ისმოდა ჩქარი გრგვინვით „ოსანნა“,
„ოსანნა“ - ხალხი იმეორებდა,
და მტრედისფერი სიღრმე გუმბათის
ვარსკვლავთა შორის სინათლეს ჰკრებდა..
ვხედავდი ქალწულს წმიდა ხატის წინ
მუხლმოყრილს, ლოცვის ცრემლების მფრქვეველს,
ვხედავდი სანთლებს გაჩირაღდნებულს
და ზე-აღმართულ წმინდა საკმეველს..
დაცალიერდა შემდეგ ტაძარი,
მისწყდა მლოცველი ხალხის გუგუნი,
საცეცხლურშიაც ჩაჰქრა სინათლე
და გაიფანტა საკმევლის სუნი..
ყველაზე ბოლოს გავიდა ქალი,
მღვდელმა დაჰხურა აღსავლის კარი.
უცებ სინათლე გაჰკრთა ტაძარში
და კვლავ აინთო ერთი ლამპარი.
1910