მალე მუსიამ შეატყო, რომ რაზუდალოვის სიცოცხლის სიყვარული მეტისმეტად შორს მიდიოდა და ცოლქმრულ ღალატში არცთუ უსაფუძვლოდ დადანაშაულება დაუწყო.
ქმრის ჯიბეებში ხან საპუდრეს ნახულობდა, ხან თმის სარჭს. მისი პერანგები ხშირად პომადით იყო დასვრილი. და აი ერთხელაც მის საგრიმიოროში მუცლითმეზღაპრე კისინას დედიშობილას წაასწრო.
იმ დღეს ქმარს ნოტების პიუპიტრით სცემა. ოცი წუთის შემდეგ რაზუდალოვი სცენაზე შავი სათვალით რომ გამოვიდა, მარცხენა ხელი უსიცოცხლოდ ჰქონდა ჩამოკიდებული.
ცოლის საყვედურებს ის ყოველთვის როგორიღაც იდიოტური სიცილით პასუხობდა.
ეუბნებოდა:
_ მარია, ეს არასერიოზული საქციელია! მეგონა, ჭკვიანი, კულტურული ქალი იყავი...
მაგრამ ბოლომდე თავისი ხასიათის ერთგული რჩებოდა, ისევ ისეთი მექალთანე და ქალების მოყვარული იყო, თან ტყუილებსაც მიეჩვია, გაუთავებელი ტყუილების გამო ენა ბლუსავით ებმოდა.
მაშინაც კი ტყუოდა, როცა ამას არავითარი აზრი არა ჰქონდა.
მეგობრები ხუმრობდნენ:
რაზუდალოვს უნდა, თუ რამ მოძრაობს, ყველაფერი თავის ქვეშ მოიქციოსო...
ახლა უკვე მარუსია იტანჯებოდა ეჭვებისაგან. ქმარს მთელი ღამეები თვალმოუხუჭავად ელოდა. ვერ გაეგო, ასე რატომ ექცეოდა, ასე რატომ შეიცვალა?!. იქამდეც კი მივიდა, გაგეყრებიო, _ ემუქრებოდა.
რაზუდალოვი შინ რომ მოვიდა, იმ დღესაც უკვე გათენებული იყო.
სახლი ღვინისა და კოსმეტიკის სუნით ააქოთა, იფიცებოდა:
_ გესმის, შევგვიანდით, ვსვამდით, მთელი ღამე ხელოვნებაზე ვყბედობდით...
_ სად იყავი?
_ იმასთან...
აი, იმასთან... გოლოშჩენკინთან... ბიჭებმა მოკითხვა შემოგითვალეს.
მარუსიამ უბის წიგნაკში იმ ვიღაც გოლოშჩენკინის ტელეფონის ნომერი მოძებნა და რომ დაურეკა, ყურმილში ქალმა მკვახედ უპასუხა:
_ ილია ზახაროვიჩი რა ხანია საავადმყოფოში წევს...
განრისხებული მარუსია რაზუდალოვს ეცა:
_ ესე იგი, გოლოშჩენკინთან, არა? ხელოვნებაზე ყბედობდით, არა?
_ უცნაურია, პირადად მე იმასთან ვიყავი, _ თქვა შემცბარმა რაზუდალოვმა.
და აი, მარუსია აქ პირველად დაფიქრდა _ რა ექნა, როგორ გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი დღეები _ სიამოვნების შემდეგ დანაშაულის გრძნობა გეუფლება, უანგარო ქმედების ჯილდო დამცირებაა, გამოდის, ჩაკეტილ წრეში ხარ...
სად არის ბედნიერება? სად არის სიხარულის წყარო? როგორ უნდა გაექცე გულისტკივილსა და სასოწარკვეთას? ნუთუ არ შეიძლება სიამოვნებას ისე მიეცე, მერე სინანულმა არ დაგახრჩოს? _ ეს აზრები მოსვენებას არ აძლევდა.
ერთი წლის შემდეგ მარუსიას ბიჭუნა ეყოლა.
ყველაფერი ძველებურად მიედინებოდა. რაზუდალოვი ხშირად იყო გასტროლებზე, მაგრამ დაბრუნდებოდა თუ არა, ისევ იკარგებოდა მთელი ღამეები.
ცოლის საყვედურებზე უმალ თავის მართლებას იწყებდა:
_ გაიგე, მე ხომ მსახიობი ვარ, იმპულსი მჭირდება...
და მარუსია ისევ მშობლების სახლში გადაბარგდა. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა გალინა ტიმოფეევნა პენსიაზე გავიდა.
მოულოდნელად რაზუდალოვი ყვავილებითა და შამპანურით გამოეცხადათ. თავის შემოქმედებით წარმატებებზე ჰყვებოდა, ცენზურას უჩიოდა, ჩემი საუკეთესო სიმღერა _ შენი ბაგიდან მინდა შევსვა ტკბილი ნექტარი აკრძალესო...
გალინა ტიმოფეევნას მოურიდებლად დედიკოს ეძახდა და უხეიროდ ხუმრობდა.
მაგალითად, მარუსიას მამას ასე გაექილიკა:
_ ძია ფედია, შენ მე ასე ნუ მიყურებ! კარგად თუ გავერკვევით, შენ არავინ ხარ. მე კი, სხვათა შორის, თავად ფიოდორ ტატაროვიჩის სიძე გახლავართ!..
შამპანურისა და კონიაკის სმას რომ მორჩა, ერთი დასტა დაჭმუჭნილი ფული მაგიდაზე დაყარა და გაიქცა. მამა ვარო, არაფრად დაგიდევდა, შვილს მარტო კოცნიდა და ჭკუას არიგებდა:
_ იმედი მაქვს, ჭკვიანი და დიდბუნებოვანი ვაჟკაცი გაიზრდები!
სამაგიეროდ, მარუსიას ზოგჯერ სასოწარკვეთა ეუფლებოდა, თავს მოვიკლავო, _ ქმარს ემუქრებოდა და აი, იმხანად რაზუდალოვის რეპერტუარში ერთი ასეთი შლაგერი გაჩნდა:
თავის დახრჩობა თუ გადაწყვიტე,
სანამდე წახვალ მდინარისაკენ,
ჯერ ჩემთან მოდი _
ბოლო სიტყვა ვუთხრათ ერთმანეთს.
მერე მიგიყვან იმ მდინარესთან
და მიგასწავლი გზას მორევისას...
მარუსიას კი, ისე როგორც ზღაპარში, სწორედ ამ დროს ცეხნოვიცერი გამოეცხადა. წასაკითხად არქიპელაგი გულაგი მოუტანა და ემიგრაციაში წასვლა ურჩია:
_ ფიქციურად დავქორწინდეთ, მერე კი, როგორც ებრაელები, წავიდეთ.
_ სად? _ ჰკითხა მარუსიამ.
_ მე, მაგალითად, ისრაელში წავალ, შენ _ ამერიკასა ან საფრანგეთში.
_ რა მინდა, რა უნდა ვაკეთო საფრანგეთსა ან ამერიკაში?! მერედა რა ელის აქ მამაჩემს?!
მიუხედავად ამისა, მაინც აეკვიატა ემიგრაციაზე ფიქრი. ჯერ ერთი, მოდაში იყო, თითქმის ყოველ მოაზროვნე ადამიანს ჯიბეში მოწვევა ედო.
დღე არ გავიდოდა, კულტურის რომელიმე მოღვაწეს ქვეყანა არ დაეტოვებინა. წავიდა მოქანდაკე ნეიზვესტნი, რათა ამერიკაში თავისი გრანდიოზული პროექტი _ ხე სიცოცხლისა განეხორციელებინა. წავიდა რელიგიური გრძნობებით შეპყრობილი სავა კრამაროვი.
უკანონო კონცერტების გამო ციხისთვის თავი რომ აერიდებინა, წავიდა გენიალური ბორია სიჩკინი. წავიდა მოდისიდენტო პოეტი კუპერშტოკი, ვინც თავის ერთ-ერთ ლექსში ამაყად აცხადებს:
მემკვიდრე პუშკინის და ბლოკის,
მე ვარ შვილი ებრაელი კუპერშტოკის!..
მიდიოდნენ მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები. სხვათა შორის, არა მხოლოდ ებრაელები. მიდიოდნენ რუსები, ქართველები, მოლდაველები, ლატვიელები _ ამტკიცებდნენ, ჩვენში ებრაული სისხლიც ჩქეფსო. მოკლედ, ემიგრაციის პრობლემა ფართოდ განიხილებოდა შემოქმედებით წრეებში და მარუსიაც სულ უფრო ხშირად ფიქრობდა ამაზე.
ემიგრაციაში რაღაც ირეალური იყო, რაღაც, რაც იმქვეყნიური ცხოვრების იდეას შეგახსენებდა. ესე იგი, შეიძლებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება გეცადა, წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებულიყავი.
შემოქმედებითი ცხოვრება მუსიას არ აეწყო. ბედი არც გათხოვებაში დაჰყვა.
ამ მხრივ მისი უამრავი ამხანაგი მასში შურსა და სიძულვილს იწვევდა.
მშობლების სახლში თავს ისე გრძნობდა, როგორც მოხუცთა თავშესაფარში. ცხოვრობდა ყოველმხრივ მზამზარეულზე, ყოველგვარი რეალური პერსპექტივის გარეშე. ძილი, ტელევიზორი, დეფიციტური სურსათი გამანაწილებლიდან და ფიოდორ მაკაროვიჩის ხელქვეითი საქმროები, რომლებიც ცდილობდნენ, მისთვის კი არა, თავი უფრო მამამისისთვის მოეწონებინათ.
მარუსია გრძნობდა, კიდევ სამი წელი და ყველაფერი სამუდამოდ იქნებოდა დაკარგული...
ცეხნოვიცერი კვლავაც ისე დაბეჯითებით ურჩევდა ფიქციურ ქორწინებას, რომ ერთხელაც მარუსიამ უთხრა:
_ ადრე ისე გიყვარდი, როგორც ქალი...
ამაზე ცეხნოვიცერმა უპასუხა:
_ ახლა კი ისე მიყვარხარ, როგორც საერთოდ ადამიანი.
მარუსიამ არ იცოდა, უნდა სწყენოდა ეს თუ გახარებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გულნატკენი დარჩა.
ჩანს, ასეთია ქალის ბუნება _ არ უყვარს, თაყვანისმცემელს რომ კარგავს, ისეთსაც კი, როგორიც ცეხნოვიცერი იყო...
ემიგრაციაში წასვლა რეალური ჩანდა, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, თავს მაშინვე უამრავი პრობლემა იჩენდა:
რა დღეში ჩაცვივდებოდნენ მშობლები? ხალხი რას იფიქრებდა?.. მთავარი მაინც ის იყო, ვერ წარმოედგინა, რა უნდა ეკეთებინა იქ, დასავლეთში?
ცეხნოვიცერთან ერთად ხელის მოსაწერად ქორწინების სახლში წასვლაც პრობლემა იყო. საქმროს საამისოდ ალბათ ხეირიანი კოსტიუმიც არ ჰქონდა. ინსტრუქტორს იმას ხომ არ ეტყოდა, ქორწილი ფიქციურიაო?..
მერე სინაგოგასთან ხალხის შეხვედრები, გასაუბრებები უცხოელ ჟურნალისტებთან და რაღაც სამახსოვრო ბუკლეტები წამსვლელთათვის.
მარუსიამ აკრძალული ნახატების გამოფენებზე სიარულს მოუხშირა, საკუთარ ოლიმპიაზე შალამოვისა და დომბროვსკის აკრძალულ მოთხრობებს იწერდა, ცდილობდა, ჰემინგუეი ორიგინალში წაეკითხა.
მისი მშობლები რაღაცას ხვდებოდნენ, მაგრამ დუმდნენ, ამიტომაც მარუსია იძულებული გახდა, ყველაფერი აეხსნა.
რა იყო და როგორ იყო, ამაზე აჯობებს არაფერი გითხრათ. მით უმეტეს, მსგავსი დრამა არც სხვა უამრავ ნომენკლატურულ ოჯახში გახლდათ იშვიათი.
მშობლები შვილებს ღალატში ადანაშაულებდნენ, შვილები მშობლებს კონფორმიზმისა და ქვეშევრდომული ერთგულებისათვის აკრიტიკებდნენ.
ტირილს, შეურაცხყოფასა და საყვედურებს ხვევნა-კოცნა ცვლიდა.
ფიოდორ მაკაროვიჩმა იცოდა, შედეგად ამას სამსახურის დაკარგვა და პენსია მოჰყვებოდა.
გალინა ტიმოფეევნა კი დარწმუნებული იყო, ქალიშვილს ვეღარასოდეს ნახავდა...
ოქტომბერში მარუსიამ და ცეხნოვიცერმა ხელი მოაწერეს, ახალი წლისათვის ნებართვაც მიიღეს და ცხრა იანვარს უკვე ავსტრიაში იყვნენ.
ჩავიდნენ თუ არა, ცეხნოვიცერი სრულიად შეიცვალა. ახლა ის ებრაელი პატრიოტი იყო, ამაყი, ბრძენი და ოდნავ ქედმაღალი. ხვდებოდა ჰიასის წარმომადგენლებს, ატარებდა ექვსკუთხა ანოდირებულ ვარსკვლავს და ცოლად ებრაელი ქალის მოყვანაზე ოცნებობდა.
ფიქციური ქორწინების პირობები ცეხნოვიცერმა კეთილსინდისიერად შეასრულა _ ცოლი დასავლეთში ჩაიყვანა, სამაგიეროდ ყოველგვარი ხარჯი მარუსიამ იკისრა, ის კი არა, ჩემოდანიც უყიდა.
მალე თითოეული თავისი გზით უნდა წასულიყო. ცეხნოვიცერი ისრაელში გაფრინდა, მარუსია ვიზას ელოდებოდა და ჯერ ისევ იცდიდა.
ცეხნოვიცერს შეწუხებული ეკითხებოდა:
_ ისრაელში რა გაგაძლებინებს, იქ როგორ უნდა იცხოვრო, იქ ხომ მხოლოდ ებრაელები არიან?
_ არა უშავს, მივეჩვევი... _ პასუხობდა ცეხნოვიცერი.
მარუსია დარდობდა მასთან განშორებას, ის ხომ ერთადერთი ადამიანი იყო მისი წარსულიდან.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ აგრესიული, ამაყი, ქედმაღალი, უიღბლო კაცის მიმართ რაღაც სიყვარულისმაგვარს გრძნობდა. ხომ იყო გრძნობა მათ შორის! ჰოდა, რახან იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ცუდი იყო თუ კარგი? და თუკი მართლაც იყო, მაშინ სად ან როგორ შეიძლებოდა გამქრალიყო?..
აეროპორტში მარუსიას ცეხნოვიცერი არ გაუცილებია _ სწორედ იმ დღეებში ყელი სტკიოდა ლევუშკას.
ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ჯდებოდა ავტობუსში და იდეის იმ დიდი ტვირთის ქვეშ საოცრად მოუხეშავი ეჩვენებოდა. ისე მტკიცედ მიაბიჯებდა, როგორც კარგად გავარჯიშებული უსინათლო.
ერთი კვირის შემდეგ ლევუშკას, რომელიც ჰოსპიტალში ტოლსტოის ფონდის წევრმა _ მისის კუკმა წაიყვანა, გლანდები წარმატებით ამოაჭრეს.
ამ დროისთვის მარუსიას ვიზა უკვე მიღებული ჰქონდა.
გავიდა თექვსმეტი დღე და თვითმფრინავი, რომელშიც მარუსია იჯდა, კენედის სახელობის აეროპორტში დაეშვა. მარუსიას ხელში სიმინდის ჩიპების პაკეტი ეჭირა. მის გვერდით უხალისოდ მიბანცალებდა უძილობისაგან გაბრუებული, ძილგამოყოლილი ლევა. ორი ზანგის დანახვაზე ბიჭუნა უცებ ხმამაღლა აღრიალდა. მარუსია შეეცადა, დაემშვიდებინა:
_ ლევა, კარგი, გაჩუმდი!
და დასძინა:
_ პირწავარდნილი მამაშენის ხმა გაქვს!..
ხომალდის დაღუპვის შემდეგ
აეროპორტში მარუსიას დედის მხრიდან ბიძაშვილი ლორა და ლორას მეუღლე ფიმა ელოდნენ. ლორას დედა _ დეიდა ნადია რიგით კორექტორად მუშაობდა, მამა _ ბიძია საველი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო.
ლორა მამის გვარს _ მელინდორს ატარებდა.
ტატაროვიჩები ზევიდან არ უყურებდნენ მელინდორებს. ლორა ზოგჯერ აგარაკზეც მიჰყავდათ.
ზოგჯერ თვითონაც მიდიოდნენ დერგაჩევოში. მარუსია ბიძაშვილს კაბებსა და კოფთებს ჩუქნიდა:
_ ლურჯი კოფთა აიღე, მწვანეს ჯერ ისევ ვიცვამ.
აზრად არ მოსდიოდა, რომ ლორას ეს გულს სტკენდა.
მოკლედ, მარუსია და ლორა არ მეგობრობდნენ.
მარუსია ლამაზი და ქარაფშუტა იყო, ლორა _ ნაკითხი, ნაზი და თვინიერი. მისი სევდიანი სახე ბიბლიურად მიაჩნდათ.
ტატაროვიჩის ცხოვრება მხიარულად და ხმაურიანად მიედინებოდა. ლორას ცხოვრება მოზომილი და ერთფეროვანი იყო.
მარუსია წუწუნებდა:
_ ყველა მამაკაცი ერთნაირად უტიფარია!
ლორა გულგრილად ასწევდა წარბებს:
_ რატომ? ჩემი ნაცნობები ძალიანაც კორექტულები არიან.
ამაზე მარუსია აგდებულად უპასუხებდა:
_ ნახე რა, შენც საამაყო!
ტატაროვიჩები არ გაურბოდნენ მელინდორებს. მელინდორები, უბრალოდ, სხვა სოციალური წრისანი იყვნენ. ძველად ამას ღარიბ ნათესავებს ეძახდნენ. ასე რომ, ბიძაშვილები ერთმანეთს საკმაოდ იშვიათად ხვდებოდნენ...
მარუსიამ ვიღაცისგან გაიგო, ლორა გათხოვდა, მისი ქმარი _ ფიმა ასპირანტიაო, მაგრამ ასპირანტი სიძე მან მხოლოდ ამერიკაში გაიცნო.
ახალდაქორწინებულმა ლორამ და ფიმამ გადაწყვიტეს, ნიუ-იორკში ეცხოვრათ.
ემიგრაცია მათთვის საქორწილო მოგზაურობაც იყო. ერთი წლის შემდეგ ორივენი უკვე რიგიანად ლაპარაკობდნენ ინგლისურად. ფიმა საბუღალტრო კურსებზე სწავლობდა, ლორა მანიკიურის შემსწავლელ კურსებზე.
საქმე ჩინებულად მისდიოდათ, რამდენიმე თვეში ერთიცა და მეორეც სამუშაოზე მოეწყო. ფიმა მდიდარ საფეიქრო კორპორაციაში შეუდგა მუშაობას, ლორა საპარიკმახეროში ამერიკელ კლიენტურას ემსახურებოდა. ასე ამბობდა:
_ რუსები ჩვენთან თითქმის არ დადიან, აქ მათთვის ძალიან მაღალი ფასებია.
ლორა წელიწადში თხუთმეტი ათასს გამოიმუშავებდა, ფიმა _ ორჯერ მეტს.
მალე საკუთარი სახლი შეიძინეს. ეს იყო პატარა აგურის შენობა ფორესტ-ჰილსში, სადაც ცხოვრება მაშინ არც ისე ძვირი ღირდა. ფორესტ-ჰილსში ძირითადად კორეელები, ინდუსები და არაბები ცხოვრობდნენ.
ფიმა ხშირად იტყოდა ხოლმე:
_ რუსებთან ურთიერთობა პრაქტიკულად თითქმის არ გვაქვს...
ცოლ-ქმარს უყვარდა თავიანთი სახლი. ფიმამ წყალგაყვანილობა და სახურავი საკუთარი ხელით შეაკეთა, გარაჟში დენი გაიყვანა, ლორამ ფარდები და კერამიკის ავეჯი იყიდა.
მყუდრო სახლი იყო, ლამაზი და შედარებით არც ისე ძვირი. ჟურნალისტი ზარეცკი, რომელიც ლორამ ჰიასში გაიცნო, ამ სახლს მავზოლეუმს ეძახდა. აშკარად ჩანდა, ბერიკაცს ეხარბებოდა სხვათა კეთილდღეობა...
ლორა და ფიმა ახალგაზრდა ბედნიერი წყვილი იყო. ბედნიერება მათთვის ისეთივე ბუნებრივი და ორგანული გახლდათ, როგორც ჯანმრთელობა. ყოველგვარ უსიამოვნებას არაჯანსაღი ადამიანის ხვედრად თვლიდნენ.
იცოდნენ, ზოგი ემიგრანტი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მიაჩნდათ, რომ ისინიც ზარეცკივით ავადმყოფები და ცუდი ხასიათისანი იყვნენ.
ცოლ-ქმარი თავს ისე ბედნიერად გრძნობდა, რომ ლორა ზოგჯერ თავისდა უნებურად წამოიძახებდა:
_ ფიმკა, მე ისეთი ბედნიერი ვარ!
მაგრამ ბედნიერება, ცოტა არ იყოს, აშინებდათ კიდევაც. ამის გამო დროდადრო პატარ-პატარა უსიამოვნებებსაც იგონებდნენ.
მაგალითად, საღამოს ფიმა შუბლს შეიჭმუხნიდა და იტყოდა:
_ იცი, ამ დილას კინაღამ ველოსიპედი დავამტვრიე.
ლორა შეშინებული შეაფეთებდა თვალებს:
_ ფრთხილად იყავი, რა, გეხვეწები, ფრთხილად იყავი!..
_ ნუ ღელავ, ლორა, შესანიშნავი რეაქცია მაქვს.
_ მაგრამ ველოსიპედზეც? _ ვერ მშვიდდებოდა ლორა.
ზოგჯერ ფიმა სახლში დამნაშავესავით შემოაბიჯებდა.
_ ცუდ გუნებაზე ხარ? _ შეეკითხებოდა ლორა, _ რა იყო, რა მოხდა?
_ არ გამიჯავრდები?
_ თქვი, თორემ ვიტირებ.
_ დაიფიცე, რომ არ გამიჯავრდები.
_ კარგი ახლა, მითხარი!
_ ოღონდ არ გაბრაზდე.
მე შენ იტალიური ჩექმები გიყიდე.
_ სულელო!.. ჩვენ ხომ შევთანხმდით, ფული ეკონომიურად გვეხარჯა... აბა, მაჩვენე!
_ ძალიან მომეწონა... ორიგინალური ფერი აქვს, _ ისეთი კარგი ყავისფერია...
შაბათ დილას ფიმა და ლორა დიდხანს საუბრობდნენ. მერე მაღაზიაში წავიდნენ, საღამოს ტელევიზორს უყურეს და კარგა ხანია უკვე ვერანდაზე ეძინათ, რომ უცებ ზარის ხმა გაისმა _ ფოსტალიონმა ვენიდან გამოგზავნილი დეპეშა მოიტანა, სადაც მარუსია სწერდა, ხვალ დილას ორას სამოცდამეოთხე რეისით ჩამოფრინდებოდა. ესე იგი, ფიმა და ლორა რვის ნახევარზე უკვე აეროპორტში უნდა ყოფილიყვნენ.
მარუსიას სიხარულით შეხვდნენ.
პირველ ღამეს სამ საათამდე არ დაუძინიათ. ტელევიზორი გამორთული იყო. ფიმა კოქტეილს ამზადებდა. მარუსია და ლორა იატაკზე დაფენილ ფარდაგზე მოეწყვნენ _ აქ ასეა მიღებულიო, _ თქვა ლორამ.
მერე დივანზე დასხდნენ.
ლორა მარუსიას უკვე მეათედ ეკითხებოდა:
_ მაინც რატომ წამოხვედი? თან ამ პატარა ბავშვით ხელში?
_ არ ვიცი... ასე გამოვიდა.
_ დისიდენტები, ებრაელები, სისხლის სამართლის დამნაშავეები რომ მოდიან, მესმის, შენ კი...
_ უხასიათოდ ვიყავი.
_ ანუ?
_ მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა.
მუსიას უნდოდა, გაეგოთ და თანაეგრძნოთ, თუმცა თავად მისთვისაც ბევრი რამ გაუგებარი იყო.
_ იქ შენ არაფერი გაკლდა _ გართობა, თაყვანისმცემლები, ჩასაცმელ-დასახური... მიუხედავად ამისა, დაჰკარი ფეხი და წამოხვედი.
_ რაღაც მესიზმრა.
_ მაინც?
_ თითქოს ფრთები მქონდა, ქალაქის თავზე დავფრინავდი და ელექტრონათურებს ვაქრობდი.
_ ნათურებს? _ დაინტერესდა ფიმა, _ გასაგებია... ფროიდის მიხედვით ნათურები პენისის სიმბოლოა, სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს.
_ ფრთები?
_ ფრთებიც პენისის სიმბოლოა, _ თქვა ფიმამ.
ამაზე მარუსიამ უპასუხა:
_ ვხედავ, ის თქვენი ფროიდი რაზუდალოვზე ნაკლებ თავქარიანი არ ყოფილა...
_ ჰო, მაგრამ, მაინც რისთვის წამოხვედი? _ ეკითხება ისევ ლორა, _ პოლიტიკა არასდროს გაინტერესებდა, მატერიალურად უზრუნველყოფილი იყავი, არც ანტისემიტიზმის გამო იტანჯებოდი.
_ ეგღა მაკლდა!
_ მაშ რა იყო, რა მოხდა?
_ არაფერი.
წამოვედი და მორჩა... შენი ნახვა მინდოდა, ფიმასიც.
რადიოდან მუსიკის ხმა ისმოდა. ჭიქებში ყინული წკრიალებდა. ტოსტერიდან ცხელი პურის სურნელი დიოდა. გარეთ ბნელოდა.
შუაღამისას ყველას მოშივდა.
_ ფიმულია, მაცივრიდან ქეიქი მოგვიტანე... _ სთხოვა ლორამ.
ლორას მოსწონდა, სახლი კარგად რომ ჰქონდა მოწყობილი. კედლებს შიმიაკოვის ლითოგრაფიები ამშვენებდა, მაცივარი ყოველთვის გემრიელი სასუსნავით იყო სავსე, გარაჟში იაპონური მანქანა იდგა, კარადაში ნაირ-ნაირი საუკეთესო ტანსაცმელი ეკიდა.
ლორა ჯერ კიდევ დილით ეუბნებოდა ქმარს:
_ რამდენ ხანსაც მოუნდებათ, იმდენ ხანს იყვნენ...
