თუ გსურს მოისმინო დიდი ხნის წინათ გარდასსული დროის ამბავი, ჩამოჯექი აქ, ჩემს საფეხურზე, და ყური მოაპყარ ზვირთების დუდუნს.
აშვინის (ინდური კალენდრის პირველი თვე, შეესაბამება სექტემბერს) დამლევი იყო. მდინარე ისე იყო ადიდებული, რომ ჩემი ოთხი საფეხურიღა მოჩანდა წყალზე. ადიდებულმა მდინარემ სულ დაფარა დაბალი ნაპირი, სადაც მანგოს ხეების ტოტებქვეშ კაჩუს ჯეჯილი ბიბინებდა. მდინარის მისაქციელთან წყლიდან სამ ადგილას ამოშვერილიყო აგურით ნაგები რომელიღაც ძველი შენობის ნანგრევები. ბაბლას (ინდური აკაცია) ხეებზე გამობმული მეთევზეთა ნავები უმწეოდ ირწეოდნენ ტალღებზე. მაღალი ბალაზი, რომელიც ზოლად დასდევდა ნაპირს, ამომავალი მზის სხივების დაჭერას ლამობდა. ბალახმა ის იყო ყვავილობა დაიწყო და კოკრებს ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ გაფურჩქვნა.
მზისაგან ალაპლაპებულ მდინარეზე ნავებმა აფრები აუშვეს. ქურუმი ბრაჰმანები თავიანთი წმინდა საწმისებით მოვიდნენ ნაპირთან გასაბანად. ქალები ორ-ორად და სამ-სამად ხელიხელჩაკიდებულნი ეშვებოდნენ წყალში. მე ვიცოდი, რომ , საცა იყო, კუშუმიც უნდა გამოჩენილიყო საბანაო საფეხურებზე.
მაგრამ იმ დილას ამაოდ ვუცადე მას. მარტო ბუბანი და სვარნო ჭყუმპალაობდნენ წყალში და ქალებს უყვებოდნენ, რომ მათი მეგობარი ქმრის სახლში წაიყვანეს, სადღაც შორს, ძალიან შორს ამ მდინარიდან - იქ, სადაც უცხო ადამიანები ცხოვრობენ და უცხო სახლები და უცხო ქუჩებია.
დროთა განმავლობაში კუშუმი თანდათან გადამავიწყდა. გავიდა ერთი წელი. საბანაოდ მოსული ქალები იშვიათად თუ ახსენებდნენ კუშუმს. მაგრამ ერთ საღამოს ჩემი სმენა დიდი ხნის ნაცნობი ნაბიჯების ხმამ გააოცა. დიახ, ეს მისი ნაბიჯები იყო, ოღონდ ახლა ფეხებზე დასტანაგები აღარ ეკეთა და ნაბიჯებს ჩვეული ნაზი წკრიალი აღარ მოსდევდა.
კუშუმი დაქვრივებულიყო. ამბობდნენ, რომ მისი ქმარი სადღაც შორს, ოჯახიდან მოშორებით მსახურობდა და კუშუმმა იგი სულ ერთხელ თუ ორჯერ ნახაო, მერე კი წერილს მისი სიკვდილის ამბავი მოუტანია. რვა წლის ასაკში დაქვრივებულმა შუბლიდან გათხოვილი ქალის წითელი ნიშანო ჩამოირეცხა, სამკაულები მოიხსნა და თავის ძველ სახლში დაბრუნდა, განგის ნაპირას. მაგრამ ძველი მეგობრებიდან ბევრი აღარავინ დახვედრია შინ დაბრუნებულს. ბუბანი, სვარნო და ამალა გათხოვდნენ. მარტო შარატიღა იყო სოფელში და იმაზედაც ამბობდნენ, დეკემბერში ათხოვებენო.
როგორც განგას ემატება ხოლმე წყალი წვიმების დაწყებისას, ისე დღითი დღე ემატებოდა კუშუმს მოწიფული ქალის ლაზათი და სიტურფე, მაგრამ ქვრივის ტანსაცმელი, სევდიანი სახე და წყნარი მიმოხვრა ნისლივით მოხვეოდა მის ახალგაზრდობას და ღრუბლის ფარდასავით უმალავდა მამაკაცების თვალს მის სილამაზეს. შეუმჩნევლად გავითა ათი წელი. არავის შეუმჩნევია, რომ კუშუმი გაიზარდა.
