Litclub.ge

მხოლოდ ბუნება
1
ნუ მომაგონებ, ჩემო ღვთაებავ,
იმ ნეტარ ღიმილს, იმ სავსე ღამეს:
ვერ ვეღირსები ბედნიერებას,
ვერ ვეღირსები კვლავ იმ სიამეს,
ვერ ვეღირსები კვლავ იმგვარ კოცნას,
ბურუსში ხვეულს ტკბილს და მომხიბლავს...
ნუ მომაგონებ დაკარგულ ედემს,
ნუ მომაგონებ ჩემს შავბნელ საფლავს!

2
შენს თვალებში სიცოცხლე კრთის
ტკბილ-ნეტარი, მოკამკამე,
ხან ნათელი, ვით დღის შუქი,
ხან შავბნელი, როგორც ღამე.
მე კი, ტურფავ, საფლავი ვარ,
გულცივი და მარტოდმარტო...
არრა მატკბობს... არც მსურს ვისმეს
გულის ფიქრი განვუმარტო.

3
ღამეა... ცელქი ნიავი დაჰქრის,
მთვარე ღიმილით მესაუბრება:
„შენ შეგითვისებს, სულით ობოლო,
მხოლოდ ბუნება, მხოლოდ ბუნება!“
რითმების გუნდი გარს მომხვევია,
ყვავილი წყნარად მეჩურჩულება:
„სულით ობოლო, შენ შეგითვისებს
მხოლოდ ბუნება, მხოლოდ ბუნება!..“

1910