არ მინდა სამაგიერო გადავუხადო იმ გულისტკივილისთვის, არ მინდა ჩემი უპირატესობა ვაგრძნობინო... ჩვენ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ, წყენაზე სიკეთით უნდა ვუპასუხოთ...
_ რა იყო, რაზე ფიქრობ? _ ჰკითხა ბოლოს.
_ რაზე და, ბედნიერებაა შენ რომ მყავხარ...
_ მე კი _ შენ!
ლორამ ბავშვსა და მუსიას ცალკე ოთახი მიუჩინა, რაზეც მუსიას, უბრალოდ, მადლობაც არ უთქვამს. ლორა სთავაზობდა, რაც მოგინდება, მაცივარი გახსენი და იქ ყველაფერიაო, თუმცა მარუსია კარტოფილის ჩიპსებითაც კმაყოფილდებოდა.
თეატრი არ აინტერესებდა. მაღაზიაში თუ შევიდოდა, მხოლოდ ბავშვის სათამაშოებს ათვალიერებდა. ღამის ბროდვეი ხმაურიანი და ჭუჭყიანიაო, _ ამბობდა.
ასე გავიდა შვიდი დღე.
კვირას სტუმრად კორპორაციის მენეჯერი ჯი კეი ელბაუმი ეწვიათ, ხმაურიანი, მოურიდებელი და მსუქანი. ოთხივენი უკანა პარმაღზე სოსისს წვავდნენ და ბადვაიზერს შეექცეოდნენ.
_ აქამდე ჯი კეის ყოველთვის თავის საცოლე კარენ როუჩი მოჰყავდა, ახლა კი რატომღაც მის გარეშე მოვიდა, _ თქვა ლორამ.
_ კარენი სად არის? _ ჰკითხა მან ელბაუმს.
_ კარენმა მიმატოვა. პირდაპირ სასოწარკვეთილი ვიყავი.
მერე ახალი მანქანა ვიყიდე და ბინა გამოვიცვალე, ახლა ბედნიერი კაცი ვარ, _ იყო ელბაუმის პასუხი.
ელბაუმს მარუსია მოეწონა. მერე მარუსიამ მისთვის რამდენიმე შაირი იმღერა, მაგალითად, აი, ეს:
დიდ რაკეტას აგებენ, მთვარეზე აგზავნიან. მე მინდა იმ რაკეტით ცოლი ჩემი ფუმფულა მთვარეზე ავაფრინო.
შაირი ფიმამ ელბაუმს სიტყვასიტყვით გადაუთარგმნა.
მალე ელბაუმი გამოემშვიდობათ და წავიდა.
_ მე მგონი, დიდი სულელი ვინმეა! _ თქვა მარუსიამ.
ლორა აღშფოთდა:
_ ჯი კეი, უბრალოდ, ტიპური ამერიკელია, ჯანსაღი ნერვების პატრონი. ესენი სხვანაირად არიან მოწყობილნი. რუსები თუ სულ იტანჯებიან და წუწუნებენ, ამერიკელების უმეტესობა თავგადადებული ოპტიმისტია...
ამერიკას ძლიერები უყვარს, ლამაზები და უტიფრები. ეს საქმიანი, მიზანსწრაფული ადამიანების ქვეყანაა. წარუმატებელი ადამიანი ამერიკაში არავის მოსწონს.
აქ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს... _ უხნიდა ლორა მუსიას.
_ ამერიკაში ტანსაცმელი ყოველდღე უნდა იცვალო, _ დასძინა ფიმამაც, _ ერთხელაც გამოცვლა დამავიწყდა და გავიხედე, ელბაუმი მეკითხება: _ მეგობარო, წუხელ სად იყავი, ღამე სად გაათენე?
დილაობით მარუსია ლევუშკას მოვლით იყო დაკავებული, სხვა ისეთი აუცილებელი საქმე არაფერი ჰქონდა, მით უმეტეს, ჩვრების მაგივრად ბავშვს იაფფასიან, მაგრამ მოხერხებულ დაიპერსებს ახმარდა.
სწორედ ეს დაიპერსები იყო პირველი, რაც აქ მარუსიას მოეწონა. გარდა ამისა, მოსწონდა ჩიპსები, ბუსტუღი და ქაღალდის ფერად-ფერადი ჭურჭელი _ იხმარე და გადაყარე...
და მაინც, მუსია თავს მოუსვენრად გრძნობდა, სასწრაფოდ სამუშაო უნდა ეშოვა, მით უმეტეს, ლევუშკა უკვე საბავშვო ბაღში ჰყავდა.
ბავშვი თავიდან ტიროდა, მაგრამ ერთი კვირის თავზე უკვე ინგლისურად ალაპარაკდა.
მუსია სულ იმის ფიქრში იყო, რა საქმისთვის მოეკიდა ხელი. საბჭოთა კავშირში ფართო პროფილის ინტელიგენტი გახლდათ, შეეძლო, სადაც მოისურვებდა, იქ ემუშავა, გინდა კულტურის სამინისტროში, გინდა რაიონულ გაზეთში, მაგრამ, აქ? კინო, ტელევიზია, რადიო, პრესა? როგორც მინიმუმი, ყველგან ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნა იყო საჭირო.
პროგრამისტობა არ უნდოდა. ძიძად და მოწყალების დად მუშაობა _ მით უმეტეს. ერთნაირად აღიზიანებდა ციფრები, სხვისი ავადმყოფობა და სხვისი ბავშვები.
ერთხელაც მისი ყურადღება საიუველირო ხელობის შემსწავლელთა კურსების რეკლამამ მიიპყრო.
კაცმა რომ თქვას, ამ საქმეს ძვირფასეულობასთან მაინც ჰქონდა კავშირი, ძვირფასეულობაში კი მარუსია კარგად ერკვეოდა.
კურსებს მეთოთხმეტე ქუჩაზე ბლოკით ნაგები უღიმღამო სახლის მესამე სართული ეკავა და ზომიერად მსმელი ოფიცრის სიფათის მისტერ ჰიგბი ხელმძღვანელობდა.
თარჯიმნის პირით ჰიგბი მარუსიას ეუბნება:
_ მთელი ათი წელი ფერწერას ვსწავლობდი, ბოლოს კი საცოდავი იუველირი გავხდი...
აბა ეს რა ცხოვრებაა!..
თარჯიმანი ბორისპოლელი ემიგრანტი ლიონია იყო. ლიონია მომავალში საიუველირო ნაკეთობათა მაღაზიის გახსნაზე ოცნებობდა.
_ აქ მე ამით ვშოულობ გროშებს ლუკმაპურისათვის, _ ამბობდა ლიონია.
მოსწავლეები ჯგუფებად დაყვეს და ხელსაწყოები დაურიგეს. თითოეულს მაგიდაზე გირაგი, შტატივი და სარჩილავი ლამპა ედგა.
კუთხეში მონიკელებული მადუღარა დუღდა. იქვე გვერდით მუხის სტელაჟი იდგა. სტელაჟში საგანგებო კოლოფებით მოწაფეების ნამუშევრები ინახებოდა. ნამუშევრები მარუსიას უგემოვნო ეჩვენა. ვიღაც ბარი ლუისს ვერცხლისგან მინიატიურული საშვილოსნოც კი გამოეჭედა...
თითოეულ ჯგუფს თავისი მასწავლებელი ჰყავდა.
მარუსიას ჯგუფს კრაკოველი ლტოლვილი პან ვენჩისლავ გლინსკი უძღვებოდა. პირში მთელი დღე პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი, ფერფლი ზედ შარვალზე ეყრებოდა.
ლექციები თითქმის არ ჰქონდათ, პრაქტიკულები არ უტარდებოდათ, თითოეული იმას აკეთებდა, რაც სურდა _ ერთნი რჩილავდნენ, მეორენი ბურღავდნენ, მესამენი თუნუქიდან პატარა ფიგურებს ჭრიდნენ.
მოწაფეებს შორის რამდენიმე შავკანიანიც ერია. ისხდნენ, საათობით მუსიკას უსმენდნენ და სკამზე აქეთ-იქით ირწეოდნენ. თითოეულს გვერდით იატაკზე ტრანზისტორი ედგა. ზოგჯერ მარუსია უცნაურ სუნს რომ იგრძნობდა, ნუ ღელავ, მარიხუანას სუნიაო, _ ამშვიდებდა ლიონია.
მარუსიას მეზობლად ვიღაც ჩინელი მუშაობდა, წყნარი, ალერსიანი ახალგაზრდა. იჯდა და სპილენძის წვრილი მავთულით ნაწნავს წნავდა. მარუსიამაც უყურა, უყურა და იმანაც იმავეს კეთება დაიწყო.
მერე თუნუქიდან ასო მ გამოჭრა, გვერდები ქლიბით დაუმუშავა და ძეწკვის გასაყრელად პატარა ნახვრეტი გაუკეთა.
ჩინელმა შეხედა და მოწონების ნიშნად ხელი დაუქნია.
მარუსიას ზურგს უკან პან ვენჩისლავი გაჩერდა. რამდენიმე წამს გაჩუმებული იდგა, მერე გარკვევით ჩაილაპარაკა:
_ ჩინებულია!
და მარუსიას სახელოზე ნაცრისფერი, მილივით წაგრძელებული ფერფლი დაეცა...
ხუთშაბათს მარუსიამ სტიპენდია _ სამოცდაცამეტი დოლარი აიღო, ლევუშკას დასაქოქი მოტოციკლი უყიდა, ლორას _ ყვავილები, ფიმას _ ნახევარი გალონი ვისკი, ხოლო დარჩენილი ორმოცი დოლარი საოჯახო საჭიროებისთვის შეინახა.
ლორას არ უნდოდა ეს ფული საოჯახო საყიდლებზე დახარჯულიყო, მაგრამ მარუსია თავისაზე იდგა:
_ მე ხომ თქვენი ისედაც უამრავი მმართებს!..
_ როცა გექნება, პროცენტით გადაგვიხდი... _ გაიცინა ფიმამ.
მარუსია დილაადრიან გაჩერებაზე გარბოდა, პირველ საათზე ახლა მოგუგუნე მიწისქვეშეთში _ ნიუ-იორკის მეტროში იჯდა, ასე რომ, ერთი ულუფა შიში ყოველდღე გამოწერილი ჰქონდა.
მისთვის ნიუ-იორკი სანახაობა, ამბავი, კონცერტი იყო, ქალაქი მისთვის მხოლოდ ორი-სამი თვის მერე გახდა. ქაოსიდან თანდათან საგნები, ფერები, ხმები გამოიკვეთა. ხმაურიანი გზაჯვარედინი ერთბაშად ბოსტნეულის ჯიხურად, კაფეტერიად, სადაზვერვო სააგენტოდ და დელიკატესების მაღაზიად წარმოუდგა, ბულვართან ჩამწკრივებული მანქანების ჯერი _ ტაქსების გაჩერებად. ცხელი პურის სუნი და ბეკერის ფირნიში ახლა მისთვის უკვე განუყრელი იყო. გაჩნდა კავშირი ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილ ბავშვებსა და აგურის ორსართულიან სკოლას შორის...
ნიუ-იორკი აღიზიანებდა, შიშს ჰგვრიდა, უნდოდა თვითონაც ისეთივე გაწაფული და თავდაჯერებული ყოფილიყო, როგორიც ქოლგიანი მოხუცები და დახეულფუფაიკიანი ზანგი ახალგაზრდები.
უნდოდა მასაც გულგრილად ესმინა ტრანზისტორების ხრიალისთვის, შესჩვეოდა საბვეის ამიაკისებურ სიმყრალეს, ისევე მშვიდად და უბრალოდ შესძულებოდა ეს ქალაქი, როგორც მხოლოდ საკუთარი თავი შეიძლება გძულდეს...
შურდა ბავშვების, მათხოვრებისა და პოლიციელების, _ ყველასი, ვინც თავს ამ ქალაქის ნაწილად გრძნობდა. შურდა თვით პან გლინსკისაც კი, ვისაც მეტროში ეძინა და შავი ხულიგნებისა არ ეშინოდა, ვინც ამბობდა, კომუნისტები ამათზე ათჯერ უფრო საშიშები არიანო...
მეტროდან კურსებამდე სამას ოთხმოცდახუთი ნაბიჯი იყო. სამას ოთხმოცდახუთი ნაბიჯი სხვადასხვა ფერის უსაქმურ, მყვირალა, ხმაურიან ბრბოს შორის, სიგარეტის კვამლის, ქუჩაში მოშხიშხინე ტაფებიდან წამოსული ორთქლის ღრუბლებს შორის, ხარახურით სავსე ტროტუარებისა და უგემოვნო, გაბდღვრიალებული ვიტრინების გასწვრივ. ლოტოს მოთამაშეების გნიასში, მანქანების ღრიალსა და დოლის გამუდმებულ ბრახაბრუხში...
ყოველდღიურ შიშსა და უიმედობაში...
ოთხშაბათს კურსებზე მეცადინეობა შეწყდა.
ჯერ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მუსიამ ცეცხლზე თითბრის ფირფიტა გაახურა, მაშით აიღო, კანიფოლისთვის უნდა მიემარჯვებინა, რომ ფირფიტა ხელიდან გაუსხლტა, რკალი მოხაზა და გაუჩინარდა, მაგრამ უცებ მარუსიას ლაქის ჩექმის ყელიდან ბოლი ამოიწვერა.
ერთი წუთიც და მარუსიას ყვირილმა ტრანზისტორების გამყინავი ხმა დაფარა _ ჩექმის ელვას ვერა და ვერ ხსნიდა და ყვიროდა. ირგვლივ ყველანი დაბნეულები შეჰყურებდნენ, ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა. შუსტერი რომ არა, ეს ამბავი შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო.
შუსტერი იმ შენობაში დამლაგებლად მუშაობდა.
ემიგრაციამდე ის მოკრივეების ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა რიგაში. ორმოცდაათი წლისა ახლაც აქტიური და მოძრავი გახლდათ, საუცხოოდ ინარჩუნებდა რელიეფურ მუსკულატურასა და ერთგვარ აგრესიულობასაც. აღიზიანებდა და ვერ იტანდა შავკანიანებს.
ყოფილი ბოქსიორი დილიდან საღამომდე ოთახების დალაგება-დასუფთავებაში იყო. გვიდა, მადუღარას წყლით ავსებდა, გადაჰქონდ-გადმოჰქონდა სკამები. ცოცხით რომ მიუახლოვდებოდა, ხელი რომ არ შეეშალათ, მოსწავლეები დგებოდნენ. დგებოდა ყველა, შავკანიანების გარდა.
შავი ჭაბუკები კი მოწევას განაგრძობდნენ და უზურგო სკამებზე აქეთ-იქით ირწეოდნენ _ საქმეში გულმოდგინება მათთვის ორგანულად უცხო იყო.
შუსტერი წუთით შეიცდიდა, მერე მიუახლოვდებოდა, ცოცხს გვერდზე გასწევდა, სახეზე შიშისმომგვრელად წამოენთებოდა და მათთვის უცხო ენაზე იყვირებდა:
_ Fგ^ ,კზლმ!..
და მაშინვე მიაყოლებდა:
_ ვის ვუთხარი, ეშმაკმა დალახვროს!
_ ზოგიერთებს უკანასკნელად ვეუბნები: ჩქარა, ჰა, აბა, ჩქარა-მეთქი!
და შავი ჭაბუკები ბუზღუნით, უხალისოდ წამოიმართებოდნენ.
_ ო, კეი!.. ო, კეი!..
_ მართალია, სამხრეთელები არიან, მაგრამ, ხედავ, ვაგებინებ!...
_ უხაროდა შუსტერს.
მოკლედ, მარუსიას ყვირილი გაიგონა თუ არა, მაშინვე მის გვერდით გაჩნდა. თვალის დახამხამებაზე ყველაფერი გაიაზრა, უკანა ჯიბიდან ბრენდის მათარა ამოიღო, მარუსიას ლაქის ჩექმაში მოაპირქვავა და ყველამ გაიგო, ცეცხლი შიშინით ნელ-ნელა როგორ ჩაინავლა.
მერე ჩაჭედილი ელვა გაგლიჯა.
მარუსია ჩუმად ტიროდა.
_ ფეხი ექიმს გაასინჯე, _ უთხრა შუსტერმა, _ აგერ კუთხის იქით ქალაქის საავადმყოფოა.
_ აბა ერთი მაჩვენე! _ დაინტერესდა უცებ საიდანღაც მოვლენილი გლინსკი.
მაგრამ შუსტერმა მხრით გვერდზე გასწია.
ექიმმა მარუსიას ფეხი გაუსინჯა, შინ წასვლის ნება დართო და მარუსიამ კოჭლობ-კოჭლობით შინისკენ გასწია, გადაწყვეტილი ჰქონდა, სასწავლებელში აღარ ევლო.
ფიმა და ლორა მის ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ.
_ თავს ზევით ჭერი გაქვს, არც მშიერი დარჩები... დამშვიდდი და ინგლისურში იმეცადინე, მერე კი რაღაც გამოჩნდება, ნუ ღელავ, _ უთხრა ლორამ.
ფიმამ დასძინა:
_ შენგან აბა რა იუველირი უნდა დადგეს! ჩვენი ოქრო შენა ხარ!..
_ ოღონდ, არ ვიცი, სინჯი რა ადგილას ამოგტვიფრო, _ გაიცინა ლორამ.
ასე გახდა მარუსია ტატაროვიჩი დიასახლისი.
ფიმა და ლორა დილით ადრე მიდიოდნენ სამსახურში. ფიმა _ თავისი მანქანით, ლორა ავტობუსის გაჩერებაზე გარბოდა.
თავიდან მარუსია ცდილობდა მათთვის საუზმე მოემზადებინა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს საჭირო არ იყო _ ფიმა ერთი ფინჯანი ხსნადი ყავით კმაყოფილდებოდა, ლორა ერთ ცალ ვაშლს გზადაგზა შეჭამდა და ეგ იყო.
თვითონ დილით ათ საათზე იღვიძებდა, ლევა კი ამ დროს უკვე ტელევიზორთან იჯდა, დალევდა ერთ ჭიქა რძეს და ერთ მუჭა სიმინდის ბურბუშელას მიაყოლებდა...
მერე ლევა საბავშვო ბაღში მიჰყავდა. უკან დაბრუნებული დიდხანს ფურცლავდა რუსულ გაზეთებს. განსაკუთრებული ყურადღებით განცხადებებს ჩაჰკირკიტებდა.
მანჰეტენში გაიხსნა ქალთა პარიკმახერების კურსები...
რუსული ღამის კლუბი სამუშაოზე აიყვანს მიმტანებს, უპირატესად მამაკაცებს... ზუსტად ასე ეწერა: უპირატესად მამაკაცებს...
ორივე ეს სამუშაო რეალური იყო, მაგრამ მარუსიასთვის ნაკლებად მიმზიდველი _ ვიღაც უნდა გაკრიჭო... ვიღაც უნდა დააზღვიო... ვიღაცას საუზმე მიართვა?!
იყო ასეთი განცხადებებიც:
კარგი მდგომარეობის მქონე ჯენტლმენი სიამოვნებით გაიცნობს ნებისმიერი ასაკის ინტელიგენტ ქალს. სასურველია ფოტოსურათი.
ტექსტის ბოლოში კი ეწერა: ოღონდ არა ხარბინელს.
_ ჰო, მაგრამ _ ოღონდ არა ხარბინელსო, _ რაღას ნიშნავს? _ უკვირდა მარუსიას, _ მაინც რა აზრი უნდა გამოიტანო აქედან? იქნებ თვითონ არის ხარბინელი? იქნებ მას მთელი ხარბინი იცნობს, როგორც უკანასკნელ თაღლითსა და ხულიგანს?
კარგი პირობების მქონე ჯენტლმენი გაიცნობს ნებისმიერი ასაკის ქალს... სასურველია ფოტოსურათი...
_ ვითომ რაში სჭირდება ნებისმიერი ასაკის ქალის ფოტოსურათი? _ ფიქრობდა მარუსია, _ იმიტომ, რომ გუნება წაუხდეს?
დღისით მაღაზიებში დადიოდა, რეცხავდა და ინგლისურში მეცადინეობდასავით. სამზე ლევუშკა გამოჰყავდა ბაღიდან. ექვს საათზე ფიმა და ლორა ბრუნდებოდნენ სამსახურიდან.
საღამოს თითო ჭიქა კოქტეილს დალევდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.
შაბათობით მთელი ოჯახი ქალაქში გადიოდა, მუზეუმებს ათვალიერებდნენ და იაპონურ რესტორანში სადილობდნენ, ნახეს მუსიკალური კომედია იულ ბრინერის მონაწილეობით.
ასე ჩაიარა სექტემბერმა. დადგა გვიანი შემოდგომა. თუმცა გაზონებში ბალახი ჯერ ისევ მწვანედ ბიბინებდა და დღისით ისე ცხელოდა, როგორც მაისში...
მუსია ახლა სულ უფრო ხშირად ფიქრობდა საკუთარ მომავალზე.
როდემდე უნდა იყოს ლორაზე დამოკიდებული? როდემდე უნდა იყოს სხვისი ხელის შემყურე? როდემდე უნდა იცხოვროს სხვის ჭერქვეშ?..
თავს ისე გრძნობდა, როგორც ნათესავების აგარაკზე, საიდანაც ადრე თუ გვიან შინ უნდა დაბრუნებულიყო.
მაგრამ სად?
ჯერჯერობით მაძღარი და საღ-სალამათია, ტანსაცმელი ბლომად აქვს, სახარჯი ფული ტორტის კოლოფის ქვეშ დევს, როცა დასჭირდება, შეუძლია აიღოს, მაგრამ რამდენჯერ უფიქრია _ ეს ცხოვრება კი არა, პარტიულ მუშაკთა სანატორიუმია, ღირდა კი ამისთვის ამ სიშორეზე წამოსვლაო?..
დღითიდღე სულ უფრო მეტად და მეტად წუხდა.
ერთხელაც მშობლებს ასეთი წერილი მისწერა:
ძვირფასო დედა და მამა!
წარმოდგენილი მაქვს, როგორ მლანძღავთ და მადანაშაულებთ, მაგრამ სულ ტყუილად, საქმე ისაა, რომ მოსაწერი არაფერი მაქვს, სრულიად არაფერი.
ლაზკა თავის ისტორიულ სამშობლოში წავიდა. ბოდიში მომიხდია და, იქ მხოლოდ ებრაელები არიან, მაგრამ, ასე თქვა, არა უშავს, თავს გავიტანო.
კიდევ რა გითხრათ?
ვენა მდინარის პირას გაშენებული პატარა წყნარი ქალაქია, იქ ყველა მარტო დონაუ, დონაუს გაიძახის. მხოლოდ მდინარე დონაუ და მეტი არაფერი.
ოპერის თეატრი აქვს, მაგრამ დიდი არაფერია.
ხალხს ოპერაში უფრო ცუდად აცვია, ვიდრე ჩვენთან კინოში და ცოტა უკეთესად, ვიდრე მეცნიერებისა და ტექნიკის სახლში.
ავსტრიაში ჩვენ სამი კვირა დავყავით. სასტუმროდან თითქმის არ გამოვდიოდი. შესასვლელში აი ისეთი ქალები მორიგეობდნენ, აი ისინი, მაგრამ, ისე კი არა, ყოველ შესვლაზე ფულს გთხოვენ.
მოკლედ, თავისუფლება აქ იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა.
ლევას შალის წინდები და ჯემპრი ვუყიდე, ჩემთვის არაფერი მიყიდია.
ამერიკამდე დაახლოებით შვიდი საათი ვიფრინეთ.
თვითმფრინავში კინოს გვაჩვენებდნენ, როგორ ფიქრობთ, რას? თქვენ ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ _ რას და შესანიშნავ შვიდეულს!.. არ ვიცი, ღირდა კი ყოველივე ამისთვის ამსიშორეზე წამოსვლა?
ვცხოვრობ ლორასა და ფიმასთან. ლევკა საბავშვო ბაღში დადის. სულ იმის ფიქრში ვარ, რა ვქნა, რა საქმეს მოვეკიდო?
ადამიანი აქ კიდევ უფრო თავისუფალია, ვიდრე ავსტრიაში. სპეციალურ მაღაზიებში რეზინის ორგანოები იყიდება. ხომ გესმით? დედიკო ამის დანახვაზე მაშინვე ალბათ გულწასული დაეცემოდა.
ამერიკაში შავკანიანებს დიდი ხანია ლინჩის წესით აღარ ასამართლებენ. ახლა აქ ყველაფერი პირიქითაა.
მართალი გითხრათ, ბევრ რამეში ჯერ კიდევ ხეირიანად ვერ ვერკვევი...
კიდევ მალე მოგწერთ. მომწერეთ...
გეხვევით, თქვენი შეუგნებელი ქალიშვილი მარია.
ტალანტები და თაყვანისმცემლები
ერთხელ მოულოდნელად ზარეცკი გამოეცხადა. რომ გაიგო, სახლის პატრონები შინ არ არიანო, შეწუხდა:
_ უკაცრავად, წინასწარ არ დაგირეკეთ, ასე შემოგეჭერით!..
_ რა უჭირს! _ თქვა მარუსიამ, _ ოღონდ, აი, ხალათით ვარ.
ერთი წუთის შემდეგ ზარეცკი ყავას სვამდა და თეთრ-ვარდისფერ ზეფირს შეექცეოდა, შაქრის ფხვნილი საგულდაგულოდ დაუთოებულ შარვალზე ეყრებოდა...
ზარეცკის კულტურა და ქალები უყვარდა. კულტურა მისთვის ფულის შოვნის წყარო იყო, ქალები _ შთაგონების საგანი. ანუ კულტურა პრაგმატული მოსაზრების გამო იზიდავდა, ქალები _ უანგაროდ. უანგარობის იდეა აშკარა სექსუალური წარუმატებლობის გამო იყო ხაზგასმული.
საქმე ისაა, რომ ზარეცკის ურთიერთსაწინააღმდეგო ვნება ტანჯავდა _ ქალის თან დაუფლებას ცდილობდა, თან ყოველნაირად ამცირებდა.
დახვეწილ კომპლიმენტებს შეურაცხმყოფელი სიტყვები ენაცვლებოდა.
აღვირახსნილ კურკურს ეთიკასა და ზნეობაზე ქადაგება ცვლიდა. ჯერ მხურვალედ მოუწოდებდა მორალისკენ, მერე იმავე წუთს თვითონვე აიძულებდა მის უგულებელყოფას. გარდა ამისა, ის უკვე აღარც ახალგაზრდა იყო, ომამდელივით თვითმფრინავს აეროპლანს ეძახდა...