ერთ დილას, როდესაც სწორედ ასეთი ამინდი იყო, როგორიც დღეს, გასული სექტემბრის მიწურულს, საიდანღაც ახალგაზრდა, პირთეთრი და ტანადი სანიასი მოვიდა და შივას ტაძარში დაბინავდა, მდინარის მეორე ნაპირად. მისმა გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოფელში. ქალებმა თავიანთი კოკები მოიტანეს და გროვად მოაწყდნენ ტაძარს, რომ თაყვანი ეცათ წმინდა განდეგილისათვის.
ბრბო დღითი დღე მატულობდა ტაძართან. სანიასის დადება სწრაფად ვრცელდებოდა ქალებში. დღეს რომ ‘’ბაგბატს’’(ინდუისტური რელიგიის წმინდა წიგნი) წაიკითხავდა, ხვალ ‘’გიტას’’ განმარტავდა ან ქადაგებას ამბობდა წმინდა წიგნში მოთხრობილ ამბებზე, ზოგი რჩევა- დარიგებისათვის მოდიოდა მასთან, ზოგი - შელოცვის სასწავლად, ზოგი კი -სამკურნალოდ.
ასე მისდევდა თვეები თვეებს. აპრილში, ბუნიობის შემდეგ, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი განგაში გასაბანად. ბაბლას ხის ქვეშ ბაზრობა გაიმართა. ბევრი მლოცველი მოვიდა შორიდან სანიასის თაყვანსაცემად. მათ შორის იმ სოფლის ქალებიც ეივნენ, სადაც კუშუმი იყო გათხოვილი.
ადრე დილას სანიასი ჩემს საფეხურთან იდგა და კრიალოსანს მარცვვლავდა, როდესაც ერთმა ქალმა იდატყვი გაჰკრა და უთხრა: ‘’შეხედე, ეს ხომ ჩვენი კუშუმის ქმარია’’, მეორემ ოდნავ გადაიწია პირბადე ორი თითით და წამოიძახა: ‘’ უიმე, მართაი ხარ ! ის არის ! ჩატერჯების უმცროსი ვაჟი ჩენი სოფლიდან’’. ‘’სწორედ ისეთი შუბლი, ცხვირი და თვალები აქვს’’, - დასძინა მესამემ, რომელიც მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს სახის დასაფარავად. სხვა ქალები კი, რომლებსაც სანიასისათვის არც კი შეუხედავთ, კოკებით იღებდნენ მდინარეებიდან წყალს და ოხრავდნენ: ‘’ასეთი ახალგაზრდაა და ამ ქვეყანას უკვე აღარ ეკუთვნის, აღარასოდეს აღარ დაბრუნდება შინ, საწყალი კუშუმი’’. ‘’მაგრამ იმას ასეთი გრძელი წვერი არ ჰქონდა’’, - შეეკამათა ერთი ქალი დანარჩენებს, ‘’არც ასეთი გამხდარი და მაღალი იყო’’, - დასძინა მეორემ და კამათი არ სიტყვებზე შეწყდა.
საღამოს, როდესაც ცაზე სავსე მთვარე ამოვიდა, კუშუმი მოვიდა და ჩემს უკანასკნელ საფეხურზე ჩამოჯდა, ზედ მდინარის პირას. მისი ჩრდილი მე მეფინებოდა.
ჩემს საფეხურებთან არავინ არის ხოლმე ამ დროს. ირგვლივ მხოლოდ კრუალები კრუალებდნენ. სპილენძის დაფებისა და ზარების ხმაც მიწყდა ტაძარში. ბგერების უკანასკნელი ტალღა ნელა ილეოდა და ბოლოს სულ გაქრა, როგორ გამოძახილი, მდინარის მეორე ნაპირის ჩაბნელებულ ჭალებში. განგის შავ ზედაპირზე მთვარის შუქის ვერცხლისფერი ზოლი გაწვა. ნაპირზე კი - ტაძრის სვეტებქვეშ, ბარდებით დაფარულ ნასახლარებთან და პალმების ტევრში - უცნაური ჩრდილები ჩამოწვა. ჩატიმას დაბლა დაეხარა თავისი მოკაუჭებული ტოტები. ტურების კივილი სულ ახლოს ისმოდა სახლებთან და სიბნელეში იკარგებოდა.