სვამდა ყავას, ზეფირს მიირთმევდა და მარუსიას ფეხების ყურებით ტკბებოდა. ხალათის კალთები მღელვარების მომგვრელად გადახსნოდა ქალს აქეთ-იქით, საღამურ პერანგზე ორი ზედა ღილი შეხსნილი ჰქონდა.
ზარეცკი დაინტერესდა:
_ ფულს როგორ შოულობთ, რით არსებობთ?
_ რა ვიცი, ჯერ არ ვმუშაობ, _ თქვა მარუსიამ.
_ თუ საიდუმლო არ არის, რა საქმიანობას აპირებთ მომავალში?
_ არ ვიცი... ისე, კულტურის მუშაკი ვარ.
_ თქვენი მონაცემებით მე, მაგალითად, ჰოლივუდზე ვიფიქრებდი.
_ ჰოლივუდში საკუთარი ხალხიც ჰყოფნით. რაც მთავარია, იქ მეტისმეტად გამხდრები სჭირდებათ.
_ აბა ერთი დაველაპარაკები იქ ვინმეს, _ დაჰპირდა ზარეცკი.
მერე უთხრა:
_ თქვენთან საქმე მაქვს. იმ წიგნზე მუშაობა, რომელსაც სექსი ტოტალიტარიზმის დროს ჰქვია, თითქმის უკვე დავამთავრე.
გამოვკითხე ოთხასზე მეტი ქალი. მათი ასაკი თექვსმეტიდან ორმოცდაჩვიდმეტ წლამდე მერყეობს. მონაცემები დამუშავებულია და სისტემაში მოყვანილი. მოკლედ, მე თქვენ კითხვებს დაგისვამთ. მიპასუხეთ უბრალოდ, ყოველგვარი ყალბი სიმორცხვის გარეშე. ვფიქრობ თქვენთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ მეცნიერული გამოკვლევაა. მეშჩანური ცრურწმენები აქ სრულიად უადგილო გახლავთ.
დაჯექით.
ზარეცკიმ ჩანთიდან, რომელსაც საიზოლაციო ლენტი ჰქონდა შემოხვეული, მაგნიტოფონი, ბლოკნოტი და ავტოკალამი ამოიღო.
_ ყურადღება, დავიწყოთ!.. _ თქვა ზარეცკიმ.
და მაგნიტოფონში სხაპასხუპით განაგრძო:
_ ობიექტი ოთხას ოცდაცხრამეტი. თექვსმეტი აპრილი, ოთხმოცდახუთი წელი. ფორესტ-ჰილსი, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები. საუბარს უძღვება ნათან ზარეცკი.
მერე მარუსიასკენ შემობრუნდა:
_ რამდენი წლისა ხართ?
_ ოცდათოთხმეტის.
_ გათხოვილი ხართ?
_ გაცილებული ვარ.
_ გქონდათ სქესობრივი ურთიერთობა გათხოვებამდე?
_ გათხოვებამდე?
_ ანუ როდის განიცადეთ დეფლორაცია?
_ რაა?
_ როდის დაკარგეთ ქალწულობა?
_ ა-აა... მე დეკლარაცია გავიგონე...
ამ სიტყვებზე მარუსია ოდნავ გაწითლდა. ზარეცკი შიშსა და პატივისცემას აღუძრავდა, ვაითუ უცებ მეშჩანად ჩამთვალოსო, _ ფიქრობდა.
_ არ ვიცი, არ მახსოვს, _ თქვა მარუსიამ.
_ რა არ გახსოვთ?
_ მანამდე თუ მას შემდეგ.
მე მგონი, უფრო მანამდე.
_ რის შემდეგ ან რის მანამდე?
_ თქვენ მკითხეთ, ქორწილამდე თუ ქორწილის შემდეგო.
_ მაშასადამე, მანამდე თუ მას შემდეგ?
_ მგონი, მანამდე.
_ უნგრეთის მოვლენებამდე თუ მოვლენების შემდეგ?
_ რას ნიშნავს უნგრეთის მოვლენები?
_ პიროვნების კულტის გამოვლინებამდე თუ მას შემდეგ?
_ ალბათ, შემდეგ.
_ უფრო ზუსტად?
_ შემდეგ.
_ კარგი... მასტურბაციას თუ ეწევით?
_ როგორც წესია, თვეში ერთხელ.
_ როგორც წესია?
_ ჰო, ეს... ეს ხომ ქალების წესია.
_ მე მასტურბაციაზე გეკითხებით.
_ ო, ღმერთო!.. _ თქვა მარუსიამ.
რაღაც უშლიდა, შეეჩერებინა ან გარეთ გაებრძანებინა ეს უტიფარი ბერიკაცი. რაღაც აიძულებდა, შეცბუნებულს ებუტბუტა:
არ ვიცი... შეიძლება... ალბათ...
ზარეცკი თანდათან სულ უფრო ეშხში შესული ამბობდა:
_ მოიშორეთ ეგ არაფრისმაქნისი სიმორცხვე! დაივიწყეთ ეგ ფარისევლური მორალი.
ადამიანის სხეული წმიდათაწმიდაა! საბჭოთა ხელისუფლება ადამიანს ბუნებრივ სიხარულს უხშობს. ტოტალიტარულ სახელმწიფოში კლიმაქსი ქალებს გაცილებით ადრე ეწყებათ, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებში!..
მარუსია თავს უქნევს:
_ აბა რა!
ზარეცკი ერთბაშად შეიცვალა, როგორღაც უცნაურად ასავსავებდა სოსანისფერ ჰალსტუხწაჭერილ კისერს და იშმუშნებოდა. უცებ ხმადაბლა აჩურჩულდა:
_ ო, მაშა! შენც სულ რუსეთივით ხარ!... მონღოლების მიერ შებილწული, ბოლშევიკების მიერ გაუპატიურებული რუსეთივით შენც სასწაულებრივად შეინარჩუნე უმანკოება!... ო, შემაღწევინე შენს ამწვანებულ ხეობაში! _ ამბობდა სუნთქვაშეკრული.
მერე წინ წამოიწია. მისი კრემპლინის შარვლიდან ნაპერწკლები ცვიოდა, თვალები ქირურგიული იუპიტერებივით უბრწყინავდა.
უცებ მაგნიტოფონი ოდნავ გაჩხაკუნდა და დადუმდა.
_ ო, მომეცი ნება და სახელსა და დიდებას მოგიტან! _ ჩურჩულებდა ზარეცკი.
მუსია წუთით ჩაფიქრდა. ამ ყბედი ბერიკაცისაგან რას უნდა ელოდეს!.. მით უმეტეს, სასიკეთოს! დროა, ბავშვის მოსაყვანად წავიდეს, იჩქაროს...
ზარეცკიმ წელზე ხელი ისე შემოსდო, თითქოს ძველებურ სამეჯლისო ცეკვაზე ეპატიჟებოდა.
მარუსიამ უკან დაიხია _ მეცნიერი კაცია, ასე უკადრისად კი იქცევა! რაც მთავარია, ეჩქარება, ლევას მოსაყვანად უნდა წავიდეს.
მაგრამ ზარეცკი გამოცდილი ლოველასი გახლდათ, მისი ტექნიკური ფანდები ასეთი იყო: პირველი _ არ წავიდეს გვიან ღამემდე, მერე კი უცებ აღმოაჩინოს, რომ ავტობუსი აღარ დადის. ტაქსი აიყვანოს? არა, ტაქსი ძვირია!... მეორე _ ნებას დამრთავთ, ცოტა ხანს სავარძელში ვიჯდე? ანდა: შეიძლება თქვენ გვერდით დავწვე? ისე, მეგობრულად... მერე აკანკალდებოდა და ათასგვარ სისულელეს როშავდა. ამ მდგომარეობაში მისთვის ხელის კვრას ქალები ვერ ბედავდნენ _ დაუკმაყოფილებელმა ვნებამ ვაითუ ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს, ან კიდევ უარესი _ გული გაუსკდესო.
ზარეცკი ტიროდა, დებოშს ტეხდა, იმუქრებოდა, სიყვარულს ეფიცებოდა, ითხოვდა, ერთად გაეგრძელებინათ მეცნიერული მუშაობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ყველაზე უტეხი და ჯიუტი ქალებიც კი დათმობაზე მიდიოდნენ.
ასე იყო ღამით. დღის სინათლეზე მისი ეს ფანდები ძალას კარგავდა.
_ ახლავე დავბრუნდები, _ თქვა მუსიამ.
და ერთი წუთის შემდეგ ჩალისფერ კოსტიუმში გამოწყობილი გამოეცხადა.
ზარეცკიმ შუბლი შეიკრა, მაგნიტოფონი ჩანთაში ჩადო:
_ ნამდვილი სფინქსი ხარ, მარია!
_ სფინქსი რატომ ვარ! _ იწყინა მარუსიამ, _ ეს კიდევ რა ახალი ამბავია! იქნებ სხვა მიყვარს!
ზარეცკიმ დამცინავად გადაიხარხარა, მეტროს ჟეტონი აიღო და წავიდა.
იმ დღიდან მარუსიას თაყვანისმცემლებისგან მოსვენება აღარ ჰქონდა.
თავისუფალი ქალი ალბათ რაღაც განსაკუთრებულ ფლუიდებს ასხივებს.
ლამაზი ქალი, მით უმეტეს.
სადაც კი გამოჩნდებოდა, მამაკაცები აუცილებლად გამოელაპარაკებოდნენ _ მაღაზიებში, ავტობუსის გაჩერებაზე, სახლის წინ თუ გაზეთის ჯიხურებთან. ზოგჯერ _ ამერიკელები, უფრო ხშირად _ თანამემამულეები.
ურეკავდნენ ტელეფონზე.
უგზავნიდნენ ლექსებს ღია ბარათებით, გამოეცხადებოდნენ სახლში რაღაც გაუგებარი წინადადებებით. მაგალითად, დისიდენტმა კარავაევმა ლექსად ასეთი რამ მოსწერა:
მარუს! გიყვარს შენ რუსეთი?!
კარავაევმა მარუსია აფთიაქში გაიცნო და მაშინვე სახაროვის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე დაპატიჟა.
_ მერედა ბავშვი ვის დავუტოვო? _ უთხრა მარუსიამ.
კარავაევი გაბრაზდა:
_ ყველამ მხოლოდ საკუთარ შვილებზე თუ იფიქრა, რუსეთი დაიღუპება!
მარუსია შეეკამათა:
_ პირიქით, უკეთესია ყველა თავის შვილებზე თუ იზრუნებს...
_ თქვენ, მარუსია, ტიპური ემიგრანტი ხართ, დასავლეთისგან გაუკუღმართებული. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, _ არ დაუთმო კარავაევმა.
მარუსია ჩაფიქრდა: ერთი რუსეთს მადარებს, ბოლშევიკებისაგან გადაგვარებულს, მეორეს დასავლეთისგან გაუკუღმართებულ ემიგრანტად მივაჩნივარ. მაინც ვინ ვარ სინამდვილეში?
კარავაევმა შესთავაზა, ერთად ებრძოლათ ახალი რუსეთისათვის, მაგრამ მარუსიას არავითარი ბრძოლის სურვილი არ ჰქონდა.
გამომცემელი დრუკერიც ბრძოლისკენ მოუწოდებდა, ოღონდ ამ ბრძოლის მიზანი ემიგრანტების გაერთიანება უნდა ყოფილიყო.
ეუბნებოდა:
_ ჩვენ ცოტანი ვართ, დაშლილნი და დათითოებულნი...
უნდა გავერთიანდეთ, ამ გაერთიანების საფუძველი კი რუსული კულტურა უნდა იყოს...
დრუკერმა მარუსია თავის წიგნებით გამოტენილ ბინაში დაპატიჟა. აჩვენა გეორგ ივანოვის, ნაბოკოვის, ხოდასევიჩის უამრავი უნიკალური გამოცემა მათივე ავტოგრაფებით. აჩუქა დათარსული ფოიხტვანგერი და ისევ ემიგრანტების გაერთიანებაზე გაუბა საუბარი:
_ ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს _ ენა, კულტურა, აზროვნების თავისებურება, ისტორიული წარსული...
მარუსიას კი ამისთვის არ სცხელოდა. დრუკერის გვერდში ამოდგომა ცხოვრებისეულ პრობლემებს ვერ გადაუჭრიდა. მას წარსული კი არა, მომავალი აინტერესებდა.
_ მოდი უბრალოდ ვიამხანაგოთ, _ შესთავაზა მარიამ დრუკერს.
დრუკერმა ცალყბად გაიღიმა და დაეთანხმა.
მეტაქსეები უფრო გაბედულად მოქმედებდნენ: პერცოვი ეუბნებოდა:
_ მოდი ფლორიდაში გავფრინდეთ, ო, კეი? გზის, სასტუმროსა და გართობის ხარჯებს მე ვკისრულობ, თან მოდურ ფეხსაცმელსაც გიყიდი, ო, კეი?
_ მე ხომ ბავშვი მყავს?!
_ ეგ უკვე ჩემი საზრუნავი არ არის, ო, კეი?
_ ვნახოთ, ვიფიქრებ...
ესელევსკის თავი ცოტა უფრო მოკრძალებულად ეჭირა, უფრო თავშეკავებულად მოქმედებდა. შესთავაზა იაფფასიანი მოტელი ლონგ-აილენდზე, ხოლო მოდური ფეხსაცმლის მაგივრად _ ასაწონი შოკოლადი დელიკატესების მაღაზიიდან.
უარზე ესელევსკის გუნება არ წახდენია, ის კი არა, მგონი, შვებითაც ამოისუნთქა.
ყველაზე კეთილშობილურად ბარანოვი მოიქცა. ასე უთხრა:
_ კვირაში შვიდას დოლარს გამოვიმუშავებ, აქედან ორასს სასმელში ვხარჯავ.
თუ თანახმა იქნებით, ასს თქვენ მოგცემთ, ისე, უბრალოდ... ჩემთვის ეს ხელსაყრელიც კია, ნაკლებს დავლევ.
_ არა, ეს უხერხულია, _ თქვა მარუსიამ.
_ უხერხული რატომაა? _ გაუკვირდა ბარანოვს, _ ფული არის... ცუდი არაფერი იფიქროთ. ქალები დიდი ხანია აღარ მაინტერესებს. ოცდახუთი წლის წინ _ ქალები თუ ალკოჰოლი-მეთქი, _ ვყოყმანობდი, მაგრამ შეუპოვარ ბრძოლაში ალკოჰოლმა სძლია.
_ ვნახოთ, ვიფიქრებ, _ თქვა მარუსიამ.
დახმარება ევსეი რუბინჩიკმაც შესთავაზა. მანაც უანგაროდ.
თუ ხატავთო? _ ჰკითხა.
_ გააჩნია რას? _ უპასუხა მარუსიამ.
რუბინჩიკმა განუმარტა:
_ ფერადი ფოტოების რეტუშირებაა საჭირო.
_ რეტუშირება? ეს რას ნიშნავს?
_ ტუჩები და ლოყები უნდა გაუფერადოთ, წარბებიც... ისე, რომ კლიენტები კმაყოფილები დარჩნენ.
მარუსია დაფიქრდა _ მისთვის ეს ნაცნობი საქმე იყო.
_ რამდენს გადამიხდიან?
_ საათში სამ დოლარს.
_ დაგირეკავ... _ დაჰპირდა რუბინჩიკი
მარუსიათი რელიგიური მოღვაწე ლემკუსიც დაინტერესდა. ჯერ ბიბლია აჩუქა ინგლისურენოვანი, მერე უთხრა, ღმერთი უპირატესობას უიღბლოებსა და მარტოხელებს ანიჭებსო და დააიმედა, რომ იმ საიქიოს კარგ პირობებში იქნებოდა.
_ ეგ როდის? _ ამოიოხრა მარუსიამ.
_ როცა ღმერთი მოისურვებს... _ წამწამები დაუშვა ლემკუსმა.
ფული ბოროტებააო, _ ხშირად იმეორებდა.
_ განსაკუთრებით ის ფული, რომელიც არ გაქვს... _ თქვა მარუსიამ.
მაღაზია დნეპრის პატრონი ზიამა პივოვაროვიც ხანდახან ჩაუჩურჩულებდა ხოლმე:
_ ახალი, შენსავით ფუმფულა ფუნთუშები მივიღე...
ეპატიჟებოდა უძრავი ქონებით მოვაჭრე ლერნერიც:
_ როგორმე ატლანტიკ-სიტიში წავიდეთ. ოცი ათასს მოიგებ.
მაგრამ თავისი იდეის რეალიზებას ლერნერი ჯერჯერობით ვერ ახერხებდა. ისიც კი ეზარებოდა, წიგნაკში მარუსიას ტელეფონის ნომერი ჰქონოდა ჩაწერილი.
ერთფეროვანი დღეები კი სუპერმარკეტის ტომრებივით ერთმანეთს მისდევდა...
ასე გაიარა ოთხმა თვემ.
იგივენი და გონზალესი
იმ დროისთვის მე უკვე ამერიკის მოქალაქე ვიყავი. ძირითადად, ლიტერატურული შრომით მიღებული შემოსავლით ვცხოვრობდი. ჩემს წიგნებს საუკეთესო მთარგმნელები თარგმნიდნენ, ისე რომ, ერთ ჩემს კოლეგას ხშირად უყვარდა თქმა _ დოვლატოვი ორიგინალში აშკარად აგებსო.
რეცენზენტები ჩემით აღტაცებულები იყვნენ, ხანდახან ჩემს გვერდით დოსტოევსკის, გოგოლს, ჩეხოვსაც კი ახსენებდნენ.
ერთ-ერთ რეცენზიაში ასეთი უცნაური რამ იყო ნათქვამი:
დოვლატოვის პერსონაჟები სოლჟენიცინის პერსონაჟებზე გაცილებით მეტად ბრწყინავენ, მაგრამ გაცილებით ფუქსავატურ ჯოჯოხეთში.
რეცენზიები დიდად არ მაინტერესებდა. იმის მიმართ, რასაც ჩემ შესახებ წერდნენ, სრულიად გულგრილი გახლდით.
მიუხედავად ამისა, ნელა იყიდებოდა ჩემი რომანები _ კომერციულ წარმატებას პირი არ უჩანდა. ცნობილია, ამერიკელები უპირატესობას საკუთარ ლიტერატურას ანიჭებენ, თარგმნილი ნაწარმოები ბესტსელერი აქ იშვიათად თუ გახდება. გამონაკლისი მხოლოდ ბიბლიაა.
ლიტერატურული აგენტი მირჩევდა:
_ აიღე რაიმე სიუჟეტი ამერიკის ცხოვრებიდან, ამერიკაზე წერე. შენ ხომ უკვე მრავალი წელია აქ ცხოვრობ.
მაგრამ ამერიკელი ლიტერატურული აგენტი ცდებოდა _ მე ამერიკაში კი არა, რუსულ კოლონიაში ვცხოვრობდი, რომელ ამერიკულ სიუჟეტზე შეიძლებოდა აქ ლაპარაკი!
მაგალითად, ავიღოთ ერთი ასეთი ამბავი.
სამრეცხაოსა და ბანკს შორის ქართველ დარიტაშვილს სამწვადე აქვს. ქალი საყვედურობს:
_ ბატონ ლერნერს დიდი მწვადი რატომ მიეცით, მე კი უფრო პატარა?
_ ე-ე, _ იცინის ქართველი.
_ მაინც რატომ?
_ ე-ე-ე...
_ იცოდეთ, ვიჩივლებ!.. ამას ასე არ დავტოვებ!.. მაინც რატომ?!
_ რატომ? იმიტომ, რომ მე ის ადამიანი მომწონს!..
ჩემის აზრით, ეს მზა სიუჟეტია, მაგრამ აბა რა არის ამაში ამერიკული?..
ერთხელაც ტელეფონმა დარეკა.
ყურმილი რომ ავიღე, მუსია ტატაროვიჩი მეუბნება:
_ შეგიძლია სიგარეტი მომიტანო?
_ მოხდა რამე?
_ განსაკუთრებული არაფერი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, ქუჩაში გასვლის მერიდება. ფულს მაშინვე მოგცემ.
_ საიდან?
_ რა შენი საქმეა...
ქურქი გავყიდე.
_ არა, ფულზე არ გეკითხები, თვალი დალურჯებული რატომ გაქვს?
_ რაფკას ვეჩხუბე.
_ ახლავე მანდ გავჩნდები...
მარუსია ზუსტად ერთი წლის წინ გავიცანი, რუსული ტელევიზიის ცნობილი ავანტიურის დღეებში.
ორმა ბიზნესმენმა _ ლელიკმა და მარატიკმა ქალაქის ცენტრში ოფისი გახსნეს და რუსული გაზეთები მაშინვე განცხადებებით ააჭრელეს. თითოეულ ოჯახში სპეციალური რეპროდუქტორების დადგმას ჰპირდებოდნენ. მოკლედ, ამერიკული ტელევიზიის გადაცემების რუსულ ენაზე დუბლირება გადაწყვიტეს.
წამოწყებას საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა, განსაკუთრებით პენსიონერებს შორის. მოხუცები ფულს სიამოვნებით უგზავნიდნენ. ლელიკმა და მარატიკმა სამუშაოდ ექვსი თანამშრომელი აიყვანეს. ორი მდივანი ქალი, ბუღალტერი, მცველი, სარეკლამო აგენტი და მე, როგორც შემოქმედებითი ერთეული.
სამსახურშიI ვიჯექი და ჩემს რომანს _ ჩემოდანს ვამთავრებდი. მდივანი ქალები მთელ დღეებს ლაქლაქში ატარებდნენ, აგენტი ფულს არარსებულ ტელევიზიაში ახდევინებდა რეკლამის შემკვეთებს.
ბუღალტერი ლექსებს წერდა, მცველი, მოლდავეთის ყოფილი ჩემპიონი სამბოში, წამდაუწუმ დასალევად დარბოდა.
მცველი, გარდა იმისა, რომ ლელიკი და მარატიკი უნდა დაეცვა, იმ სავარაუდო შემთხვევისთვისაც აიყვანეს, რომელიმე მოტყუებული კლიენტი თუ აუყირავდებოდათ.
ორ მდივან ქალთაგან ერთ-ერთი მარუსია ტატაროვიჩი იყო.
დავინახე თუ არა, მომეწონა _ მაღალი, ტანწერწეტა, მოხდენილად ჩაცმული და როგორღაც უმწეო. თვალში მაშინვე მისი უსუსურობა და აპლომბი გეცემოდა.
როგორც კი შეხედავდი, მიხვდებოდი, რომ კოლექტიური ცხოვრებისთვის არ იყო გაჩენილი.
მაგალითისთვის ერთ ასეთ შემთხვევას მოგიყვებით:
მეორე მდივანი ქალი გათხოვილი გახლდათ. ქმარმა დაბადების დღეზე ცოლს სამაჯური აჩუქა და თავი რომ მოეწონებინა, ქმრის საჩუქარი ქალმა სამსახურში მოიტანა. მარუსიამ სამაჯური ხელში შეატრიალ-შემოატრიალა და ამბობს:
_ რა შესანიშნავია!.. ასეთი საბჭოთა კავშირში მეც მქონდა, ოღონდ პლატინის...
ამის შემდეგ მდივანმა ქალმა მარუსია შეიძულა.
მარუსია ხშირად ჰყვებოდა თავის დაკარგულ ნომენკლატურულ პრივილეგიებზე. ხალისით იგონებდა თავისი ცნობილი ქმრის ამბებს, მის ნაჩუქარ ქურქს მეტისმეტად დაუდევრად მიაგდებდა ხოლმე დივანზე.
კოლექტივს მიაჩნდა, კარგი იქნება, მისი მდგომარეობის ადამიანი თავს ცოტა უფრო მოკრძალებულად დაიჭერდესო.
სამიოდეჯერ მე და მარუსიამ დიდხანს ვისაუბრეთ, თან ყავას შევექცეოდით, თან ვსაუბროდით. მან მე მთელი თავისი უცნაური ისტორია მომიყვა და ამასობაში ერთგვარად დავმეგობრდით კიდევაც.
მართალი გითხრათ, მომწონს ასეთი ადამიანები _ უიღბლონი, უილაჯონი და ამავე დროს ძალიან თავმოყვარენი. ხშირად მითქვამს, ვინც გაჭირვებულად ცხოვრობს, ის არ სცოდავს-მეთქი.
_ ცუდია, ცოლიანი რომ ხართ, მე და თქვენ ერთად კარგად ვიქნებოდით... რაც მთავარია, თქვენი ცოლი გასაოცარი ქალია, ერთ თვეში თქვენზე უკეთეს კაცს გაიჩენდა, _ მითხრა მარუსიამ.
სამსახურში მოეწყო თუ არა, ბინას დაუწყო ძებნა. ფული ლარასგან ჰქონდა ნასესხები. მაშინ ჩვენს რაიონში ჯერ ისევ შეიძლებოდა ოთხასიოდე დოლარად ბინის ქირაობა.
_ პირველ თვეს ყველანი უხელფასოდ იმუშავებთ, _ გამოგვიცხადეს მოულოდნელად ლელიკმა და მარატიკმა, _ ასეთი წესია, ჩვენ ხომ ახალ ფირმას ვქმნით.
გავიდა ოთხი კვირა. ბოსები გაჩუმებულები არიან, ხმას არ იღებენ. ფულზე ვინმე თუ დაელაპარაკებათ, მაშინვე ინგლისურზე გადადიან.
მე უკვე მივხვდი, რომ მოგვატყუეს (ხანში შესულები ამას ერთი თვის შემდეგ მიხვდნენ).
ავდექი და შევედი ბოსებთან და რასაც მათზე ვფიქრობდი, ყველაფერი პირში მივახალე, თან ისე ვყვიროდი, ჩემი ყვირილი დერეფანში ისმოდა.
მარუსია გაოცებული იყო:
_ წარმოდგენა არ მქონდა, ასეთი სიტყვები თუ იცოდი...
მოკლედ, ტელევიზიამ დაბადებაც ვერ მოასწრო, რომ გარდაიცვალა. ლელიკსა და მარატიკს მოტყუებული ხელის მომწერლები ჯერ ისევ ეძებენ.
ორი ბიზნესმენის უკვალო გაუჩინარებას რუსულ ემიგრაციულ პრესაში ფელეტონების ნიაღვარი მოჰყვა. ფელეტონის ავტორებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ლელიკი და მარატიკი სახელმწიფო უშიშროების მიერ იყვნენ შემოგზავნილები, რომ მათი მიზანი კაპიტალისტური სისტემის შინაგანი გახრწნა იყო.
მაგალითად, ერთ-ერთი ფელეტონის სათაური ასეთი გახლდათ: მშობლიურ ქვეყანას, მარად საყვარელს...
_ დიდი ამბავი, წავალ და სახლმმართველობაში ვიმუშავებ, _ თქვა ბუღალტერმა ფალკოვიჩმა.
და ასტორიაში სუპერად წავიდა.
გათხოვილი მდივანი ქალი ტორონტოში ქალიშვილთან გაფრინდა. სარეკლამო აგენტმა მაგნიტოფონის ჩანაწერებით ვაჭრობა დაიწყო. მე თავისუფალი ლიტერატურის გაჭირვებულ, მაგრამ მშობლიურ მდგომარეობას დავუბრუნდი. მცველი ახლა იაკობ სმირნოვის ქეშიკად მუშაობს. ამბობენ, სმირნოვს მისი, ცოტა არ იყოს, ეშინიაო.
მარუსია მოუწყობელ, ცარიელ ბინაში უკაპეიკოდ დარჩა.
ერთი-ორჯერ ჩემი მანქანით წავიყვანე, რაღაც ავეჯი გამოვუძებნე, ვაჩუქე ჩვენი ძველი ტელევიზორი _ მეტი რა უნდა მექნა, რა შემეძლო, ცოლს ხომ არ გავეყრებოდი მის გამო!
ამის შემდეგ მე და ის მხოლოდ შემთხვევით ვხვდებოდით ქუჩაში. გამოკითხვას ხომ არ დავუწყებდი, რას შვრები, როგორ ცხოვრობ-მეთქი? შეიძლება მოახერხა, რაიმე შემწეობას იღებდა და თავი იმ შემწეობით გაჰქონდა.
ასე მითხრა, ლევუშკამ ცოტა იავადმყოფა. მინდა მუსიკაში მოწაფე ავიყვანო, მერე კი იქნებ როგორმე პატარა საბავშვო ბაღი გავხსნაო.
ხომ გაგიგონიათ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება... მე თითქმის აღარ ვუსმენდი. ასეთი ამბების მოსმენას რომ იწყებ, ცუდ გუნებაზე დგები.
ამ მდგომარეობაში იყო, რომ ლათინურამერიკელი გამოჩნდა. უფრო სწორად, კი არ გამოჩნდა, აღმოცენდა. აღმოცენდა უცხო, ზღვისმიერი, გაუგებარი ცხოვრების ქაოსიდან.
რამ წარმოშვა, საიდან მოვიდა? ტრანზისტორებიდან წამოსული ერთფეროვანი ვიბრაციული მუსიკიდან? ერთმანეთში არეული პიცერიის, ბენზინის, კოსმეტიკის სურნელიდან? ცხელ ასფალტზე მოსრიალე ფერად-ფერადი სინათლეებიდან? მაღაზიის წინ მქროლავ მანქანებზე ვიტრინების ანასხლეტიდან?
რაფაელი საყოველთაო არამდგრადი გრძნობებისგან მატერიალიზდებოდა _ ზეიმის, უბედურების, წარმატების, წარუმატებლობის, კატასტროფული ფეერიებისაგან...
მარუსიას არ ახსოვს, როდის, რომელ დღეს, რა ვითარებაში გაიცნო.
ის ისევე უცნაურად, ისევე განუხრელად გაჩნდა, როგორც თავად მესამე სამყარო.
მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვს, რომ რაფაელი უკვე დიდი ხანია არსებობს, ახსოვს კიბეზე მისი უცნაური ღიმილი, ძველი, შელახული ავტომობილიდან მისკენ ნასროლი ვარდები და ლევუშკასთვის მიწოდებული ოთხცენტიანი კანფეტები.
კიდევ ლიფტში ძვირფასი ოდეკოლონის სურნელი... კარებს შორის სივიწროვე... აწეული შლაპა... ნატის პიჯაკი... სიგარა... კრემისფერი შარვალი... ყალბი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი და...
დამსხვრეული ოცნებებისფერი ჰალსტუხი.
თავიდან მარუსიასთვის რაფაელი იყო ქუჩა, განსხვავებული პეიზაჟი, ფირმა რეინბოუს ვიტრინა, ბერძნული მაყლების სურნელი თუ ადრიანო ჩელენტანოს ჩახლეჩილი ბანი.
თავიდან ის ადგილისა და დროის გარემოება იყო.
მერე აღმოჩნდა, რომ მარუსია მის დამტვრეულ მანქანაში ზის, რომ ისინი რესტორან დელ-მონაკოდან ბრუნდებიან და ლევუშკას მანქანაში სძინავს; რომ რაფაელის ყალბი ბრილიანტისბეჭდიანი ხელი მარუსიას ხელისგულზე ეფერება.
_ ნოუ, _ ამბობს მარუსია.
და მისი ხელი მანქანის გახურებულ სავარძელზე გადააქვს.
_ ვაი ნოტ?
ლათინურამერიკელი ხელს ახლა შიშველ კისერზე უთათუნებს.
_ ნოუ.
მარუსია მის ხელს მისსავე მუხლზე დებს.
_ ვაი ნოტ?
რაფაელის ხელი ახლა მარუსიას თეძოზეა.
_ ნოუ.
და მარუსია მის ხელს გვერდზე გასწევს.
_ ვაი ნოტ?
ამბობს ლათინურამერიკელი, ერთი ხელით მკერდზე ღილებს უხსნის, მეორე ხელით მუხლებს ჯიუტად უწევს აქეთ-იქით.
ნეტავი მანქანა როგორ მიჰყავს? უფრო სწორად, რით? ორივე ხელი დაკავებული აქვს? _ ფიქრობს მარუსია.
მიუხედავად ამისა, მანქანა მშვიდად მისრიალებს.
და ლათინურამერიკელი ისევ თავისას განაგრძობს, მხოლოდ მუხლს თუ გაჰკრავს საჭეს ხანდახან.
_ არანორმალური ხარ! _ უყვირის მარუსია რაც შეიძლება ხმამაღლა, _ კრეიზი!
რაფაელი მანქანის შეუჩერებლად ჯიბიდან ლურჯ ფლომასტერს იღებს, ნეილონის ჯემპრში გამოკვართულ ფართო, ღონიერ მკერდთან მიაქვს, ხელის სწრაფი მოძრაობით უზარმაზარ გულს იხატავს და მარუსიასკენ საკოცნელად იხრება.
მერე მისკენ მთელი ტანით შეტრიალდება, საჭეს კი, როგორც მარუსია ამტკიცებს, თავისი არცთუ გამხდარ-გაკნაჭული უკანალით მართავს...
სახლში მისი შეპატიჟება მარუსიას არ უნდა, ერიდება თავისი ცარიელი, მოუწყობელი ბინისა.
არ უნდა, რაფაელმა ნახოს, რომ:
საწოლის მაგივრობას ლევუშკას დერმატინის ჩამტვრეული სავარძელი უწევს, რომ მარუსიას ქუჩიდან ჩვენ მიერ მოთრეულ გასაშლელ საწოლზე სძინავს, რომ მაცივარში მხოლოდ ქათმის გალურჯებული ბარკლები აწყვია.
მერე ასეთი რამ ხდება: რაფაელი საბარგულს ხსნის, იქიდან პოლიეთილენის შალითაში გახვეულ, მრგვლად დახვეულ ლეიბს, ერთ ბოთლ რომს, ერთ შეკვრა პეპსი კოლას, ოთხ ფორთოხალსა და გალეტს იღებს.
ლეიბი ჯერ ახალი და გაუხსნელია.
მაგრამ მარუსიას ეს უკვე აღარ უკვირს.
ეკითხება:
_ რა გქვია? ვოტ იზ იორ ნეიმ?
_ რაფაელო ხოსე ბელინდა ჩიკორილო გონზალესი, _ პასუხობს ლათინურამერიკელი.
_ მე შენ უბრალოდ რაფას დაგიძახებ, _ ეუბნება მარუსია.
_ რაფა იყოს, _ ეთანხმება ლათინურამერიკელი და დასძენს:
_ მუსია!
სურსათს ჯიბეებში სწრაფად ილაგებს და ლევუშკას მხარზე ისვამს. ლეიბი თავისით მიგორავს (პირადად მე ეს მჯერა).
თავისუფალი ხელით მუსიას ეფერება, თან სიგარეტს ეწევა, თან კარს მოხერხებულად ხსნის.
უცებ მუსიას უცნაური ტკაცუნი მოესმა. თურმე ეს აბორგებული სხეულის მოწოლისგან ლათინურამერიკელის შარვალი სკდება ტკაცატკუცით.
კიდევ ერთი ასეთი წვრილმანი: ლიფტიდან გამოსვლისას ბიჭუნამ უცებ გაიღვიძა, რაფაელს ერთი თვის ლეკვის გულუბრყვილო თვალებით შეხედა და ჰკითხა:
_ შენ ვინ ხარ? ჩემი მამიკო ხარ?
როგორ გგონიათ, რა უპასუხა ლათინურამერიკელმა? ლათინურამერიკელმა უპასუხა:
_ ვაი ნოტ?
მითქმა-მოთქმა
მანქანაში ჩავჯექი. სამი კვარტალი რომ გავიარე, გამახსენდა, მარუსიამ სიგარეტის ყიდვა რომ მთხოვა და უკან მივბრუნდი.
მანქანა მის სადარბაზოსთან გავაჩერე და _ ყოველი შემთხვევისთვის ქანჩის გასაღები ხომ არ წავიღო თავის დასაცავად, ხომ შეიძლება რაფაელმა საჩხუბრად გამოიწიოს-მეთქი, _ გავიფიქრე.
არა, მშიშარა არა, მაგრამ სხვა ქვეყანაში ვარ, ენა ხეირიანად არ ვიცი, კანონებში ცუდად ვერკვევი, იარაღს შეჩვეული არ გახლავართ, აქ კი ყოველ მეორეს ბომბი თუ არა, ჯიბეში პისტოლეტი მაინც უდევს...
ამბობენ, ლათინურამერიკელები ზანგებზე საშიშები არიანო. ზანგები ორასი წელიწადი მონები მაინც იყვნენ, რაც შესაბამისად მათ მენტალიტეტზე აისახა. ესენი? ესენი, როგორც ერთი, ყველა ჯანითა და ღონით სავსე, თავხედი და აგრესიულია...
ჩხუბი და მუშტი-კრივი ლენინგრადშიც იყო, მაგრამ იქ ეს ყოველგვარი საბედისწერო შედეგის გარეშე მთავრდებოდა.
ერთხელაც, მახსოვს, ამხანაგები შევიყარენით და ვსვამდით. პროზაიკოსი სტუკალინი კარგად რომ დათვრა, ლიტერატურათმცოდნე ზაიცევს ეუბნება:
_ იცოდე, ცხვირ-პირს გაგიერთიანებ.
_ არავითარ შემთხვევაში.
მე ტოლსტოველი ვარ, ყოველგვარ ძალადობას უარვყოფ. ერთ ლოყაში თუ გამარტყამ, მეორეს მოგიშვერ, _ პასუხობს ზაიცევი.
სტუკალინი ერთხანს დაფიქრდება და ეუბნება:
_ კარგი, ეშმაკსაც წაუღიხარ!..
ამაზე ყველანი დავმშვიდდით.
უცებ რაღაც ბრახაბრუხი მოგვესმა. შევრბივართ ოთახში და რას ვხედავთ? სტუკალინი იატაკზეა გაშხლართული, ტოლსტოველი ზაიცევი ზევიდან მოქცევია და მუშტებს სიფათში უბათქუნებს.
დიახ, იქ ეს უმტკივნეულოდ ხდებოდა, აქ კი...
რაც არის, არის, დროა წავიდე-მეთქი, _ გავიფიქრე და კიბეზე ავაბიჯე.
კარს მუსია ტატაროვიჩი მიღებს. თვალი ჩალურჯებული აქვს, ქვედა ბაგე _ გახეთქილი, შუბლი _ დასისხლიანებული.
_ ასე ნუ მიყურებო, _ მეუბნება.
_ სად არის-მეთქი? _ ვეკითხები.
_ ვინ? რაფკა? არ ვიცი, სახლიდან გიჟივით გავარდაო.
_ ჰოსპიტალში ხომ არ წაგიყვანო-მეთქი?
_ არა, არ ღირს, ამ ყველაფერს კოსმეტიკით დავიფარავო.
_ მაშინ პოლიციაში დარეკე-მეთქი.
_ რისთვის? დიდი ამბავი, ესპანელმა ვიღაცას თვალი დაულილავა, აი, ყელი რომ გამოეჭრა, ან შუბლი გაეხვრიტა, სულ სხვააო.
_ თუ ასეა, არ ღირს, ნუ დარეკავ-მეთქი.
_ ჰო, რა თქმა უნდა, რა აზრი აქვსო!
ვეუბნები:
_ იქნებ თორმეტი დღე მაინც ჩასვან, ისე, პროფილაქტიკისთვის...
_ ჩხუბისთვის? ამ გადარეულ ნიუ-იორკში?! აქ ციხეში მოხვედრა გაცილებით ძნელია, ვიდრე მარსსა ან იუპიტერზე. ამისთვის აქ მინიმუმ ასი ადამიანი უნდა მოკლა, თანაც უმაღლესი უფროსობა. შენ კი მეუბნები, ჩასვამენო... ჩემზე ნუ წუხხარ.
ამას ახლავე რეტუშით დავფარავ... _ მპასუხობს მარუსია.
ოთახში მივიხედ-მოვიხედე. მისი ბინა უკვე ისეთი ცარიელი აღარ იყო. კუთხეში სტერეოდანადგარი შევნიშნე. აქეთ-იქით ველვეტის ორი სავარძელი იდგა, სავარძლების პირდაპირ _ დივანი. კედელთან სამთვლიანი ველოსიპედი იყო მიყუდებული, ფანჯრებზე ფარდები ეკიდა.
_ კარი კარგად ჩაკეტე! _ ვუთხარი მარუსიას.
_ რა აზრი აქვს, გასაღები ჯიბეში უდევსო, _ მიპასუხა.
ჩანს, საქმე კიდევ უფრო უარესადაა-მეთქი...
და ვეკითხები:
_ მატერიალურად თუ მაინც გეხმარება?
_ მეტ-ნაკლებად. ისე, კეთილი კაცია, უამრავ ხარახურას ყიდულობს.
განსაკუთრებით ლევუშკასთვის. ესპანელები, ეტყობა, ბავშვების მიმართ გულგრილები არ არიან.
_ კიდევ ქერა ქალების მიმართაც.
_ აი, ეგ კი ზუსტად ასეა. ამ მხრივ რაფა ნამდვილი პიონერია!
_ ვერ გავიგე?
_ პავლიკ მოროზოვივით ყოველ წუთს მზად არის! მხოლოდ ერთი ოცნება აქვს _ საწოლისკენ თავს როდის გიკრავს! ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ამხელა ენერგია ტყუილად რომ არ დაიკარგოს, ცუდი არ იქნებოდა, ტურბინაზე მიმეერთებინა-მეთქი. რაც შეეხება ფულს, ძუნწი ნამდვილად არ არის. კინო, თეატრი, რესტორნები _ სადაც და როცა გინდა. აი, ქირისთვის კი ასი დოლარიც ენანება. ანდა, უბრალოდ, ვერ ხვდება.
მე ხომ სხვა უამრავ ხარჯთან ერთად ბინის ქირას ვიხდი...
მარუსია სამზარეულოს კარს მიეფარა და ტანსაცმელი გამოიცვალა.
_ დალევ ყავას?
_ არა, გმადლობთ... ისე, რას საქმიანობს?
_ არ ვიცი.
_ მაინც?
_ მგონი, რაღაცას ყიდის. ან შეიძლება ყიდულობს რაიმეს. ერთი-ორი თვე, მგონი, სადღაც სწავლობდა... მოკლედ, სპინოზა არ არის. საიდან ჩამოხვედიო? _ მეკითხება. ლენინგრადიდან-მეთქი.
ჰო, ვიცი, ეგ პოლონეთშიაო... ერთხელაც ვხედავ, გაზეთს კითხულობს. მართალი გითხრა, გამიკვირდა _ წერა-კითხვა მაინც სცოდნია, ამისიც მადლობელი ვარ-მეთქი...
მარუსიამ ყავა დაისხა და განაგრძო:
_ ისინი აქ მთელი კლანია _ დედა, ძმები, დები. რაფას გარდა ყველანი, ასე თუ ისე, სოლიდური ხალხია. მის მამანს ბრუკლინში ოთხი სახლი აქვს. ერთ ძმას _ კაისერვისი, მეორეს _ სამრეცხაო. მხოლოდ რაფაა უსაქმური, ფული მას ნაკლებად აღელვებს.
მთავარია, რაც შეიძლება იშვიათად ჩაიცვას შარვალი...
ვეკითხები:
_ ჰო, მაგრამ მომავალში რას აპირებ?
_ რაზე მეუბნები?
_ როგორია შენი სამომავლო პერსპექტივა? შენი ცოლად შერთვა თუ უნდა?
_ ხომ გითხარი, იმას რაც უნდა. სხვა ყველაფერი მხოლოდ წარმოების დანახარჯებია.
_ ესე იგი, არავითარი გარანტია?
_ რა გარანტიასა ან რა მომავალზე მელაპარაკები? ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში ლაპარაკობენ მომავალზე. აქ კი _ დღეს ცოცხალი ხარ და სული გიდგას! ძალიან კარგი, შესანიშნავია!..
_ ლევუშკაზე ხომ უნდა იფიქრო!
_ ჰო. ჩემზედაც, მაგრამ გათხოვება აუცილებელი არ არის. უკვე ორჯერ ვიყავი გათხოვილი, მერედა კარგი რა ვნახე?.. იცი, რას გეტყვი, ერთხელ გასტროლებზე წასვლამ მომიწია, მთელი ამ ხნის მანძილზე სასტუმროში მეც მივლინების ფულით ვცხოვრობდი და მსახიობებსაც დღე-ღამეში ორ მანეთს და ორმოც კაპიკს ვუხდიდი. ამ გასაცოდავებული გროშებით დღე-ღამეში სამჯერ უნდა ეჭამათ, პლიუს ამას სასმელი, სიგარეტი, ტრანსპორტი და წვრილმანი ხარჯები.
გარდა იმისა, ცოლის საჩუქრისთვის ცოტაოდენი ფულიც ხომ უნდა გადაენახათ, შეძლებისდაგვარად დრო ქალებთანაც ხომ უნდა გაეტარებინათ? და ეს ყველაფერი, ბოდიშს ვიხდი და, ორ მანეთად და ორმოც კაპიკად...
_ ამას რისთვის ამბობ?
_ მას შემდეგ მივლინებასა და სამივლინებო ფულს ვერ ვიტან, უფრო სწორად, ჭირივით მძულს.
მუსიამ გაბრაზებულმა მოჭუტა თვალები:
_ აბა გარშემო მიიხედ-მოიხედე. მე ჩვენს ემიგრანტებზე ვლაპარაკობ. ისინი ხომ მივლინებაში არიან. თითოეულის ხელთ მხოლოდ ორი და ორმოცია. ჰოდა, მეც ისევ რაფაელი მირჩევნია თავისი იმ ეგრეთ წოდებული სიყვარულით...
_ მეც ორი და ორმოცი მაქვს-მეთქი? _ ვკითხე.
_ დავუშვათ შენ ოთხი და ოთხმოცი გაქვს... ჰო, მართლა, მე შენი სიგარეტის ფული მმართებს... დანარჩენები კი ყველანი ორი და ორმოცის ანაბარა არიან...
აქ ერთი ჩერნოვიტელია, გარაჟის პატრონი. ცოლი მედიცინის ხაზით მუშაობს. ორივენი ერთად 60.000-მდე იღებენ. თუ იცი, ის კაცი როგორ ერთობა საღამოობით? შეძვრება თავის შავ ოლდსმობილში და ტომკა მიანსაროვის კასეტებს უსმენს. ასეა ყოველ საღამოს. გეფიცები, ასეა. ცოლი ზის მერხზე და პანორამას ანიდან ჰოემდე კითხულობს, ფელიქსიც ზის და კასეტებს უსმენს.
მერედა ჰქვია ამას ცხოვრება? ჰოდა, მეც ეს დამთხვეული რაფა მირჩევნია სამშობლოდან წამოსულ ჩვენს ამ ყურმოჭრილ მონა-მორჩილებს.
_ გარაჟის პატრონი, ვფიქრობ, ცოლს არ სცემს.
_ ჰო... არ უნდა ზედმეტად შეეხოს...
ჩაცმულ-დახურული, გაპუდრულ-გალამაზებული მარუსია კიდევ უფრო გათამამდა. თუმცა გრიმის, კოსმეტიკის ქვეშ სილურჯე კვლავაც აშკარად ეტყობოდა, მხოლოდ გახეთქილი ტუჩის დამალვა მოეხერხებინა იისფერი პომდადით...
ქუჩასა და სახლში
...ხმა ჩვენთან სწრაფად ვრცელდება. თუ ახალი ამბები გაინტერესებთ, რუსულ მაღაზიასთან დადექით, ყველას სჯობია, მაღაზია დნეპრის ახლოს.
ეს ჩვენი კლუბია. ჩვენი ფორუმი. ჩვენი ასამბლეა.
ჩვენი საინფორმაციო სააგენტო.
აქ ყოველგვარი ცნობის მიღება შეგიძლია. შეგიძლია მოისმინო ახალი საგაზეთო სტატიის განხილვა, დაიქირავო დაცვა, მძღოლი ან, ვთქვათ, ფასიანი მკვლელი. შეიძინო მანქანა ასიოდე დოლარად, იყიდო სამამულო წარმოების ვოლოკორდინი, გაიცნო მხიარული, უპრეტენზიო ქალი.
ასე ამბობენ, აქ მარიხუანას და იარაღს ყიდიან, ცვლიან უცხოურ ვალუტას, საეჭვო გარიგებებს ახდენენო.
ჩვენი რაიონის თითოეულ მცხოვრებზე აქ ყველამ ყველაფერი იცის.
იციან, რომ ზიამა პივოვაროვს შვილიშვილი შეეძინა და ბენჯი დაარქვეს; რომ სამართლდამცველმა კარავაევმა ბრეჟნევის ქალიშვილის, ტოტალიტარიზმის მსხვერპლის გალინას დასაცავად სტატია დაწერა; გამომცემლობა რუსული წიგნის პატრონმა ფიმა დრუკერმა ალბომი იაპონური ეროტიკა მეორედ უნდა გამოსცეს, რომ ბარანოვმა, ესელევსკიმ და პერცოვიჩმა ერთად ლანჩონეტი იყიდეს.
ყველამ ვიცით, რომ ფოტოატელიეს პატრონმა ევსეი რუბინჩიკმა ცოლისთვის მუტონის ქურქის შეძენა დღემდე ვერ შეძლო, რომ გრიგორი ლემკუსმა ძუკნა აფროდიტე გაათხოვა, რომ ქუდბედზე დაბადებული ლერნერი სურათების გალერეა როდოსის მემილიონე დამთვალიერებელი აღმოჩნდა და ჯილდოდ სამასი დოლარი მიიღო. იცოდნენ ისიც, რომ აქამდე სურათების გალერეაში ლერნერი არასოდეს ყოფილა.
სხვათა შორის, ყველასათვის ისიც იყო ცნობილი, რომ ზარეცკი საიდუმლოდ სოლჟენეცინთან წავიდა, რომ იგი იქ ღირსყვეს მასთან ორი წუთი ესაუბრა, რომ იგი დაინტერესდა, რას ფიქრობდა ისაიჩი სექსის თაობაზე, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: ესე ყოველი არს ახირება ზღვისიმიერი, ანტიქრისტესეული სიცრუე...
მოკლედ, აქ ყველასთვის ყველაფერია ცნობილი.
ისე რომ, ბოლოს და ბოლოს მარუსიასა და რაფაელზეც დაიწყეს ლაპარაკი:
_ აი იმ კუთხის სახლში ქალთან ერთი ესპანელი დადის. თანაც სრულიად დაუფარავად. შეიძლება საკუთარ თავს მანდილოსანი პატივს ასე არა სცემდეს?!
ამ თემის განხილვისას კაცები თვალს ერთმანეთს მხიარულად უკრავდნენ.
ქალები მკაცრად სწევდნენ წარბებს.
კაცები ამბობდნენ:
_ ეს წითური ქალბატონი არც აქ დაიკარგება, თავს აქაც შესანიშნავად გრძნობს.
ქალები უფრო სასტიკად განსჯიდნენ:
_ იოტისოდენა სინდისი მაინც ჰქონდეს!..
თუ ქალები, როგორც წესი, მარუსიას კიცხავდნენ, კაცები უმეტეს შემთხვევაში თანაუგრძნობდნენ.
თუ მამაკაცების თვალში რაფა განგსტერი, ის კი არა, ტერორისტიც იყო, ქალები, უბრალოდ, სასმლის მოყვარულ კაცად თვლიდნენ.
ელამი ფრიდა ამბობდა:
_ ეს ზანგი ნამდვილი ამერიკელი გოია!..
ჩვენი ქალების ფილოსოფია ასეთი იყო:
ბავშვიანი და მარტოხელა თუ ხარ, თანაც უკაპეიკო, ნუ იჭიმები, თავი ცოტა თავმდაბლად დაიჭირე...
მათი აზრით, მარუსიასავით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ყოველთვის ქანცგაცლილი, საცოდავი, სხვისი ხელის შემყურე უნდა ყოფილიყო, მუდამ ნერვებდაგლეჯილი და ავადმყოფი. მხოლოდ მაშინ თანაუგრძნობდნენ, ის კი არა, დარწმუნებული ვარ, დაეხმარებოდნენ კიდევაც.
მაგრამ, რახან თავმაღალი და ამაყი ბრძანდება, გაუშვი, თვითონ დააღწიოს მდგომარეობას თავი.
საერთოდაც:
გინდა მეცოდებოდე? ჯერ მაცადე, შენი დამცირებით დავტკბე!
მარუსია კი სულაც არ ტოვებდა მიტოვებული და დამცირებული ქალის შთაბეჭდილებას. მალე რაფამ თავისი გაქუცული ბიუიკი მაღალ ჯიპზე გაცვალა და მუსიამ მანქანის ტარება დაიწყო. გააჩერებდა მანქანას რუსულ მაღაზიასთან და რაღას არ ყიდულობდა _ ძვირად ღირებულ თევზეულს, ბუჟენინას თუ შავ ხიზილალას. თუმცა ჯერ კიდევ ვერავის გაეგო, რას საქმიანობდა რაფა. მარუსიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო...
მართალი გითხრათ, ათასჯერ მაინც დავრწმუნდი, რომ სიმდიდრე და სიღარიბე თანდაყოლილი ნიჭია, რომ თითოეული ამ ორიდან იმას ირჩევს, რაც მეტად მოსწონს. შეიძლება ძალიან უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს სიღარიბე სიმდიდრეს ურჩევნია.
აი, რაფაელმა და მუსიამ კი სიმდიდრე ირჩიეს.
რაფა არისტოტელე ონასისის განებივრებულ ვაჟიშვილს ჰგავდა. ისე იქცეოდა, როგორც უფულო, მაგრამ მამის მილიონების მოიმედე ჭაბუკი სესხულობდა ყველგან და ყველასგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, აფორმებდა საკრედიტო ქაღალდებს.