ნელა გამოვიდა ტაძრიდან სანიასი, რამდენიმე საფეხურზე დაეშვა და, ამრტო მჯდარ ქალს რომ მოჰკრა თვალი, ყკან გაბრუნება დააპირა, მაგრამ უცებ კუშუმმა თავი ასწია და უკან მოიხედა. ქალს თავზე წამოხურული მოსასხამი ჩამოცრდა და მთვარის სხივი სახეზე დაეფინა.
უეცრად ხმამაღალი კივილით გადაუფრინა ორთავეს მიკიოტმა. მიკიოტის კივილზე კუშუმი შეკრთა, გონს მოვიდა, ისევ მოიხვია თავზე მოსასხამი და მიწამდე დახარა თავი სანიასის ფეხებთან. სანიასმა დალოცა იგი და, ვინა ხარო, ჰკითხა:
-კუშუმს მეძახიან.
ამის მეტი არაფერი თქმულა იმ ღამეს. კუშუმი ნელა გაბრუნდა თავისი სახლისაკენ, რომელიც აქვე იდგა, მაგრამ სანიასიმ ბევრი გრძელი საათი გაატარა ამ ღამეს ჩემს საფეხურებზე. ბოლოს, როცა მთვარემ აღმოსავლეთდან დასავლეთისკენ გადაინაცვლა და სანისის ჩრდილი, რომელიც მის ზურგს უკან იყო, პირდაპირ მის წინ გაწვა, იგი წამოდგა და ტაძარში შევიდა.
ამ დღიდან მოკიდებული ყოველდღე ვხედავდი, როგორ მოდიოდა კუშუმი და მოწიწებით იხრებოდა მის ფეხებთან. როცა იგი წმინდა წიგნების სიტყვებს განუმარტავდა ხალხს, კუშუმი მოშორებით იდგა, კუთხეში, და სულგანაბული უსმენდა. ლოცვას რომ მოათავებდა, სანიასი ეძახდდა კუშუმს და სარწმუნოებაზე ებაასებოდა. კუშუმს ყველაფრის გაგება არ შეეძლო, მაგრამ ცდილობდა მიმხვდარიყო, და, ხმაგაკმენდილი, გულისყურით უსმენდა. ყველაფერს უყოყმანოდ ასრულებდა, რასაც კი იგი უბრძანებდა: ყოველდღე მუშაობდა ტაძარში ღვთისადმი თაყვანისცემით შეპყრობილი, ყვავილები მოჰქონდა პუჯასთვის და წყალს ეზიდებოდა განგიდან ტაძრის იატაკის მოსაწმენდად.
ზამთრის მიწურული იყო. ჯერ კიდევ ჰქროდა ცივი ქარი. მაგრამ ზოგჯერ საღამოთი სამხრეთიდან მოულოდნელად გაზაფხულის თბილი ნიავი ამოვარდებოდა, ცა თავის ცივ იერს კარგავდა, სოფელში სალამურები აკვნესდებოდნენ და დიდი ხნის დუმილის შემდეგ ისევ გაისმოდა საკრავების ხმა. მენავეები ნიჩბებს ხელს უშვებდნენ, დინებას ანდობდნენ ნავს და სიმღერას იწყებდნენ კრიშნაზე. ასეთია წელიწადის ეს დრო.
და სწორედ ამ ხანებში შევნიშნე, რომ კუშუმი გაუჩინარდა. თავი ანება ტაძარში სიარულს, სანიასის ქადაგებას აღარ ესწრებოდა.
რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ საღამოს, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემს საფეხურებზე.
-მე მიხმობდი, მასწავლებელო? - შეეკითხა თავდახრილი კუშუმი.
-ჰო! რატომ არ ჩანხარ? რატომ მიანებე თავი ამ ბოლო ხანებში ღმერთი სამსახურს?
კუშუმი ხმას არ იღებდა.
-მიამბე, რასაც ფიქრობ, ნურაფერს დამიფარავ.
კუშუმმა ოდნავ მიაბრუნა მისკენ თავი და მიუგო.
-დიდი ბრალი მიმიძღვის, მასწავლებელო, ცოდვით შევბღალე ღვთისადმი სამსახური.
-ვიცი, რომ შენი გული აფორიაქებულია , -თქვა სანიასამ.
კუშუმი ოდნავ შეკრთა, მერე სახე თავისი სარის ბოლოთი დაიფარა, სანიასის ფეხებთან ჩაიკეცა და ატირდა. სანიასი ოდნავ გაეცალა მას და შეეკითხა:
-გამანდე შენი გულისნადები და მე გასწავლი სულიერი სიმშვიდის გზას.
-შენ თუ მიბრძანებ, ვალდებული ვარ გიპასუხო, - მიუგო კუშუმმა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, თითქოს სიტყვებს დაეძებსო, მაგრამ მის ხმაში ურყევი რწმენა ჟღერდა. - ოღონდ ყველაფრის თქმას ვერ შევძლებ. შენ ალბათ ისედაც მიხვდი, მასწავლებელო. მე თაყვანს ვცემდი ერთ ადამიანს, ღმერთად მიმაჩნდა იგი, და ეს თაყვანისცემა ნეტარებით მივსებდა გულს, მაგრამ ერთ ღამეს დამესიზმრა, რომ სადღაც, ბაღში, ჩემი გული მბრძანებელი ჩემს გვერდით იჯდა, მარცხენა ხელით ჩემი მარჯვენა ხელი ეჭირა და სიყვარულზე მეჩურჩულებოდა. და ეს სურათი არ ეუცხოვა ჩემს გულს. სიზმარი გაქრა, მაგრამ მის ძალას ისევ ტყვედ ვყავარ. მეორე დღეს, ისევ რომ შევხვდი, უკვე სხვაგვარად წარმომიდგა თვალწინ, ისეთი აღარ მეჩვენა, წინათ რომ ვხედავდი. სიზმარში ნანახი განუწყვეტლად მდევდა თან. შეშინებული გავექეცი მას, მაგრამ სიზმარი ჩემთან დარჩა. მას შემდეგ ჩემმა გულმა სიმშვიდე დაკარგა - ბნელი გამეფდა ჩემს სულში.
მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ აცრემლებული კუშუმი თავის ამბავს ყვებოდა, ვგრძნობდი, როგორ აჭერდა სანიასი ჩემს საფეხურზე მარჯვენა ფეხს.
როცა კუშუმმა მოყოლა დაამთავრა, სანიასიმ თქვა:
-მითხარი, ვინ ნახე სიზმარში?
-არ შემიძლია, - მიუგო ქალმა და ვედრებით გაიწვდინა მისკენ ხელები.
-მითხარი, ვინ იყო ! - ისევ გაიმეორა სანიასიმ.
-უთუოდ უნდა ვთქვა? - შეეკითხა ქალი ხელების მტვრევით.
-უნდა თქვა !
-შენ იყავი, მასწავლებელო ! - წამოიძახა კუშუმმა, სახით დაემხო ჩემს ქვაფენილს და აქვითინდა. გონს რომ მოვიდა და ისევ დაჯდა, სანიასიმ ნელა მიუგო:
-ამაღამვე ვტოვებ ამ მიდამოებს და ამიერიდან ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ. გახსოვდეს, რომ მე სანიასი ვარ და ამ ქვეყანას აღარ ვეკუთვნი. უნდა დამივიწყო.
-როგორც შენ გსურს, მასწავლებელო, - წყნარად მიუგო კუშუმმა.
-მშვიდობით, - წაილუღლუღა სანიასიმ.
კუშუმს არაფერი უთქვამს. მიწამდე დახარა თავი მის წინაშე და მისი ფერხთა მტვერი დაიყარა თავზე. სანიასი გაეცალა მას.
მთვარე ჩავიდა. უკუნეთი ბნელი ჩამოწვა. უცებ ტლაშუნი შემომესმა მდინარიდან. ქარი ისევ მძვინვარებდა სიბნელეში, თითქოს ყველა ვარსკვლავის ჩაქრობას ლამობდა ცაზე.
თარგმნა: დიდი კალანდაძემ