დროს ატარებდა, ქეიფობდა, შედეგი ფეხებზე ეკიდა.
მუსია თავიდან ნერვიულობდა, მაგრამ მერე თანდათან შეეჩვია. ამერიკა მდიდარი ქვეყანაა, ამ ქვეყანაში ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს უდარდელად?!
და ცხოვრობდნენ კიდევაც.
საზოგადოებას შეეძლო ყველაფერი ეპატიებინა მათთვის _ მუქთახორობა, გამომძალველობა, ნარკოტიკები, მოკლედ, ყველაფერი, გარდა დაუდევრობისა.
ელამი ფრიდა აღშფოთებული იყო:
_ ასე მეც ხომ შემიძლია ვინმე ჩიპოლინოს ავეკიდო!..
ჩვენი ინტელექტუალები კი ასე გამოხატავდნენ თავიანთ აზრს:
_ აბა ერთი ამ ლათინურამერიკელს დააკვირდით, მაგის კუნთებსა და ყურის ნიჟარებს. ჩვენს წინ ტიპური ლათინურ-დისორსოიდული მონოსექსოპათია. ახლა კი მარია ფეოდოროვნას შეხედეთ. მის მუცელსა და მენჯის ძვლებს. ეს ხომ რელევანტურ-მითიზირებული პოლისექსუალიტეტის ტიპური შემთხვევაა.
მოკლედ, ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის შეუფერებლები არიან, _ ამბობდა ზარეცკი.
ლემკუსი თვალებს ხრიდა:
_ ღმერთი სიყვარულია...
სამართალდამცველი კარავაევი ხელებს იქნევდა და ხმამაღლა ამბობდა:
_ უზნეობაა და სამარცხვინო, დროს ადიულტერზე ლაპარაკში კარგავდე, როცა მთელი ჰელსინკის ჯგუფი ციხეშია!
ხოლო გამომცემელი დრუკერი სევდიანად დასძენდა:
_ ყურადღების ღირსად გახადო ადამიანი, ვინც ტოლსტოისა და დოსტოევსკის ერთმანეთში ურევს!.. პირადად ჩემთვის ეს გაუგებარია...
არკაშა ლერნერიც ერთგვარი სევდით იმეორებდა:
_ ლამაზ ქალებს ყოველთვის თამამი ქართველები ისაკუთრებენ... რა? ესპანელია? მერედა, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ პრინციპში ერთი და იგივეა!..
მაღაზიის პატრონი ზიამა პივოვაროვი ნამდვილი ბიზნესმენივით მსჯელობდა:
_ ჰო, მაგრამ ტყუილად ხომ არ უნდა წახდეს დეფიციტური საქონელი...
ევსეი რუბინჩიკმა კი, როგორც სულით მხატვარმა, ასე თქვა:
_ ცუდი შესახედავები არ არიან, სიამოვნებით აღვბეჭდავდი რვა თორმეტიან ფირზე...
რაც შეეხება ბარანოვს, ესელევსკისა და პერცოვიჩს, ისინი ცოტა არ იყოს, ფუქსავატურად ოხუნჯობდნენ. კერძოდ, პერცოვიჩმა მარუსიას უთხრა:
_ შენ, მარუსია, ამხანაგები არ დაივიწყო. თუ გათხოვდი, შვილად ამიყვანე, თორემ ამ სამოცდათოთხმეტი წლის კაცს საჭესთან ჯდომის არაქათი აღარა მაქვს...
არა, კი არ დავუმეგობრდი რაფაელს, ამისთვის ჩვენ მეტისმეტად განსხვავებულები ვიყავით. მაგრამ შეხვედრით ხშირად გვიწევდა შეხვედრა. რას იზამ, ასეთია ჩვენი რაიონი.
ვთქვათ, ეძებ ვიღაცას.
მისამართის გაგება წინასწარ საჭირო არ არის, უბრალოდ, გაისეირნე ცენტრალურ ქუჩაზე, იყიდე ერთი ქილა ლუდი, მიირთვი ერთი ულუფა ნაყინი, მოწიე სიგარეტი და ვისაც ეძებ, უსათუოდ შეხვდები, მიიღებ ყოველნაირ ინფორმაციას, ოღონდ, რაც მთავარია, დამახინჯებულს...
მარუსიამ ერთხელ წვეულება გამართა და მე და ჩემი ცოლიც დაგვპატიჟა. თან პელმენებს აკეთებდა, თან რაფას წვრთნიდა:
_ ნუ ეწევი!.. ნაკლები ჭამე!.. რაც მთავარია, ნაკლები ილაპარაკე! გახსოვდეს, შენ აქ ყველაზე უტვინო ხარ!..
რაფაელს არ სწყინდა და ენას საათობით არ აჩერებდა. სულ იმის განსჯაში იყო, მილიონერი როგორ გახდებოდა, ერთთავად სწრაფი განვითარების გეგმებს სახავდა.
ჯერ ჩასახრამუნებელ საბავშვო წიგნებს გამოსცემდა, მერე ჩასახრამუნებელ ჭადრაკებს გაიტანდა გასაყიდად... ბოლოს ქალის ჩასახრამუნებელი საცვლების თაობაზე ერთი ამაღელვებელი იდეაც გაუჩნდა.
ეგ არის, საწყისი კაპიტალი არ გააჩნდა.
_ ფული შემიძლია ძმებს ვთხოვო. ისინი ყოველმხრივ მენდობიან.
საკმარისია ყურმილი ავიღო, რომ...
_ რომ ძმები არაფერს მოგცემენ, _ ჩაურთავდა სიტყვას მუსია, _ შენ ეს კარგად მოგეხსენება. იდიოტები კი არ არიან!..
_ ჰო, არ მომცემენ, _ დაეთანხმებოდა რაფა, _ თხოვნით კი თუნდაც ახლავე ვთხოვ... შენ რა, არ გჯერა?..
როგორც ყველა ამერიკელი, გამდიდრებაზე ისიც მთელი სულით და გულით ოცნებობდა, მაგრამ, ამავე დროს, როგორც რევოლუციონერისათვის, მისთვის მთავარი მაინც სამართლიანობა იყო.
მარუსია ამბობდა:
_ წასულიყავი შენც და გემუშავა...
რაფა ჯიუტად ერეკებოდა თავისას:
_ გაუშვი, მდიდრებმა _ დანტისტებმა და ადვოკატებმა იმუშაონ...
მოკლედ, მის საუბარში ლოგიკის ნასახიც არ იყო.
ერთხელაც მარუსიასთან ვიყავი.
რაფამ საიდანღაც აღელვებულმა და ფერწასულმა მოირბინა.
_ გენიალური იდეა მაქვს, _ იყვირა კარის ზღურბლიდანვე, _ სამ კვირაში ხელოვნური ძუძუების ფაბრიკას გავხსნი, სამ მილიონ მოგებას მოგვიტანს. არავითარი რისკი! წარმატება ასი პროცენტით გარანტირებულია!
_ რას? _ თვალები გაუფართოვდა მარუსიას.
_ ხელოვნური ძუძუების ფაბრიკას!
მეც გაოცებული ვეკითხები:
_ ვერაფერი გავიგე, რა ფაბრიკა, რა ძუძუების?
_ ქალის, ჩვეულებრივი...
და რაფამ თავისი ულაზათო თითი მკერდზე იტაკა.
_ ყველაფერი ძალიან მარტივადაა. აბა ქალებს შეხედე. განსაკუთრებით იმათ, ვინც ცოტა უფრო ახალგაზრდაა.
კარგად გამოგვიჩნდესო, ყველანი უბუსჰალტროდ დადიან. ეს თქვენც ალბათ შემჩნეული გაქვთ.
_ ვთქვათ, შემჩნეული მაქვს.
_ მე ამას დიდხანს ვაკვირდებოდი და აი უცებ...
_ ეცადე, ნაკლებად დააკვირდე, _ ჩაურთო სიტყვა მარუსიამ.
_ ჰო, დიდხანს ვაკვირდებოდი და აი დღეს უცებ გონება გამინათდა. ახალგაზრდები _ კი ბატონო, უფროსებს კი გული სწყდებათ, უნდათ, კაბის ქვეშ თვითონაც მკვრივი და ლამაზი მკერდი უჩანდეთ. ჰოდა აი, მოვიფიქრე, როგორ მივაღწიო ამას, _ რაფამ ხმას აღტაცებულმა აუწია.
კი მაგრამ, როგორ-მეთქი? _ ვეკითხები.
_ გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ. დედაბერი ბუსჰალტერზე რეზინის ძუძუს იმაგრებს და ზევიდან კოფთას იცვამს.
_ მერე რაა?
_ ის, რომ კოფთაში მთელი მკერდი უჩანს, თან მკვრივი და ლამაზი.
_ და იმედი გაქვს, რომ ამ ნაგავს გაყიდი? _ ჰკითხა მუსიამ.
_ დიახ, განუსაზღვრელი რაოდენობით. თითოეულს ორმოც ცენტად... ეს საქმე მილიონებს მოგვიტანს.
მთავარია, საწყისი კაპიტალი ვიშოვო, დაახლოებით ოცი ათასამდე...
_ ნამდვილი გიჟია, _ თქვა მარუსიამ, _ კრეიზი! ეს ფაქტია, მაგრამ ლევკა ნამდვილად უყვარს. უამრავ სათამაშოს ყიდულობს, მასთან ერთად საცურაოდ დადის. ამას წინათ სათევზაოდაც იყვნენ. ინტელექტის მიხედვით ზუსტად ლევუშკას დონეზეა, შეიძლება ლევა სჯობდეს კიდევაც...
ერთხელაც მუსიამ მე და ჩემს ცოლს სახლში შემოგვიარა და გვეუბნება:
_ ყავას დამალევინებთ? შეიძლება ცოტა ხანს ჩამოვჯდე? ხუთ საათზე რაფა ლევას კინდერგარდენიდან გამოიყვანს და ისიც შემოგვივლის.
ჩემმა ცოლმა მაცივარი გამოაღო. მარუსიამ იყვირა:
_ ღმერთო, დამიფარე! მე ხომ დიეტაზე ვარ...
ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, კერძოდ, გორბაჩოვის პიროვნებასა და მის რეფორმებზე.
_ იქ თუ რამე ცვლილებები დაიწყება, ამას პირველი მე გავიგებ, _ ამბობს მარუსია, _ მამას მაშინვე სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ასე მეუბნებოდა _ ვიდრე მე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვარ, შენ და დედას კომუნიზმი არ გემუქრებათო...
ამ დროს ქვევიდან ვიღაცამ დარეკა.
_ ეს ალბათ რაფაა, _ თქვა მუსიამ.
მართლაც ერთი წუთის შემდეგ რაფა შემოვიდა, თავაზიანი, მზისგან გარუჯული და კოსმეტიკისაგან კეთილსურნელოვანი.
პეპსი-კოლათი გაზავებულ რომს დავლევდიო, _ თქვა და დასძინა:
_ გარეთ ჯოჯოხეთური სიცხეა.
მარუსიამ გაიცინა:
_ ამ რაფას სად არ ნახავ, ყველგანაა...
მერე ჰკითხა:
_ ბავშვი სად არის, ეზოშია?
_ ახლავე ყველაფერს აგიხსნი...
მარუსიამ წამოიწია:
_ სად არის ლევუშკა?
_ ნუ ღელავ, ყველაფერი ნორმალურადაა.
რაფამ ისევ დალია და ჭიქა მაგიდაზე დადგა. მერე ჩემს ზურგს ამოეფარა და წვრილი ხმით ჩაილაპარაკა:
_ მგონი, დავკარგე...
_ რა?
_ მგონი, მანქანიდან გადავარდა...
ოღონდ არ აღელდე...
ჩვენ უკვე კიბეზე ჩავრბოდით. წინ მარუსია მირბის, უკან მე მივყვები. ჩემს უკან ჩემი ცოლი მოდის. მერე რაფაელი მოგვყვება და გვიმტკიცებს:
_ მანქანით გრანდ სენტრალზე მოვდიოდით. ხიდისკენ რომ შევუხვიე, ლეო უკანა სკამზე თავის ახალ სათამაშოებთან გადაძვრა. უცებ ბრაგვანის ხმა გავიგონე, მეგონა, სათამაშო ბომბი გასკდა...
_ მოგკლავ! _ ყვირის მარუსია და გარბის.
ყველანი გადასასვლელისკენ გავრბივართ. რაფა გზადაგზა სიგარეტს ეწევა.
ჩემს ცოლს საშინაო ფეხსაცმლით სიარული უჭირს და თანდათან უკან გვრჩება. ხალხი გზას გვითმობს.
ცხელი, მზიანი დღე იდგა. ასფალტს ბენზინის ოხშივარი ასდიოდა. აეროპორტის მხარეს რეაქტიული ძრავების გუგუნი ისმოდა. ასმერვე ქუჩა ფერწასული ფოტოსურათივით იყო.
ვიადუკის ოდნავ მარცხნივ პოლიციელის ირგვლივ თავშეყრილი ხალხი რომ დავინახეთ, მარუსია ყვირილით გავარდა წინ. წუთიც და გახურებულ ასფალტზე გართხმული სხეული შევნიშნეთ.
ხალხმა გაიწ-გამოიწია. ვხედავთ, ლევუშკას ხელში სათამაშო ყუმბარა ჩაუბღუჯავს და ტირის, მუხლები გადაყვლეფილი აქვს.
_ ესე იგი ეს ბავშვი თქვენია? _ გვკითხა შუბლშეკვრით პოლიციელმა.
მარუსიამ ლევა ხელში აიყვანა.
_ კიდევ კარგი, იოლად გადარჩა, _ თქვა ხალხში ვიღაცამ.
_ ასეთ მშობლებს სასამართლოში უნდა უჩივლო, _ დასძინა მეორემ.
საუბარში ახლა სხვა უსაქმურებიც ჩაერივნენ:
_ რა მოხდა?
_ ბავშვი მანქანიდან გადმოვარდა...
_ კიდევ კარგი, თვითმფრინავიდან არა...
მალე შინისაკენ გავწიეთ.
რაფაელს თავი განზე ეჭირა. მერე უცებ ამბობს:
_ მე მგონი, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ!.. _ და რესტორან ლოტოსისკენ გადადგა ნაბიჯი.
სიტყვა ხეირიანად დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ მარუსიამ სახეში ერთი მაგრად გაულაწუნა. ისეთი ხმა ჰქონდა, იტყოდი, ადრიანო ჩელენტანოს ათასმა თაყვანისმცემელმა ტაში ერთხმად დასცხოო.
რაფას თვალი არ დაუხამხამებია, მხოლოდ ხელები ასწია და თქვა:
_ გნებდები!..
ივლისში მუსია დაბადების დღეს აღნიშნავდა. ოთახში თორმეტიოდე სტუმარს მოეყარა თავი.
პირველად ნათესავები _ ფიმა და ლორა მოვიდნენ. მერე ზარეცკი გამოეცხადა თავისუფალი გენერალივით. ლერნერს თამადობა ჰქონდა დავალებული.
რუბიცკი საქმიან წრეებს წარმოადგენდა. გამომცემელი დრუკერი _ კულტურას. ბარანოვი, ესელევსკი და პერცოვიჩი ხალხის სახით იყვნენ წარმოდგენილები. კარავაევი რაიონის განსხვავებულ აზრს წარმოადგენდა. პივოვაროვის გარეშე კი წვეულება აბა როგორ ჩაივლიდა! ბოლოს დაუპატიჟებლად გრიგორი ლემკუსიც მოვიდა ბავშვთან ერთად.
ზარეცკიმ მარუსიას ოდნავ შემჭკნარი ვარდი აჩუქა, ლერნერმა _ თორმეტი ბოთლი შამპანური, გამომცემელმა დრუკერმა _ არაბული უშვერი ზღაპრების ტომეული, კარავაევმა _ ბელოცერკოვსკის ფოტო ავტოგრაფით: შემწყნარებლობა ჩვენი საიმედო იარაღია!.., რუბინჩიკმა _ ოცდათვრამეტი დოლარისა და სამოცდაოთხი ცენტის მანი-ორდერი, ნათესავებმა, ფიმამ და ლორამ _ ვენტილატორი, პივოვაროვმა _ თავისი მაღაზიის ნაირ-ნაირი საქონლით სავსე საზიდარა; ბარანოვმა, ესელევსკიმ და პერცოვიჩმა მუსიას ახალი ტელევიზორი უყიდეს, ლემკუსმა ლოცვით დაასაჩუქრა, მე და ჩემი ცოლი ყავის ჩვეულებრივი მადუღარათი გავედით იოლას.
ახლა მხოლოდ დაგვიანებულ რაფასღა ველოდით.
მარუსიამ აგვიხსნა:
_ ჯერ მანჰეტენიდან დარეკა რამდენიმეჯერ, მერე ლონგ-აილენდიდან, ამ ნახევარი საათის წინ კი ჯეკსონ-ჰაიტსიდან.
ყვიროდა, მალე მოვალო. არ ვიცი, ფულის საშოვნელად შეიძლება ნათესავებს შეუარა.
ალბათ რაიმე განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებს, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, ჩემთვის მთავარი ყურადღებაა...
გადავწყვიტეთ, ცოტა ხანს კიდევ დავლოდებოდით. არკაშა ლერნერს თვალი სულ სუფრისაკენ გაურბოდა. ნერვიულობა მალე სხვებსაც დაეტყოთ.
_ კაცმა რომ თქვას, ზამთარში ჭამას სხვა გემო აქვს. რა თქმა უნდა, არც ზაფხულში გამოდგები უჭმელ-უსმელი, მაგრამ უმადოდ, უხალისოდ ჭამ, _ თქვა რუბინჩიკმა.
ლერნერმა შუბლი შეიკრა:
_ რა სისულელეა, ზამთარს უნდა დაველოდოთ თუ რა!
და საინიდან ზეთისხილი ფრთხილად აიღო.
_ დაბრძანდით, _ მიგვიწვია მუსიამ სუფრასთან... ყველანი მაშინვე ხმაურით შემოვუსხედით მაგიდას.
_ მარია ფეოდოროვნა, მე აქ თქვენს გვერდით მოვეწყობი, _ თქვა ზარეცკიმ.
_ მე კი აგერ ორაგულს მივუჯდები... _ ეს ლერნერი იყო.
გაისმა ზარის ხმა. მარუსიამ ლიფტთან მიირბინა და მალე ოთახში რაფაელთან ერთად შემობრუნდა.
რაფას ამაყი, საზეიმო გამომეტყველება ჰქონდა, ხელში უშველებელი ყავისფერი პაკეტი ეჭირა. პაკეტში რაღაც ფხაკურობდა, ქაღალდს ჩხაპნიდა, ატკაცუნებდა _ მერე რაღაც შემაწუხებელ ამოსუნთქვასავით მოისმა.
რაფაელი დაგველოდა, ვიდრე ყველანი გავჩუმდებოდით, პაკეტი სავარძელზე მოაპირქვავა და პაკეტიდან ფრთების სწორებ-სწორებით დიდი მწვანე თუთიყუში გამოფრთხიალდა.
_ ო, ღმერთო ჩემო!.. ეს რაღაა?! _ თქვა მარუსიამ.
რაფამ ხალხს თვალი გახარებულმა მოავლო:
_ ამას ლოლო ჰქვია! სამასი დოლარი გადავიხადე!.. ხომ გიხარია?
_ ნამდვილი კოშმარია! _ თქვა მუსიამ.
_ უფრო ზუსტად, ორას სამოცი დოლარი. ისე, სამასი დამიფასეს, პლუს ამას ტაქსის ფული...
სიმაღლით ლოლო მოზრდილი ქათმისხელა იყო. მწვანე, ხასხასა, წითელქოჩრიანი, ნარინჯისფერი კიკინებითა და მიმინოს შავი ნისკარტით. მისი სემიტური პროფილი აღშფოთებას გამოხატავდა.
მერე თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და წინ ბაჯბაჯით გასწია.
სავარძლიდან ჯერ ეტაჟერზე გადავიდა, მერე ტორშერზე, ტორშერიდან _ ჭაღზე, ჭაღიდან _ ლავგარდანზე, ლავგარდანიდან ფანჯრის შტორს ჩამოჰყვა, ტელევიზორზე გადმოაბიჯა, ზედ ყინჩად დადგა და ცოტა ხანში ტელევიზორის გაპრიალებულ ზედაპირზე ბლომად მოსკლინტა.
ამ საუნჯით რომ დაგვაჯილდოვა, ლოლომ დაქადნებით დაიყივლა და უკმაყოფილო რატრატს მოჰყვა:
_ შიტ, შიტ, შიტ... ფაკ, ფაკ, ფაკ...
_ ეტყობა კარგი პატრონის ხელში იყო, _ თქვა მარუსიამ.
_ ნეტავი მე ვფლობდე ასე ინგლისურს, _ ინატრა დრუკერმა.
ამასობაში თუთიყუში გაშლილ სუფრაზე აბრძანდა, ნაირ-ნაირ საუზმეულს ჩაუარა, ფეხი მაიონეზში სტკუცა, ნისკარტი სარდინს კუდში ჩაავლო, დაითრია და ისევ ჭაღზე აფრინდა.
მუსია რაფაელს მიუბრუნდა:
_ გალია რა უყავი?
_ ფული არ მეყო, _ თქვა დამნაშავესავით დარცხვენილმა რაფაელმა.
_ ასე ხომ სკლინტით აავსებს აქაურობას!
_ რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, პირიქით... _ დაუდასტურა ზარეცკიმ.
_ მაშინ რა ვქნათ?!
_ ხომ გიხარია, თქვი, ხომ გიხარია? _ ჩააცივდა რაფა მარუსიას.
_ მე? აბა რა, ლამის გადავირიო! ბედნიერებისთვის მხოლოდ ესღა მაკლდა!..
საერთო ძალისხმევით თუთიყუში, როგორც იქნა, კარადაში შევამწყვდიეთ.
ლოლო უკმაყოფილო იყო. ისე ილანძღებოდა, როგორც ნაბახუსევი საბჭოთა შავი მუშა. ღონიერი ნისკარტით ლამის ხვრეტდა კარადის კედლებს.
მერე მიჩუმდა, ეტყობა, დაიძინა.
ძველ, ღრიჭოებიან კარადაში ჰაერი თავისუფლად შედიოდა...
_ ვნახოთ, ხვალ რაიმეს მოვიფიქრებ, _ თქვა მარუსიამ.
და დასძინა:
_ აბა ახლა კი მობრძანდით მაგიდასთან!
ერთ წუთში სასმისებს წკარაწკური ავუტეხეთ. ვსვამდით ყველაფრით, რითაც მოგვხვდებოდა _ სირჩებით, მოზრდილი ჭიქებით თუ ყავისა და ჩაის ფინჯნებით. ლერნერმა ხმამაღლა, ზარ-ზეიმით წარმოთქვა:
_ მარუსია ფეოდოროვნა, დაბადების დღეს გილოცავთ!
_ თქვენც ასევე!..
თქვა მარუსიამ დაბნეულად და თავი რატომღაც უხერხულად იგრძნო.
როცა დავიშალეთ, ღამის პირველი საათი იყო.
მივდიოდით და მარუსიას პრობლემებზე ვმსჯელობდით. ზარეცკი ამბობდა:
_ მაპატიეთ და, ჯანითა და ღონით სავსე, ჯანმრთელი ქალია, არ მუშაობს, ცხოვრობს რაღაც მაჩვზღარბივით... მთელი დღე დილიდან დაღამებამდე თავისუფალია. ბეწვსა და ზამშში გახვეული დადის, ჭამს, სვამს და არაფერზე ფიქრობს, არაფერი აწუხებს... ავღანეთში, სხვათა შორის, სისხლის გუბეები დგას, აქ კი შამპანურის მდინარეებია!.. ნეპალში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ეს რაღაც საზიზღარი თუთიყუში კი აქ სარდინებს მიირთმევს!.. განა ეს სამართალია?!.
ამ დროს მე როგორღაც უაზროდ გავიცინე.
_ აი ცინიკოსი! _ იყვირა ზარეცკიმ.
იძულებული ვიყავი ეგრევე პირდაპირ მეთქვა:
_ არის რაღაც, რაც სიმართლეზე მეტია!
_ ოო, აი ეგ კი საინტერესოა! _ თქვა ზარეცკიმ, _ ილაპარაკეთ, მე თქვენ სიამოვნებით მოგისმენთ, ყურადღება, ბატონებო, ყურადღება! მაინც რა არის სიმართლეზე მეტი?
_ ბევრი რამ!
_ უფრო კონკრეტულად?
_ უფრო კონკრეტულად? ვთქვათ, გულმოწყალება.
სახლში მინდა
დადგა შემოდგომა.
ჩვენმა რაიონმა ზაფხულის ხანგრძლივი, სულისშემხუთავი სიცხის შემდეგ, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა. კონდიციონერები უკვე გამორთული იყო. გავასქელი, ჩასუქებული მამაკაცები, ნაცვლად საზიზღარი შორტებისა, ახლა კრემპლინის მოხდენილ შარვლებში იყვნენ გამოწყობილები. ნახევრად შიშველმა ქალებმა სხეული დაიფარეს. კვამლისა და ბენზინის ნამწვის მძიმე სუნი ჩამოცვენილი ფოთლების სურნელში იყო არეული.
მარუსიას ახლა უკვე ხშირად ვხვდებოდი, ხანდახან ერთად ბარშიაც შევივლიდით. მარუსია წუხდა:
_ არა, შენ ამას ვერ წარმოიდგენ! რაფა და ლოლო ნამდვილი ტყუპივით არიან. პასუხისმგებლობა ერთისთვისაც და მეორისთვისაც ნულს უდრის.
ლექსიკონიც კი ერთნაირი აქვთ.
_ ისევ არ მუშაობს?
_ ვინ, ლოლო?
_ ლოლო კი არა, რაფაზე გეუბნები!
_ შენ ის, ეტყობა, ვიღაცაში გეშლება! ლოლოს მუშაობას უფრო დავიჯერებ, ვიდრე იმისას.
მარუსიას ლიმონათიანი ჯინი მოუტანეს, მე _ ორი ულუფა სტოლიჩნი.
მერე ცალკე მაგიდაზე გადავსხედით.
ვკითხე:
_ მაშ, რით ცხოვრობთ, რით არსებობთ?
_ არ ვიცი... ერთი თვე კანტორაში ვიმუშავე, ვიჯექი და ტელეფონის ზარებს ვპასუხობდი. რა თქმა უნდა, კანტორის პატრონი შემომიჩნდა, რომ აღარ და აღარ მომასვენა, ერთხელაც ვუთხარი, მოტელში წავიდეთ, მთელი ეს სიამოვნება ასი დოლარი დაგიჯდებათ-მეთქი. ის კი _ მეგონა, წესიერი ქალი იყავიო. წესიერი ქალი შენ ერთ მილიონადაც არ დაგნებდება-მეთქი.
_ შენ რა, ხომ არ გაგიჟდი?! _ სიტყვა შევაწყვეტინე მარუსიას, _ მეძავი ხომ არ ხარ, აბა ეგ რა ლაპარაკია!
_ მაშ რა ვქნა, რას მირჩევ, ჭურჭელი ვრეცხო რომელიმე ქეციან რესტორანში? პროგრამისტობა ვისწავლო? თხილით ვივაჭრო ასმერვეზე? მირჩევნია, ავდგე და ისევ დაბრუნება ვითხოვო!
_ სად? მოსკოვში?
_ თუნდაც მოსკოვში! ამაში განსაკუთრებული რა არის?! ციხეში ხომ არ ჩამსვამენ! პოლიტიკასთან საერთო მე არაფერი მაქვს...
_ მერედა, თავისუფლება?
_ ვითომ რა თავში ვიხლი თავისუფლებას! მე მხოლოდ სიმშვიდე მინდა...
და, საერთოდაც, რაში მჭირდება ეს თავისუფლება, როცა იქ დედა და მამა მყავს?!
_ ლაპარაკობ რა, შენც!
_ ნორმალური ადამიანი თავს მოსკოვშიც თავისუფლად გრძნობს.
_ მერედა ბევრი გინახავს ნორმალური?
_ ისინი ბევრნი არსად არ არიან, არც აქ და არც იქ.
_ შენ, უბრალოდ, ყველაფერი დაგავიწყდა _ სიცრუე... უხეშობა...
_ მოსკოვში უხეშად რუსულად მაინც მომმართავდნენ...
_ სწორედ ეგ არის აუტანელი!
_ მოკლედ, ეს ცხოვრება არ არის.
რაფას იმედზე ყოფნას აზრი არ აქვს _ დღეს შენს წინ მუხლებზე ხოხავს, ხვალ კი უცებ სადღაც იკარგება. მთელი ორი კვირა, კაცმა არ იცის, სად დაეხეტება. მერე გაიხედავ, ისევ მოგადგება კარზე. ერთხელაც, ვხედავ, შარვალს იხდის, საცვლები კი მთლიანად პომადითა აქვს დასვრილი. რას იზამ, ასეთია... გეფიცები, ეჭვიანობას აზრი არ აქვს, სულერთია, ვერაფერს გაიგებს. მორალის მხრივ მასთან შედარებით ლოლო აკადემიკოსი სახაროვია, ქალებში მაინც არ დადის...
ვკითხე:
_ ლევა?
_ ლევა ჯერ პატარაა ქალებში საყიალოდ.
_ არა, მე იმას გეკითხები, ლევუშკა ამ ვითარებაში თავს როგორ გრძნობს?
_ ლევა? ლევა შესანიშნავადაა, რაფასაც მშვენივრად ეწყობა, თუთიყუშსაც, ოღონდ ჩიტი გუნებაზე თუა...
როგორც იტყვიან, ნამდვილი მონათესავე სულები არიან...
ამ დროს ხელი ერთ ჩემს ნაცნობ მხატვარს დავუქნიე. მისმა ცოლმა მუსიას ისე დაუწყო ყურება, თითქოს ვიღაც საეჭვო ადამიანთან წამასწრო. ვიცი, დაიწყებდნენ ახლა ერთ მითქმა-მოთქმას, თუმცა ეს ისედაც კაი ხანია დაწყებული ჰქონდათ.
მაგრამ გუნება მაინც წამიხდა. ფული გადავიხადე და რესტორნიდან გამოვედით...
გავიდა ერთი კვირა. სადღაც ყური მოვკარი, მუსია საბჭოთა საელჩოში იყო, სამშობლოში დაბრუნება ითხოვაო.
თავიდან, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, მაგრამ ამაზე სულ უფრო მეტს და დაბეჯითებით ლაპარაკობდნენ, ათასგვარ წვრილმანსაც ასახელებდნენ. კერძოდ, რუბინჩიკი ამბობდა:
_ მის საქმეს საელჩოს მესამე მდივანი ბალუევი განიხილავს...
ავდექი და მარუსიას დავურეკე. ვეკითხები:
_ მაინც რა ხდება იქ?
მარუსია უცნაურ ხმაზე მპასუხობს:
_ მოდი, გინდა, შევხვდეთ?
_ სად?
_ ოღონდ მაღაზია დნეპრთან არა...
ერთმანეთს ოსტინგ-სტრიტზე შევხვდით, ერთი გირვანქა ბალი ვიყიდეთ და პრესვიტერიანული ეკლესიის გვერდით ბალახზე დავსხედით.
მუსია მეუბნება:
_ ჩემთან რომ დაგინახონ, უსიამოვნება შეგხვდება.
_ ცოლი გაიგებს და იმიტომ?
_ არა, ცოლი არა, ჩვენი ემიგრანტული საზოგადოება.
_ მიმიფურთხებია...
შენ რა, მართლა იყავი საელჩოში?
_ ჰო, ვიყავი.
_ მერე?
_ არაფერი. ასე მითხრეს, თქვენ, მარუსია ფეოდოროვნა, ჯერ პატიება უნდა დაიმსახუროთო.
_ ბოლოს რით დამთავრდა?
_ არაფრით.
_ ჰო, მაგრამ, მერე რა იქნება?
_ არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი, რომ შინ უნდა წავიდე. მინდა ზრუნავდნენ ჩემზე. მინდა იქ ვიყო, სადაც დედა და მამაა... აქ კი ვინ მყავს ან რა მაბადია? ესპანელი, თუთიყუში და რაღაც იდიოტური თავისუფლება... მე იქნებ თუთიყუში კი არა, ეზოს ძაღლი უფრო მინდა?
_ ეზოს ძაღლი უკვე გყავს-მეთქი, _ ვუთხარი.
მუსია გაჩუმდა, მიტრიალდა, ჩამოწვა მძიმე სიჩუმე.
ვეუბნები:
_ ბრაზობ?
_ რაზე უნდა ვბრაზობდე?..
აი, თხუთმეტი წლის წინ რომ შემხვედროდი...
_ მე არც ისეთი ბებერი ვარ...
_ ცოლი გყავს, შვილი გყავს... მოკლედ, ყველაფერი ნათელია... ისე, უბრალოდ კი არ მინდა...
_ ჰო, მაგრამ, ისე უბრალოდ არც მე ვარ თანახმა.
_ მით უმეტეს!.. კმარა, გვეყოფა ამაზე ლაპარაკი!
_ კმარა.
ბალი რაც იყო, შევჭამეთ, კურკებს პირდაპირ ბალახზე ვისროდით.
სიჩუმე რომ დამერღვია, ვკითხე:
_ არ გინდა, შენს ამბავს მომიყვე?
და აი, რა მოვისმინე მისგან.
აგვისტოში მუსიას დეპრესია დაეწყო. მიზეზი, როგორც საერთოდ ხდება, წვრილმანს ჰგავდა. ხომ მოგეხსენებათ, ადამიანები ხშირად უსიამოვნო წვრილმანებისაგან იტანჯებიან.
ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი. რაფაელი ხუთშაბათის მერე თვალით არ ენახა.
ლოლომ კიდევ ერთი სპილენძის გალია დაამტვრია, ტელეფონის ფული და სახლის ქირა გადასახდელი იყო.
სწორედ ამ დროს გაზეთებში განცხადება გაჩნდა: მსურველებს შეუძლათ მშობლიური ფილმი დაურია ნახონ. ფილმს გაეროში ჩვენი მისიის ეგიდით აჩვენებენ. შესვლა უფასოა. იქნება შამპანური და ბუტერბროდები.
მუსიამ ფილმის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. ლევუშკა ნათესავებთან დატოვა.
პატარა, გრილი დარბაზი იყო. ფილმს მაინცდამაინც განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მოგეხსენებათ, სროლით, ერთმანეთის დევნითა და ბათქაბუთქით ამერიკელებს ვერავინ გააკვირვებს.
სამაგიეროდ ყველას არყითა და ბუტერბროდებით გაუმასპინძლდნენ.
მუსიას ორმოციოდე წლის საკმაოდ სიმპათიური კაცი მიუახლოვდა:
_ ოლეგ ვადიმოვიჩ ლოგინოვი.
ჯერ ფილმზე ილაპარაკეს, მერე ზოგადად ცხოვრებაზე.
ოლეგ ვადიმოვიჩმა სიძვირეზე მოიჩივლა, ასე თქვა, რაც კარგი და ხარისხიანია, ყველაფერს ცეცხლი ეკიდება. ამას წინათ ჩემს ბოსს ულტიმატუმი წავუყენე, ან მეტი გადამიხადე, ან სამსახურიდან წავალ-მეთქი.
_ ბოლოს ეს ამბავი რით დამთავრდა? _ ჰკითხა მარუსიამ.
_ კომპრომისით. ხელფასი, რა თქმა უნდა, არ მომიმატა, თუმცა მაინც სამსახურში დარჩენა გადავწყვიტე.
მუსიამ გაიცინა, ეს ოლეგ ვადიმოვიჩი ეტყობა მხიარული კაციაო, _ გაიფიქრა და ჰკითხა:
_ რატომაა, რომ ადამიანებს შორის პირქუში და უცხვირპირო უფრო მეტია, ვიდრე მხიარული?
ამაზე ლოგინოვმა ასე უპასუხა:
_ იმიტომ, რომ თავის მოჩვენება პირქუშებისათვის უფრო ადვილია.
მერე უცებ ეკითხება:
_ შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ?
_ ანუ?
_ მართალია ცოტა საჩოთირო კია, მაგრამ მინდა გკითხოთ _ როგორ მოხდა, პატივცემულო მარია ფეოდოროვნა, რომ ახლა დასავლეთში ხართ?
_ როგორ? როგორ და, ჩემი სისულელის გამო.
_ მამათქვენი სოლიდური ფიგურაა. დედა _ პასუხისმგებელი მუშაკი. თქვენ საკმაოდ კარგი ხელფასი გქონდათ, გარდა ამისა, ბოდიშს ვიხდი და, ყოველთვიური ალიმენტიც ასი მანეთი გამოგდიოდათ...
_ ბედნიერება მხოლოდ ფულში არ არის.
_ გეთანხმებით... მაინც რაშია? პოლიტიკისაგან შორს იყავით, ფული არ გაკლდათ, ხელგაშლილად, უზრუნველად ცხოვრობდით... ვთქვათ, ნათესავები მოგენატრათ, მაგრამ ასეთი შემოსავლით ხომ შეგეძლოთ იქ დაგეპატიჟათ?
_ არ ვიცი...
სულელი ვიყავი...
_ ამაშიც სრულიად გეთანხმებით. მიუხედავად ამისა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ კერძოდ, რის შესახებ?
_ როგორ აპირებთ მომავალში ცხოვრებას?
_ მოვახერხებ რაღაცას.
უცებ მარიას გაახსენდა:
_ არა, ამერიკას არ ვაგინებ, პირიქით, მომწონს კიდევაც.
_ რა თქმა უნდა, _ დაუდასტურა ამხანაგმა ლოგინოვმა, _ დიდი ქვეყანაა! მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ უცხონი ვართ!
მარუსიამ თავი თავაზიანად დაუქნია.
სიტყვა ჩვენ, რომელიც მას, ემიგრანტს, დიპლომატის გვერდით აყენებდა, სიამოვნებას ჰგვრიდა.
_ იქნებ უკან დაბრუნება მოვითხოვო, მოვიბოდიშო _ მაპატიეთ სულელსა და შეუგნებელს-მეთქი.
ლოგინოვი ერთხანს ჩაფიქრდა, მერე გაიცინა და თქვა:
_ პატიება, მარია ფეოდოროვნა, უნდა დაიმსახუროთ...
მარუსია ადგა, კაბა ჩამოიფერთხა. კვინს-ბულვარიდან მანქანების გუგუნი ისმოდა. სახლის სახურავებზე ჩამავალი მზის სხივები ბრწყინავდა, პრესვიტერიანული კოშკურების ჩრდილში ქინქლი ღრუბელივით ირეოდა.
მეც წამოვდექი.
მაინც რით დამთავრდა ის ამბავი-მეთქი? _ ვკითხე.
იმათ თვითონ დამირეკესო.
ვინ იმათ-მეთქი?
საბჭოთა საელჩოდან ვიღაც ორმა ტიპმაო.
წავიდეთ, გზადაგზა მომიყვები, სადმე იქნებ ყავაც დავლიოთ-მეთქი, _ ვუთხარი.
მარუსია გაბრაზდა:
_ კისელიც ხომ არ გინდა შემომთავაზო?
თავი სამოცდამეათე ქუჩაზე მდებარე ბარში ამოვყავით. მუსიკას გრიალი გაჰქონდა.
გზის იქით მექსიკელებთან ფეხით მოგვიწია წასვლამ.
_ მერე? მერე რა მოხდა-მეთქი? _ ვკითხე.
მუსია ლოგინოვს გამოემშვიდობა. ეგონა, გამაცილებსო, თურმე მოემზადა კიდევაც სათანადო პასუხის გასაცემად, მაგრამ ოლეგ ვადიმოვიჩს უთქვამს, თუ გნებავთ, დაგირეკავთო.
მარუსიას უფიქრია, ალბათ, თავისი უფროსების ეშინია, ანდა ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდაო.
შინ მიმავალი მთელი ერთი საათი თურმე საკუთარ თავს ყოვლად უსარგებლო გულახდილობისთვის კიცხავდა, სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი ახლა აბსურდულად ეჩვენებოდა, წუხდა, ვაითუ ციხეში ჩამსვან, მონანიება ანდა ამერიკის ლანძღვა მაიძულონო, რაც აქ არაფერ შუაში იყო...
გავიდა სამი დღე. ის სულელური საუბარი მარუსიას უკვე დაავიწყდა კიდევაც. როგორც ყოველთვის, კარგა დიდი ხნის შემდეგ რაფაც კმაყოფილი და ბედნიერი გამოეცხადა _ საქმეზე ვიყავი კანადაში, ამას წინათ სიჩუმის შეგროვების კორპორაცია დავაარსე, რომლის ხელმძღვანელიც, რა თქმა უნდა, მე ვარო.
_ რაო, რაო? _ ჰკითხა მარუსიამ, _ რის კორპორაცია?
_ სიჩუმის.
_ ოო, ეს რაღაც ახალია!
რაფაელი უკვე ყვიროდა:
_ მილიონებს ვიშოვი, აი ნახავ! მილიონებს!..
_ შესანიშნავია... სწორედ ახლა გადასახადის ქვითრები მოიტანეს.
_ მომისმინე, ჩვენს ცხოვრებაში ჰაერი დღეს ხმაურით არის გაჯერებული, ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა, ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს, ადამიანები ნერვიულები და ბრაზიანები გახდნენ. ადამიანს სიჩუმე და სიმშვიდე სჭირდება. და აი, ჩვენც მოვაგროვებთ და შევინახავთ სიჩუმეს, მერე კი გავყიდით...
_ წონით? _ ჰკითხა მარუსიამ.
_ რატომ წონით? კასეტებით...
თან დავნომრავთ. ვთქვათ, სიჩუმე ნომერი ერთი _ განთიადი მთაში... სიჩუმე ნომერი ხუთი _ სასიყვარულო მოდუნება... ნომერი ცხრა _ სიჩუმე გაფუჭებული მიწახაპიასი... ნომერი ორმოცი _ სიჩუმე საავიაციო კატასტროფიდან ერთი წუთის შემდეგ, ა.შ. და ა.შ.
_ სასწრაფოდ ტელეფონის ფულია გადასახდელი, _ უთხრა მარუსიამ.
რაფამ ბოლომდე არც კი მოუსმინა და ლუდის მოსატანად წავიდა.
სწორედ ამ დროს მუსიას ტელეფონზე დაურეკეს.
_ საბჭოთა საელჩოდან გირეკავთ, _ თქვა ყურმილში ვიღაცამ ჩაგუდული ხმით.
მერე ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა.
_ ალო! გინდათ შეგხვდეთ? _ გაისმა იგივე ხმა.
_ კი მაგრამ სად?
_ სადაც გნებავთ... სადმე ხალხმრავალ ადგილას.
რესტორანი შანხაი გაწყობთ? ლექსინგტონზე, ხუთშაბათს, ზუსტად სამ საათზე.
_ როგორ გიცნოთ?
_ არც როგორ... ჩვენ თვითონ გიცნობთ. თქვენ შესახებ ოლეგ ვადიმოვიჩმა ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდა. გთხოვთ, არ დაიგვიანოთ. იცოდეთ, ამისთვის საგანგებოდ ვაშინგტონიდან უნდა ჩამოვფრინდეთ.
_ დიახ, უსათუოდ მოვალ, _ თქვა მარუსიამ.
და გაიფიქრა: აქ თაყვანისმცემლებს მეტროში ერთი დოლარის დახარჯვა ენანებათ, ესენი კი საგანგებოდ ვაშინგტონიდან ჩამოდიან. წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო...
ზუსტად სამ საათზე ის უკვე ლექსინგტონზე იყო. რესტორანთან ორნი უკვე ელოდნენ: ერთი _ საკმაოდ ახალგაზრდა, მაისურიანი, მეორე _ ჰალსტუხიანი და მასზე ათიოდე წლით უფროსი.
_ ბალუევი, _ გაეცნო ჰალსტუხიანი.
_ ჟორა, _ გაუწოდა ხელი ახალგაზრდამ.
რესტორანში სივიწროვე იყო, თუმცა ლანჩი უკვე კარგა ხნის დამთავრებული გახლდათ. ისმოდა კონდიციონერების გუგუნი. ახალგაზრდა ჩინელმა ქალმა ისინი ფანჯრის წინ მაგიდასთან მიაცილა და თითოეულს იისფერ გარეკანზე დრაკონისგამოსახულებიანი მენიუ დაუტოვა. ჟორა კითხვაში გაერთო.
ბალუევმა მენიუს დახედა და ჩინელ ოფიციანტ ქალს ცივად უთხრა:
_ მე _ როგორც ყოველთვის...
_ მე არ მშია, _ თქვა მარუსიამ.
_ ნება თქვენია, _ არ შეპატიჟებია ბალუევი.
ჟორა აღშფოთდა:
_ გულს გვტკენ, დედიკო! კონფრონტაციაზე მიდიხარ! ესე იგი, საერთაშორისო დაძაბულობის კერას ქმნი!.. რატომ?.. მოდი, მოვილაპარაკოთ!... კონსტრუქციული, საქმიანი გარემო შევიქმნათ...
უცებ ბალუევმა გაღიზიანებულმა იყვირა:
_ გაჩუმდით!
მარუსიას თეატრის განცდა გაუჩნდა, სანახაობის, ესტრადის ციებ-ცხელების განცდა.
ჟორა მხიარული, თამამი და გულღია იყო, ბალუევი პირიქით _ პირქუში, მკაცრი და სიტყვაძუნწი.
ამასთან, მათ შორის, ისე, როგორც ცირკში, ერთსულოვნება სუფევდა.
ჟორა ამბობდა:
_ სულით ნუ დაეცემი, დედი! ყველაფერი ჩინებულად იქნება! უღარიბესი ფენები დაგეხმარებიან! დასავლეთი განწირულია!..
ბალუევმა შუბლი უკმაყოფილოდ შეიკრა:
_ არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მარია ფეოდოროვნა. ასეთ საქმეში გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მოსკოვი იღებს. თუმცა ბევრი რამ ჩვენზე, ჩვენს რეკომენდაციაზეც არის დამოკიდებული...
ჩინელმა ჩაი მოიტანა, თავი ოდნავ დაუკრათ და უხმაუროდ გაეცალათ. ჟორამ მიაძახა:
_ აბა შენ იცი!
ბოლოს ბალუევმა, როგორც იქნა, თავი დააქნია:
_ მოჰყევით.
_ რა?
_ ყველაფერი.
_ რა უნდა მოვყვე? მატერიალურად არაფერი მაკლდა. ჩემი აქ წამოსვლა სისულელე იყო. მინდა გამოვასწორო ჩემი სულელური საქციელი, თუნდაც ეს თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს...
ჟორა ისევ აღშფოთდა:
_ მორჩი, დედი! ახლა ციხეში ვიღას სვამენ?! ახლა ციხეში რომ ჩაგსვან, ან შპიონი უნდა იყო, ან რაღაც უარესი...
ბალუევმა მკაცრად დააზუსტა:
_ არსებობს გამონაკლისებიც.
_ მხოლოდ პოლიციელებისთვის!... მარია ფეოდოროვნას კი, უბრალოდ, შეუგნებლობით მოუვიდა.
_ მოკლედ, ასეა! _ თქვა უხალისოდ ბალუევმა, _ პატიება კი უნდა დაიმსახუროთ.
თუ როგორ, ამაზე მერე ვილაპარაკოთ.
_ ვაშინგტონში უნდა ჩამოვიდე?
_ რაც მალე ჩამოხვალთ, უკეთესია. ორშაბათს გელოდებით, ასე, ექვს საათამდე, ოღონდ მისამართი ჩაიწერეთ.
_ მოდი, ახლა სურათი გადავიღოთ, ცხადია, არა ოქმისათვის!
თქვა ჟორამ და ჯიბიდან ფოტოაპარატი ამოიღო.
ბალუევმა მარუსიასკენ ოდნავ მიიწია. ოფიციანტი რამდენიმე ნაბიჯზე ოხშივარავარდნილი ლანგრით ხელში გაირინდა.
ნეტავი ეს ფოტოსურათი რაღაში სჭირდებათ? _ ფიქრობდა მარუსია, _ იქნებ სამხილად? წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის დასტურად? რატომ? ან უნდა წავიდე კი იმ ოხერ საელჩოში?.. _ მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, რომ უსათუოდ წავიდოდა თუნდაც ინტერესისათვის...
მუსია ვაშინგტონში დილის ექვს საათზე ამტრაკეტით გაემგზავრა. ფანჯრიდან დილის პეიზაჟი კრთოდა _ მდინარეები... წარაფები _ გაიელვებდა წუთით ნახატივით და გაქრებოდა. ეს ბუნება კი არა, მთელი ცივილიზაციაა... _ ფიქრობდა მარუსია.
მერე მთელი ერთი საათი ვაშინგტონის ქუჩებში იხეტიალა: განსაკუთრებული არაფერი, თუ რამ თვალში გეცემა, მხოლოდ სამშენებლო ხარაჩოებია...
განცალკევებით მდგარი საელჩოს შენობა მწვანეში იყო ჩაფლული.
მარუსია მოხურული კარის წინ შეჩერდა და ღილაკს ხელი დააჭირა.
ვესტიბიული.
ვესტიბიულში, მოპირდაპირე კედელზე _ გერბი და ტელემოწყობილობა...
_ დაელოდეთ.
მაგიდაზე _ ჟურნალ ოგონიოკის ნომრები, დივანი, ნაცნობი პორტრეტები, ხავერდის შტორები, მაცივარი...
ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. სამივენი ერთად გამოვიდნენ _ ჟორა, თავად ბალუევი და კიდევ ვიღაც სათვალიანი აუტანელი ტიპი (სახე თეთრეულზე დაკერებულ ღილს უგავდაო, _ იგონებდა შემდეგში მარუსია).
მერე რამდენიმე წუთმა უაზრო ფორმალობაში ჩაიარა:
_ დაიღალეთ?.. როგორ იმგზავრეთ?.. გნებავთ პეპსი-კოლა?..
ამის შემდეგ ბალუევმა ის ვიღაც სათვალიანი ტიპი გააცნო:
_ გორდეი ბორისოვიჩ კოკორევი.
_ ჩვენ მას გორდეი ბორისოვიჩს კი არა, კაგებეს ვეძახით, _ დასძინა ჟორამ.
_ მოდი, შევაჯამოთ ფაქტები. გთხოვთ, მომისმინოთ: ვინმე მარია ტატაროვიჩი ჯერ სამშობლოს ტოვებს, მერე იგივე მარია ტატაროვიჩი უკან დაბრუნებას ითხოვს. იქმნება განცდა, ზოგიერთებისთვის სამშობლო თითქოს რაღაც ცვალებადი სიდიდეა.
მინდა _ წავალ, მინდა _ დავბრუნდები. თითქოს სამშობლო კი არა, გასტრონომი ან ბაზარი იყოს. სინამდვილეში კი, ბოდიში მომიხდია და, ეს მხოლოდ ღალატია, დანაშაულია და, მაშასადამე, უნდა გამოისყიდო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მოქალაქე ტატაროვიჩო, დაგაბრუნებთ უკან თუ არა. გაითვალისწინეთ, გადაწყვეტილების მიღებისას ამ შემთხვევაშიც უსაზღვრო ლმობიერების გამოჩენა მოგვიწევს. სოციალისტურ ჰუმანიზმსაც ხომ აქვს საზღვარი!..
_ რა თქმა უნდა, აქვს! _ კვერი დაუკრა ჟორამ.
ჩამოდგა სიჩუმე. სიჩუმეს მხოლოდ კონდიციონერების ბუბუნი და მაცივრის ხმა არღვევდა.
მარუსიამ მორიდებულად იკითხა:
_ მაინც რას მირჩევთ?
კოკორევმა ერთხანს შეიცადა და უთხრა:
_ რას, მარია ფეოდოროვნა, და უნდა დაწეროთ.
_ რა?
_ სტატია, შენიშვნა ან რაღაც ამდაგვარი.
_ მე? რაზე?
_ ყველაფერზე! ყველაფერი დეტალურად აღწერეთ, როგორ კარგად და უზრუნველად ცხოვრობდით, როგორ იმოქმედა თქვენზე ცეხნოვიცერის საუბრებმა და ამის შემდეგ მცდარი ნაბიჯი როგორ გადადგით...
გასაგებია?.. მოკლედ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები.
_ მერედა სად არის?
_ რა სად არის?
_ რა და, აზრები.
_ აზრებს მე მოგაწვდით, _ ჩაერთო ჟორა.
_ აზრები პრობლემა არ არის, _ დაეთანხმა კოკორევი.
_ ზოგს აზრები გააჩნია, ზოგს _ თანამოაზრეები, _ შენიშნა მოულოდნელად ბალუევმა.
_ კარგი, _ თქვა მარუსიამ, _ ვთქვათ, ყველაფერს მოვყევი, მერე? მერე რა იქნება?
_ მერე ჩვენ ამ ყველაფერს დავბეჭდავთ. თქვენი ამბავი სხვებისთვის გაკვეთილი იქნება.
_ ვინ დაბეჭდავს? _ იკითხა მუსიამ.
_ გამოჩნდება ვინმე. რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციით... თუნდაც ლიტერატურნაია გაზეტა.
_ ან ნიუ-იორკ ტაიმსი, _ თქვა ჟორამ.
_ მე ხომ წერაც არ შემიძლია.
_ ძალიანაც შეგიძლიათ. ეს ხომ ლექსი არ არის... აქ მთავარი ფაქტებია.
თუ საჭირო გახდა, რედაქციას გავუკეთებთ.
_ მომისმინე, დედი, _ დაიწმაწნა ჟორა, _ კარგი, რა, დათანხმდი, სული ნუ ამოგვხადე.
_ მაშინ დოვლატოვს ვთხოვ, _ თქვა მარუსიამ.
_ ვის? _ ჩაეკითხა კოკორევი.
_ თქვენ რა, დოვლატოვს არ იცნობთ?! ნამდვილი ტურგენევივით წერს, შეიძლება უკეთესადაც!
_ თუ ტურგენევივით, ძალიან კარგი... _ ეს ბალუევი იყო.
_ იმოქმედეთ, _ გზა დაულოცა კოკორევმა.
_ ვეცდები... _ თქვა მარუსიამ.
ბარში მე, მარუსია, ვიღაც მთვრალი თავის ფოქსტერიერთან ერთად და ფიქრებში წასული ან იქნებ ნარკოტიკებისაგან გაბრუებული შავი ქალიშვილი დავრჩით.
_ მიდით, გაუმასპინძლდით ამ შავ ქალიშვილს შამპანურით, _ მითხრა უცებ მარუსიამ.
_ შამპანურს თუ ინებებთ? _ ვკითხე ქალიშვილს.
ქალიშვილმა გაოცებულმა შემომხედა _ მე ხომ მარტო არ ვიყავი! მერე შეტრიალდა და ზურგი შეგვაქცია.
ეტყობა, არ მოეწონა ჩემი საქციელი, უცნაურად ეჩვენა. ისიც კი შეამოწმა, იყო თუ არა ადგილზე მისი ყავისფერი ჩანთა.
_ რა სჭირს? _ მკითხა მარუსიამ.
_ თავი ლენინგრადში ხომ არ გგონია-მეთქი, _ ვეუბნები.
მერე გარეთ, წვიმაში გავედით. სველ ქუჩაზე მანქანები შხაპაშხუპით ისე ჩაგვისრიალებდნენ, როგორც წყალქვეშა ნავები.
აცივდა. ტაქსის დაჭერა მხოლოდ სინაგოგასთან მოვახერხეთ.
ძველ, დროგასულ ჩეკერში ნესტიანი ტანსაცმლის სუნი იდგა.
_ წასვლა ნამდვილად გადაწყვიტე?
ვეკითხები მარუსიას.
_ ისე ჩავჯდებოდი თვითმფრინავში, წუთითაც არ დავიქრდებოდი. ოღონდ ახლავე, ყოველგვარი ამ სულელური საუბრების გარეშე.
_ სტატიაზე რას ფიქრობ?
_ რა თქმა უნდა, არაფერს. დედასაც კი წერილს წელიწადში ერთხელ ვწერ, ისიც შეცდომებით. აი შენ რომ დამხმარებოდი...
_ სხვას რას მიბრძანებ?! რაში მჭირდება ზედმეტი თავსატეხი? ერთიც ვნახოთ, უცებ თავი ციხეში გიკრან, მაშინ?
_ ჯანდაბას, მიკრავენ და მიკრან! _ მოიწია ჩემკენ მარუსიამ.
და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი იმართება:
_ სხვათა შორის, ხელი აიღე აქედან.
_ დიდი ამბავი! _ მპასუხობს მარუსია.
_ ტაქსში სიყვარულობია, ბოდიში და, ჩემი საქმე არ არის.
_ ისე, რუსული ცოტა-ცოტა მეც მესმის, _ ჩაერთო ჩვენს საუბარში მძღოლი.
_ ღმერთო ჩემო! აქ ყველა პირდაპირ ჭკუით არის გაპენტილი! _ თქვა მუსიამ და გვერდზე გაიწია.
უცებ თვალი მძღოლის მუხლებზე რუსულ გაზეთს მოვკარი. დამწვარია ლიბიის ტანკერი... შულცის შეხვედრა ანტისანდინისტების ლიდერებთან... ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე...
ბრონისლავ რაზუდალოვის მომავალი გასტროლები... _ ვკითხულობ სათაურებს ანგარიშმიუცემლად.
არა, ეს შეუძლებელია! _ ვამბობ გუნებაში და ერთხელ კიდევ ვკითხულობ:
ბრონისლავ რაზუდალოვის გასტროლები ანსამბლის თანხლებით. ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ფილადელფია, დეტროიტი...
_ თუ შეიძლება, ერთი წუთით გაზეთი მათხოვეთ, _ ვეუბნები მძღოლს.
_ რა წერია? რეიგანს დაესხნენ თავს? ბრძოლა გამოუცხადეს ბოლშევიკებს? _ ამბობს მარუსია.
_ აჰა, წაიკითხე-მეთქი, _ ვეუბნები.
და მესმის:
_ ღმერთო ჩემო! ესღა მაკლდა!..
ოპერაცია სიმღერა
რაზუდალოვის გასტროლები სამ კვირას უნდა გაგრძელებულიყო.
განრიგის მიხედვით კონცერტები თექვსმეტში ბრუკლინიდან იწყებოდა და კვინსში გრძელდებოდა. მერე ჩიკაგოში, ფილადელფიაში, დეტროიტსა და, მგონი, ტორენტოში.
აფიშაზე ეწერა:
სიმღერა ადამიანთა გულებში რჩება.
წარწერის ქვემოთ თავს მწვანე ხავერდისპიჯაკიანი მამაკაცი იწონებდა და რატომღაც ადრე მობერებულ ჭაბუკს ჰგავდა. ასეთი სახეები ომის შემდგომი ორწლიანების მიხედვით დამახსომდა _ უტიფარი, დაუდევარი და გაბედული. მამაკაცი დათავთავებული პურის ყანისა თუ ჭვავის, შეიძლება ქერის მინდვრების ფონზე იყო გადაღებული.
ჩვენს რაიონშიც რაზუდალოვის უამრავი აფიშა გაჩნდა.
ზიამა პივოვაროვის მარტო ერთ მაღაზიაზე სამი აფიშა იყო გაკრული _ სალაროსთან, კარზე და საათის ქვეშ.
ჩვენი ემიგრანტები ძალიან დაინტერესდნენ. ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ მარუსიას ბავშვი რაზუდალოვისაგან ჰყავდა, რომ ის ცნობილი საბჭოთა მომღერლის ყოფილი მეუღლე იყო... და რომ რაზუდალოვისა და მუსიას შეხვედრა დრამატიზმით იქნებოდა აღსავსე.
რომ თავად ის ლაურეატი, საბჭოთა ხელოვნების ვარსკვლავი, ცენტრალური კომიტეტის წევრია, მისი ყოფილი ცოლი კი _ ველფერის ზნედაცემული ქალი.
შეხვდებოდა კი პარტიის წევრი რაზუდალოვი მარუსიას? მოვიდოდა კი ის ჩვენთან რაიონში? ანდა რა გუნებაზე დააყენებდა ეს რაფაელს?
მოკლედ, ყველანი დრამატული ამბების მოლოდინში ვიყავით.
და აი, გაზეთმა ერთი ასეთი სტატია დაბეჭდა: დივერსანტი მიკროფონთან, სადაც ავტორი რაზუდალოვს _ +კრემლის ტოროლას, ხოლო მის გასტროლებს პოლიტიკურ დესანტს უწოდებდა.
მაინც რაზე მღერის გავლით ჩამოსული გასტროლიორი, ამხანაგი რაზუდალოვი? _ გაოცებული კითხულობდა სტატიის ავტორი, _ ებრაელი ხალხის ტრაგედიაზე? ციხეში გატანჯულ ირინა რატუშინსკაიაზე? ბოლშევიკების მიერ განადგურებულ ეკონომიკაზე? იქნებ სადამსჯელო ფსიქიატრიაზე?
არა!
ის სხვა ჰიმნებს თხზავს, ჰიმნს სამშობლოს საკეთილდღეო შრომაზე... ყბადაღებულ მეგობრობაზე... ეგრეთ წოდებულ სიყვარულზე...
ყველაფერ ამას კი დირიჟორობას უშიშროების კომიტეტი უწევს!
ვითომ რაში გვჭირდება ლუბიანკიდან მოვლენილი გასტროლიორი? ვინ დგას ამის უკან? რა მიზნისთვის გამოიყენება მის მიერ გამომუშავებული ვალუტა? _ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სტატიას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. ყოველდღე ახალ-ახალი მასალა იბეჭდებოდა, დისკუსიებს, რომლებშიც ყველაზე სახელოვანი ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, ბოლო არ უჩანდა.
ერთნი კონცერტების ბოიკოტირებას მოითხოვდნენ მკაცრად, მეორენი ფიქრობდნენ _ რატომაც არა, ვისაც სურვილი აქვს, ჩამოვიდეს, ხომ მივირთმევთ რუსულ ხიზილალას? ხომ ვკითხულობთ რასპუტინსა და ბელოვს?..
ყველაზე მკაცრი პუბლიცისტი ზარეცკი აღმოჩნდა, იგი რაზუდალოვის გატაცებას და სახაროვზე ან რატუშინსკაიაზე გაცვლას ითხოვდა.
ზარეცკის მხარს ქორები უჭერდნენ, რომლებიც ბოლოს უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. ხმა დაირხა, საკონცერტო დარბაზში ბომბს დადებენ, შესასვლელში პატრული იმორიგევებს, შედარებით აქტიურ მაყურებელს პროგრამის მერვე ნაწილის მოსმენის საშუალებას არ მისცემენ, გასტროლების ორგანიზატორის დეპორტირებას მოახდენენო.
ავდექი და მარუსიას დავურეკე:
_ მიდიხარ?
_ სად?
_ რაზუდალოვის საღამოზე.
_ ჰო, წავალ ყველა ამ დემოკრატიისათვის ჭკუაზე შეშლილი მებრძოლის ჯინაზე! შენ?
_ მართალი გითხრა, საბჭოეთში ესტრადის მიმართ გულგრილი ვიყავი.
_ ისე ლაპარაკობ, თითქოს ფილარმონიიდან ცხვირი არ გამოგიყვია...
მერე მომიყვა:
კონცერტმა ნორმალურად ჩაიარა.
დარბაზში სამი თუ ოთხი ხულიგანი გამოჩნდა. ზარეცკის ხელში ასეთწარწერიანი პლაკატი ეჭირა: გაათავისუფლეთ ციმერმანი! როცა ჰკითხეს, ციმერმანი ვინ იყო, ასე უპასუხა:
_ ეს ის კაცია, ვინც ციხეში გაუპატიურების გამო ზის.
_ სად, მოსკოვში?
_ არა, ჰარტფორდთან, ქალაქის ციხეში...
დარბაზიდან რაზუდალოვს უყვიროდნენ:
რატომ არ მიდიხარ ემიგრანტად ისრაელში?
რაზუდალოვი პასუხობდა:
მე, ძმებო, ებრაელი არა ვარ, რისთვისაც, მერწმუნეთ, დიდ ბოდიშს ვიხდი...
_ თვითონ ის ცოტა მოტეხილი და მობერებული მეჩვენა, _ ამბობდა მარუსია, _ ისევ იმ ძველ სიმღერებს მღერის, თუმცა ისევ ზარივით ხმა აქვს... მე ის ჯერ ისევ მიყვარს, ჩვენ ორივე კი რუსულ ბუნებას ვაღმერთებთ...
მერე პოლიტიკაზე შეკითხვები დააყარეს. მაგალითად, ერთი ეკითხება:
_ არის მარსზე სიცოცხლე?
ბრონკა პასუხობს:
_ აბა რა!
_ ესე იგი, იქ ჩვენნაირი ადამიანებიც არიან?
_ რა თქმა უნდა.
_ მაშინ ასე თავგზას რატომ გვიბნევენ? უცებ დაეშვება თეფში, აგვახმაურებს და ისევ თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდება... რატომ გაურბიან კონტაქტებს?
ბორია ამბობს:
_ იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან...
ბოლოს ეს ლექსი წაიკითხა, ასე თქვა, საკუთარიაო:
ეჰ, სურვილი აქვს მაშას,
გაიგოს მანქანის წყობა,
ეჰ, სურვილი აქვს საშას,
გაიგოს მაშას გუნება-განწყობა.
მოკლედ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ტაშს უკრავდნენ, შეკითხვებს აძლევდნენ... ისიც კი ჰკითხეს, მალე აშენდება თუ არა რუსეთში კომუნიზმიო.
ამაზე ბრონკამ უპასუხა:
_ პარდონ, მაგრამ ძალიან ნუ ვიჩქარებთ, მოდი, ჯერ იმაში გავერკვეთ, რაც არის...
ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მარუსია გაჩუმდა.
_ შეხვდი-მეთქი? _ ვკითხე.
_ ჰო, შევხვდიო.
_ მერე-მეთქი?
_ ისე, არაფერი... მაინც რას ელოდი, რა უნდა ყოფილიყოო?
კაცმა რომ თქვას, მართლაც რას ველოდი, რა უნდა ყოფილიყო?..
კონცერტი თორმეტ საათზე დამთავრდა. მუსია და ლევა ესტრადასთან ახლოს დადგნენ. რაფაელს თავი კორექტულად ეჭირა, ის კი არა, მაშინვე სასმლის მოსატანად გაიქცა.
ხალხი დარბაზს არ ტოვებდა. რაზუდალოვი გამოვიდოდა, ხალხს თავს დაუკრავდა და უკუსვლით სცენიდან გავიდოდა.
ბოლოს, ეტყობა, დაიღალა. თეთრ ქრიზანთემებსა და გლადიოლუსებში სახე არ უჩანდა.
მაყურებელი კი არ ცხრებოდა, ბიის, ბიის... _ გაიძახოდა და ტაშს უკრავდა და უკრავდა.
აღელვებულმა მომღერალმა წონასწორობა დაკარგა, ის სიმღერა წამოიწყო, რომელიც საბჭოთა ცენზურისაგან, როგორც უხამსი, აკრძალული ჰქონდა: შენი ბაგიდან მინდა შევსვა ტკბილი ნექტარი...
მუსიამ ბოლომდე არ მოუსმინა და ოთხად გაკეცილი ბარათით ხელში კიდევ უფრო წინ გაძვრა.
ჩემი ნახვა თუ გინდა, დამირეკე. მარია, _ ეწერა ბარათში.
მარუსიამ დაინახა, რაზუდალოვმა ბარათი ჰაერშივე როგორ აიტაცა და მისმა მოძრაობამ იმ ოფიციანტის მოძრაობა გაახსენა, რომელიც სტუმრისგან აღებული წვრილმანი გასამრჯელოს დამალვას საგულდაგულოდ ცდილობს. ოღონდ სამწუხარო ის იყო, რომ რაზუდალოვმა ხალხში მარუსიას სახე ვერ გაარჩია.
ამით მომღერლის გამოსვლა დამთავრდა, მაგრამ ლევუშკაზე ხელჩავლებული მარუსია უკვე წვიმაში მიაბიჯებდა.
ხედავს, რაფაელი მანქანაში ზის და ელოდება. მანქანასთან მივიდა და თვითონაც რაფას გვერდით დაჯდა.
რაფა ეუბნება:
_ გელოდებოდი და ლამის ვტიროდი.
_ ეგღა მაკლდა.
_ მეგონა, იმ რუსთან ერთად წახვიდოდი.
_ რომ წავსულიყავი, თუთიყუშს ვის დავუტოვებდი?
_ ისე, საუცხოოდ მღერის...
_ ვინ, ლოლო?
_ ლოლო კი არა, აი ის რუსი. მაგას შეეძლო, აქ ლენონიც შეეცვალა, პრესლიც.
_ ჰო, რა თქმა უნდა... ოღონდ _ მათთან ერთად რომ მომკვდარიყო...
ამ დროს შენობიდან რაზუდალოვი და ორკესტრის წევრები გამოვიდნენ.
ორი მანქანა მათ უკვე ელოდათ _ ლურჯი ლიმუზინი და ცისფერი მიკროავტობუსი.
რაზუდალოვი შეცბუნებული და შეფიქრიანებული ჩანდა. მარუსიას მოეჩვენა, რომ ვიღაცას ეძებდა. მერე თაყვანისმცემლებს რაღაც უაზროდ უპასუხა. თუმცა პასუხი მათ კი არა, თურმე საელჩოდან მოსულ ახალგაზრდებს ეკუთვნოდა. მარუსიამ ისიც კი გაიფიქრა, მიკროავტობუსში საჭესთან ნეტავი ჟორა ხომ არ ზისო? არ იცოდა, რამდენად ჭკვიანური შეიძლებოდა ყოფილიყო, ბავშვს ხელს თუ ჩაავლებდა და ყველას თვალწინ საბჭოთა არტისტს მოურიდებლად მიეჭრებოდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ არ ღირდა მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება _ თუ მოუნდება, თვითონ დარეკავსო, _ გაიფიქრა.
_ ხედავ იმ ჩაფიქრებულ ძიას ყვავილებით ხელში? იცი, ვინ არის? _ ჰკითხა მარუსიამ ლევას.
მაგრამ რაფაელ ჩიკორელო გონზალესის კალთაში თავწარგულ ბავშვს უკვე ეძინა.
_ წავედით შინ, _ თქვა მარუსიამ.
რაზუდალოვმა ღამის პირველ საათზე სასტუმროდან დაურეკა. მაშა!..
მაშა!.. _ გაიმეორა ოცჯერ მაინც და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ჩამქრალი, აკანკალებული ხმით:
_ გაგვაფრთხილეს... თუ ვინმე დარჩენას დააპირებს, უკან ჩვენ თვითონ ვუკრავთ თავსო...
მარუსია გაოცდა:
_ მერედა შენ დარჩენას აპირებ?
_ არა, რას ამბობ, ღმერთმა დამიფაროს! _ დაფრთხა რაზუდალოვი, _ მე ხომ ცენტრალური კომიტეტის წევრი ვარ... რას შვრები, როგორ ხარ?
_ ნორმალურად. ლევუშკა ჯანმრთელი, მშვენიერი, საღ-სალამათი ბიჭია...
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. ერთი წამის შემდეგ კი:
_ აჰ, ლევა!..
მახსოვს... ბავშვი, ჩემი შვილი... რა თქმა უნდა, მახსოვს... ქერა, პატარა ბიჭუნა... როგორ არის? _ ამბობს რაზუდალოვი.
_ კარგად...
_ დადის სკოლაში?
_ რა თქმა უნდა... საბავშვო ბაღში.
_ შესანიშნავია... შენ?
_ რა _ მე?
_ როგორა ხარ?
_ ხან ისე, ხან ასე.
_ არ გათხოვდი?
_ არა.
_ მშობლები ხომ ჯანმრთელად არიან?
_ ეს შენ უკეთესად უნდა იცოდე.
_ ჰო, რა თქმა უნდა...
მგონი, კარგად უნდა იყვნენ... რატომაც არა!.. განსაკუთრებით მამიკო... მე ისინი წელიწად-ნახევარია არ მინახავს.
_ დაახლოებით მეც ასე... შენ? შენ როგორღა ხარ?
_ არა მიშავს. ვმღერი... ლაურეატი ვარ...
კუჭის წყლული ავიკიდე...
_ რაში გჭირდებოდა?
_ რა?
_ ვიხუმრე... ცოლი ხომ არ ითხოვე?
_ ო, არა!.. მაპატიე და, ჰიმენეს კავშირი ჩემი საქმე არ არის. მით უმეტეს, ქალებს მხოლოდ სალაროს წიგნაკი აინტერესებთ... ჰო, მართლა, ალიმენტის საქმე როგორაა?
_ კეთილი... მოგონებებში გადავვარდით... მიჯობს, ის მითხარი, შევხვდებით თუ არა?
და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
ამასობაში რაფამ გაიღვიძა, ტუალეტისკენ ხმისამოუღებლად გასწია.
რაზუდალოვი ერთხანს დუმდა.
მერე უხალისოდ წარმოთქვა:
_ ისე, წინააღმდეგი არა ვარ. იცი, რა? აქ ოტელ რომში კაფეა, მარიასი...
_ ეს იმას ნიშნავს, რომ მარიასთან ანუ მარუსიასთან შევხვდებით?
_ ამაღელვებელი დამთხვევაა... ხვალ აქ თერთმეტი საათისათვის მოდით, ფანჯრის წინ ჩაიარეთ, მე ფანჯარასთან ვიჯდები.
_ კარგი... _ თქვა მარუსიამ და გაიფიქრა:
ღმერთო ჩემო, ლაურეატი, დამსახურებული არტისტი, თანაც, ქვეყნად თუ რამ ორგანიზაცია არსებობს, ყველა ორგანიზაციის წევრი და, ხომ წარმოგიდგენია, შვილის ნახვის ეშინია!..
_ ხვალ თერთმეტ საათზე... ოცდამეთექვსმეტესა და ოცდამეჩვიდმეტეს კუთხეში...
_ შევთანხმდით... მომისმინე!
_ აბა?
_ რომ მიცნო, ლურჯ ბაფთას გავიკეთებ.
_ შევთანხმდით... რაო, რაო? მე შენ შესანიშნავად მახსოვხარ.
_ არ შეიძლება, გავიხუმრო?
_ გაითვალისწინე, შეცვლილი მეც ვარ.
_ ანუ?
_ კბილები ჩავისვი.
შუადღე.
ქალაქის ცენტრი. ჭრელი, ხმაურიანი მასა. კაფეებისა და მაღაზიების კარებთან ხალხის მორევი ტრიალებს. ისმის საყვირების გამკივანი ხმა, ვაჭრებისა და მოპატიჟეების გულისგამაწვრილებელი ყვირილი. მაყლებს კვამლი ასდის. ირგვლივ კარამელის სუნი დგას...
აი, ოცდამეთექვსმეტე და ოცდამეჩვიდმეტე ქუჩების გასაყარი. ბრეზენტის ფარდული.
პატარა სასტუმრო. კაფეტერიის გაფრიალებული ფანჯარა. ოდნავი ნიავი უბერავს და მაგიდაზე ქაღალდის ხელსახოცებს ათრთოლებს.
მაგიდასთან ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი ზის, აცვია საგულდაგულოდ დაუთოებული შარვალი და დილენსზე ნაყიდი მინის მძივებით მოქარგული ხალათი, წინ კრემლისგამოსახულებიანი პორტსიგარი უდევს. შეჭაღარავებული ბაკენბარდები ღაწვებზე გრძლად აქვს დაშვებული.
მენიუ გვერდზე გასწია _ ვალუტას უნდა გაუფრთხილდეო, _ გაიფიქრა, ყავა შეუკვეთა და ის იყო, საბჭოურ პაპიროსს მოუკიდა, რომ მასთან უნიფორმიანი ქალიშვილი მივიდა:
_ უკაცრავად, აქ ბალახის მოწევა არ შეიძლება, აქაურობა პოლიციელებითაა სავსე.
_ რა ბრძანეთ?!
_ აქ ბალახის მოწევა არ შეიძლება, გესმით, ბალახის!
მამაკაცი მაინცდამაინც კარგად არ ფლობს ინგლისურს, მაგრამ ხვდება, რომ მოწევა აქ აკრძალულია, თუმცა ირგვლივ პირიდან ბოლს ყველა ოთქლმავალივით უშვებს. არც კი დაფიქრებულა, პაპიროსი მაშინვე ჩააქრო, რომ განგსტერისა თუ ლამას ტანსაცმელში გამოწყობილმა ჩეჩოტკის მოცეკვავე ზანგმა თვალი მეგობრულად ჩაუკრა:
_ ძმაო, არ შეშინდე, მარიხუანა პროგრესის მამოძრავებელი ძრავაა!..
რაზუდალოვმა გაიღიმა და ფინჯანი აიღო...
საათის ისარი თერთმეტს უახლოვდება. უნივერმაღ გიმბლსის მინის უკან თეთრ, ძვირფას კაბაში გამოწყობილი ქალი და პატარა ლოყაგამობერილი ბიჭუნა დგანან (პირში ეტყობა კანფეტი უდევს). ბიჭუნა დედას ეხვეწება, არ ჩერდება:
_ დედა, წავიდეთ...
წავიდეთ, რა, დედა... მწყურია... წავიდეთ, დედიკო...
მარუსია კი რაზუდალოვს უყურებს და მშვიდად ფიქრობს:
საყვარელო ჩემო! ნეტავი რაში მჭირდება ეს ყველაფერი! შენ ხომ წიაღისეული ხარ, თანაც უსარგებლო...
მერე ლევუშკაზე ხელჩაკიდებული ფანჯარას თამამად ჩაუვლის. მათი მომავალი იქ არის, მოსახვევს იქით, ნიუ-იორკის ქუჩების ცივ, გულგრილ ფუსფუსში. წარსული კი უკნიდან გამოსცქერის და ოფიციანტს ანგარიშს უსწორებს.
წარსული შეჩერდება, ყოყმანობს, მერე ნაბიჯს კარისკენ გადმოდგამს, უნდა წამოვიდეს, დაეწიოს, მაგრამ ვერ ბედავს, ადგილზე იტკეპნება.
ამ დრამაში მესამეცაა _ ეს ღამენათევი, გამოუძინარი რაფაელია, ბავშვსა და მარუსიას იგი უკან მალულად, ჯიუტად დაჰყვება.
ღამით რაფაელს ტელეფონის ზარი აღვიძებს, აფორიაქებულია, ეშინია, ვაითუ იმ წყეულმა რუსმა მისი სიყვარული მოიპაროს.
და მარუსიას თვალს წუთითაც არ აშორებს.
სახეზე ტაიმსაფარებული მეტროთი მასთან ერთად მგზავრობს. სატვირთო მანქანის ძარაში იმალება.
ახლაც უკან შურისმაძიებლის, პატრონის, ეჭვიანი კაცის ფრთხილი ნაბიჯებით მისდევს.
შავი სათვალე მანჰეტენის შუადღის პაპანაქებისაგან იცავს. შლაპა სახლის გახურებული სახურავივითაა და აცხუნებს. სიცხისგან წითლად წამონთებული ღაწვები ავტომანქანის ბორტივით აქვს გამაგრებული.
აი, იგი კაფეს ფანჯრის ქვეშ მიაბიჯებს, მისი თვალები შემთხვევით რაზუდალოვის თვალებს შეხვდება და გაიფიქრებს:
რევოლუცია სამუდამოდ მოუღებს ბოლოს ექიმების, ადვოკატების, ცნობილი ადამიანების პარპაშს...
მის დანახვაზე რაზუდალოვიც თავის მხრივ გუნებაში ამბობს:
ეს რა სიფათი აქვს?!
და დასძენს:
კაპიტალიზმის კბილის ღრჭენა...
მუსიამ ლევუშკასთან ერთად ბოსტნეულის რიგს ჩაუარა, მაღაზია სტეიშენერთან ნაბიჯი ოდნავ შეანელა და მეტროს სადგურისკენ გაუხვია.
მის უკან რაფაელი მოუცილებელი კოშმარივით გადარეული მიაბიჯებს. სათვალესა და შლაპაში ნამდვილი კინობოროტმოქმედი გეგონება. ახმაურებულ ბრბოს იდაყვებით უთოსავით აქეთ-იქით სწევს _ მასში გორდა ხმლის სიცივე და პისტოლეტის სიმხურვალე ერწყმის ერთმანეთს.
ლევუშკა სანაყინე ჯიხურის წინ ჩერდება.
_ არა, გეყოფა, საკმარისია, _ ეუბნება მუსია.
_ დედიკო!
_ გეყოფა-მეთქი, გეუბნები! ხომ ჭამე დილას.
_ ის დიდი ხანია უკვე გადნა, _ ამბობს ლევუშკა.
მარუსიამ შვილს ხელი გაუწოდა და ბიჭუნამ ხელი უხალისოდ ჩაჰკიდა.
უცებ მათ ზემოთ მკაცრად, დამაჯერებლად გაისმა:
_ მარია, დამშვიდდი!.. ლეო, მოიწმინდე ცრემლები!..
მე გიყიდი.
და რაფაელმა (ეს, რა თქმა უნდა, რაფაელი იყო) ჯიბიდან ასდოლარიანი დაუდევრად დააძრო.
ორი წუთის შემდეგ ის უკვე ტაქსის ხმამაღლა ეძახდა:
_ ტაქსი!.. ტაქსი!..
დაიჭირეთ თუთიყუში
გავიდა დაახლოებით ათი წელი. პოლონეთში მოძრაობა სოლიდარობას საბოლოოდ მოუღეს ბოლო. სამხრეთ აფრიკაში შვედი დიპლომატი იენ ტორნჰოლმი შეჭამეს. ფილიპინებზე ვიღაცამ პარტიული ოპოზიციის მეთაურს ესროლა. მელიტოპოლთან თ9-129 დაიმტვრა. ჯერალდინ ფერაროს ქმარი თაღლითობაში დაადანაშაულეს.
ჩვენთან, რაიონში კი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა.
ფიმამ და ლორამ ბრაზილიაში იმოგზაურეს, ასე თქვეს, არ მოგვეწონაო.
ფოტოატელიეს პატრონმა ევსეი რუბინჩიკმა, ნაცვლად ახალი ტექნიკისა, ერდელტერიერი იყიდა. ლუმკუსმა ბაპტისტების შეკრებაზე ხმის მიცემისას მხარი იღრძო. ნათან ზარეცკიმ ადგილობრივი კლიმატი, დანკა როსას ტელეგადაცემა და საბვეის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა. ზიამა პივოვაროვმა მაღაზია დნეპრში ყავის აგრეგატი დააყენა. არკადი ლერნერის მიერ სეილერზე სამ დოლარად შეძენილი რკინის ვენტილატორი მოდერნისტ კირიკოს დაკარგული შედევრი აღმოჩნდა. ეფიმ გ. დრუკერმა თავის გამომცემლობას სახელი შეუცვალა და არაჩვეულებრივი წიგნი დაარქვა.
კარავაევმა მანქანის მართვის უფლებაჩამორთმეული ტერორისტისა და მძარცველის ბუენდიას დასაცავად სტატია დაწერა. ბარანოვმა, ესელევსკიმ და პერცოვიჩმა ლანჩონეტი თევზსაჭერ კატერში გაცვალეს.
მარუსიას ოქტომბრის შემდეგ აღარ დაურეკავს. ხმა დაირხა, რომელიღაც უხამს დაწესებულებაში მუშაობს, მგონი, პორნოგრაფიულ ფილმში იღებენო.
მე მას ერთი-ორჯერ დავურეკე, მაგრამ უშედეგოდ. გადაუხდელობის გამო ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გაკვირვებული ვფიქრობდი, სად პორნოგრაფია და სად სიღარიბე-მეთქი?!
ამბობდნენ, რაფაელის გარდა მუსიას კიდევ ხუთი საყვარელი ჰყავს, მათ შორის ერთი უშიშროების პოლკოვნიკი ბრძანდებაო. ყველაფერმა ამან ძალიან დამაეჭვა. ტელეფონის გარეშე, დარწმუნებული ვიყავი, ამგვარი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო.
იმასაც ამბობდნენ, მარუსია სამშობლოში აპირებს დაბრუნებას, უფრო მეტიც _ დიდი ხანია უკვე მოსკოვშია, ლუბიანკაში დაკითხვაზე ჰყავთო.
ჩვენი ქალები ამის გამო, როგორც წესი, ბრაზობდნენ.
ასე ამბობდნენ _ ნეტავი ეგ ვის რაში სჭირდება, ლუბიანკა მისთვის დიდი პატივიცააო.
ლაპარაკობდნენ რაფაელზეც. ამტკიცებდნენ, რომ ჰეროინითა და მარიხუანათი ვაჭრობდა, რომ უკვე მერამდენე წელია პოლიცია დასაჭერად დასდევდა, რომ ის ერთდროულად წვრილმანი ხულიგანიც იყო, კაი მაგარი განგსტერიც და ცხოვრებას ისიც ციხეში, ანუ აქაურ ლუბიანკაში, ესე იგი ალკატრასში (თუ, არ ვიცი, რას ეძახიან აქ მას) დაამთავრებდა.
იმ დროისთვის საქმეები მე არც ისე ცუდად მიმდიოდა. გამოვეცი ზონა ინგლისურ ენაზე, რადიო თავისუფლებაში გაიზარდა ჩემი ყოველდღიური გადაცემების დრო. ჩემი დამტვრეული კრაისლერი გაცილებით უკეთეს იმპალუთი შევცვალე. დავიწყე ფიქრი აგარაკის შეძენაზე. სხვათა ხელმოკლე მდგომარეობას, რა თქმა უნდა, განვიცდიდი, ოღონდ ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად. რას იზამ, ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება!
სულ უფრო ხშირად ვიმეორებდი:
ღირსეული ადამიანი ჩემს ასაკში საზოგადოებას კი არა, ღმერთს და ოჯახს უნდა ეკუთვნოდეს
და აი ერთ დღესაც ვხედავ, მარუსია რეკავს (როგორც ჩანს, გადაიხადა ტელეფონის ფული):
_ ნამდვილი კატასტროფაა!
_ რა იყო, რა მოხდა?
_ დაიღუპა, ყველაფერი დაიღუპა! ამას მე ვერ გადავიტან!..
_ რა იყო? რაფას დაემართა რამე? ლევუშკას? მითხარი, რა იყო, რა მოხდა!
მარუსია რომ ატირდა, შევშფოთდი:
_ მუსია, დამშვიდდი! რა იყო, რა მოგივიდა! ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!
_ ლოლო!
_ ო, ღმერთო! რა დაემართა!
მომხდარი უბედურებისაგან დამუნჯებულმა მარუსიამ თავს სძლია და დამარცვლით წარმოთქვა:
_ გაა-ფრინდა!..
როგორც გაირკვა, იმ საძაგელმა თუთიყუშმა კიდევ ერთი გალია გატეხა, გლადიოლუსებით სავსე ლარნაკი წააქცია, მარუსიას კოსმეტიკა მიფანტ-მოფანტა და სამზარეულოში ვანილიანი ნამცხვარი შესანსლა.
ბოლოს საპირფარეშოშიც შებრძანდა, სადაც ფანჯარა გაღებული იყო და იმ ღია ფანჯრიდან გაფრინდა.
რა უნდოდა, რამ აიძულა? დანაშაულის გრძნობამ? თავისუფლების სიყვარულმა? თავგადასავლების წყურვილმა? ვინ იცის, აბა თუთიყუშს რას გაუგებ!..
მარუსიას დამშვიდება დავუწყე:
_ დაბრუნდება, გესმის?..
მოშივდება და მოვა. უფრო სწორად _ მოფრინდება.
მუსია კი ტირის, არ ჩერდება:
_ არავითარ შემთხვევაში! ლოლო ისეთი ამაყია!.. ამას წინათ მე მას თავში გაზეთი ჩავარტყი...
და დასძენს:
_ ფორესტ-ჰილსში ის ერთადერთი მამაკაცი იყო... მასზე ახლობელი მე არავინ მყავდა...
ტირის, ქვითინებს.
ჩანს, მუსიას მოთმინების ფიალა აევსო. როგორც იტყვიან, ლოლო ბოლო წვეთი იყო.
მე ეს კარგად ვიცი, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.
ზოგჯერ ცხოვრებას ვერა და ვერ ააწყობ _ ვალები, გაუთავებელი სმა, შიში, მოულოდნელი ელდა, შემოქმედებითი წარუმატებლობა... შენი მორიგი ნაწარმოების ხელნაწერი მერამდენე წელია გამომცემლობაში უმოქმედოდ დევს...
ჟურნალებში სულელური რეცენზიები იწერება... კბილები სასწრაფოდ არის მისახედი... შენი საუკეთესო მეგობარი ციხეში ზის, ცოლი განქორწინებით გემუქრება, შენი გოგონა ავადმყოფობს, მოკლედ, ყველაფერი თავდაყირაა.
და უცებ, ვთქვათ, შარვლის შესაკრავი ელვა გაიჭედება. ანდა, მაგალითად, საპარსისგან სახეზე კანი გაგიღიზიანდება და შენც ერთბაშად იფეთქებ, დარწმუნებული ხარ, ეს საზიზღარი შარვლის ელვაშესაკრავი რომ არა, ეს გულისამრევი ჭრილობა რომ არა, იცხოვრებდი შენთვის არხეინად!..
მუსია ისევ ყვირის:
_ წყეულიმც იყოს რუსეთი, ემიგრაცია, ამერიკა!..
_ საიდან რეკავ?
_ სახლიდან.
_ ახლავე ჩვენთან წამოდი.
_ არა, ლევუშკას უნდა ვაჭამო... საცაა რაფაც გამოჩნდება... რა ვუთხრა? ღმერთო, ო, ღმერთო, რა ვთქვა, რა ვუთხრა?..
და მუსია ისევ აქვითინდა.
მერე კი საქმის ვითარება ასეთი იყო: რაფა შინ ექვს საათზე მოვიდა.
მუსიას ეკითხება:
_ რა მოგივიდა, რა მოხდა?
მუსია ენას ძლივს აგებს, ძლივს პასუხობს:
_ ლოლო!..
_ კარგი, დამელოდე! _ ამბობს რაფა და გადის.
შვიდის ნახევარზე ის უკვე იამაიკაზეა. აქ მის ძმას რაულს კარ-სერვისი წარმატების ზიგზაგი აქვს.
ახალგაზრდა დისპეტჩერისაგან იგებს, რომ მისი ძმა თავის დანტისტთან არის წასული, რომ ის ხვალამდე არ იქნება.
_ სამწუხაროა...
_ ამბობს რაფაელი და დასძენს:
_ აბა ერთი ადექი!
ახალგაზრდა დისპეტჩერი გაოცებული ასწევს წარბებს.
_ ადექი! _ აუწევს ხმას რაფაელი.
დისპეტჩერს გვერდზე გასწევს, პულტის მოციმციმე ნათურებისაკენ იხრება და მიკროფონში ნელა, გარკვევით, მკაფიოდ წარმოთქვამს:
_ ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!
მერე ერთხანს შეიცდის და განაგრძობს:
_ ძმებო!.. მომისმინეთ! მიკროფონთან რაფაელ ხოსე ბელინდა ჩიკორელა გონზალესია!..
მის ხმაში ახლა პლანეტათაშორისი კოსმიური ნოტები ჟღერს:
_ ყველას, ვინც ახლა ტრასაზეა! ყველას, მგზავრებით თუ მგზავრების გარეშე... ჯიბესავსეს თუ ჯიბეგაფხეკილს... გულდასევდიანებულსა თუ მხიარულად სახეგაბრწყინებულს... მე თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო!..
გორაკებს ზემოთ სულ უფრო შორსა და შორს მიიწევდა მისი ხმა. ეთერში გასროლილი ტყვიებივით მიფრინავდა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები:
_ დაიკარგა მწვანე თუთიყუში! დაიჭირეთ... დაიჭირეთ მწვანე თუთიყუში! გამოგეხმაურებათ მეტსახელებზე _ ბებერი უკანალი, ტარტაროზი, ჩასვრილი...
რაფაელი ჯიუტად, შეუჩერებლივ იმეორებდა:
_ დაიკარგა მწვანე თუთიყუში! დაიჭირეთ მწვანე თუთიყუში...
ჩვენს არაჩვეულებრივ რაიონში რაღაც უცნაური ხდებოდა.
ქუჩის გასწვრივ ანთებული მოციმციმე ფარებით სამი ათეული მანქანა მიქროდა, შეუჩერებლივ ღრიალებდა სირენები.
რაფაელი პულტზე თავწახრილი იჯდა და ინფორმაციას იღებდა:
_ ალო! ოცდარვა ვარ. ვუხვევ კონტინენტალისაკენ. კუთხეში, სამ მეოთხედზე მწვანე ამოუცნობ ობიექტს ვხედავ... ბოდიშს ვიხდი, ბოს, შუქნიშანი ყოფილა...
_ ჰეი! მე ლუ რამირესი ვარ. სამოცდამეთოთხმეტეს ალექსანდერსისაკენ მივუყვები. კვადრატ ნოლ-ერთში რაღაც მწვანე, სწრაფად მფრინავს ვხედავ. გავედი გამოსადევნებლად...
ვეწევი... ო, კარრამბა! ეს ხომ ბოინგი ალ იტალიაა!..
_ ეი, ბოს! მე ფრედი ალამო ვარ, თორმეტი-ორმოცდაექვსი. მივდივარ იელოუსტოუნით ჯუელ ავენიუსაკენ. კვალში ვუდგავარ ორ საუცხოო ფილიპიკს. გელოდებით, ბოს!.. რა?.. თუთიყუში? მაშინ კურსს დასავლეთისაკენ ვიღებ...
ერთი საათის შემდეგ მთელი ფორესტ-ჰილის მაგისტრალი მზირებით იყო სავსე.
მოდიოდა და მოდიოდა ცნობები:
_ ბოს! რაღაც მწვანეა და ყეფს! მე მგონი, შეღებილი ტაქსაა!..
_ ბოს! დავიჭირე და საბარგულში ჩავსვი. დიდი, მოლაპარაკე თუთიყუშია. ამბობს, მორგულისი ვარო...
_ ბოს! როგორაა ფარშავანგის საქმე? რა? საიდან ვრეკავ? მედოუ-პარკში ვარ, ზოო-სეკშნიდან გირეკავთ!..
ამბავი ხომ ჩვენთან ელვის უსწრაფესად ვრცელდება! ცხრა საათისაკენ ტრასაზე ბარანოვი, ესელევსკი და პერცოვიჩიც გავიდნენ. მალე მათ თავისი ოლდსმობილით ევსეი რუბინჩიკი მიჰყვა, პივოვაროვი _ თავისი რეფრიჟერატორ-თრაქით, არკაშა ლერნერი _ მწვანე ვოლვოთი, ლემკუსი _ ბაპტისტური თემის მიერ მისთვის გამოყოფილი დამტვრეული მოტოციკლით ჰარლეი დევიდსონით.
კარავაევი და ზარეცკი ქვეითად გავიდნენ. პუბლიცისტ ზარეცკის ხელში უზარმაზარი ტრანსპარანტი ეჭირა:
შეიპყარით თუთიყუში და ეფიმ დრუკერი!
როცა ჰკითხეს, დრუკერი რაღა შუაშიაო, ასე უპასუხა:
_ მას ჩემი ნაშრომი სექსი ტოტალიტარიზმის დროს უნდა გამოეცა, მე კი აგერ მესამე წელია დავდევ და ვერსად ვპოულობ.
საინტერესო ის იყო, თავად ეფიმ გ. დრუკერიც ერთ-ერთ მაგისტრალზე პატრულირებდა, მაგრამ კარავაევისა და ზარეცკისაგან ძალიან შორს...
ფორესტ-ჰილსის თავზე ერთი გნიასი იდგა:
_ დაიჭირეთ თუთიყუში!.. დაიჭირეთ მწვანე თუთიყუში!..
მარუსიამ ლევუშკა ასაუზმა და ტელევიზორი ჩართო.
ტელევიზორში ქალიშვილივით მორთულ-მოკაზმული მაიკლ ჯეკსონი წმინდა ხმით ხმამაღლა გაჰკიოდა:
ღრუბლებში დავფრინავ,
მივქრი წლებს შორის...
სხვა რა სჯობია უამინდობას _
წვიმიან ტაროსს?..
ქუჩიდან ლათინურამერიკელი ბიჭუნების ჟივილ-ხივილი ისმოდა. ლევუშკას დედამისის მზის სათვალე წამოეცვა და სარკის წინ იდგა. სამზარეულოში ტოსტერს ტკაცატკუცი გაჰქონდა. საპირფარეშოდან წყალმცენარეების სურნელი დიოდა.
მუსიამ მაცივრიდან რომის ბოთლი გამოიღო:
დავთვრები და დილამდე ვიტირებ, მერე კი ლოგინში წინდებიანად ჩავწვები...
_ დავლევ და დავთვრები, _ ახლა უკვე ხმამაღლა წარმოთქვა მარუსიამ, _ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა.
უცებ ვიღაცამ ბრძანების კილოზე წარმოთქვა:
_ სიცოცხლე!
მარუსიამ მიიხედ-მოიხედა _ არავინაა.
_ ფაქტია!
თქვა იმავე ხმამ კიდევ უფრო მკაცრად.
მარუსია მაგიდიდან წამოდგა.
და ისევ:
_ სიცოცხლე!
ხოლო ორიოდე წამის შემდეგ:
_ ფაქტია!
ბოლოს კი სხაპასხუპით:
_ შიტ, შიტ, შიტ, ფაკ, ფაკ, ფაკ... შიტ, შიტ, შიტ, ფაკ, ფაკ, ფაკ...
_ ლოლო!
მარუსია ფანჯარას ეცა.
ფარდა გადასწია.
ლოლო ფანჯრის რაფაზე ფრთებჩამოშვებული იდგა. მწვანე, წითურქოჩრიანი, ნარინჯისფერი ბაკებითა და შავი, ქორისებრი ნისკარტით.
მისი სემიტური პროფილი სინაზესა და სინანულს გამოხატავდა. კუდზე ბუმბული სანახევროდ გაცლილი ჰქონდა.
უცებ ტელეფონმა დარეკა. მარუსიამ მიირბინა და ყურმილში რაფას იჭვნეული ხმა გაისმა:
_ მარტო ხარ?
_ არა, მარტო არა ვარ! _ იყვირა მარუსიამ, _ მოდი, ოღონდ მალე...
მალე მოდი!..
ჰეპი ენდი
მარუსია ტატაროვიჩის სახლს მსუბუქი მანქანების ჯერი მოადგა. სასიამოვნოდ ჩხაკუნობდა ტევადი საბარგულების საკეტები. გადმოჰქონდათ და გადმოჰქონდათ კალათები თუ ფერად-ფერადი, ლენტებით შეკრული ფუთები...
ბარანოვს, ესელევსკისა და პერცოვიჩს ჰალსტუხებიც არ მოუხსნიათ, ჩაქუჩებით შეიარაღებულები ფართო ტროტუარზე უშველებელი თეთრი საწოლის აწყობას შეუდგნენ. ევსეი რუბინჩიკი თუჯის მძიმე გალიას, რომელიც, მართალია, ლოლოსათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ შიგ რაფაელიც თავისუფლად დაეტეოდა, ძლივს, ბარბაც-ბარბაცით მოათრევდა.
არკაშა ლერნერი მსუბუქად მოაბიჯებდა.
მარუსიას მან მხოლოდ ერთ დოლარად ნაყიდი ნიუ-იორკის ლატარიის ბილეთი აჩუქა _ დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი მილიონი თამაშდებაო, _ უთხრა.
მაღაზია დნეპრის პატრონი ფანტაზიით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მუსიას ახლაც ნაირ-ნაირი დელიკატესებით დატვითრული საზიდარა მოართვა, თუმცა, წინანდელისგან განსხვავებით, საზიდარა ამჯერად მელქიორისა იყო.
დრუკერი ფანტასტიკისა და სათავგადასვლო ლიტერატურის მსოფლიო ბიბლიოთეკის ასთვრამეტ ტომს დასჯერდა.
გრიგორი ლემკუსმა საბარგულიდან ოთხკუთხა გაპრიალებული ფუტლარი გადმოიღო _ ფუტლარში კიპარისის ინკრუსტირებული მუღნი იდო.
_ სულს აკეთილშობილებს! _ აუხსნა ლემკუსმა მარუსიას.
ქვითარი შეინახა და თან იდუმალი ხმით წარმოთქვა:
_ ტაქსდიდაკტიბლ...
უფლებათა დამცველმა კარავაევმა ყველა გააოცა: გამოეცხადათ ნაბახუსევ-ცხვირჩამოშვებული და მარუსია ტატაროვიჩის პატივსაცემად თვითდაწვის პატარა სცენის გათამაშება მოინდომა. თან პირდაპირ მარუსიას ლიფტთან.
ცეცხლმოდებული კარავაევის ჩაქრობა ძლივს მოასწრეს ფრანგული ბრენდით ლიუმალით, მაგრამ, როგორც გამოირკვა, მისი სინთეტიკის პიჯაკი თურმე ცეცხლგამძლე იყო.
კარავაევი ნელ-ნელა დამშვიდდა და თავაზიანად იკითხა:
_ არ შეიძლება, ცეცხლი გულშიაც ჩამიქროთ?
და ერთი ჭიქა ლიუმალი ამისთვისაც დაალევინეს.
მერე ყველას პუბლიცისტმა ნათან ზარეცკიმ გაუფუჭა გუნება: მარუსიას უნიკალური სუვენირი აჩუქა, კერძოდ, დისიდენტ შაფარევიჩის მიერ საკუთარი ხელით დაწერილი კონსპირაციული ჩანაწერები, რომელიც ასე იწყებოდა:
საეჭვოა...
ბოლოში კი გაკრული ხელით ეწერა:
შაფარევიჩი. ოცდაერთი აპრილი. სამოცდაშვიდი წელი...
დაახლოებით შვიდ საათზე მარუსიას სახლთან დიდებული შავი ლიმუზინი მოსრიალდა, საიდანაც თოთხმეტი გონზალესის გვარის ესპანელი გადმოვიდა _ ტეოფილიო გონზალესი, ხორხე გონზალესი, ჯესიკა გონზალესი, კრის კონზალესი, პი ეიჩ აი გონზალესი, ლოსარილიო გონზალესი, მარიო გონზალესი, ფილუმენიო გონზალესი, ნიკი და რაულ გონზალესები და ა.შ. მათ შორის ერთი არონ გონზალესიც იყო _ რას იზამ, ამას ვერსად გაექცევი.
როგორც გაირკვა, ლიმუზინი ოჯახის საჩუქარი გახლდათ სასიძოსთვის. რაც შეეხება საპატარძლოს, საჩუქრად მას სერენადა ერგო.
მაგიდა გაიშალა. ბოთლები უკვე შეტევისთვის იყო მზად.
ქაშანურის ლანგარზე დასვენებულ შემწვარ ინდაურს ლამაზად აცვიოდა ჯადვარის, გლადიოლუსის, ტიტას ფურცლები.
რაფაელს სმოკინგი ეცვა, საპატარძლო თეთრ მაქმანებიან კაბაში იყო გამოწყობილი.
ყველა იღიმებოდა. არც ლოლო ბილწსიტყვაობდა ჩვეულებისამებრ. ლევუშკას, როგორც წესი, საყვარელი კანფეტი ედო პირში.
მუსიკა შეუჩერებლივ უკრავდა. ყველა ვიღაცას ელოდა. მე, მართალი გითხრათ, ვიცოდი, ვისაც ელოდნენ _ ელოდნენ ცოცხალ ავტორს.
და აი ჩვენც მივედით _ მე, ჩემი ცოლი და ჩემი ქალიშვილი. მარუსია უცებ ატირდა. დიდხანს, დიდხანს იწმენდდა ცრემლებს მაქმანით...
აქ მე ვჩუმდები, ვინაიდან კარგსა და სასიამოვნოზე ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია.
ჩემი მიზანი ყველგან და ყველაფერში, უპირველეს ყოვლისა, სასაცილოს, დამამცირებლის, სისულელის, უბადრუკობის, საცოდაობის გამოვლენაა. გინებას და ავსიტყვაობას კი დიდ ცოდვად ვთვლი.
მოკლედ, ვჩუმდები...
ცოცხალი ავტორის წერილი
მარია ტატაროვიჩს
ეპილოგის მაგიერ
მუსია!
ხშირად მეკითხები, იმპოტენტი ხომ არა ხარო? არა, ჯერ არა!
ხოლო თუ მაინც ვარ, ეს, სულ ცოტა, ახსნა-განმარტებას საჭიროებს.
ნება მომეცი, გითხრა, რომ ჩემს იმპოტენციას ელენე, ნიკა და დედა ჰქვია. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია.
დიახ, მე შებოჭილი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე მიყვარს ჩემი ბორკილები, ჩემი უღელი, ჩემი ცალუღი, ჩემი ხელნა თუ ჩემი დეზები. მთელი სულითა და გულით მიყვარს...
შენ პერსონაჟი ხარ, მე _ ავტორი. შენ ჩემი ახირება ხარ. ყველაფერს, რაც გესმის, მე ვამბობ, ყველაფერი, რაც მოხდა, ჩემს გულში გატარებული და ჩემ მიერ განცდილია.
მე ვარ შურისმაძიებელი, დამცირებული, უნიჭო, ბრაზიანი ავტორი _ მოკლედ, როგორც გენებოთ.
თითოეული, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემში ცხოვრობს.
ისინი ჩემი ნევრასთენია, ჩემი ჯავრი, ჩემი აპლომბია.
ხოლო ყველაზე სისხლიანი ომი _ აჩრდილების ომია.
მე ავტორი ვარ, თქვენ _ ჩემი გმირები. ცოცხლები თქვენ მე ასე არ მეყვარებოდით.
არ ვიცი, გჯერა თუ არა, ხანდახან თითქმის ხმამაღლა გავკივი:
ო, ღმერთო! რა პატივია, რა დაუმსახურებელი საჩუქარია _ მე ვფლობ რუსულ ანბანს!
მოკლედ, ჩვენ ბარიბარსა ვართ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
მაგრამ ღმერთი თუ ხელს არ მოგიმართავს, მუსია, მოგიწევს, შენით და შენ თვითონ იმოქმედო.
აქ მე ამით წერტილს ვსვამ...